ბახმუტის ბედი კვლავ უცნობია.
20 მაისს, ნაშუადღევს, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო: ნანგრევებად ქცეულ ქალაქში, ერთ-ერთი შენობის თავზე სამხედროები რუსულ დროშას აფრიალებენ. შემდეგ კადრში კერძო სამხედრო შენაერთის, “ვაგნერის” მეთაური, “პუტინის მზარეული” ევგენი პრიგოჟინი ამაყად ამბობს, რომ ბახმუტი დაკავებულია.
ვიდეოს კვალდაკვალ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჯარისკაცებს მიულოცა და მათი დაჯილდოების ბრძანება გასცა. უკრაინის მტკიცებით, ბრძოლა გრძელდება, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ირიბად ამბობს, რომ ბახმუტი “მხოლოდ ჩვენს გულებში დარჩა”. მართლაც, მედიის მიერ გავრცელებულ ფოტო- და ვიდეომასალაში ქალაქი თითქმის მიწასთანაა გასწორებული.
ბახმუტი დონბასის რეგიონში მდებარეობს. ის აღმოსავლეთ უკრაინის იმ ოთხ რეგიონს შორისაა, რომელთა ანექსიაც პუტინმა სექტემბერში გამოაცხადა.
ამ დროისთვის დონბასს თითქმის მთლიანად აკონტროლებს რუსული ჯარი. ბახმუტის გარდა, დარჩა კიდევ სლავიანსკი და კრამატორსკი. ორივე 100 კილომეტრის რადიუსში მდებარეობს. 21 მაისს როიტერსი წერდა, რომ ბახმუტის აღების შემთხვევაში, რუსულ არტილერიას გაუადვილდება მათზე იერიშის მიტანა. სულ ესაა ქალაქის სტრატეგიული მნიშვნელობა.
პირველი ჭურვი ბახმუტში 2022 წლის 17 მაისს ჩამოვარდა. რამდენიმე თვეში ქალაქში სასტიკი ბრძოლები დაიწყო. აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, მხოლოდ 2022 წლიდან მოყოლებული, რუსეთმა იქ დაკარგა თითქმის 100 000 ჯარისკაცი. მათგან 20 000–ზე მეტი დაიღუპა. აქედან ნახევარი “ვაგნერის” წევრია. სავარაუდოდ, მძიმე დანაკარგები აქვს უკრაინასაც.
უკვე თვეებია, დასავლელ სამხედრო ექსპერტებს ვერ გაუგიათ, თუ რატომ ხარჯავს ორივე მხარე ამხელა ადამიანურ და საბრძოლო რესურსს ამ პატარა ქალაქზე.
თუმცა არსებობს რამდენიმე მოსაზრება, რომლებიც გასაგებს ხდის როგორც რუსული, ისე უკრაინული გენშტაბის მოტივაციას.
ვერსია #1: უკრაინამ გათანგა რუსები საკუთარი კონტრშეტევის წინ
შესაძლოა, ბახმუტი უბრალოდ ხაფანგია, რომლითაც უკრაინა რუსული ჯარების დასუსტებას ცდილობს. 9 მაისს, უკრაინელებმა შეტევა მიიტანეს არა პირდაპირ ქალაქზე, არამედ ფლანგებიდან. გენშტაბის წარმომადგენლის, ჰანა მალიარის მტკიცებით, ისინი ალყაში იღებენ ქალაქს და უკვე “შემოარტყეს ნახევარწრე”.
“უკრაინულმა ჯარმა შექმნა ყველა პირობა იმისთვის, რომ ქვაბში მოაქციოს რუსული შენაერთები”, - უთხრა “ნასტოიაშჩეე ვრემიას” უკრაინელმა ოფიცერმა, ტარას ბერეზოვეცმა.
უცნობია, საბრძოლო ტექნიკის რამდენი ერთეული დაკარგა და რამდენი ჭურვი დახარჯა რუსეთმა თითქმის 10-თვიანი ბრძოლისას. მაგრამ ისინი ძალიან გამოადგებოდათ უკრაინის კონტრშეტევის მოსაგერიებლად, რომელსაც დასავლური მედია და დაზვერვა დიდი ხანია “დღე-დღეზე” ელოდებიან. ბახმუტისთვის ბრძოლა ამ კონტრშეტევის ნაწილი შეიძლება იყოს.
ეს ვერსია უკრაინის მოტივაციას ხსნის. მაგრამ რუსეთი? “ისინი ემორჩილებიან მხოლოდ მათთვის გასაგებ ლოგიკას“, - ამბობს ტარას ბერეზოვეცი. ყველა დანაკარგის მიუხედავად, კრემლი ბრძოლის ველზე ახალ-ახალ ჯარისკაცებს მაინც აგზავნიდა. რატომ?
ვერსია #2: რუსმა გენერლებმა პრიგოჟინს ხაფანგი დაუგეს
“ვაგნერი” ბახმუტში, საკუთარი სახელისთვის იბრძვის, რადგან ბევრი არაკეთილმოსურნე ქვეყნის შიგნითაც ჰყავს. რამდენიმე თვეა, მედია წერს, რომ კრემლის კარზე შიდა კონფლიქტია. ერთ მხარეს არიან თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი, მეორე მხარეს კი - თავად პრიგოჟინი.
“ვაგნერელებმა” ბევრჯერ გააკრიტიკეს საჯაროდ ჯარის სამხედრო ხელმძღვანელობა და ამბობდნენ, რომ ის ვაზნებით არ ამარაგებს. პრიგოჟინი, რომელიც აქამდე შედარებით თავშეკავებულად აკრიტიკებდა გენერლებს, მათ ცოტა ხნის წინ შეუერთდა.
“შოიგუ, გერასიმოვო! სად არის ვაზნები, ბოზებო?!” - ამბობს იგი მაისის დასაწყისში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.
ბრიტანული გამოცემა “ტელეგრაფის” აღმასრულებელი რედაქტორი, დომინიკ ნიკოლსი არ გამორიცხავს, რომ გენშტაბი განგებ უჭიანურებს “ვაგნერს” ჭურვების მიწოდებას. არც იმას, რომ ქალაქის ფლანგებზეც განგებ გააგზავნეს ცუდად გაწვრთნილი ჯარისკაცები, რომლებიც უკრაინელებთან მარცხდებიან.
“შესაძლოა, მათთვის ეს გზაა, რათა თავიდან მოიშორონ აბეზარა პრობლემების შემქმნელი [პრიგოჟინი]”, - ამბობს ის.
“ვაგნერს” ბახმუტისთვის ბრძოლა რომ ძალიან ძვირი დაუჯდა, ამას თავად პრიგოჟინიც აღიარებს. მან უკვე დააანონსა, რომ მის დაქირავებულ მებრძოლებს “დასვენება და გადაჯგუფება” სჭირდებათ. ისინი ქალაქის დატოვებას 25 მაისს დაიწყებენ და მას რუსეთის შეიარაღებულ ძალებს გადასცემენ. იქამდე კი პოზიციებს გაამაგრებენ.
თუმცა სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ გასამაგრებელი თითქმის არაფერია. ქალაქში თითქმის აღარ დარჩა სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე მაღალი შენობები.
ვერსია #3: რუსეთს სჭირდება სიმბოლური გამარჯვება
ორი დღეა, პროპაგანდისტული მედია ზეიმობს. 21 მაისს, საღამოს წამყვანმა თქვა, რომ “ვანგერელები” არტემოვსკში (ასე ერქვა ბახმუტს საბჭოთა კავშირის დროს) თავს ისე უნდა გრძნობდნენ, “როგორც მათი ბაბუები ბერლინში”.
კმაყოფილია კრემლის მედიაჰოლდინგის, “რასია სევოდნიას” დირექტორი, მარგარიტა სიმონიანიც. “არტემოვსკი ჩვენია. მადლობა ყველა მონაწილეს, ძვირფასებო”, - დაწერა რუსული პროპაგანდის შეფმა ტელეგრამში.
ტელეგრამში, ტელევიზიისგან განსხვავებით, ისმის კრიტიკული ხმებიც. სამხედრო ბლოგერმა, იგორ სტრელკოვმა, რომელსაც თითქმის 800 ათასი გამომწერი ჰყავს, დაწერა, რომ “არტემოვსკისთვის თავდაცვითი ბრძოლა სწორედაც უკრაინელ ფაშისტებს აწყობდა, რადგან მან გამოგვწოვა ჭურვების უდიდესი მარაგი”.
ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. სასტიკმა და გამანადგურებელმა ბრძოლებმა ის თითქმის დააცარიელა. მარტის ბოლოს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა განაცხადა, რომ სარდაფებსა და კატაკომბებში კვლავაც რჩება ათი ათასამდე ადამიანი. მათი სრული უმრავლესობა მოხუცი ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა.