Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კანიბალიზმი" რუსულ ავიახაზებში - რას ნიშნავს ეს?


"აეროფლოტის" ავიახომალდი Airbus A350-900. შერემეტევოს საერთაშორისო აეროპორტი, მოსკოვი.
"აეროფლოტის" ავიახომალდი Airbus A350-900. შერემეტევოს საერთაშორისო აეროპორტი, მოსკოვი.

9 იანვარს რუსული ავიახაზების, S7-ის კუთვნილი ოთხი წლის Airbus A320 ციმბირის ქალაქ ბრატსკიდან მოსკოვისკენ მიფრინავდა, როდესაც პრობლემა შეექმნა - ტუალეტის სისტემა გაფუჭდა. პილოტი იძულებული გახდა ქალაქ ყაზანში დამჯდარიყო.

ოთხი დღით ადრე კიდევ ერთი სამგზავრო ლაინერი, რომელიც ყაზანიდან ეკატერინბურგისკენ მიფრინავდა, იძულებული გახდა საწყის აეროპორტს დაბრუნებოდა, რადგან მისი შასი არ დაიხურა.

ორი თვით ადრე პრიმორიეს რეგიონის ტრანსპორტის მესვეურმა ოფიციალური წერილით მიმართა მოსკოვს - სასწრაფოდ ახალი სამგზავრო თვითმფრინავები გვჭირდება, რადგან ამჟამინდელი ფლოტი წლის ბოლოს უკვე ვეღარ იფრენს, რადგან კანადური Pratt & Whitney-ს ძრავებს დასავლეთის სანქციების გამო ვეღარ ვარემონტებთო.

რუსული მედიის თანახმად, წელს რუსულ ავიახაზებს 7 ინციდენტი მაინც შეემთხვათ, როდესაც ფრენა შეწყდა, გადაიდო ან გაუქმდა. უმეტეს შემთხვევებში მიზეზი მექანიკური გაუმართაობა იყო.

რუსული ავიაკომპანიები უკვე რამდენიმე თვეა, რაც „კანიბალიზაციას“ მიმართავენ ფლოტის შესანარჩუნებლად.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლის შემდეგ რუსულ ავიახაზებს ძალიან უჭირთ. „კომერსანტის“ თანახმად, 2022 წლის შემდეგ ფრენა შეწყვიტა სულ მცირე 9 რუსულმა ავიაკომპანიამ. აქედან ოთხს ლიცენზია ავიაციის რუსეთის ეროვნულმა მარეგულირებელმა შეუჩერა.

ექსპერტები ამბობენ, რომ რუსული ავიაკომპანიები უკვე რამდენიმე თვეა, რაც „კანიბალიზაციას“ მიმართავენ ფლოტის შესანარჩუნებლად - ერთ თვითმფრინავს მეორის გასარემონტებლად შლიან ნაწილებად. დეკემბრიდან რუსეთის მთავრობამ ეს პრაქტიკა ლეგალური გახადა.

„კანიბალიზმს ადრეც მიმართავდნენ ხოლმე, მაგრამ უფრო მცირე მასშტაბით და მას იძულებითი ხასიათი ჰქონდა“, - ამბობს ანდრეი პატრაკოვი, ფრენის უსაფრთხოების კომპანია „რანავიას“ დამფუძნებელი. „ამ პრაქტიკის მთავარი ნაკლი, ცხადია, ისაა, რომ ფლოტი მცირდება. სათადარიგო ნაწილების არქონის პრობლემასაც მხოლოდ დროებით ჭრის“.

ავიაკომპანია "პობედას" თვითმფრინავი Boeing 737-800 საფრენი ბილიკიდან გადავიდა პერმის აეროპორტში, 9 იანვარი, 2023 წ.
ავიაკომპანია "პობედას" თვითმფრინავი Boeing 737-800 საფრენი ბილიკიდან გადავიდა პერმის აეროპორტში, 9 იანვარი, 2023 წ.

პატრაკოვის თქმით, ავიახაზების დარეგულირებასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გამოცემული ბრძანებების რაოდენობაც „სასოწარკვეთის მანიშნებელია“. „ყველაზე სასოწარკვეთილი ნაბიჯი კი ის იყო, რომ მათ დაუშვეს არაორიგინალი სათადარიგო ნაწილების გამოყენება, ირანისა და სხვა მესამე ქვეყნების დოკუმენტაციით“.

ავიღებთ თვითმფრინავს სადმე ბოლივიაში, უგანდასა თუ მიანმაში, დავშლით, საჭირო კომპონენტს ამოვაცლით და წესების დაცვით გადმოვაფრენთ.
ანდრეი კრამარენკო

რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა, სადაც საჰაერო მგზავრობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ის დიდი მანძილით დაშორებულ ქალაქებსა და რეგიონებს შორის გადაადგილების ერთადერთი ეკონომიკური და პრაქტიკული საშუალებაა.

ქვეყანას ფართო სარკინიგზო ქსელიც გააჩნია, თუმცა ბევრისთვის მისი გამოყენება არარეალისტურია. მაგალითად, ციმბირის ქალაქ ირკუსტკიდან მოსკოვამდე მგზავრობას მატარებლით 4 დღე უნდა.

სათადარიგო ნაწილების დეფიციტი ბევრ რეგიონზე უკვე პირდაპირ აისახა. პრიმორიეში რეგიონულ ავიაკომპანიას უკვე მოუწია ფრენების განახევრება. რეგიონული ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ, ევგენი ტიმონოვმა განაცხადა, რომ შორ დასახლებებთან კავშირის დასამყარებლად ახლა Mi-8 ვერტმფრენების გამოყენება უწევთ.

თვითმფრინავის სარემონტო სამუშაოები "დომოდედოვოს" აეროპორტში, მოსკოვში.
თვითმფრინავის სარემონტო სამუშაოები "დომოდედოვოს" აეროპორტში, მოსკოვში.

„რუსეთის ავიაციის ინდუსტრიას გარკვეულწილად გაუმართლა: 2022 წელს მას საკმარისზე დიდი ფლოტი ჰყავდა“, - ამბობს ანდრეი კრამარენკო, მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის სატრანსპორტო პოლიტიკის ექსპერტი. ამის მიზეზი, კრამარენკოს თქმით, კორონავირუსის პანდემია იყო, რამაც მკვეთრად შეამცირა საჰაერო მიმოსვლა და, შესაბამისად, თვითმფრინავების და მისი ნაწილების ცვეთა.

ანდრეი კრამარენკო ამბობს, რომ ახლა რუსეთის ავიაციის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა ყალბი სათადარიგო ნაწილების გამოყენების საშიშროებაა. „როცა შემოწმებულ სათადარიგო ნაწილს ვიყენებთ, ეს პრობლემა არაა, - თქვა მან, - ავიღებთ თვითმფრინავს სადმე ბოლივიაში, უგანდასა თუ მიანმაში, დავშლით, საჭირო კომპონენტს ამოვაცლით და წესების დაცვით გადმოვაფრენთ“.

„თუმცა, როდესაც ისეთი კომპონენტი ჩამოგვდის, რომელიც სპეციალისტებს მანამდე არც უნახავთ და ის სადღაც თეირანის მახლობლად მდებარე სახელოსნოშია დამზადებული, ამან შეიძლება ტექნიკური რისკები გააჩინოს“, - თქვა კრამარენკომ.

პატრაკოვი პარალელებს ავლებს ავიაციის ინდუსტრიასა და „მაკდონალდსს“ შორის, რომელმაც რუსეთი ომის დაწყების შემდეგ მალევე დატოვა.

„როდესაც ამ რესტორნების ქსლის მენეჯმენტი რუსი მფლობელების ხელში გადავიდა, მაშინვე ყველაფერი შეიცვალა. ტუალეტში შეხვალ და საკმარისი საპონი არ დევს და იატაკიც ბინძურია. ეს, ცხადია, მანამდეც ხდებოდა, მაგრამ, გაცილებით იშვიათად“, თქვა მან და დასძინა: „თითქოს იგივე ხალხი მუშაობს, ვინც მანამდე. მოწყობილობებიც იგივეა - ყავის აპარატები არ შეუცვლიათ. მაშ, რა შეიცვალა?“

XS
SM
MD
LG