Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დისკრიმინაციასთან ბრძოლა მხოლოდ ქაღალდზე - რა წერია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში?


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

სახალხო დამცველის შეფასებით, 2022 წელს, დაუცველი ჯგუფების თანასწორუფლებიანობის დაცვის მხრივ სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა - ამ დასკვნით იწყება დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში, რომლის პრეზენტაციაც 11 აპრილს გაიმართა.

ანგარიშზე მუშაობის პერიოდში სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 153 ფაქტი შეისწავლა. მათგან ყველაზე მეტი - 20% განსხვავებული მოსაზრების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევას შეეხებოდა.

  • სქესის/გენდერის და შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებზე მიუთითებდა განმცხადებელთა 13-13%.
  • სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით - 11%.
  • ეთნიკური წარმომავლობის საფუძველზე დისკრიმინაციაზე განმცხადებელთა 10% დავობდა.
  • ეროვნების/მოქალაქეობის გამო 7%.
  • პოლიტიკური შეხედულებების გამო 4%.
  • რელიგიის და პროფესიული კავშირის წევრობის გამო სავარაუდო დისკრიმინაცია ვლინდებოდა მომართვების 2-2%-ში.

სახალხო დამცველს ისევ აქტიურად მიმართავდნენ ქალები, რომლებიც დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების შესახებ ჩიოდნენ. როგორც წესი, შემავიწროებელი, მათივე უფროსი იყო.

ერთ-ერთ საქმეზე სახალხო დამცველმა დაადგინა კიდეც სექსუალური შევიწროება - „მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ - კომპანიის ხელმძღვანელი დასაქმებულ ქალს ირიბად მიანიშნებდა, რომ კარიერული წინსვლა მის ქცევაზე იყო დამოკიდებული. სახალხო დამცველის ჩარევის და შრომის ინსპექციისათვის მიმართვის შემდეგ კომპანიის ხელმძღვანელები დაჯარიმდნენ.

ერთ-ერთი ქალი სექსუალურ შევიწროებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ედავებოდა - გენერალური ინსპექციის მოკვლევის შემდეგ, ერთ-ერთ მათგანს, დისციპლინური პასუხისმგებლობაც დაეკისრა, ოღონდ „სამინისტროს სისტემის ავტორიტეტის შემლახავი შეუფერებელი ქმედების ჩადენისთვის“ და არა სექსუალური შევიწროების გამო.

შშმ პირების დისკრიმინაციის ნაწილში სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ განსაკუთრებით დაუცველები უსინათლო პირები არიან, რომელთაც განსაკუთრებულად დისკრიმინაციულად ეპყრობიან. 2022 წელს, მათთვის ერთ-ერთი დიდი პრობლემა ხელმოწერის საკითხი იყო - ერთ-ერთმა უსინათლო პირმა ვერ შეძლო ხელმოწერის (ფაქსიმილეს) ნამდვილობის დამოწმება, ნოტარიუსმა კი მას უარი უთხრა წინასწარ გამოჭრილი ასოების (ტრაფარეტის) გამოყენებაზე და მოსთხოვა, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა საკუთარი ხელით შეესრულებინა.

ეთნიკური უმცირესობების ქვეთავში ყველაზე დისკრიმინირებულ ჯგუფად ბოშები არიან მოხსენიებული. მათ ძალიან ცოტა იციან სახელმწიფი სერვისების შესახებ. ხოლო თუ ისე მოხდება, რომ სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში რაიმეს მოითხოვენ და განცხადებას დაწერენ, როგორც წესი, რეაგირების გარეშე რჩებიან. ბოშებმა პრაქტიკულად არ იციან ქართული, ვერ ქირაობენ ბინას, მათ მიმართ საზოგადოებაც შესამჩნევად არაკეთილგანწყობილია.

ლგბტ+ ადამიანებს 2022 წელსაც ისევ უწევდათ გამკლავება ჰომოფობიურ, ბიფობიურ და ტრანსფობიურ დამოკიდებულებებთან.

2021 წელთან შედარებით, 2022 წელს „პრაიდის კვირეული“ გაცილებით უსაფრთხო გარემოში და ნაკლები დაბრკოლებებით გაიმართა, მაგრამ ეს მათი უფლებების გაუმჯობესებით კი არ აიხსნება, არამედ ორგანიზატორების სიფრთხილითა და ღონისძიების დახურულ, კერძო სივრცეში ჩატარებით. სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ დღემდე არ დასჯილან 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი აქციების ორგანიზატორები.

საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში კი ლგბტ+ ადამიანები საერთოდ არ არიან ნახსენები. ამას ემატება მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამები ლგბტ+ ადამიანების მიმართ, რაც კიდევ უფრო ახალისებს დისკრიმინაციას. მაგალითად, ჰომოფობიური და დისკრიმინაციის წამახალისებელი ტერმინი გამოიყენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, როდესაც ქვეყანაში მიმდინარე ევროინტეგრაციის მხარდამჭერი საპროტესტო ტალღა შეაფასა: „არა მგონია, ქართველი ხალხის ნება იყოს ან ჩვენი წინაპრების ოცნება, რომ ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს გადავცეთ ხელისუფლებაო“.

სახალხო დამცველი საგანგაშოს უწოდებს ჟურნალისტების მიმართ არსებულ მტრულ გარემოს და მათი საქმიანობისთვის ხელშეშლის, შრომითი უფლებების დარღვევის და მათი მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევებს - მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდანაც. სპეციალურ ანგარიშში ასეთი რამდენიმე ფაქტი მოხვდა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის ბრიფინგებზე BM.GE-ს მთავარი რედაქტორის, თელარა გელანტიას არშეშვების ფაქტიც.

დისკრიმინაციის წახალისების ნაწილში კი ვკითხულობთ, რომ როდესაც ანგლიკანურმა ეკლესიამ, საქართველოში პირველად დასწერა ჯვარი ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილს და ამბავი ფეისბუკის გვერდზე განათავსა, მათ ჰომოფობიურად განწყობილი პირებისგან მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღეს. გამოძიება დაიწყო, თუმცა ამ დრომდე არ არსებობს შემაჯამებელი გადაწყვეტილება. საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, ამ საქმეზე არც დაზარალებულად უცვნიათ ვინმე და არც ბრალდებულად.

ეს მხოლოდ რამდენიმე ფაქტია, რაც სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში მოხვდა. ომბუდსმენი წერს, რომ საქართველოში თანასწორობის უფლების დაცვა წლიდან წლამდე რთულდება.

მართალია, არსებობს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონმდებლობა, როგორც საფუძველი უთანასწორობის მსხვერპლი ადამიანების უფლებების დასაცავად, მაგრამ ეს კანონი რეალურ ცხოვრებაში არ მუშაობს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG