Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველმა ორ კომპანიაში დასაქმებული ქალების მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტები დაადგინა


სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია

შპს „ფაქტორი გრუპსა“ და შპს CD Company-ში დასაქმებული ქალების მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტები დაადგინა საქართველოს სახალხო დამცველმა. განმცხადებელთა ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ წარმოადგენდა.

როგორც სახალხო დამცველის აპარატი იუწყება, „საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, შპს „ფაქტორი გრუპში“ სამსახურის დაწყებიდან ცოტა ხანში, კომპანიის დირექტორმა განმცხადებელთან არასამსახურეობრივ საკითხებზე სისტემატური მიმოწერა დაიწყო. მიმოწერისას იგი ხაზს უსვამდა ქალის გარეგნობას და ირიბად მიანიშნებდა, რომ მისი კარიერული წინსვლა მის ქცევაზე იყო დამოკიდებული. მას შემდეგ, რაც ქალმა დამსაქმებელს განუმარტა, რომ ჰყავდა მეგობარი მამაკაცი და მისთვის უსიამოვნო და მიუღებელი იყო უფროსთან პირად საკითხებზე კომუნიკაცია, დირექტორმა თანამშრომლის საქმიანობასთან დაკავშირებით უკმაყოფილების გამოხატვა დაიწყო. შედეგად, ქალს სამსახურის დატოვება მოუწია.

საგულისხმოა, რომ საქმეში არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების ანალიზის შედეგად სახალხო დამცველმა პირველად დაადგინა სექსუალური შევიწროების სახე - „მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ (Quid Pro Quo)“.

განცხადების მიხედვით, მსგავსი პრობლემები შეექმნა შპს CD Company-ში დასაქმებულ ქალს, რომელთანაც თითქმის სამსახურის დაწყებისთანავე დაიწყო კომპანიის დირექტორმა არასამსახურებრივ საკითხებზე სისტემატური მიმოწერა.

„ქალმა თავიდანვე განუმარტა თავის უფროსს, რომ მისთვის მიუღებელი იყო პირად ცხოვრებაზე საუბარი, თუმცა, დამსაქმებელი მაინც აგრძელებდა პირადი ცხოვრების შესახებ შეკითხვების დასმასა და მის მიმართ სიმპათიის გამოხატვას. დამსაქმებელი ასევე, აქტიურად ადევნებდა თვალს განმცხადებლის სოციალურ ქსელს და ცალკეული ფოტოს შესახებ თავის აზრებსაც უზიარებდა. მას შემდეგ, რაც განმცხადებელმა დამსაქმებელი ყველა სოციალურ ქსელში დაბლოკა, დირექტორს მისი საქმიანობა უკვე აღარ მოსწონდა და ხშირად გამოხატავდა უკმაყოფილებას. შედეგად, ამ ქალსაც მოუწია სამსახურის დატოვება".

2022 წლის 5 ივლისს სახალხო დამცველის აპარატმა რეკომენდაციებით მიმართა ამ კომპანიების დირექტორებს, მომავალში არ განახორციელონ დასაქმებულთა სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნან თანამშრომლებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ან/და ღირსებისთვის შეუსაბამო გარემო.

სახალხო დამცველმა თავის რეკომენდაციებში კომპანიის ხელმძღვანელებს მოუწოდა, სექსუალური შევიწროების პრევენციის მიზნით, შეიმუშაონ შიდაორგანიზაციული დოკუმენტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის გასაჩივრებისა და შესწავლის პროცედურები.

XS
SM
MD
LG