Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციცნა და ქეთია - რა ბედი ეწია ქაქუცა ჩოლოყაშვილის ოჯახს?


ქეთია და ციცნა ჩოლოყაშვილების ფოტო
ქეთია და ციცნა ჩოლოყაშვილების ფოტო

1924 წლის ოქტომბრის ბოლოს, 36 წლის ქაქუცა ჩოლოყაშვილი საქართველოდან ჯერ თურქეთში, შემდეგ კი საფრანგეთში წავიდა და სამშობლოში ცოცხალი ვეღარ დაბრუნდა. საქართველოში დატოვა ახალგაზრდა ცოლი ნინო მეღვინეთუხუცესი და ორი შვილი, თამარი და ქეთევანი.

1924 წლის 28 აგვისტოს საქართველოში მასშტაბური აჯანყება მოხდა. ხალხი საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, დამოუკიდებლობის აღსადგენად გამოვიდა. აჯანყების ერთ-ერთი ლიდერი და სამხედრო მეთაური ქაქუცა ჩოლოყაშვილი იყო, ის ჯერ კიდევ ამ აჯანყებამდე გავიდა ტყეში და საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად იბრძოდა.

აჯანყებულებმა მიზანს ვერ მიაღწიეს. დაიწყო მასობრივი რეპრესიები. საბჭოთა მთავრობამ ათასზე მეტი შეთქმული დახვრიტა, სხვები გადაასახლეს და ქონება ჩამოართვეს.

ხუნწარიების ოჯახი, რომელიც ქეთიას შთამომავალია, დღეს თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე ცხოვრობს. ბინის კედელზე ქაქუცას, მისი ცოლ-შვილისა და შვილიშვილების ფოტოები კიდია. იქვეა პატარა გულსაბნევი ქაქუცას ფოტოთი. ასეთი გულსაბნევები 1930 წელს, ივნისში, პარიზში, ჩოლოყაშვილის დაკრძალვაზე მისულებს ეკეთათ.

ქაქუცა ჩოლოყაშვილის ფოტოები
ქაქუცა ჩოლოყაშვილის ფოტოები

შთამომავლებს ქაქუცას ნივთებიდან თითქმის არაფერი დარჩათ. ჯილდოდ მიღებული ხმალი და ოქროს მანჟეტები შვილებმა მუზეუმებს გადასცეს.

ოჯახში ჰყვებიან, რომ როდესაც ქაქუცა ჩოლოყაშვილი პარტიზანულად იბრძოდა, მისი მეუღლე და ბავშვები თელავის მაზრის პოლიციამ დაიჭირა. ქაქუცას შეუთვალეს, დაგვნებდი, თორემ შენს ცოლ-შვილს კასრში ჩავსვამთ და ავაფეთქებთო. ჩოლოყაშვილი არ დანებებულა.

3 წლის ქეთიას და 7 წლის ციცნას (ასე ეძახდნენ თამარს) პოლიციელები კანფეტებს ჰპირდებოდნენ და ასე ცდილობდნენ მათგან რამე ინფორმაცია მიეღოთ, მაგალითად, მიდიოდა თუ არა მამა მათ სანახავად.

ნინო მეღვინეთუხუცესი
ნინო მეღვინეთუხუცესი

ქაქუცას თანამებრძოლი ალექსანდრე სულხანიშვილი წერს, რომ ერთხელ ის და ტყეში გაჭრილი ქაქუცა მართლაც მივიდნენ ერთ ოჯახში. იქ ნინო და ციცნა დახვდათ. წვერმოშვებული ქაქუცა ბავშვმა ვერ იცნო და მხოლოდ მაშინღა მოეხვია, როცა მამამ ჯვარი აჩვენა. ქაქუცა ციცნას ჯვარს ატარებდა, თავისი ადრე დაჰკარგოდა. როდესაც აჯანყებიდან 2 თვეში საქართველო დატოვა, შვილის ჯვარიც თან გაჰყვა.

რევაზ ხუნწარია
რევაზ ხუნწარია

„ქაქუცას თანამებრძოლებმა შესთავაზეს ოჯახის წაყვანა, მაგრამ თავად არ დათანხმდა, რადგან სხვებს ვერ მიჰყავდა ცოლ-შვილი. თან პატარა იმედიც ჰქონდა, რომ დაბრუნდებოდა“, - იხსენებს ქაქუცას შვილიშვილის, მეგი ყირმელაშვილის მეუღლე რევაზ ხუნწარია.

საქართველოში ქაქუცას შვილები დედასთან ერთად მეტეხის ციხეშიც ჩასვეს. შემდეგ ბავშვები გამოუშვეს და დედა დატოვეს. გოგონები ქაქუცას სიმამრმა წაიყვანა სახლში. თუმცა, ილია მეღვინეთუხუცესი მალე საკუთარ ეზოში მოკლეს და ბავშვები ისევ უპატრონოდ დარჩნენ.

„შიშით ვერავინ ეკარებოდა ბავშვებს. მერე მოურავმა საქათმეში დამალა და საჭმელი იქ მიჰქონდა ხოლმე“, - ამბობს ხათუნა ციცქიშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის შვილთაშვილის, გური ხუნწარიას მეუღლე.

მოგვიანებით ნინო მეღვინეთუხუცესი მეტეხის ციხიდან გამოუშვეს და შვილებს დაუბრუნდა. Როდესაც გოგონები წამოიზარდნენ, ციცნამ კერვა დაიწყო. ქეთიამ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ჩააბარა. ამაში ძალიან დაეხმარა ნიკო კეცხოველი, რომელიც მაშინ ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე იყო.

თუმცა ამით მათი დევნა არ დასრულებულა. გური ხუნწარია, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში („კვირის პალიტრა“, 2015 წელი), რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ნინოსთან ორი კაცი მივიდა. გაეცვნენ, როგორ ქაქუცას მეგობრები. ნინოს სახლიდან გამოსულები ისინი დააპატიმრეს. მათთან ერთად დააკავეს ნინო და ციცნაც. ისინი რამდენიმე წლით შუა აზიაში გადაასახლეს.

ოჯახში დიდად არ ლაპარაკობდნენ ქაქუცაზე. სურათების ნაწილი გადამალული ჰქონდათ. ბოლოსკენ, 80-იან წლებში გადაუხადეს ქაქუცას 100 წლისთავი ციცნას ოჯახში. ქაქუცას ხუთიოდე მეგობარი მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ეროვნული მოძრაობის დროს იპოდრომზე ქაქუცას სურათი რომ გამოიტანეს, ჩემი ცოლი მეგი გახარებული გავარდა სანახავად“, - ამბობს რევაზ ხუნწარია.

გური ხუნწარია და მისი დედა მეგი ყირმელაშვილი
გური ხუნწარია და მისი დედა მეგი ყირმელაშვილი

ქაქუცას ცხოვრება ემიგრაციაში და მისი ბოლო დღეები აღწერილი აქვს მის თანამებრძოლს ალექსანდრე სულხანიშვილს, რომელიც ბოლო წუთამდე მეთაურის გვერდით იყო. გარდაცვალების შემდეგ დაკრძალვაც მან ითავა. ანდერძი - დამწვით და ფერფლი საქართველოში ჩაიტანეთო - ქაქუცამ სწორედ სულხანიშვილს დაუტოვა. საქართველოს ეროვნული გმირის უკანასკნელ დღეებს ის აღწერს თავის წიგნში: „ჩემი მოგონებანი“.

„… მე სადილი ვაჭამე ქაქუცას. ერთი ბეწო შეჭამა… მერე გავედი და გარეთ დავჯექი. ძალიან ცოტა ეძინა, რამაც მხოლოდ დაასუსტა. ამასობაში სულ ორმოცდაათმა წუთმა თუ გაიარა, რომ დამიძახა. მაშინვე მივედი. ის საშინლად აღშფოთებული და გაჯავრებული დამხვდა.

მან სავარძლის თავსაყუდზე მიმითითა, სადაც ოქროს ჯაჭვზე ეკიდა ჯვარი ორ თუ სამ ოქროს წმინდანთან ერთად და ჩემის ხელით ტყავში გამოკერილი საქართველოს მიწა, რომლებსაც განუყრელად თან ატარებდა ქაქუცა.

ჩამოხსენიო მითხრა მან, როგორც კი შევედი. რა მოხდა? რა ამბავია?-მეთქი, – ვკითხე დაბნეულმა, რაზეც ეს პასუხი გამცა: შეხსენი საქართველოს მიწა, დადე აი, აქ პატარა მაგიდაზე. ეს ჯვარი და წმინდანები ჩემს შვილს მიუტანე; ხომ იცი, იმისიაო.

თურმე ორმოცდაათი წუთი რომ ჩაიძინა, თავისი უფროსი შვილი უნახავს სიზმარში და მას უთქვამს: მამა ჩემო, მომეცი ჩემი ჯვარიო, ამაზე იყო იგი შეშფოთებული: ახლა კი გათავდა ჩემი ცხოვრებაო.

მე თუმცაღა შევეცადე გამექარწყლებინა მისი ავისმომასწავებელი სიზმარი, მაგრამ ამაოდ: შენ ახალგაზრდა ხარ; შენ ჩაუტანე ჩემი სულ ყველაფერი ჩემ შვილებსაო, დამიბარა მან. აი, სწორედ მაშინ დაიბარა ანდერძად, რომ დაგვეწვა მისი ნეშტი, ხოლო სულ სხვა იყო ჩემი მოსაზრება ამის თაობაზე, რის გამო ანდერძის შეუსრულებლობა ცოდვად არ ჩაითვლება”.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი გარდაიცვალა 1930 წლის ივნისში. თბილისში მისი სიკვდილის ამბავი გვიან გაიგეს. ალექსანდრე სულხანიშვილის დაჟინებით, ქაქუცა პარიზში ქრისტიანული წესით მიაბარეს მიწას. მოგვიანებით გადაასვენეს ლევილის მამულში.

2005 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. ამ დროისთვის ნინო, ქეთია და ციცნა უკვე ცოცხლები აღარ იყვნენ. ქაქუცა მთაწმინდის გზაზე შვილიშვილებმა და ქართველმა ხალხმა გააცილეს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG