თბილისის ცენტრში, კეკელიძის N1-ში, აღსრულების პოლიცია ოჯახის გამოსახლებას იწყებს. სადარბაზოს შესასვლელში შეკრებილი ადამიანები ცდილობენ მას ხელი შეუშალონ.
ადგილზე მისულია საპატრულო პოლიციაც. გადაკეტილია კეკელიძის ქუჩა, სადარბაზოში შესასვლელი რკინის კარი კი შედუღებულია. აღსრულების პოლიცია ცდილობს შენობაში შესვლას.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სულ მცირე 10 ადამიანი დააკავეს. რადიო თავისუფლება ინფორმაციის დაზუსტებას ცდილობს.
ერთ-ერთი მედიასაშუალების, "მაუწყებლის" ჟურნალისტი, რომელიც ავტომობილის სახურავიდან მუშაობდა პირდაპირ ეთერში, პოლიციამ ძალის გამოყენებით ჩაიყვანა. ის პოლიციის თანამშრომლებს უხსნიდა, რომ იყო ჟურნალისტი, მანქანა კი მას ეკუთვნოდა.
მოქალაქეების მხრიდან ისმის შეძახილები: "მონა", "წადი"...
"ბოლო მოლაპარაკება ჩვენი ინიციატივით შედგა გუშინ. კრედიტორი მოვალე მხარეს სთავაზობდა ალტერნატიულ ფართს თბილისში, ასევე იყო შემოთავაზება ბინის გამოსყიდვაზე. მოვალე მხარემ ალტერნატიულ ფართზე უარი თქვა, ხოლო თანხის ნაწილში, მის ოდენობაზე, მათ შორის შეთანხმება ვერ შედგა. ვინაიდან მხარეები ვერ შეთანხმდნენ, აღსრულების პოლიცია აღასრულებს მასზე კანონით დაკისრებულ ვალდებულებას", - უთხრა ჟურნალისტებს აღსრულების ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა პაატა შამუგიამ.
ბინა წლების განმავლობაში, 2018 წლამდე, ეკუთვნოდა მარინა ხატიაშვილის ოჯახს. ბოლო 5 წლის განმავლობაში კი აღსრულების პოლიცია ცდილობს მათ გამოსახლებას.
აღსრულების ბიუროს პირველი შეტყობინება გამოსახლების შესახებ მარინა ხატიაშვილმა 2019 წლის შემოდგომაზე მიიღო. მაშინ მან სასამართლოს მიმართა და მოსამართლის გადაწყვეტილებით გამოსახლების პროცესი სამი თვით გადაიდო. ბინიდან გამოსახლების თარიღად 2020 წლის 4 თებერვალი დაინიშნა. იმ დღეს კეკელიძის პირველ ნომერში მისულ აღსრულების პოლიციას ოჯახმა და მისმა გულშემატკივრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. გამოსახლების პროცესი კიდევ გადაიდო და 2020 წლის 20 მარტისთვის დაინიშნა.
მარტის დასაწყისში, კოვიდ-პანდემიის გამო, სახელმწიფომ გამოსახლებებზე საყოველთაო მორატორიუმი გამოაცხადა და მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლება პანდემიის დასრულებამდე შეჩერდა.
ოჯახის გამოსახლების კიდევ ერთი მცდელობა აღსრულების პოლიციას 2022 წლის 17 ივნისს ჰქონდა, თუმცა აუქციონზე გაყიდული ბინიდან მარინა ხატიაშვილის ოჯახის, მათ შორის ჩვილის, გასახლების გადაწყვეტილება შეცვალა ხმაურის, დაპირისპირებისა და ქუჩის გადაკეტვის შემდეგ.
აღსრულების პოლიცია კეკელიძის N1-ში მისული იყო გასულ წელსაც, ზუსტად 23 იანვარს. აღსრულების პოლიციამ, მოქალაქეებთან დაპირისპირების შემდეგ, გადადო ოჯახის გამოსახლების პროცესი.