რუსულენოვან ინტერნეტში სერიალის რეიტინგმა გადაასწრო ისეთ მსოფლიო ბესტსელერებს, როგორებიცაა "სოპრანოს კლანი", „ფრენდსი“, „ოფისი“ და ა.შ. kinopoisk.ru-ს მიხედვით, „კაი ბიჭის სიტყვაზე“ უფრო მაღალი რეიტინგი აქვს მხოლოდ "Breaking Bad"-ს, "Game of Thrones"-სა და "გაზაფხულის ჩვიდმეტ გაელვებას". რუსი მოზარდები ისტერიულად ჰბაძავენ სერიალის პერსონაჟებს როგორც მეტყველებით, ასევე ქცევით, რის გამოც კულტურის კრიტიკოსთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ვირუსულად გავრცელებული „კაი ბიჭის სიტყვა“ ახდენს ბანდიტიზმისა და ძალადობის რომანტიზებას, რის ნაკლებობასაც პუტინის რუსეთი ისედაც არასოდეს უჩიოდა.
2023 წლის ნოემბრის დასაწყისში ონლაინ კინოთეატრებმა Start და Wink დაიწყეს რეჟისორ ჟორა კრიჟოვნიკოვის სერიალის - „კაი ბიჭის სიტყვა. სისხლი ასფალტზე“ - ჩვენება. გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს ყაზანში მოქმედი ახალგაზრდული ბანდების მხატვრულმა ისტორიამ კინომოყვარულთა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. საზოგადოების ნაწილი აღაშფოთა ძალადობის კულტურის რომანტიზებამ, ნაწილმა კი სერიალში დაინახა რუსეთის ისტორიის გარდამტეხ მომენტებში ძალადობის ამოფრქვევის მიზეზებში გარკვევის მცდელობა.
რაზეა სერიალი
სერიალი მოგვითხრობს ყაზანის ახალგაზრდულ ბანდებსა და მათ წევრებზე, როგორ იქცევა ბანდაში შესვლის შემდეგ ერთი ჩვეულებრივი მოსწავლე ქუჩის „კარგ ბიჭად“. სერიალში მოქმედება ხდება დაშლის ზღვარზე მყოფ საბჭოთა კავშირში, ქალაქ ყაზანში, სიუჟეტის ცენტრში არიან სკოლის მოსწავლეები ანდრეი და მარატი. ანდრეი მუსიკალური სკოლის სანიმუშო მოსწავლეა, ადგილობრივი ჟარგონით რომ ითქვას, ტიპური "ჩუშპანი" - ბიჭი, რომლისთვისაც სრულიად უცნობია ქუჩის ცხოვრება, მარატი კი „კაი ბიჭი“ და კრიმინალური დაჯგუფების, „უნივერსამის“ წევრია. ხულიგნებისგან თავის დაცვის მიზნით, ანდრეი გადაწყვეტს შეუერთდეს ბანდას, რომლის წევრიც მარატია. ეს გადაწყვეტილება მკვეთრად ცვლის მოზარდის ცხოვრებას: მშვიდი, სანიმუშო პიონერი იქცევა ბანდის აგრესიულ წევრად, რომელიც ქუჩის კანონებით ცხოვრობს და რეგულარულად მონაწილეობს ძალადობრივ კრიმინალურ გარჩევებში.
სიუჟეტის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია ვოვა ადიდასი, ბანდის წევრი და მარატის უფროსი ძმა. არსებითად სწორედ ჯარიდან მისი დაბრუნება (მსახურობდა ავღანეთში) ანიჭებს ამბავს საჭირო ენერგიას. სწორედ მსახიობ ივან იანოვსკის ამ პერსონაჟში დაინახა რუსმა მაყურებელმა „ახალი თაობის დანილა ბაგროვი“.
დანილა ბაგროვი - ალექსეი ბალაბანოვის ფილმების "ძმა" და "ძმა-2" საკულტო გმირი, რომელსაც სერგეი ბოდროვი უმცროსი ასრულებს.
"კაი ბიჭის სიტყვას" საფუძვლად უდევს ნამდვილი ამბავი. სცენარისტებმა გადაამუშავეს ჟურნალისტ რობერტ გარაევის წიგნი „კაი ბიჭის სიტყვა". 1970-2010-იანი წლების კრიმინალური თათარსტანი“ ყაზანის ბანდების შესახებ. გარაევი არა მხოლოდ დეტალურად აანალიზებს ყაზანის ფენომენს, არამედ მის სიღრმეშიც ახედებს მკითხველს, რადგან სიყმაწვილეში ჟურნალისტი თვითონ იყო ერთ-ერთი ბანდის წევრი. სერიალის სიუჟეტი აგებულია ე.წ. ყაზანის ფენომენის გარშემო - სწორედ ამ ტერმინით აღწერენ რუსი სოციოლოგები გასული საუკუნის 70-80-იან წლებში გაჩენილ ყაზანის კრიმინალურ ბანდებს, რომლებშიც ძირითადად არასრულწლოვნები შედიოდნენ და, რომლებმაც სრულად გადაინაწილეს ქალაქი და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოუცხადეს ერთმანეთს ქალაქის რაც შეიძლება მეტ ტერიტორიაზე („ასფალტზე“) გავლენის მოსაპოვებლად. სერიალში გამოგონილ „უნივერსამთან“ ერთად, ნახსენებია ნამდვილად არსებული ბანდები - „ხადი ტაკტაში“, „კინოპლიონკა“, „ჩაინიკი“, „პერვაკი“ და სხვ.
სერიალის პირველი სეზონის ბოლო ეპიზოდი 21 დეკემბერს გამოვიდა, თუმცა "კაი ბიჭის სიტყვა" უკვე იქცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მაღალრეიტინგულ რუსულ სერიალად. საუბარი არაა მხოლოდ პლატფორმებზე, სადაც მას უჩვენებენ. Kinopoisk-ის საუკეთესო სატელევიზიო სერიალების რეიტინგში ის უკვე მეოთხე ადგილს იკავებს და ჩამორჩება მხოლოდ Breaking Bad-ს, Game of Thrones-სა და საბჭოთა კლასიკას „გაზაფხულის ჩვიდმეტ გაელვებას“, მაგრამ უსწრებს „სოპრანოს“, „ფრენდზს“, „ოფისს“ და ა.შ. კომენტარებში მომხმარებლები მაღალ შეფასებას აძლევენ ავტორების ყურადღებას დეტალებისადმი, წარმატებულ კასტინგს და მსახიობობების დამაჯერებელ შესრულებას.
რამ განაპირობა სერიალის ასეთი პოპულარობა?
სვეტლანა სტივენსონი, რუსი-ბრიტანელი სოციოლოგი ამბობს, რომ მსგავსი შინაარსის სერიალი რა დროსაც არ უნდა ეჩვენებინათ, მაინც წარმოუდგენლად პოპულარული გახდებოდა. სოციოლოგი მაგალითად ასახელებს ფილმებს: „ერთხელ ამერიკაში“, „ნიუ-იორკის ბანდები“:
„წარმოუდგენლად მიმზიდველი თემაა კრიმინალური ბანდები, ჩაკეტილი ჯგუფები თავიანთი ეგზოტიკით. გვინდა გავიგოთ, რამდენად საშიში არიან ისინი, სად არიან - ჩვენთან ახლოს, თუ ჩვენგან შორს. მეორე მხრივ, რუსულ კულტურაში ხდება კრიმინალური, ციხის კულტურის რომანტიზაცია. ბევრი მას ბუნებრივი სამართლიანობის წყაროდაც კი მიიჩნევს. ადამიანებს არ მოსწონთ სახელმწიფო თავისი სასტიკი, არაადამიანური წესებით, აქ კი, როგორც ჩანს, მათ მიაჩნიათ, რომ არის ე.წ. გაგება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მხარდაჭერის მიღება, ერთმანეთის გატანა. ეს და სხვა ცნებები მეტწილად ფიქციაა, სამართლიანობა ნაკლებადაა თვითონ „კაი ბიჭების“ ურთიერთობაშიც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ ურთიერთობაზე გარშემომყოფებთან, რომლებსაც, მათი გაგებით, საერთოდ არ აქვთ უფლებები“.
რუსეთის ისტორიის მკვლევრისა და რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის თანამშრომლის სერგეი მედვედევის თქმით, ძნელია მსოფლიოში მოძებნო რუსეთის გარდა სხვა ქვეყანა, სადაც კრიმინალური სუბკულტურა ასე ძლიერადაა ფესვგადგმული, სადაც ათიდან ცხრა ტაქსის მძღოლს მაგნიტოფონში ჩართული აქვს ე.წ. ბლატნოი სიმღერები, სადაც მოზარდები მასობრივად აწვებიან „ქურდულს“.
როგორც სვეტლანა სტივენსონი ამბობს, ციხესთან და კრიმინალთან რუსული საზოგადოების ამ სიახლოვეს აქვს კონკრეტული, რუსული მახასიათებელი.
„როგორ შეიძლება არ წარმოიშვას ასეთი კულტურა რუსეთში, სადაც, თუ უფლებადამცველ აბრამკინს დავეყრდნობით, ჯერ კიდევ სსრკ-ში, ყოველი მეოთხე ადამიანი იჯდა ციხეში ან დაპატიმრებული იყო რაღაც დროით. ეს მართლაც საერთო-ხალხური კულტურაა. გარდა ამისა, თავისი როლი ითამაშა ინტელიგენციამაც, რომელიც მოწიწებას გამოხატავდა ამ რომანტიკული სამყაროს მიმართ“, - ამბობს სოციოლოგი, რომელსაც სულაც არ უკვირს ის, რომ ვლადიმირ პუტინი ქუჩის ბიჭივით ლაპარაკობს, როცა ამბობს, ჩხუბში პირველმა უნდა დაარტყაო.
„პუტინი ამაყობს ამით. სერგეი ლავროვიც კი ამ ტერმინოლოგიით ლაპარაკობს („ბიჭმა თქვა, ბიჭმა გააკეთაო“ - „пацан сказал – пацан сделал“), მიუხედავად იმისა, რომ ის ქუჩაში არ გაზრდილა. აშკარაა, რომ ასეთი კულტურა რუსეთის პოლიტიკურ კლასშიც დამკვიდრებულია. ძალადობის ამ სუბკულტურის ენა უბრალოდ ასახავს რუსეთის ელიტის პოლიტიკურ ქცევას, რომლის ნაწილია წარმოუდგენელი ზრუნვა და შფოთვა ხელისუფლების რეპუტაციაზე (ღმერთმა არ ქნას, ვინმეს სუსტები ვეგონოთ), სუსტის მიმართ ზიზღი, საზოგადოების დაყოფა კასტებად, პირობით, ელიტებად, ავტორიტეტებად და უბრალო ადამიანებად, რომელთა აზრს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი გარჩევები თანასწორთა შორის მიმდინარეობს, თანასწორები კი დასავლელი ლიდერები არიან და მათთან მიმდინარეობს საქმის გარჩევები: „სტრელკები“, „სპროსები“ და ა.შ. საოცარი მსგავსებაა: ორივე გარემოში (კრიმინალურსა და პოლიტიკურში) წარმოუდგენლად ეზიზღებათ კანონი და პატივს მიაგებენ ძალადობის ჯადოსნურ ძალას", - ამბობს სვეტლანა სტივენსონი რადიო თავისუფლების რუსული რედაქციისათვის მიცემულ ინტერვიუში.
რუსული კინო ბოროტების სამსახურში
ანდრეი არხანგელსკის, რუსი ჟურნალისტის, კულტუროლოგისა და რადიო თავისუფლების ბლოგერის, თქმით, როგორც სოცრეალიზმის ფარგლებში იყო შეუძლებელი რაიმე ფუნდამენტურად განსხვავებულის შექმნა, ასევე შეუძლებელია განვითარებული პუტინიზმის ფარგლებში რაიმე ორიგინალურის გადაღება, ახალი იდეის ხორცშესხმა:
„საოცარია, რომ სერიალის გარშემო კამათის (ხშირ შემთხვევაში რეჟისორის ქების) დროს ხელიდან გვისხლტება ერთი საგულისხმო ფაქტი: აზროვნების დონეზე, სერიალში აბსოლუტურად არაფერი ხდება. ძალიან მნიშვნელოვან ძალადობის თემაზე (ძალადობაზე, როგორც ჩვენი ცხოვრების მარეგულირებელ) გადაღებული სერიალის ყურების შემდეგ, ჩვენ ვრჩებით ზუსტად იმავე ადგილზე, საიდანაც დავიწყეთ ყურება. იოტის ოდენადაც კი ვერ წავიწიეთ წინ. აზროვნება ასფალტზე დარჩა“.
პუტინის რუსეთში ეკრანებზე ნებისმიერი სერიალის გამოჩენის აუცილებელი პირობა თავისუფლებაზე საუბრის აკრძალვაა. სერიალში მოქმედება გასული საუკუნის 80-იან წლებში ხდება. შესაბამისად, აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ქვეყანაში კრიმინალების თარეში და განუკითხაობა გორბაჩოვის გამო დაიწყო, თუმცა, როგორც არხანგელსკი ამბობს, მაშინაც კი, თუ წარმოვიდგენთ, რომ რეჟისორი ყველა ამ კომპრომისზე წავიდა იმისთვის, რომ მიენიშნებინა დღევანდელი ტოტალური ძალადობის (უკვე არა მხოლოდ თავის მოქალაქეებისკენ, არამედ მეზობლებისკენ მიმართულის) ფესვებზე, შედეგი ზუსტად ისეთივე გამოვიდა, როგორიც იყო ბალაბანოვის „ძმის“, „ბრიგადის“, „ბუმერის“ და სხვა ნაწარმოებების შემთხვევაში.
„ძალადობის მიზეზების გაცნობიერების ნაცვლად ხელში გვრჩება სისასტიკითა და ბრუტალურობით ტკბობა, - ამბობს ანდრეი არხანგელსკი, - ასე ხდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეჟისორს საპირისპირო ეფექტის მიღწევა სურს. იმიტომ, რომ კადრში არ ჩანს ძალადობას არანაირი ალტერნატივა (ასეთებად სერიალში არიან კომიკური კომკავშირელები, რომლებიც საუბრობენ ადამიანურ ღირსებაზე, მაგრამ თან გასაყიდად ამზადებენ ე.წ. მოხარშულ ჯინსებს). ეს პერსონაჟები განზრახ, ხაზგასმით კარიკატურულები არიან, მაშინ როცა რეჟისორი გამოკვეთილი პატივისცემით ეპყრობა ბანდიტებს, ესმის მათი. მაყურებელმა აქედან მხოლოდ ერთი დასკვნა შეიძლება გამოიტანოს: ყველა ერთნაირად ცუდია, კარგი არავინაა. სწორედ ეს არის კრემლის იდეოლოგიური მითითება. არაფერი კარგი არ მოხდება, შეუძლებელია რომ მოხდეს. შესაბამისად, იმედის საფუძველიც არ არსებობს. მაგრამ ეს უიმედობაც ყალბია. პუტინიზმის წლებში, სისტემის მცდელობის მიუხედავად, გაიზარდა მილიონობით ისეთი ადამიანი, ვისაც სხვა ცხოვრებით ცხოვრება სურს. ამ ადამიანების ნაწილი ახლა გასულია რუსეთიდან, ნაწილი გაყუჩებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ არსებობენ. ძალადობის ამბავი ცხოვრებისეული სიმართლეა, მაგრამ ცხოვრებას ასევე აქვს სხვა სიმართლეც, რომლის შესახებაც ეს სერიალი დუმს“.
რუსი კინომცოდნე, ანტონ დოლინი კი დარწმუნებულია, რომ მსგავს მასალაზე შექმნილი სერიალი პრინციპულად ვერ იქნება სარგებლის მომტანი ვერც რუსეთის საზოგადოებისთვის და ვერც რუსული კულტურისთვის. დოლინის თქმით, კინემატოგრაფმა არცთუ უმნიშვნელო როლი ითამაშა რუსეთის კატასტროფაში, მათ შორის კულტურულ კატასტროფაში.
„ეს კატასტროფა დააჩქარა მოდამ კრიმინალურ ფილმებსა და სერიალებზე, - ამბობს კინომცოდნე, - ჩინოვნიკები და სახელმწიფო მოხელეები ხშირ შემთხვევაში ისევე იქცევიან, როგორც კრიმინალური ავტორიტეტები. რუსეთში ადამიანები კანონებით კი არა, გაგებით ცხოვრობენ, მათ შორის კულტურის სფეროშიც. ასე მუშაობს რუსეთის პარლამენტიც, სადაც კანონებს ერთხმად იღებენ, არავინაა წინააღმდეგი. თითქოს ქურდების შეკრებაა, სადაც უმცროსი ქურდები ვერ ეწინააღმდეგებიან უფროს ქურდს, პახანს. ასეა ყველა სფეროში და ამას ხელი შეუწყვეს სერიალებმა „ბრიგადამ“, „მენტებმა“ და ა.შ.“
ანტონ დოლინის თქმით, „ბლატნოი სამყაროს“ რომანტიზების საფრთხეზე ჯერ კიდევ ვარლამ შალამოვი მიუთითებდა საზოგადოებას, როცა „12 სკამის“, „ოქროს კერპის“, ბაბელის „ოდესური მოთხრობების“ მავნებლობაზე ლაპარაკობდა.
„ყველა ამ ტექსტში ხდება ბანდიტების, ბოროტმოქმედების რომანტიზება, იმ ადამიანებისა, რომლებიც ყველაფერ ადამიანურს ანადგურებენ და, რომლებიც, თავისი არსით, მართავენ რუსეთს. სხვა ქვეყნების კულტურებში კრიმინალური სამყაროს რომანტიზების მოდამ ერთი საუკუნის წინ გაიარა, რუსეთში კი დღემდე ცოცხალია. ეს სერიალი, კოპოლას „ნათლიის“ მსგავსად მაფიის გასაკიცხად რომ იყოს გადაღებული, მაინც მაფიის მიმზიდველობას გაზრდას მოემსახურება“, - ამბობს ანტონ დოლინი.
- „კაი ბიჭის სიტყვა" გადაღებულია სახელმწიფო (და სახელმწიფოსთან დაკავშირებული ორგანიზაციების) ფულით. როგორც კულტურის კრიტიკოსები ამბობენ, სახელმწიფოს და სახელმწიფოსთან დაახლოებული მედიაჰოლდინგების მხარდაჭერის გარეშე, კრიჟოვნიკოვის სერიალი ძნელად თუ ნახავდა დღის სინათლეს. ერთ-ერთი კინოკომპანია, რომელიც ჩართულია "კაი ბიჭის სიტყვის" წარმოებაში, „НМГ სტუდია“, ნაწილია „ეროვნული მედიაჯგუფისა (НМГ), რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია ვლადიმირ პუტინის უახლოეს მეგობართან, ბიზნესმენ იური კოვალჩუკთან. გარდა ამისა, „ეროვნული მედიაჯგუფი“ (სახელმწიფო „როსტელეკომთან“ ერთად) ფლობს ონლაინ კინოთეატრ Wink-ს, რომელიც აჩვენებს სერიალს. პროექტს ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა ინტერნეტის განვითარების ინსტიტუტმა (ИРИ), სტრუქტურამ, რომელიც ანაწილებს ბიუჯეტის ფულს „პატრიოტული შინაარსის“ შექმნაზე. „კაი ბიჭის სიტყვის" ტიტრებში მითითებულია ჰოლდინგ „გაზპრომ მედიაში" შემავალი ტელეკომპანია НТВ, რომლის ეთერშიც უნდა გავიდეს სერიალი 2024 წელს.
- საყურადღებო ფაქტი: როსკომნადზორმა (შინაარსის მარეგულირებელმა სახელმწიფო ორგანომ) სერიალში რუსეთის კანონმდებლობის დარღვევა ვერ აღმოაჩინა.