ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ვითარდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ ამ განვითარების შემაფერხებელია უდიდესი ფაქტორი, რომელიც საქართველოს სამეზობლოსა და გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში ქმნის სულ უფრო პრობლემურ გამოწვევებს.
გიორგი მარგველაშვილმა ილაპარაკა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 90-იან წლებსა და 2008 წელს განხორციელებულ სამხედრო აგრესიასა და ოკუპაციაზე. პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა ჰიბრიდული ომი 90-იანი წლების დასაწყისში მოსინჯა სწორედ საქართველოში და მას შემდეგ ამ მეთოდით ცდილობს საქართველოს დამოუკიდებელი არჩევანის შეჩერებას. „ხშირად 2008 წელზე ლაპარაკობენ, როგორც რუსეთის პასუხზე საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ეს არის დიდი პროპაგანდისტული ტყუილი, რომელსაც ფარდა ავხადეთ“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მან ხაზგასმით თქვა, რომ საქართველოს შემდეგ რუსეთმა იგივე გააკეთა უკრაინაში და კიდევ უფრო კარგად გამომჟღავნდა აგრესია, რომელიც ამოძრავებდა მეზობლების მიმართ:
„სამხედრო მანქანა და მისი მნიშვნელოვანი შემადგენელი პროპაგანდისტული მანქანა დღეს აქტიურია უკვე არა მარტო საქართველოში და უკრაინაში, არა მარტო იქ, რასაც რუსული სახელმწიფო ახლო სამეზობლოს უწოდებდა, არამედ აქტიურია უკვე ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზეც. ეს ის რეალობაა, რომელსაც ჩვენ ყველამ თვალი უნდა გავუსწოროთ და ის რეალობაა, რომლიდანაც გამომდინარე, ჩვენ უნდა დავსახოთ ჩვენი სამომავლო და სამოქმედო გეგმები“.
რიგით მეთორმეტე საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ რუსული ოკუპაცია, კანონიერების ხელყოფა, უსაფრთხოების მხრივ არსებული მძიმე ვითარება, მზარდი მილიტარიზაცია, ოკუპანტის მიერ გახშირებული სამხედრო სწავლებები და უკონტროლო იარაღის შემოტანა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ბახტაძემ ილაპარაკა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ჰუმანიტარულ კატასტროფაზეც. პრემიერ-მინისტრის თქმით, გამოწვევებზე საქართველოს პასუხია მხოლოდ მშვიდობა და განვითარება და შეუქცევადი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. მამუკა ბახტაძის თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში:
ყველას გვახსოვს, რომ ვიდრე ე.წ. უკრაინელ ფაშისტებზე შევიტყობდით, გავიგეთ ე.წ. ქართული გენოციდის შესახებ ცხინვალის რეგიონში. კინეტიკურ ქმედებებს წინ დეზინფორმაციის კამპანია უძღოდა. ეს ჰიბრიდული ომის ერთი სახეა, რომელსაც ფრონტის ხაზზე მყოფი ქვეყნები განიცდიან. მეორე ტიპის ჰიბრიდულ ომს უფრო გრძელვადიანი პოლიტიკური ბრძოლის სახე აქვს - ამას ჩვენ ვხედავთ აშშ-ში, გერმანიაში, დასავლური ქვეყნების უმეტესობაში...ბრაიან უიტმორი
„საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანი და პრინციპული უნდა იყოს სუვერენული ქვეყნების თავისუფლებისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის პრინციპის სადარაჯოზე, რადგან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და ადამიანის უფლებების დაცვა არის ერთადერთი გზა მსოფლიოში იმისკენ, რომ უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა და უსაფრთხოება. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მსგავსი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაინერგოს ტოტალური თავდაცვის პრინციპი“.
ორდღიანი კონფერენცია ხუთი ინტერაქტიული სესიისგან შედგება. პირველი საკითხი, რომელიც კონფერენციაზე დღეს განიხილეს, იყო “ქვეყნები წნეხის ქვეშ – საფრთხეების შეკავება”.
„ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ რუსეთის პროგრამების დირექტორმა ბრაიან უიტმორმა განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს საბჭოთა სისტემის გადმოტანას მეზობელ ქვეყნებში - საქართველოსა და უკრაინაში. მისგან მომდინარე ჰიბრიდული ომის საფრთხის წინაშე კი დგანან არამარტო მეზობელი ქვეყნები:
„როდესაც ჰიბრიდულ ომზე ვლაპარაკობთ, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი განსხვავება გავაკეთოთ: ჰიბრიდული ომის ორი ტიპი არსებობს. ჰიბრიდული ომის პირველი ტიპი, რომელსაც საქართველოში და უკრაინაში კარგად იცნობენ, ესაა არაკინეტიკური საშუალებების გამოყენება საბრძოლო ველის მოსამზადებლად კინეტიკური ომისთვის. ორივეგან - საქართველოშიც და უკრაინაშიც - რუსეთის კინეტიკურ თავდასხმას წინ უძღოდა საინფორმაციო კამპანია. ყველას გვახსოვს, რომ ვიდრე ე.წ. უკრაინელ ფაშისტებზე შევიტყობდით, გავიგეთ ე.წ. ქართული გენოციდის შესახებ ცხინვალის რეგიონში. კინეტიკურ ქმედებებს წინ დეზინფორმაციის კამპანია უძღოდა. ეს ჰიბრიდული ომის ერთი სახეა, რომელსაც ფრონტის ხაზზე მყოფი ქვეყნები განიცდიან. მეორე ტიპის ჰიბრიდულ ომს უფრო გრძელვადიანი პოლიტიკური ბრძოლის სახე აქვს - ამას ჩვენ ვხედავთ აშშ-ში, გერმანიაში, დასავლური ქვეყნების უმეტესობაში“.
საერთაშორისო კონფერენციის სადისკუსიო ნაწილში საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას დაუსვეს კითხვა, თუ რას აკეთებს საქართველოს სახელმწიფო ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. იზორიამ განაცხადა, რომ ეს საკითხი არ ეხება მხოლოდ ერთ სამინისტროს და, სწორედ ამიტომ, იგი ხაზს უსვამს უწყებათაშორისი კოორდინაციის აუცილებლობას:
„წელს პირველად დეკემბერში ჩატარდება დიდგორის სწავლება, სადაც პრემიერ-მინისტრი და მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას. ერთ-ერთი განზომილება უწყებათაშორის თანამშრომლობის პარალელურად - ეს არის თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა, რომ უსაფრთხოება გაიგოს სწორედ გლობალურ კონტექსტში - არა მხოლოდ უწყებრივ კონტექსტში, არამედ საკუთარი პასუხისმგებლობა. მალე გვექნება იანვრის თვეში ეროვნული თავდაცვის სტრატეგია, რომელიც სწორედ ამ ტოტალური თავდაცვის პრინციპით არის ორგანიზებული“.
საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია ბათუმში 2 ნოემბერს დასრულდება. ფორუმს ესწრებიან ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.