Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გეგმა აქვს აჭარის მაუწყებლის დირექტორს და რა სურთ ჟურნალისტებს?


საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში ახლად შექმნილი ალტერნატიული პროფკავშირული ორგანიზაცია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის შედეგად მიიჩნევს სამსახურიდან დირექტორის მოადგილის, ნათია ზოიძის წასვლას.

„თუ საუბარი იყო სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობაზე, ახლა ეს უკვე ჩარევის შედეგია“, - ნათქვამია პროფკავშირების მიერ 3 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში. ორგანიზაციაში გაერთიანებული თანამშრომლები მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე სრულ პასუხისმგებლობას აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს და დირექტორს აკისრებენ: „მაუწყებლის თანამშრომლები ვაგრძელებთ დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ბრძოლას, რადგან ძალაუფლება არის იმ ადამიანების ხელში, რომელთათვისაც მაუწყებლის ღირებულებები და მისია მიუღებელი ცნებებია“.

აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა და მუშაობას ტელეკომპანია „პირველში“ გააგრძელებს. 2 თებერვალს, ფეისბუკის გვერდზე ნათია ზოიძემ დაწერა, რომ რეგიონული საზოგადოებრივი მაუწყებლიდან იძულებით წავიდა, რადგან დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მიერ შეთავაზებული ახალი ხელშეკრულება საქმის კეთების საშუალებას აღარ იძლეოდა. ზოიძე იმასაც აღნიშნავს, რომ კოხრეიძეს განზრახული აქვს არხის სარედაქციო პოლიტიკის შესუსტება, რეორგანიზაციის შედეგად არასასურველი თანამშრომლების ჩამოშორების გზით.

რა გეგმა აქვს აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორს?

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ მაუწყებელში სტრუქტურული ცვლილებების იდეა გასული წლის ბოლოს, მას შემდეგ გამოთქვა, რაც ჟურნალისტების ნაწილმა დაადანაშაულა სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობაში და, მოთხოვნით - „ნუ ერევი“, საპროტესტო აქციაც გამართა. ამის შემდეგ, გიორგი კოხრეიძემ მაუწყებლის დებულებაში ცვლილებების შეტანის და რეორგანიზაციის საკითხი მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე გაიტანა, თუმცა საჭირო ოთხი ხმა ვერ მიიღო. კოხრეიძეს სურდა კონკურსის გზით შეერჩია დირექტორის ხუთი მოადგილე, რომლებიც ახლად შექმნილ ხუთ სამსახურსაც უხელმძღვანელებდნენ.

გიორგი კოხრეიძემ მაშინ განაცხადა, რომ საკითხს კენჭისყრაზე ხელმეორედ დააყენებდა. თუმცა, დღეს რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ცვლილებების განსახორციელებლად სხვა გზის მოძებნაც შეუძლია: „ვარ იმის მოლოდინში, რომ მრჩეველთა საბჭო ტელევიზიის საკითხებით დაკავდება და არა საბოტაჟით. ეს დოკუმენტი ეხება მხოლოდ მართვას და ყველა აღიარებს, რომ ორგანიზაცია არ იმართება. ამაზე როცა წინააღმდეგობას წევენ, ეს საბოტაჟია და სხვა არაფერი. მე არ ვაპირებ ერთ ადგილას გაჩერებას, თუ ეს არ გამოვა და მხარს არ დაუჭერენ, სხვა გზით შევეცდები (რედ. მრჩეველთა საბჭოსთვის გვერდის ავლით). სიმართლე გითხრათ, ეს მირჩევნია კიდეც, რადგან ნაკლებად ვიქნები სხვაზე დამოკიდებული და ნაკლებად გაუჩნდებათ სხვებს სურვილი, რომ ჩაერიონ ტელევიზიის საქმიანობაში“.

რა პოზიციები აქვთ მრჩეველთა საბჭოში?

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ხუთი წევრიდან სამი: გიგა ჩხარტიშვილი, თამილა დოლიძე და სოსო სტურუა უმაღლესი საბჭოს მიერ „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეულები არიან. პირველ ჯერზე, სწორედ ისინი დაეთანხმნენ მათივე მხარდაჭერით დირექტორად არჩეული გიორგი კოხრეიძის ინიციატივას რეორგანიზაციის შესახებ. თუმცა, სამი ხმა ცვლილებებისთვის არასაკმარისია.

საბჭოს წევრი თამილა დოლიძე რეორგანიზაციას აუცილებლად მიიჩნევს: „მე მგონი, არ იქნება ძალიან მწვავე რეორგანიზაცია. მაგრამ, ზოგადად, რეორგანიზაცია საჭიროა, იმიტომ რომ გადახალისებაა. ახალი სისხლიო, არ მინდა ამას დავარქვა. სხვანაირი ხედვები იქნება, მე არ ვამბობ მანცდამაინც პოლიტიკურიო, შემოქმედებას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში“.

განსხვავებული პოზიცია აქვს მრჩეველთა საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით არჩეულ გია ქარცივაძეს. მისი შეფასებით, აჭარის ტელევიზიასა და რადიოში სასწრაფოდ მოსაგვარებელია სხვა საკითხები - ტექნიკური ბაზის განახლება, შენობის პრობლემა, თანამშრომელთა შრომითი უსაფრთხოება და სხვა. ქარცივაძის თქმით, ამ ფონზე დირექტორი ცდილობს დაუსაბუთებლად შეცვალოს ყველაზე კარგად მომუშავე რგოლები, მაგალითად, ვებსაიტი: „რა გაკეთდება რეორგანიზაციის შემდეგ და რას შეცვლის იგი მაუწყებელში უკეთესობისკენ? მიზანი ვერ დავინახე ვერც მაშინ და ვერც ახლა მივიღე უფრო მეტი განმარტება და დასაბუთება. პროცესი კი მიდიოდა კონკრეტული ადამიანების ჩამოშორების მიზნით. ანუ კონკრეტული სამსახურების უფროსებს შეარჩევდნენ და მათ მოქმედ ხელმძღვანელებს დაუქვემდებარებდნენ. ასევე აერთიანებდნენ რამდენიმე სამსახურს. ამით კი, რას მოიგებდა მაუწყებელი, გარდა ადმინისტრაციის გამსხვილებით ფინანსური ხარჯის ზრდისა? კითხვაზე პასუხი დღემდე ვერ მივიღე“.

რას მოითხოვენ მაუწყებლის თანამშრომლები?

რეორგანიზაციის შესახებ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის განზრახვამ ჟურნალისტებში არაერთი შეკითხვა და ეჭვიც გააჩინა. საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მერკვილაძე ამბობს, რომ თანამშრომლები ცვლილებების აუცილებლობის მკაფიო დასაბუთებას მოითხოვენ: „ჩვენ გვაქვს ძალიან მკვეთრი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანები არ შეეხონ ყველაზე ღირებულს ამ ტელევიზიაში - ეს არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ეს არის მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით მიღწეული შედეგი“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების მიერ 29 იანვარს დაფუძნებული ალტერნატიული პროფკავშირების თანათავმჯდომარე გიორგი არობელიძე ამბობს, რომ ისინი არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ საკუთარი უფლებების დასაცავად გაერთიანდნენ: „ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ კრიტიკულ გადაცემებზე, რომლებიც ვიღაცეებს დისკომფორტს უქმნის, იქნება რაღაც ტიპის შეტევა და ეს ყველაფერი შესაძლოა, განხორციელდეს რეორგანიზაციის სახელით. ამ პროცესში მნიშვნელოვანი იქნება ალტერნატიული პროფკავშირის როლი და ვფიქრობთ, ინდივიდუალურ ბრძოლებზე მეტად უფრო პროდუქტიული იქნება სწორედ კოლექტიური ბრძოლა“.

ალტერნატიული პროფკავშირის წევრი, ტელევიზიის რეჟისორი შოთა გუჯაბიძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებში ხელისუფლების ინტერესს ხედავს: „როდესაც დირექტორის არჩევნები იყო, აშკარად გამოიკვეთა ხელისუფლების ინტერესი, რომელიც აქტიურად ცდილობდა გავლენის მოპოვებას და თავისი კანდიდატის გაყვანას. ბოლო წლებში ხელისუფლებას გამოეპარა აჭარის ტელევიზია, მაგრამ მერე, როცა მიხვდნენ, რომ მაუწყებელმა მოიპოვა ნდობა, ადამიანები უსმენენ და იგებენ კრიტიკულ აზრს ჩინოვნიკებზე, შეიქმნა ერთიანი ფრონტი, როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. დაახლოებით შვიდი თვე დასჭირდათ, რომ მათი კანდიდატი დაესვათ. და როცა უკვე გამარჯვებული ბიჭები მოვიდნენ მმართველობაში, შურისძიების დროც მოვიდა“.

XS
SM
MD
LG