Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენის ახალი მოადგილე ელისაშვილის დისშვილი და პარტიის შემწირველია


სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და მისი ახალი მოადგილე, ნათია ჯულაყიძე
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და მისი ახალი მოადგილე, ნათია ჯულაყიძე

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის ერთ-ერთი ახალი მოადგილე, ნათელა (ნათია) ჯულაყიძე ალეკო ელისაშვილის დისშვილი და მისი სამოქალაქო მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორია.

პარტია „მოქალაქეების“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი ბავშვობის მეგობრები არიან.

„ბიძად მეკუთვნის“

„ალეკოსთან ნათესაური კავშირი დასამალი არ არის, ერთი დიდი ოჯახის წევრები ვართ, ბიძად მეკუთვნის, მაგრამ რაც შეეხება ჩემს პოზიციას, რაღაცნაირად, სასაცილოდ მეჩვენება [ამაზე საუბარი]“, - აცხადებს ჯულაყიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

ის ადასტურებს, რომ ელისაშვილი დედამისის ძმა არის: „დიახ, ასეა და არაფერი სენსაციური ამაში არ არის. ჩვენი მოღვაწეობის განმავლობაში ყველამ ეგ ინფორმაცია იცოდა, არასოდეს დაგვიმალავს“.

მისი თქმით, „სახალხო დამცველი ლევანია და არა ალეკო“ და მას, ერთად მუშაობის გამოცდილების გათვალისწინებით, ლევან იოსელიანმა შესთავაზა სახალხო დამცველის მოადგილეობა.

„მე და ლევანი წლებია ვმუშაობთ ერთად, საქართველოს პარლამენტში ლევანის აპარატის თანამშრომელი ვიყავი, უფროსი სპეციალისტი და ის მიმართულებები მებარა, რაც სახალხო დამცველის აპარატში უნდა გადმოვიბარო“, - ამბობს ჯულაყიძე.

15 000 ლარი შემოწირულება - „არ მახსოვს, შეიძლება“

1996 წლის 30 მაისს დაბადებული ნათია ჯულაყიძე პარტია „მოქალაქეების“ დაფუძნებიდან იყო მისი წევრი.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში მას 15 000 ლარი აქვს ფულადი სახით პარტიისათვის შეწირული.

ამ საკითხზე რადიო თავისუფლებასთან საუბარში თავდაპირველად მან თქვა: „ძალიან მინიმალური [მაქვს შეწირული], თუ არ ვცდები, რამდენიმე ათეული ლარი იყო... ზუსტად არ მახსოვს“.

დამაზუსტებელ კითხვაზე კი, - რომ საუბარია არა რამდენიმე ათეულ, არამედ 15 000 ლარზე, - განაცხადა:

„შეიძლება, შეიძლება, კი, კი, კი... პარტიის დაარსებიდან შეიძლება ვყოფილიყავი ერთ-ერთი [შემწირველი], იმიტომ, რომ მეც დაინტერესებული და ჩართული ვიყავი ამ პოლიტიკური ჯგუფის აქტივობებში, თანამონაწილე ვიყავი“.

მისი თქმითვე, მისი შემოსავლები იძლეოდა იმის საშუალებას, რომ აღნიშნული რაოდენობის თანხა შეეწირა პარტიისათვის.

ნათია ჯულაყიძე ალეკო ელისაშვილთან და ლევან იოსელიანთან ერთად საარჩევნო კამპანიისას. 2020 წლის 5 აგვისტო
ნათია ჯულაყიძე ალეკო ელისაშვილთან და ლევან იოსელიანთან ერთად საარჩევნო კამპანიისას. 2020 წლის 5 აგვისტო

იგი ამ დრომდე ფიქსირდება, როგორც „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის“, - ელისაშვილის პარტიის წინამორბედი სამოქალაქო ორგანიზაციის, - აღმასრულებელი დირექტორი და გამგეობის წევრი.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2023 წლის 28 მარტს შეიკრიბა „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის“ გამგეობა, სადაც ნათია ჯულაყიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტეს და აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ამის შემდეგ ორგანიზაციას საჯარო რეესტრში შეტანილი აქვს განცხადება ცვლილებების ასახვის მიზნით, თუმცა რეესტრმა სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა „არადამაკმაყოფილებელი დოკუმენტაციის წარდგენის“ გამო.

„თუ რაიმე კავშირი მქონდა პოლიტიკურ აქტივობასთან, ჩავეხსენი და აღარ ვარ აქტიური, - ისევე, როგორც ლევანი, - და, შესაბამისად, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, კითხვებს აბსოლუტურად გააქარწყლებს ჩვენი სამომავლო საქმიანობა“, - აცხადებს ჯულაყიძე.

„ნაცნობ საკითხებზე ვიმუშავებ“

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საზოგადოებას 3 აპრილს წარუდგინა ორი ახალი მოადგილე:

  • ნათია ჯულაყიძე (საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი) და
  • ელენე ღუდუშაური (იურისტი, სამართლის მაგისტრი).

ღუდუშაურმა და ჯულაყიძემ ომბუდსმენის მოადგილეების პოსტებზე ეკატერინე სხილაძე და გიორგი ბურჯანაძე შეცვალეს, რომლებმაც თანამდებობები 30 მარტს დატოვეს.

აპარატში რჩება ლევან იოსელიანის მესამე მოადგილე თამარ გვარამაძე, რომელიც ახალი სახალხო დამცველის არჩევამდე ომბუდსმენის მოვალეობას ასრულებდა. იგი აგრძელებს სახალხო დამცველის პირველი მოადგილისა და აპარატის უფროსის პოსტზე მუშაობას.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ნათია ჯულაყიძე სახალხო დამცველის აპარატის

  • ბავშვის უფლებათა დეპარტამენტს,
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტს,
  • გენდერის დეპარტამენტს,
  • თანასწორობის დეპარტამენტს,
  • აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს,
  • დასავლეთ საქართველოს სამმართველოს

საქმიანობას გაუწევს კოორდინაციასა და ზედამხედველობას.

„იგივე თემებზე მიწევს მუშაობა, რაზეც აქამდე მიმუშავია, უბრალოდ განსხვავებული ფორმით. როდესაც პარლამენტში ვიცე-სპიკერის (ლევან იოსელიანის) აპარატში ვმუშაობდი, ზუსტად იგივე თემები იყო წამყვანი და პრიორიტეტული; ასევე, „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის“ ყველა პროგრამის მთავარი ოფიცერი მე ვიყავი. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენი წამყვანი მიმართულება იყო ადამიანის უფლებები და ის საკითხები, რაც ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ იქნება ახლა უკვე სახალხო დამცველის აპარატში“, - ამბობს ჯულაყიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

ლევან იოსელიანის კანდიდატურა პარლამენტმა 96 ხმით დაამტკიცა 2023 წლის 7 მარტის სხდომაზე, რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მიიღებდნენ.

XS
SM
MD
LG