ქუთაისში, ხარაზოვის ბაღში მდებარე ყოფილი ნიღბების თეატრის შენობას, რომელიც 4 წლის წინ გარემონტდა და ამჟამად კულტურის ცენტრის სახელით ფუნქციონირებს, ისევ რეკონსტრუქცია სჭირდება. ჭერიდან რამდენიმე ადგილას ჩამოსულმა წვიმის წყალმა კედლები დააზიანა, ჩავარდა ნესტისგან დაზიანებული სცენის ხის იატაკის ნაწილიც. როგორც კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჯიშკარიანი ამბობს, შენობას დრენაჟი არ აქვს, რის გამოც წვიმის წყალი კედლებსა და იატაკში ჟონავს, სველი ფოიე და 200 მაყურებელზე გათვლილი დარბაზი კი არ ნიავდება, რადგან შენობას არც ვენტილაციის სისტემა აქვს:
„ნესტის სუნია შენობაში, რადგან სადრენაჟე სისტემა არ არის მოწესრიგებული შენობის მარცხენა მხარეს, სადაც წვიმის დროს მიწა წყლის შეშრობას ვერ ასწრებს და წყალი შენობაში შემოდის. სველდება ხისა და ხალიჩის იატაკი და ვერ შრება. დროული შველა უნდა ამ ყველაფერს, რადგან ნესტისგან დაზიანებული სცენის იატაკის ნაწილი ჩავარდა და აღვადგინეთ, მაგრამ დროებითია. მოდიან კოლექტივები, 20 ბავშვი სცენაზე რომ იცეკვებს, შესაძლოა იატაკი ჩავარდეს“.
რისთვის გაკეთდა შენობა, თუ აკუსტიკა არ ექნა სცენას და თუ ხელოვანებმა ვერ დაუკრეს მუსიკა, ვერ იმღერეს!? შენობა ლამაზად გაკეთებულია, სისუფთავეა, მაგრამ ძირითადი, რაც აუცილებელია, არ არის, რომ მაყურებელმა სცენიდან გაიგონოს ხმა.
ქუთაისის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ჯიშკარიანის თქმით, აუცილებელია სცენის შეცვლა, ადგილზე ბეტონის დასხმა და ხის ახალი საფარის მოწყობა. ხარაზოვის ბაღში მდებარე კულტურის ცენტრი კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების დაქვემდებარებაშია, რომელიც, თავის მხრივ, ქუთაისის მერიას ექვემდებარება. გაერთიანების ხელმძღვანელი ვაჟა ჯუღელი ამბობს, რომ მისთვის ცნობილია კულტურის ცენტრის შენობისა და სცენის მდგომარეობა, რადგან ადგილზე რამდენჯერმე იყო. ვაჟა ჯუღელის ინფორმაციით, ამჟამად გამოცხადებულია ტენდერი ხარაზოვის ბაღში, კულტურის ცენტრის წინ მდებარე შადრევნის რეკონსტრუქციის პროექტისთვის და შადრევნის აღდგენასთან ერთად მოეწყობა დრენაჟი კულტურის ცენტრის შენობისთვის:
„კედლის გასწვრივ უნდა გაკეთდეს დრენაჟი და აუცილებლად გაკეთდება, როცა ხარაზოვის ბაღში შადრევნის რეკონსტრუქცია განხორციელდება. რაც შეეხება იატაკს, ჩავარდნილი ნაწილი აღვადგინეთ და ამ დღეებში მთლიანად გადაიღებება იატაკი, საღებავი უკვე შეძენილი გვაქვს“.
კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ჯიშკარიანის განცხადებით, ყოფილი ნიღბების თეატრის შენობის რეკონსტრუქციისთვის 2013 წელს შემუშავებული პროექტი მასშტაბური იყო, თუმცა მშენებლობის პროცესში შეიცვალა და მიზეზად თანხის სიმცირე დასახელდა. დავით ჯიშკარიანის ინფორმაციით, შენობაში არც უსაფრთხოების ნორმებია დაცული, რადგან დარბაზს არა აქვს სათადარიგო გასასვლელები. რეკონსტრუქციისას არ იყო გათვალისწინებული სცენის სპეციფიკა, კერძოდ, მას არ აქვს კულისები და სხვადასხვა დანიშნულების ოთახები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დარბაზში არ არის კარგი აკუსტიკა:
აკუსტიკა თავიდანვე არ იყო გათვალისწინებული და დარბაზის კედლებზე სპეციალური მასალის გამოკვრაა საჭირო, რათა კონცერტებისთვის იყოს დარბაზი ვარგისი და ამ ზაფხულში გვინდა გავაკეთოთ.
„რისთვის გაკეთდა შენობა, თუ აკუსტიკა არ ექნა სცენას და თუ ხელოვანებმა ვერ დაუკრეს მუსიკა, ვერ იმღერეს!? შენობა ლამაზად გაკეთებულია, სისუფთავეა, მაგრამ ძირითადი, რაც აუცილებელია, არ არის, რომ მაყურებელმა სცენიდან გაიგონოს ხმა. ერთ კედელზე მე ავაკარი ღრუბლის ფირფიტები, თორემ 2 მეტრის რადიუსში არ ისმოდა ხმა“.
ქუთაისის მერიის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელის ვაჟა ჯუღელის განმარტებით, რადგან შენობის რეკონსტრუქციის საგარანტიო ვადა ამ დროისთვის ამოწურულია, გაერთიანება მწირი ბიუჯეტით ცდილობს დაეხმაროს ცენტრს და ამ ზაფხულში შეიძენს აკუსტიკის გაუმჯობესებისთვის საჭირო მასალას:
„აკუსტიკა თავიდანვე არ იყო გათვალისწინებული და დარბაზის კედლებზე სპეციალური მასალის გამოკვრაა საჭირო, რათა კონცერტებისთვის იყოს დარბაზი ვარგისი და ამ ზაფხულში გვინდა გავაკეთოთ. ეს თანხებთანაა დაკავშირებული და გაერთიანებაში 18 ორგანიზაციაა და ყველას რაღაც აქვს გასაკეთებელი, ამიტომ შეძლებისდაგვარად გავაკეთებთ“.
ხარაზოვის ბაღში მდებარე კულტურის ცენტრის შენობას, სადაც ნიღბების თეატრი 18 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა, რეკონსტრუქცია 2014 წელს ჩაუტარა კომპანია „პარმაღმა“. თავდაპირველად ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტრომ რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სამუშაოებისთვის 600 ათასი ლარი გამოყო, თუმცა სამშენებლო კომპანიამ ტენდერი 555 ათას ლარად მოიგო და 45 ათასი ლარი დაიზოგა. შენობის განახლებიდან მეოთხე წელს კი მას ისევ რემონტი სჭირდება.