ხის კარი უროს დახმარებით გატეხეს, ოჯახის პირადი ნივთები და ავეჯი გარეთ გამოყარეს და წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით, ხუთი ადამიანი დააკავეს.
ლაშა გიგაური და მისი რვასულიანი ოჯახი თბილისში, ჟვანიას მოედნის თავზე, არდაზიანის 2 ნომერში, 2015 წლიდან ცხოვრობს. ამბობს, რომ ეს მათი ერთადერთი საცხოვრებელია და ახლა წასასვლელი არსად აქვს. ლაშა გიგაური და მისი მამა, გივი გიგაური, ომის ვეტერანები არიან. გიგაურების ოჯახი აღსრულების პოლიციამ 23 თებერვლის დილას, სახლის ახალი მესაკუთრის, კერძო კრედიტორის, ლია წიკლაურის მოთხოვნით გამოასახლეს.
რატომ გამოასახლეს გიგაურების ოჯახი?
2017 წელს ლაშა გიგაურმა კრედიტორისგან, ლია წიკლაურისგან, 20 ათასი დოლარი ისესხა. მასთან ნოტარიულად დამოწმებული, ექვსთვიანი ხელშეკრულება გააფორმა და ორი თვის პროცენტი წინასწარ გადაუხადა.
ლაშა გიგაურის ადვოკატი, მშენებლობით და იპოთეკით "მევახშეებისგან" დაზარალებულთა გაერთიანების იურისტი, ნანო ცხადაია გვიხსნის, რომ მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობა გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულებით და ამბობს, რომ კრედიტორთან გაფორმებული ამ ტიპის ხელშეკრულება უკვე გულისხმობს „თვალთმაქცურ ხელშეკრულებას“.
სამოქალაქო კოდექსის განმარტების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებით, გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ლაშა გიგაურმა სწორედ ამ ტიპის ხელშეკრულების საფუძველზე ისესხა კრედიტორისგან 20 ათასი დოლარი და თანხის უზრუნველსაყოფად კუთვნილი უძრავი ქონება ჩადო.
ხელშეკრულების გაფორმებიდან ოთხი თვის თავზე, ლაშა გიგაურმა კრედიტორისთვის, ლია წიკლაურისთვის, 20 ათასი დოლარის დაბრუნება და შესაბამისად, კრედიტორისგან გათავისუფლება გადაწყვიტა, თუმცა, როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, ლია წიკლაურმა თანხის მიღებაზე უარი უთხრა, მასთან კომუნიკაცია შეწყვიტა და ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მეორე დღეს, საჯარო რეესტრში ბინა საკუთარ სახელზე დაარეგისტრირა:
"მეუბნებოდა, ამ ნომერზე აღარ დამირეკო, სახლი უნდა აგახიოო, დაბლოკა ჩემი ნომერი და საერთოდ დაიმალა“.
ლაშა გიგაურის ადვოკატის ნანო ცხადაიას თქმით, არსებობს დამამტკიცებელი საბუთიც, „საქართველოს ბანკთან“ გაფორმებული სასესხო ხელშეკრულება, რითაც ლაშა გიგაური ლია წიკლაურისთვის თანხის დაბრუნებას აპირებდა.
ნანო ცხადაია იმასაც ამბობს, რომ ლაშა გიგაურმა მოგვიანებით ლია წიკლაურს სახლის დაბრუნების სანაცვლოდ 90 ათასი დოლარიც შესთავაზა, მაგრამ კრედიტორმა თანხის მიღებაზე კვლავ უარი თქვა:
„2022 წლიდან, როდესაც ჩვენ ამ საქმეში ჩავერთეთ, პირადად მე არაერთხელ მქონდა კომუნიკაცია ლია წიკლაურთან, ვდილობდით შეგვესრულებინა მედიატორის როლიც, რომ საქმე მოლაპარაკებამდე მისულიყო, მაგრამ ლია წიკლაური არ მოდიოდა არანაირ მოლაპარაკებაზე. მეტიც, მეუბნებოდა, მილიონიც რომ მომცენ, არ მინდა. „მე უნდა ავახიო გიგაურს ეს სახლი“, - სწორედ ამ სიტყვებით მელაპარაკებოდა მეც, იურისტს. ბოლო ეტაპამდე სულ მქონდა ლია წიკლაურთან მცდელობა, რომ როგორმე წამოსულიყო მოლაპარაკებებზე, მაგრამ უშედეგოდ“.
რატომ დაიწყო პროკურატურამ გამოძიება თაღლითობის მუხლით და რატომ არ გახდა ეს გამოსახლების შეჩერების საფუძველი?
მას შემდეგ, რაც 2017 წელს, ლაშა გიგაურთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ლია წიკლაურმა არდაზიანის 2 ნომერში მდებარე სახლი საჯარო რეესტრში საკუთარ სახელზე დაარეგისტრირა და შესაბამისად, ის გახდა ქონების მესაკუთრე, ლაშა გიგაურმა, პროკურატურას მიმართა და თაღლითობის მუხლით გამოძიების დაწყება მოითხოვა, თუმცა მაშინ, პროკურატურამ გამოძიების დაწყებაზე უარი საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძველზე თქვა და ლაშა გიგაურს შეატყობინა, რომ საქმე სამოქალაქო და სახელშეკრულებო დავას ეხებოდა და საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიისთვის მიმართვა ურჩია.
ამ წლების განმავლობაში, ლაშა გიგაურისა და ლია წიკლაურის სამოქალაქო დავა სამმა ინსტანციამ განიხილა, თუმცა, მოსამართლეებმა გადაწყვეტილება კრედიტორის სასარგებლოდ მიიღეს.
შედეგად, 2019 წელს ლია წიკლაურმა აღსრულების ბიუროს მიმართა ლაშა გიგაურის ოჯახის გამოსახლების მოთხოვნით, თუმცა, მალევე, კოვიდ-პანდემიის გამო, აღსრულების ბიურომ მოქალაქეების გამოსახლებებზე მორატორიუმი გამოაცხადა და ეს პროცესი 2022 წლამდე შეაჩერა.
აღსრულების პოლიციამ გიგაურების ოჯახს პირველად სამი თვის წინ მიაკითხა. თუმცა, ოჯახის ხანდაზმული წევრის, ომის ვეტერანის, გივი გიგაურის ავადმყოფობის გამო, გამოსახლების პროცესი სამი თვით გადაავადა.
სწორედ ამ პერიოდში მიმართა ლაშა გიგაურის ადვოკატმა, ნანო ცხადაიამ პროკურატურას ლია წიკლაურის მიმართ თაღლითობის მუხლით გამოძიების დაწყების მოთხოვნით და ამჯერად, პროკურატურამ გამოძიების დაწყება გადაწყვიტა:
„წლების განმავლობაში პროკურატურა ლაშა გიგაურს თაღლიღობის მუხლით გამოძიების დაწყებაზე უარს ეუბნებოდა. თუმცა, ჩვენი ჩართულობის შემდეგ, როდესაც უკვე თავიდან მივმართეთ პროკურატურას, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო“.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სადავო საქმეზე გამოძიება თაღლითობის მუხლით დაიწყო, აღსრულების ბიურომ გიგაურების ოჯახის გამოსახლება გამოძიების დასრულებამდე არ გადადო.
პაატა შამუგიამ, აღსრულების ბიუროს პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა, რადიო თავისუფლებას ეს გადაწყვეტილება ასე განუმარტა:
„ჩვენ ეს ავუხსენით, როგორც მოვალეს, ისე მის წარმომადგენელს, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი აღსრულების ბიუროს კანონში გაწერილი არ აქვს, რომ აღსრულების პროცესი შეაჩეროს მხოლოდ იმის გამო, რომ საქმე აღძრულია პროკურატურაში. ჩვენ მათ მივეცით რეკომენდაციაც, რომ მიემართათ სასამართლოსთვის და სასამართლოს გზით დროებით შეეჩერებინათ გამოსახლების პროცესი, სანამ პროკურატურა საქმის მოკვლევას დაასრულებს. მხარემ რამდენიმე დღის წინ მიმართა სასამართლოს, თუმცა, მოსამართლემ არ დაააკმაყოდილა მოვალე მხარის ეს სარჩელი და არ შეაჩერა გამოსახლების პროცესი. აქედან გამომდინარე, აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ დარჩა არანაირი სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ მას თვითონვე შეეჩერებინა გამოსახლების პროცესი“.
ის, რომ სასამართლომ არ მიიღო ოჯახის გამოსახლების შეჩერების გადაწყვეტილება გამოძიების დასრულებამდე, ამას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ადასტურებს ოჯახის ადვოკატი, ნანო ცხადაიაც და ამ საკითხთან დაკავშირებით, მას კითხვის ნიშნებიც აქვს:
„ორი დღის წინ ჩაგვინაცვლეს მოსამართლე და ეს საქმე სხვა მოსამართლეს დააწერეს. ორი დღის წინ, მოსამართლის თანაშემწეს დავუკავშირდი და მან შემატყობინა, რომ თურმე საქმე სხვა მოსამართლეს დაეწერა, რადგან ჩვენი მოსამართლე ავად გახდა და ბიულეტინზე გავიდა“.
ამასთანავე, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის მოთხოვნის საფუძველზე, 15 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, 12 თვით დაადო ყადაღა არდაზიანის 2 ნომერში მდებარე უძრავ ქონებას, რაც ნანო ცხადაიას თქმით, გამოსახლების შეჩერების საფუძველი უნდა გამხდარიყო და ამის არგუმენტად იშველიებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის მესამე ნაწილს, სადაც ვკითხულობთ, რომ „თუ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად ამავე ქონებას სასამართლომ ყადაღა დაადო სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ქონებაზე აღსრულებას აჩერებს პროკურორის წერილობითი თანხმობის მიღებამდე“.
რას ამბობს იპოთეკარის ადვოკატი?
23 თებერვალს, გამოსახლების პროცესს ადევნებდა თვალს ლია წიკლაურის ადვოკატი, ვახტანგ კოჭატაშვილი. ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა ქონება მიიღო კანონიერად, ლაშა გიგაურთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
თუმცა, ლაშა გიგაურის ადვოკატისგან განსხვავებით, ვახტანგ კოჭატაშვილი ამტკიცებს, რომ ლაშა გიგაურსა და ლია წიკლაურს შორის გაფორმებული იყო არა ნასყიდობის ხელშეკრულება, არამედ ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ნასყიდობის უფლების განხორციელებასთან ერთად ითვალისწინებს გაყიდული ნივთის უკან გამოსყიდვის უფლებასაც. გამოსყიდვის მთავარი მახასიათებელი კი ის არის, რომ თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე. გამოსყიდვა ხდება თავდაპირველი ფასით. ამასთან, მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ის თანხაც, რომლითაც გაიზარდა საქონლის ღირებულება გამოსყიდვის მომენტამდე.
ვახტანგ კოჭატაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, უარს ამბობს თანხის მიღებაზე და მას სურს კუთვნილი უძრავი ქონებით სარგებლობის უფლების მოპოვება:
„ეს ქონება მას მოპოვებული აქვს კანონიერი წესით. და შესაბამისად, მას ხელი ეშლება საკუთრებით სარგებლობაში. ქალბატონი ლიას პოზიციაა, რომ მას არ სურს თანხის მიღება. მისი ინტერესია მისი საკუთრებით შეუფერხებლად სარგებლობა. სწორედ ამიტომ იყო დავა სასამართლოში, სამივე ინსტანციაში. ჯამში, შვიდმა მოსამართლემ, ყველა ინსტანციას ვგულისხმობ, ვერცერთმა ვერ დაინახა ამ საქმეში პრობლემა და ქონება ლია წიკლაურის მფლობელობაში დარჩა და მიღებული იქნა გამოსახლების გადაწყვეტილებაც. ის, რაც ახლა აქ ხდება, ეს არის თავად ამ ოჯახის პასუხისმგებლობა, რადგან სამი თვის წინ გამოსახლების მცდელობისას, ლაშა გიგაურმა თქვა, რომ თუკი ვერ მოვრიგდებით ამ სამ თვეში, ჩემი ნებით გამოვალო, რაც, სამწუხაროდ, არ შესრულდა და მოხდა ასეთი დაპირისპირება. ახლა არანარ მორიგებაზე ლაპარაკი არ არის. კი, თანხა იქნა შეთავაზებული, 90 ათასი დოლარი, თუმცა, ამ თანხით მათ შეუძლიათ შეიძინონ ამავე ფართის სხვა უძრავი ქონება“.
რაც შეეხება გამოძიების დაწყებას თაღლითობის მუხლით, ვახტანგ კოჭატაშვილი დარწმუნებულია, რომ პროკჯურატურა მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ბრალდებულად არ სცნობს და საქმის გამოძიებას შეწყვეტს:
„ჩვენ გაგვიკვრიდა, რომ ეს საქმე საერთოდ აღიძრა, რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ, არცერთ მოსამართლეს, სამ ინსტანციაში, ეჭვი არ შეჰპარვია, რომ ამ საქმეში არსებობდა დანაშაულებრივი ნიშნები. არადა მათ ვალდებულება აქვთ, რომ დანაშაულის ნიშმების აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით. ამ ეტაპზე, არც ლია წიკლაურსა და არც ლაშა გიგაურს სტატუსები არ აქვთ, ანუ გიგაურს არ გააჩნია დაზარალებულის სტატუსი და ჩვენ - ბრალდებულის. ჩვენ ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება გვაქვს წარდგენილი. შესაბამისად, ველოდებით, რომ გამოძიება მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას და ეს გამოძიება შეწყდება“.
სად აპირებს წასვლას გიგაურების რვასულიანი ოჯახი?
„სახელმწიფოს დაუსვით ეს კითხვა. მარტო მე არ ვარ „მევახშეებისგან“ დაზარალებული. ეს ამბავი ყოველ დღე ხდება. წასასვლელი სად მაქვს? საქართველოში ვარ, ჩემს ქვეყანაში. შეიძლება წავიდე ტყეში, ქუჩაში, დავსვა შვილები, შვილიშვილები, ავადმყოფი მამა, მაგრამ საკუთარი ოჯახიდან რომ გამოგასახლებენ ამ ზამთარში და ყინვაში, ეს არის ყველაზე დიდი ვანდალიზმი“.
„მოსახლეობა მევახშეობის პირისპირ“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა 2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაციამ „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ ვრცელი კვლევა. გამოკვლევაში ვკითხულობთ, რომ საჯარო რეესტრში 287 ათასი იპოთეკით დატვირთული ქონება იყო რეგისტრირებული. ამ მონაცემებში, სავარაუდოდ, იგულისხმებოდა იპოთეკით დატვირთული კომერციული ფართიც.
"მევახშეთა" კვლევამ არაერთი ნიშანდობლივი ფაქტი გამოავლინა. მათ შორის ის, რომ მაგალითად, კრედიტორთა უმთავრესი ინტერესია დაეუფლონ იპოთეკით დატვირთულ ქონებას; ბოროტად სარგებლობენ მსესხებლების უყურადღებობითა თუ გამოუცდელობით; ქონების დაუფლების შესახებ კრედიტორთა უმთავრეს ინტერესს ხელს უწყობს საკრედიტო რისკების დაზღვევის მთელი რიგი სტრუქტურული პრივილეგიები და უპირატესობებიც, რაც მხოლოდ კრედიტორთა მხარეს არის.