საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს ბათუმელი იურისტების ნაწილი ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნად მიიჩნევს. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მკვლელობისთვის მსჯავრდებულები შეიწყალა, საზოგადოების კრიტიკის პასუხად კი თავის დისკრეციულ უფლებაზე მორატორიუმი გამოაცხადა, პრეზიდენტის მისამართით კრიტიკა უფრო აქტიურად ისმის. ბათუმში განსაკუთრებით მკაფიოდ ახსოვთ პრეზიდენტის გადაწყვეტილება 22 წლის ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის გათავისუფლება. მსჯავრდებული მოჭიდავე რამაზ დევაძე სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს შეიწყალა 33 პატიმართან ერთად.
საადვოკატო კომპანია „იურიდიული მრჩევლის“ დამფუძნებელი გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადებას სამართლებრივი განმარტება არ გააჩნია, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი სარგებლობს ფართო დისკრეციული უფლებამოსილებით და რა სამართლებრივი დასაბუთებით შეიწყალებს მსჯავრდებულებს, ეს მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა. თუმცა, ამისმიუხედავად, მას არ აქვს თვითნებობის უფლება, ამბობს გიორგი ხიმშიაშვილიდა ხაზგასმით შენიშნავს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, განსაკუთრებით მაღალი თანამდებობის პირებისგან მიღებული, უნდა ემყარებოდეს ქვეყნის კონსტიტუციით დეკლარირებულ სამართლიანობის პრონციპს:
„კანონიერების პრონციპი მარტივია - შეგვიძლია წავიკითხოთ კანონი და შევუსაბამოთ კონკრეტული ქმედება ნორმის მოთხოვნებს, მაგრამ როცა საუბარია სამართლიანობაზე, იგი უფრო ფართო განმარტების საგანია. საზოგადოების დღევანდელი რეაქცია ამ შეწყალებებზე სწორედ ამ სამართლიანობის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს. სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, სასჯელი ემსახურება სამართლიანობის პრონციპს. იგი იწყება პირველივე ეტაპიდან - სასჯელის მისჯიდან მის მოხდამდე. ნებისმიერ შემთხვევაში - ეს იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება, პრეზიდენტის თუ ნებისმიერი საჯარო მოხელის გადაწყვეტილება - იგი უნდა იყოს თავსებადი სამართლიანობის პრინციპთან. ისტორიულად, ჩვენ ვიცით სხვადასხვა ხელისუფლების დროს მიღებული გადაწყვეტილებები. ეს იყო ნაცისტური თუ საბჭოთა ტოტალიტარული მმართველობის დროს, ის იყოკანონიერი, მაგრამ ვერ პასუხობდა მთავარს - სამართლიანობის პრონციპს. სწორედ ამიტომ კაცობრიობის ისტორიაში ეს მმართველობები მძიმედ შეფასდა. შეიძლება ასეთ მძიმე მმართველობასთან პირდაპირ არ გვქონდეს საქმე, მაგრამ უნდა იცოდეს პრეზიდენტმაც და ნებისმიერი თანამდებობის პირმა, რომ მისი გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, თავსებადი უნდა იყოს კონსტიტუციურ პრინციპებთან და ადამიანის ბუნებით მინიჭებულ უფლებებთან, ასევე დეკლარირებულ და საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებთან“.
იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების გამო საზოგადოების კრიტიკის პასუხად ამუფლებაზე მორატორიუმის გამოცხადება, ფაქტობრივად, პრეზიდენტის მხრიდან თავისი მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმას ნიშნავს.
„ეს კონსტიტუციური მართლწესრიგისთვის არის ნონსენსი, ვინაიდან ასეთი მორატორიუმი ჩვენ არ გვაქვს კონსტიტუციურად მოწესრიგებული. ანუ პრეზიდენტი უარს აცხადებს იმ უფლებამოსილების გამოყენებაზე, რომელიც მას კონსტიტუციით გადასცა ხალხმა. მსჯავრდებულებს, რომლებსაც გააჩნიათ უფლება შეწყალება მოითხოვონ, ამ უფლებას ვართმევთ. შეიძლება ეს უფლება არ არის კონსტიტუციურად აბსოლუტური გარანტია ნებისმიერი პირისთვის, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის არის შეუსაბამო, რადგან პრეზიდენტი ძალიან მცირე უფლებამოსილების მატარებელია და, ფაქტობრივად, ნომინალური ფიგურაა. კონსტიტუციით დეკლარირებული უფლების გამოყენებაზეც ის უარს აცხადებს და სწორედ ეს არის სამართლებრივი ნონსენსი. იმ ადამიანებს, რომლებსაც ნამდვილად ეკუთვნით და ღირსნი არიან შეწყალებისა, რას ეუბნებით? შეწყალება - ეს არის ჰუმანური აქტი, რომელსაც გაცილებით მეტი შედეგის მოტანა შეუძლია საზოგადოებისთვის, ვიდრე გამოცხადებულ მორატორიუმს, რომლის შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მიიღო“, - ამბობს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი, საადვოკატო კომპანია „იურიდიული მრჩევლის“ დამფუძნებელი.
შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადებით პრობლემა არ გვარდება, ამბობს თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ხელმძღვანელი ასლან ჭანიძე. მას მიაჩნია, რომ, თუმცა კონსტიტუციით პრეზიდენტს აქვს დისკრეციული უფლება მსჯავრდებულების შეწყალების ასევე განსაკუთრებულ შემთხვევებში და შეუძლია არ განმარტოს თავისი გადაწყვეტილება, მაგრამ ის არჩეულია დაანგარიშვალდებულია მოქალაქეების მიმართ:
„საზოგადოებას გაუჩნდა კითხვები და როდესაც ასეთ კომენტარს აკეთებ, ეს იმას ნიშნავს, რომ არ გაინტერესებს ამ საზოგადოების აზრი და არ თვლი ანგარიშვალდებულად თავს, რომ საზოგადოებას რაიმე განუმარტო. ერთ გადაწყვეტილებას მოჰყვა მეორე გადაწყვეტილება, მესამე და მხოლოდ ახლა გადაწყვიტა კომენტარის გაკეთება. ძალიან უცნაურად იქცევა, ჩემთვის სამწუხაროდ. იმიტომ რომ ის ხომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტია, მე კი ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ეს ქვეყანა მიყვარს. ამიტომ როდესაც ვსაუბრობ, რომ ეს არის არაკომპეტენტურობა და პასუხისმგებლობისგან თავის არიდება, როდესაც ამბობს, რომ ჩემი დისკრეციული უფლებააო, მე ამის გამო დისკომფორტს განვიცდი, როგორც საქართველოს მოქალაქე, და მგონია, რომ იმ სახელისუფლებო გუნდმაც განიცადა დისკომფორტი, რომელიც თვლიდა, რომ ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევა იყო ღირსების საკითხი“, - ამბობს ასლან ჭანიძე, „თავსუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი.