Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ტვ პირველი“ პროკურატურის შემდგომი ნაბიჯების მოლოდინში - რა არ უნდა გამოგრჩეს 12 მარტს


სასამართლომ პროკურატურას „ტვ პირველიდან“ მასალების ამოღების უფლება მისცა

11 მარტს სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და უფლება მისცა უწყებას, „ტვ პირველიდან“ ამოიღოს ბერა ივანიშვილის აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებული მასალები.

ამგვარად გამოძიებას გზა გაეხსნა, ამოიღოს ტელევიზიიდან ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო ფარული სატელეფონო საუბრები ბერა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს შორის.

ნოდარ მელაძე, რომლის საავტორო გადაცემაშიც გასაჯაროვდა აუდიოჩანაწერები, ამბობს, რომ პროკურატურის მიზანი მხოლოდ წყაროზე გასვლაა. არხი განჩინების გასაჩივრებას აპირებს.

პროკურატურამ გუშინ თქვა, რომ უწყება ტელეკომპანიაში ძალის გამოყენებით შეჭრას არ აპირებს, თუმცა ამის უფლება აქვს.

განჩინება ასევე განმარტა გენერალურმა პროკურატურამ, რომელიც აღნიშნავს, რომ „ტვ პირველს" უფლება აქვს, არ გადასცეს მოწყობილობა, რომელიც მოსთხოვეს.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ნიკოლოზ ბასილაშვილმა როჯერ ფედერერი დაამარცხა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალში სენსაციური გამარჯვება მოიპოვა. 29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირს გამოთიშა თანამედროვე მსოფლიოს ჩოგბურთის ლეგენდა, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი.

წაგებული პირველი სეტის (3:6) შემდეგ ბასილაშვილმა საერთო ანგარიში ისე გაათანაბრა, მეტოქეს მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო - 6:1, გადამწყვეტ სეტში კი ჯერ მატჩბოლი გადაარჩინა, ხოლო მერე სათავისოდ შეატრიალა ანგარიში და საბოლოო გამარჯვება მეთორმეტე გეიმში გაიფორმა - 7:5.

წაიკითხე მეტი.

დღეს საქართველოში ჩამოვა შარლ მიშელის წარმომადგენელი

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისში 12 მარტს ჩამოვა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს. ის იქნება პოლიტიკური დიალოგის მედიატორი, რომელმაც დაპირისპირებული მხარეები ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტამდე უნდა მიიყვანოს, სადაც პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელს ხელშესახები შედეგები უნდა ჩაუტანოს.

"პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგში მონაწილეობასთან ერთად, ბატონი დანიელსონი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს", - აცხადებენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

მის ვიზიტთან დაკავშირებით გუშინ პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა განცხადება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მოლაპარაკებების პროცესში დანიელსონის ჩართვა, მოლაპარაკებებს კონსტრუქციულ ელფერს შესძენს.

წაიკითხე მეტი.

21 მარტს ნოვრუზის დღესასწაულზე კომენდანტის საათის გაუქმებას მოითხოვენ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავენ საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი თემის წარმომადგენელი ახალგაზრდები.

განცხადების ავტორები მოითხოვენ, რომ 21 მარტს გაუქმდეს კომენდანტის საათი მთელი საქართველოს მასშტაბით. სწორედ ამ დღეს საქართველოს აზერბაიჯანული თემი აღნიშნავს ნოვრუზის დღესასწაულს.

„ნოვრუზის რიტუალების ძირითადი ნაწილი, როგორიცაა კოცონის დანთება, ბაირამის მილოცვა და ბაირამის სუფრაზე დასწრება, ბავშვების მიერ ტკბილეულისთვის მეზობლების კართან ქუდის დაგდება, პოზიტიური ამბების გაზიარება და მოსმენა, ნაჩხუბრების შერიგება, წითელი კვერცხებით შეჯიბრი და ა.შ. საღამოს საათებში სრულდება, ხოლო საღამოს 9 საათისთვის დაწესებული გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა (კომენდანტის საათი) აღნიშნული რიტუალების სრულფასოვნად ჩატარებაში გვიშლის ხელს“, - ნათქვამია განცხადებაში.

წაიკითხე მეტი.

ევროპის სამედიცინო უწყებამ მოიწონა Johnson & Johnson-ის ვაქცინა, AstraZeneca-ს პრობლემები აქვს

ევროპის სამედიცინო უწყებამ (EMA) Johnson & Johnson-ის ვაქცინას გაუწია რეკომენდაცია ევროკავშირის წინაშე, გასცეს პირობითი მარკეტინგის ნებართვა. ეს ვაქცინა კოვიდ-19-ისგან თავდაცვის საშუალებაა 18 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის.

განხილვის შემდეგ ევროპის სამედიცინო უწყების ადამიანის მედიცინის კომიტეტმა მიაღწია კონსენსუსს, რომ ვაქცინის მონაცემები მისაღებია და აკმაყოფილებს ეფექტიანობის, უსაფრთხოებისა და ხარისხის კრიტერიუმებს.

ეს კოვიდ-19-ის მეოთხე ვაქცინაა, Pfizer-BioNTech-ის, Moderna-სა და AstraZeneca-Oxford University-ს შემდეგ, რომლის თაობაზე ევროკავშირმა რეკომენდაცია მიიღო.

პარალელურად, ზოგიერთმა დასავლეთევროპულმა ქვეყანამ 11 მარტს გამოაცხადა, რომ ამა თუ იმ ხარისხით, შეაჩერეს AstraZeneca-ს ვაქცინის მოხმარება მას მერე, რაც ზოგიერთ ადამიანს განუვითარდა თრომბი აცრის შემდეგ.

წაიკითხე მეტი.

ხვალ არა და ზეგ, მარტის 13-ში, COVID-ვაქცინა გვექნება - მერე?

შაბათს, 13 მარტს, საქართველოში COVID-ვაქცინის პირველი დოზები უნდა ჩამოვიდეს. განცხადება ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, 11 მარტს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი ზეგ მართლაც ჩამოვა საქართველოში ვაქცინა, თითქმის 10 დღით გადმოიწევს ეს თარიღი, რადგან წინა კვირის განცხადების თანახმად, ვაქცინის პირველი დოზები ქვეყანას 22 მარტიდან უნდა მიეღო.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შაბათიდან ქვეყანაში შემოდის Oxford/Astra Zeneca (დიდი ბრიტანეთი, შვედეთი)-ს 43 200 დოზა ვაქცინა. უკვე 22 მარტიდან კი, საქართველოში უნდა ჩამოვიდეს Pfizer/BioNtech (აშშ/გერმანია)-ის 29 250 დოზა ვაქცინა. ამ ორივე ვაქცინის შემთხვევაში, იმუნიტეტის გამოსამუშავებლად, აუცილებელია ვაქცინის ორი დოზის გაკეთება, რამდენიმეკვირიანი ინტერვალით.

როდის დაიწყება აცრები? რამდენი ადამიანი აიცრება პირველ ეტაპზე და როგორია უცხოეთში მოღვაწე ექიმების გამოცდილება ვაქცინაციასთან დაკავშირებით? წაიკითხე ვრცლად ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

ვრცლად წაიკითხე აქ.

მარნეულის რაიონის დაბა შაუმიანში ცხოვრობს ერთი მეთოჯინე და მეზღაპრე კაცი - არმენ ოგანეზიანი, რომელიც სოფელ-სოფელ დადის თავისი თოჯინებით სავსე ჩემოდნით და ბავშვებისთვის უფასოდ ატარებს სპექტაკლებს. ხშირად, ბავშვები სხვადასხვა კუთხიდან, არმენის თოჯინების სანახავად მასთან სახლშიც მიდიან.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG