Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესტორნები და სასტუმროები გასახსნელად ემზადებიან - რა პრობლემებზე ლაპარაკობენ მფლობელები


სასტუმრო ლაგოდეხში
სასტუმრო ლაგოდეხში

მომავალი კვირის ორშაბათიდან, 1 ივნისიდან, მუშაობის დაწყებას შეძლებენ ღია ტიპის რესტორნები, ხოლო ერთი კვირის შემდეგ, 8 ივნისიდან, ნებადართული გახდება უკვე ყველა ტიპის რესტორნის გახსნა. 8 ივნისიდან გაიხსნება ასევე ის სასტუმროები, რომელთაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება.

რესტორნებმა მუშაობის დაწყება რომ შეძლონ, სავალდებულო რეკომენდაციები უნდა შეასრულონ. რესტორნის დახურულ და ღია სივრცეებში მაგიდებს შორის 2-მეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული, 1-მეტრიანი დისტანციის დაცვას ითხოვენ სკამებს შორის. ერთ მაგიდასთან 6 სრულწლოვანი ადამიანის განთავსებაა ნებადართული.

სასტუმროს ეზო ლაგოდეხში
სასტუმროს ეზო ლაგოდეხში

ყოველი მომსახურების შემდეგ მაგიდები უნდა დამუშავდეს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით. რაც შეეხება მომსახურე პერსონალს, სავალდებულოა პირბადისა და ხელთათმანის ტარება. ასევე ყოველ დილით თანამშრომლებს უნდა ჩაუტარდეთ თერმოსკრინინგი.

მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე ამბობს, რომ რესტორნებისთვის დაწესებული სავალდებულო რეკომენდაციების შესრულება მარტივია, რადგან მათ გარკვეული წესების შესრულება ისედაც ევალებოდათ.

კოიძის თქმით, მაგიდებს შორის დისტანცია მანამდეც უნდა ყოფილიყო დაცული, სხვა შემთხვევაში მომსახურე პერსონალი კლიენტს ვერ მოემსახურებოდა. ასევე, კოიძის თქმით, რესტორნებისთვის სიახლე არ უნდა იყოს არც ის, რომ მათ მაგიდები უნდა დაამუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. თუმცა კოიძე ამბობს, რომ რესტორნების მფლობელებს ისეთი წესების დაცვაც დაევალათ, რომლებიც პანდემიამდე არ იყო საჭირო.

„სიახლეა ის, რომ მენიუ მრავალჯერადი მოხმარების არ უნდა იყოს. აუცილებლად უნდა დაიბეჭდოს ერთჯერადი მენიუ, ვინაიდან ხელის ხშირი შეხებით არ მოხდეს მენიუს დაბინძურება და ვირუსის ასე გავრცელება. ამასთან, რა თქმა უნდა, მომსახურე პერსონალს უნდა ეკეთოს პირბადე და უნდა იყოს დაცული მომხმარებელთან კონტაქტი ობიექტზე შესვლის დროს. ეს არცთუ ისე რთული შესასრულებელი წესებია. ასევე, აუცილებელია ხელთათმანები, პირბადეები და თერმოსკრინინგი“.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეკომენდაციების შესრულება უკვე დაიწყეს იმ სასტუმროებისა და რესტორნების მფლობელებმა, რომლებმაც პირველი ივნისიდან მუშაობის განახლება გადაწყვიტეს. ლაგოდეხში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროსა და რესტორნის წარმომადგენელი, ანანო გაგნიძე, ამბობს, რომ მათი ობიექტები მომხმარებლების მისაღებად უკვე მზად არის. მისივე თქმით, ახალი რეგულაციებიდან დიდ ნაწილს სასტუმრო და რესტორანი ისედაც იცავდა, ამიტომ მომსახურების საფასურის გაზრდას არ გეგმავენ:

„ჩვენი სასტუმრო, უკვე ორ კვირაზე მეტია, გახსნისთვის მზად არის. ვითვალისწინებთ ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციას: ორმეტრიანი დაშორება მაგიდებს შორის, პირბადეები, ხელთათმანები, დეზობარიერები და, რა თქმა უნდა, სადეზინფექციო ხსნარები. მართალია, ეს ყველაფერი ხარჯებს უკავშირდება, მაგრამ ჩვენ ეს ხარჯები ისედაც გვქონდა და ამ ეტაპზე არ ვაპირებთ ფასების გაზრდას არც სასტუმროში და არც რესტორანში“.

სასტუმრო ლაგოდეხში
სასტუმრო ლაგოდეხში

მომხმარებლის მისაღებად ემზადებიან კახეთში მოქმედი საოჯახო და სტანდარტული ტიპის სასტუმროებიც, თუმცა, მათი ნაწილი ამბობს, რომ დაწესებული რეგულაციების შესრულება რთულია. თელავში მდებარე ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მფლობელის, მარიამ გერმანიშვილის, თქმით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებული წესების დაცვა დამატებით ფინანსურ სახსრებს მოითხოვს, რომლის მოძიებაც თითქმის ორთვიანი იძულებითი გაჩერების შემდეგ რთულია:

„რა რეგულაციებიც დაწესდა, ვცდილობთ ყველა მათგანის დაცვას, მაგრამ ყველაფრის გათვალისწინება არის რთული, მით უმეტეს, საოჯახო ტიპის სასტუმროსთვის, რადგან ეს ყველაფერი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და, მით უმეტეს, ქვეყანაში როცა ასეთი მდგომარეობაა, რთულია მოიძიო და იშოვო თანხა, რომ ეს ყველაფერი გააკეთო და, ამასთან, კანონიც არ დაარღვიო. ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს ყველა რეგულაცია მაქსიმალურად იყოს დაცული ჩვენს სასტუმროში და მივიღოთ მომხმარებელი, რათა მუშაობა შევძლოთ“.

მიუხედავად იმისა, რომ 1 ივნისიდან სასტუმროებსა და რესტორნებს წესების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება ეძლევათ, ისინი ვერ მიიღებენ საერთაშორისო ტურისტებს, რადგან ქვეყნის საჰაერო სივრცე რეგულარული ფრენებისთვის ჯერ კიდევ ჩაკეტილი რჩება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში შიდა ტურიზმის ამოქმედება 15 ივნისს იგეგმება, საერთაშორისო ტურისტებს კი ქვეყანაში 1 ივლისს ელიან.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG