Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ელის ლანას - ქართველ ქალს, რომელსაც საფრანგეთში ქმრის მკვლელობას ედავებიან?


ილუსტრაცია სტატიისთვის
ილუსტრაცია სტატიისთვის

საფრანგეთის ქალაქ ტულონში დაკავებულ საქართველოს მოქალაქე ლანა ხუნწარიას, საფრანგეთის პროკურატურა, ქმრის, 31 წლის მარად სურმანიძის მკვლელობას ედავება. 17 დეკემბრის გამთენიას მომხდარ ამბავზე ბოლო დღეებია ბევრს წერს ფრანგული პრესა, რომლის ცნობით, ეს ტრაგიკული შემთხვევა, შესაძლოა, ოჯახში ძალადობის პრობლემის ნაწილი იყოს.

ფრანგული მედია ამბობს, რომ მკვლელობაში ბრალდებული დაპატიმრებულია. წყვილის ხუთ მცირეწლოვან შვილზე კი ახლა საფრანგეთის სოციალური სამსახური ზრუნავს.

ლანას ოჯახისთვის ჯერჯერობით უცნობია, რა მოხდა იმ ღამით. მისი დედა ჟურნალისტებს უდასტურებს, რომ წყვილს ოჯახში კონფლიქტი ჰქონდა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ის ამბობს, რომ არ სჯერა, რომ მისი შვილი მკვლელია, თუმცა სიმართლე გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

ფრანგული პრესა ასევე წერს, რომ ტრაგედიის ზუსტი გარემოებები გაურკვეველია და საქმეში ბევრი კითხვაა.

წყვილს ერთხელ უკვე ჰქონდა შეხება საფრანგეთის სასამართლოსთან, სავარაუდოდ, სწორედ ოჯახში ძალადობის მიზეზით, თუმცა მაშინ საქმე დაიხურა.

რა ვიცით მომხდარზე ღია წყაროებიდან

ფრანგული გამოცემები წერენ, რომ ტულონში, პოლიციის მიერ ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 28 წლის ქართველი ქალი, ქმართან და ხუთ შვილთან ერთად ცხოვრობდა. ისიც დაიწერა, რომ ტრაგედიამდე ჩხუბის ხმა მეზობლებმაც გაიგეს, რომლებსაც ბავშვებმა სთხოვეს დახმარება.

სასწრაფო დახმარების მისვლამდე სწორედ მათ ნახეს უგონო მდგომარეობაში მყოფი 31 წლის მამაკაცი დილის 1:30 საათზე და მას პირველადი დახმარება გაუწიეს, თუმცა ვერ გადაარჩინეს.

ფრანგული პრესის ცნობითვე, რომელიც გამოძიებასთან დაახლოებულ წყაროს ეყრდნობა, მამაკაცი გაგუდულს ჰგავდა.

გამოძიება დაწყებულია მკვლელობის მუხლით.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 2022 წელს, საფრანგეთში, 145 ოჯახში მოხდა მკვლელობა და მოკლულების უმეტესობა (118) ქალი იყო, 27 კი - მამაკაცი.

რას ამბობს ლანას დედა?

ჩვენ ვესაუბრეთ დაკავებულის დედას, ეკატერინე ხარებავას, რომელმაც გვითხრა, რომ ქართულ მედიაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს თავიდან მისი შვილი მიიმალა, - მისი სიტყვებით, ლანა არსად გაქცეულა და ის თავად ჩაბარდა პოლიციას.

მომხდარის დეტალები არც ლანას დედამ იცის. მას არ სჯერა, რომ მკვლელობა მისმა შვილმა ჩაიდინა.

რა ბედი ელით ბავშვებს?

როგორც ტულონის პროკურორმა, სამუელ ფინიელცმა განაცხადა, საფრანგეთის სოციალურმა სამსახურმა ბავშვებზე იზრუნა და წყვილის ხუთივე შვილი ახლა უსაფრთხოდაა.

ეს დაგვიდასტურა საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, გოჩა ჯავახიშვილმაც. მან გვითხრა, რომ საფრანგეთში საქართველოს საკონსულო ამ ამბის საქმის კურსშია პირველივე დღეებიდან.

ჩვენი ინფორმაციით, ოჯახი საფრანგეთში სწორედ ერთ-ერთი შვილის მკურნალობის მიზნით წავიდა.

ბრალდებული სად გასამართლდება?

საფრანგეთში, რადგან დანაშაული იქ არის ჩადენილი.

საქართველოს პროკურატურაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ექსტრადირების პროცედურა დაკავებულს არ შეეხება.

ლანას დახმარებას საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც ცდილობენ - მათ შორის არის სოფია ბასილაშვილიც, რომელსაც ესაუბრა რადიო თავისუფლება. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სავარაუდოდ, ლანას ფრანგი სახაზინო ადვოკატი დაიცავს, თუმცა ამ ადვოკატის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას და მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ.

„თუ დღესაც ვერაფერი გავიგეთ, ვფიქრობთ, ფული შევაგროვოთ და კერძო ადვოკატი დავიქირაოთ“, - ამბობს სოფია ბასილაშვილი და ამატებს, რომ კერძო ადვოკატი უკვე შერჩეული ჰყავთ.

მან ასევე გვითხრა, რომ სხვა ქართველი ემიგრანტები, ის ქალები, რომლებიც ლანას ოჯახთან ერთად ცხოვრობდნენ საფრანგეთში ჩასვლის პირველ პერიოდში პარიზის სოციალურ საცხოვრებელში, მზად არიან სასამართლოზე მისცენ ჩვენება, რომ დაკავებული თავად იყო ოჯახში ძალადობის მსხვერპლი.

„არა ერთი და ორი ადამიანი ამბობს, რომ ლანა იყო როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. თუმცა ქმარს ყველაფერს პატიობდა“.

სოფია ბასილაშვილმა ასევე გვითხრა, რომ მან უკვე სთხოვა დახმარება ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებსაც.

რა ხდება, თუ ეს თავდაცვა იყო?

ქალთა უფლებების დამცველი ნინო ბაისონაშვილი, რომელიც საფრანგეთში სწავლობს, ამ ამბის პრესაში გავრცელებისთანავე დაეჭვდა, რომ შესაძლოა, მკვლელობაში ბრალდებული ქალი თავად ყოფილიყო ოჯახში ძალადობის მსხვერპლი.

„ჩემი ეჭვები მალე გამართლდა, - მეუბნება ნინო, - ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა განსხვავებაა, როცა ქალი პარტნიორ კაცს კლავს და როცა პირიქით, კაცი კლავს ქალს - როგორც წესი, ქალი არ კლავს ეჭვიანობის, შურისძიების გამო, ის თავს იცავს“.

ნინო ბაისონაშვილი ფიქრობს, რომ დიდი ალბათობით, ტულონში მომხდარი ამბავიც ის შემთხვევაა, როცა ქალს თავდაცვისთვის სხვა გზა აღარ ჰქონდა.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალი, შესაძლოა, ფემიციდის მორიგი მსხვერპლი აღმოჩნდეს. ცხადია, მკვლელობა მიუღებელი და გაუმართლებელია, მაგრამ არსებობს შემთხვევები, როცა საკუთარ სიცოცხლეს იცავ. ჩვენ გვაქვს ერთადერთი შემთხვევა, ნანა გოგალაძის საქმე, როცა ქართველმა მოსამართლემ გამოიტანა პრეცედენტული გადაწყვეტილება და ქმრის დაჭრაში ბრალდებული ქალი გაამართლა“.

ნანა გოგალაძის საქმე
ოჯახში სისტემატური ძალადობის მსხვერპლ ნანა გოგალაძეს, 2017 წლის ახალი წლის ღამეს, ქმარი დაესხა თავს და მისი მოხრჩობა სცადა. ქალმა 112-ს შეატყობინა, რომ მასზე ძალადობდნენ.
საპატრულო პოლიცია შემთხვევის ადგილზე 45 წუთის დაგვიანებით მივიდა. ამ დროს ქალს ქმარი უკვე დაჭრილი ჰყავდა.
ნანა გოგალაძეს სახელმწიფომ განზრახ დანაშაულის ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლი წაუყენა, რომელიც 6 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„საფარი“ საქმეში ცოტა გვიან, 2018 წლის თებერვლიდან ჩაერთო და საქმეში არაერთი დარღვევა იპოვა: არ იძიებდნენ ქალის მიმართ სისტემატური ძალადობის ფაქტებს, არავინ მიაქცია ყურადღება იმ დაზიანებებს, რომელიც მოძალადემ ქალს მიაყენა.
„საფარმა“ (ამ საქმის ადვოკატი ელისო რუხაძე იყო) რამდენიმეჯერ მიმართა მთავარ პროკურორს თხოვნით, რომ ნანა გოგალაძე და მისი არასრულწლოვანი შვილები დაზარალებულად ეცნოთ. თითქმის 2-წლიანი სამართლებრივი ბრძოლის შედეგად, მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ნანა გოგალაძე და მისი შვილები პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.
ორწლიანი სამართლებრივი ბრძოლის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ნანა გოგალაძე გაამართლა - ხოლო მისი ქმედება შეფასდა, როგორც „აუცილებელი მოგერიება“.

რა სასჯელი ემუქრება ლანას საფრანგეთში?

ჯერჯერობით უცნობია, რას იტყვის ლანა ხუნწარია სასამართლოზე, აღიარებს თუ არა ის დანაშაულს. თუმცა, საფრანგეთის სასამართლო სისტემა ოჯახში ძალადობის საქმეებს განსაკუთრებული სიმკაცრით განიხილავს, ზოგიერთი შემთხვევისთვის კანონი უვადო პატიმრობასაც კი ითვალისწინებს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG