სახალხო დამცველთან არსებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შემსწავლელი კონსილიუმის წევრებმა ყოფილი პრეზიდენტი 2 აპრილს მოინახულეს.
ექიმთა დასკვნაში ვკითხულობთ:
პაციენტის მდგომარეობა - დამძიმება 19 თებერვლის (პაციენტთან წინა ვიზიტის) შემდეგ.
ობიექტური გამოკვლევით:
გამოხატულია მძიმე სარკოპენია.
„პაციენტმა დაიკლო კიდევ 4 კილოგრამი კუნთების მნიშვნელოვანი განლევის ხარჯზე. გადაადგილება მნიშვნელოვნად შეზღუდულია სისუსტის გამო.
წამოდგომისას აღინიშნება წნევის ძლიერი ვარდნა 120/90-იდან 78/40-მდე, რასაც თან ერთვის წონასწორობის კარგვა და კოორდინაციის საგრძნობი მოშლა“.
აღსანიშნავია გონებრივი ფუნქციების მნიშვნელოვანი დაქვეითება, დეპრესია.
შთაბეჭდილება:
1. სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე 4 სტადია.
2. ორთოსტატიული წნევის კრიტიკული ვარდნა კოორდინაციის მოშლით.
პროგნოზი და რისკები:
პაციენტი შესულია აქტიური კატაბოლიზმის ფაზაში.
"წონის მეტი კლების შედეგად ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება, რადგანაც მთლიანად განლეული ექნება ქვედა კიდურების კუნთები და სისუსტის გამო ვერ შეძლებს მოძრაობას.
მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები".
კონსილიუმის ერთ-ერთი წევრი, ნევროლოგი თენგუზ წულაძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ წინა ვიზიტთან შედარებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია განსაკუთრებით იმ თვალსაზრისით, რომ სახეზეა წონის მნიშვნელოვანი კლება.
მისი თქმით, კონსილიუმის ვიზიტის დროს, 2 აპრილს, მიხეილ სააკაშვილი იწონიდა 63 კილოსა და 400 გრამს:
„წონებში შესაძლოა იყო განსხვავებები, მაგრამ ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი აღარ არის 67 კგ და 900 გრამი, როდესაც ის ბოლოს ვიზიტისას (19 თებერვალი) ავწონეთ. აშკარაა, რომ ამ ადამიანს დაკლებული აქვს 4 კილოგრამი. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმებულია იმ თვალსზრისით, რომ პაციენტთან გამოიკვეთა წონის მნიშვნელოვანი კლება და კიდურების გარშემოწერილობა შემცირდა, რაც მიუთითებს კუნთების მასის კიდევ უფრო შემცირებას“.
კონსილიუმის შეფასებით, კვლავ ვლინდება პერიფერული და აუტონომიური ნეიროპათია, რაც წამოდგომისას იწვევს წნევის კრიტიკულ ვარდნას.
დასკვნის თანახმად, ამჟამად ზედამხედველობის გარეშე პაციენტის მოძრაობა სახიფათოა:
"ძალიან მაღალია დავარდნის, სხეულის დაზიანებისა/მოტეხილობების რისკი. ამ უკანასკნელის განვითარების შემთხვევაში, კახექსიური სხეულის რესურსი იმისათვის რომ ჭრილობა ან მოტეხილობა შეხორცდეს არის ძალიან დაბალი, რაც გამოიწვევს სხვა კრიტიკული გართულებების (სისხლჩაქცევა, ინფექცია, ღრმა ვენების თრომბოზი და ა.შ ) კასკადურ განვითარებას ლეტალური გამოსავლის მაღალი ალბათობით".
როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, არასამუშაო დღეს განხორციელებული ვიზიტის გამო, კონსილიუმის ექიმებმა სააკაშვილის მკურნალ ექიმთან გასაუბრება, ან ადგილზე სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობა ვერ მოახერხეს.
სახალხო დამცველის მანდატის გათვალისწინებით, ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტების მიზანი, შექმნის დღიდანვე, არის პაციენტისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების მონიტორინგი. ჯგუფი არ ერთვებოდა/არ ერთვება პაციენტის მკურნალობის უშუალო პროცესში.
2 აპრილს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეაფასეს:
- თენგიზ წულაძემ (ნევროლოგი),
- გიორგი კაჭარავამ (კარდიოლოგი),
- გიორგი გრიგოლიამ (ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი),
- აიდა გოზალოვამ (ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი, პალიატიური მედიცინის სპეციალისტი).
ვიზიტის შემდგომ გამართულ ონლაინ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ასევე ნინო ზავრაშვილმა (ენდოკრინოლოგი), გიორგი პაპიაშვილმა (კარდიოლოგ/არითმიოლოგი) და გრიგოლ ხურციძემ (თერაპევტი, შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა).
4 აპრილს გამოქვეყნებული დოკუმენტი, ეს არის სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის რიგით მეშვიდე დასკვნა.
კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილი უკანასკნელად 19 თებერვალს მოინახულა და პატიმარი-პაციენტის მდგომარეობა უკვე მაშინ მძიმედ შეაფასა.
მათ დასკვნაში, რომელიც 27 თებერვალს გამოქვეყნდა, ვკითხულობთ, რომ პაციენტთან ბოლო ვიზიტის (2022 წლის 4 დეკემბერი) შემდეგ, სახეზე იყო პაციენტის „საგრძნობი დამძიმება“.
4 აპრილამდე გამოქვეყნებული ექვსი დასკვნა კონსილიუმმა რამდენიმე დღის წინ, საქართველოში დაუგეგმავად ჩამოსულ წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრებს გადასცა.
წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრები 25 მარტს შეხვდნენ სახალხო დამცველის მოადგილეს, გიორგი ბურჯანაძეს, მის კოლეგას და სახალხო დამცველთან არსებული, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შემსწავლელი კონსილიუმის ექვს წევრს.
4 აპრილს, კლინიკაში მოინახულა მიხეილ სააკაშვილი დედამ, გიული ალასანიამ: „საშინლად გამოიყურება. ძალიან გამხდარია, ჩვეულებრივი ჩონჩხია“.
გიული ალასანია ამბობს, რომ ადვოკატები, სავარაუდოდ, მალე მოამზადებენ სარჩელს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაიგზავნება:
„მიმაჩნია და აუცილებელია, რომ ეს სარჩელი აუცილებლად გაიგზავნოს. ჩვენ სტრასბურგს მისი ჯანმრთელობის სრული სურათი უნდა წარვუდგინოთ“.
თებერვლის დასაწყისში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საგანგებო დებატები გაიმართა ევროპარლამენტში, რომლის ინიციატორიც ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა იყო.
ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირი უკიდურესად შეშფოთებულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. ევროკომისარმა ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში, იოჰანეს ჰანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს, როგორც სააკაშვილის სასამართლო მოსმენებს, ასევე მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მოვლენებს. მან საქართველოს ხელისუფლებას მიმართა და განაცხადა, რომ მათი პასუხისმგებლობაა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა.
დებატების მსვლელობისას, ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებით სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებდნენ.
22 მარტს, კლინიკა „ვივამედის“ ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ კლინიკა, სავარაუდოდ, მიმართავს პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.
დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.
2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის, უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ის დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
სპეციალისტების თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმებული გასული წლის ოქტომბრის შემდეგ.