Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა ალტერნატიული პროფკავშირები შექმნეს


საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტებმა ალტერნატიული პროფკავშირები შექმნეს. გაერთიანება 65-მა ჟურნალისტმა დააფუძნა. ისინი ამბობენ, რომ გაერთიანების მიზანია, სიტყვის თავისუფლებასა და სარედაქციო დამოუკიდებლობასთან ერთად, ყურადღება სამართლიან შრომით პირობებსა და შრომით უსაფრთხოებაზეც გაამახვილონ:

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლები დიდი ხანია ვაკვირდებით მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს. ამ დროის განმავლობაში მაუწყებელმა გამოიცვალა დირექტორები, რომელთაც ჰქონდათ საკუთარი პრიორიტეტები და ხედვები.

ხშირად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თანამშრომელთა ჩართულობა მხოლოდ საჩვენებელ ხასიათს ატარებდა და ფორმალური კონსულტაციით შემოიფარგლებოდა. მიგვაჩნია, რომ ვინც არ უნდა იყოს მაუწყებლის ხელმძღვანელობაში, მნიშვნელოვანია ესმოდეს, რომ რეალურად ორგანიზაციის მართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა იხელმძღვანელოს, ერთი მხრივ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპით და, მეორე მხრივ - თანამშრომელთა კეთილდღეობისთვის საჭირო დღის წესრიგით“, - აღნიშნულია ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების თანახმად, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა მოთხოვნები ხშირად რჩებოდა ყურადღების მიღმა:

„ვერთიანდებით არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ საკუთარი უფლებების დასაცავად. ეს უფლება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში არის აქ მომუშავე ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობა და თავისუფალი სიტყვა, მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში, თვითგადარჩენის რეჟიმში მუშაობის გამო, ხშირად ყურადღებას არ ვუთმობდით სხვა საკითხებს, რადგან ფოკუსირებული ვიყავით იმ მთავარ ღირებულების ირგვლივ, რასაც მაუწყებელი ემსახურება. გაერთიანების მიზანი სწორედ ისაა, რომ სიტყვის თავისუფლებასთან და სარედაქციო დამოუკიდებლობასთან ერთად შევძლოთ ვისაუბროთ სამართლიან შრომით პირობებსა და შრომის უსაფრთხოებაზე,კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებაზე და ა.შ.“, - აღნიშნულია ალტერნატიული პროფკავშირების დამფუძნებელთა განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის თანახმად, პროფკავშირები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში აქამდეც არსებობდა, ალტერნატიული გაერთიანება კი თანამშრომელთა ნაწილმა მედიაში დასაქმებულთა შრომითი პირობების უფრო ეფექტიანად დაცვის მიზნით დააფუძნა.

„იმ პირობებში, როცა სახეზეა შესაძლო რეორგანიზაცია, როცა შესაძლოა ამ პროცესებმა რეალურად დააზარალოს კონკრეტული ადამიანების შრომითი უფლებები გადავწყვიტეთ, რომ ერთად დგომა იქნებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ალტერნატიული პროფკავშირების თავმჯდომარემ მალხაზ რეხვიაშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოსა და ტელევიზიის ახლად არჩეული დირექტორი სტრუქტურულ რეორგანიზაციას გეგმავს, რაშიც თანამშრომელთა ნაწილი საფრთხეს ხედავს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ გიორგი კოხრეიძე დირექტორად 22 ნოემბერს აირჩია.

4 დეკემბერს, ჟურნალისტების ნაწილმა კოხრეიძე სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა და მოითხოვა, რომ მან შეწყვიტოს შანტაჟი, თანამშრომლებზე თავდასხმა და დისკრედიტაცია. გიორგი კოხრეიძემ ბრალდებები უარყო.

XS
SM
MD
LG