საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, მიმდინარე გამოსახლების პროცესთან დაკავშირებით ფეისბუკში პოსტს აქვეყნებს. პრეზიდენტი სოციალური ქსელის პირად გვერდზე ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებებზე.
"ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია! ადამიანის უფლებები თუ ევროპული ღირებულებები სხვა კი არაფერია!" - წერს პრეზიდენტი.
აღსრულების პოლიცია თბილისის ცენტრში, კეკელიძის N1-ში, დილით, 11:00 საათისთვის გამოჩნდა. მათთან ერთად კეკელიძის ქუჩაზე მივიდა საპატრულო პოლიცია.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ არც აღსრულების პოლიციას და არც საპატრულო პოლიციას ბინაში შეკრებილი ადამიანების წინააღმდეგ არ გამოუყენებიათ ცრემლსადენი აირი ან სხვა მსგავსი ნივთიერება. დამატებით, პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ ბინაში შეკრებილი ადამიანები "სპრეის" იყენებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურის იმ თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებიც რკინის შედუღებულ კარს ჭრიან.
ადამიანები, რომლებიც კეკელიძის ქუჩაზე ამ ოჯახის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, ცდილობენ, ხელი შეუშალონ აღსრულების პოლიციას. მოქალაქეები მათ წყალს ასხამდნენ.
მარინა ხატიაშვილის ოჯახს ბინაში შესასვლელი რკინის კარი შედუღებული აქვს, რამდენიმე ადამიანი კი სახლშია გამაგრებული და ცდილობს წინააღმდეგობის გაწევას.
"ბოლო მოლაპარაკება ჩვენი ინიციატივით შედგა გუშინ. კრედიტორი მოვალე მხარეს სთავაზობდა ალტერნატიულ ფართს თბილისში, ასევე იყო შემოთავაზება ბინის გამოსყიდვაზე. მოვალე მხარემ ალტერნატიულ ფართზე უარი თქვა, ხოლო თანხის ნაწილში, მის ოდენობაზე, მათ შორის შეთანხმება ვერ შედგა. ვინაიდან მხარეები ვერ შეთანხმდნენ, აღსრულების პოლიცია აღასრულებს მასზე კანონით დაკისრებულ ვალდებულებას", - უთხრა ჟურნალისტებს აღსრულების ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა პაატა შამუგიამ.
ბინა წლების განმავლობაში, 2018 წლამდე, ეკუთვნოდა მარინა ხატიაშვილის ოჯახს. ბოლო 5 წლის განმავლობაში კი აღსრულების პოლიცია ცდილობს მათ გამოსახლებას.
აღსრულების ბიუროს პირველი შეტყობინება გამოსახლების შესახებ მარინა ხატიაშვილმა 2019 წლის შემოდგომაზე მიიღო. მაშინ მან სასამართლოს მიმართა და მოსამართლის გადაწყვეტილებით გამოსახლების პროცესი სამი თვით გადაიდო. ბინიდან გამოსახლების თარიღად 2020 წლის 4 თებერვალი დაინიშნა. იმ დღეს კეკელიძის პირველ ნომერში მისულ აღსრულების პოლიციას ოჯახმა და მისმა გულშემატკივრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. გამოსახლების პროცესი კიდევ გადაიდო და 2020 წლის 20 მარტისთვის დაინიშნა.
მარტის დასაწყისში, კოვიდ-პანდემიის გამო, სახელმწიფომ გამოსახლებებზე საყოველთაო მორატორიუმი გამოაცხადა და მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლება პანდემიის დასრულებამდე შეჩერდა.
ოჯახის გამოსახლების კიდევ ერთი მცდელობა აღსრულების პოლიციას 2022 წლის 17 ივნისს ჰქონდა, თუმცა აუქციონზე გაყიდული ბინიდან მარინა ხატიაშვილის ოჯახის, მათ შორის ჩვილის, გასახლების გადაწყვეტილება შეცვალა ხმაურის, დაპირისპირებისა და ქუჩის გადაკეტვის შემდეგ.
აღსრულების პოლიცია კეკელიძის N1-ში მისული იყო გასულ წელსაც, ზუსტად 23 იანვარს. აღსრულების პოლიციამ, მოქალაქეებთან დაპირისპირების შემდეგ, გადადო ოჯახის გამოსახლების პროცესი.