Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ საბედისწერო კონტრშეტევა ნებისმიერ წამს შეიძლება დაიწყოს


უკრაინელი ჯარისკაცი ფრონტის წინა ხაზზე
უკრაინელი ჯარისკაცი ფრონტის წინა ხაზზე

კიევის ამოცანაა, გადატეხოს ომის მსვლელობა. თუ კონტრშეტევა ჩავარდა, დასავლეთმა შეიძლება უბიძგოს უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ.

34 ადამიანი დაიჭრა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ პავლოჰრადში. 1 მაისს რუსეთმა დაბომბა რკინიგზა და იარაღის საწყობი. სამი დღით ადრე, სარაკეტო იერიში მიიტანეს უმანსა და დნიპროზე. დაიღუპა 25 ადამიანი.

ამ იერიშების მიზანია, მოშალოს საკომუნიკაციო არხები უკრაინული ჯარისთვის, რომელიც, ბოლო რამდენიმე თვეა, კონტრშეტევისთვის ემზადება.

ჯერ კიდევ 23 აპრილს, საერთაშორისო ორგანიზაცია „ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა“ (ISW) დაწერა, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაამაგრეს პოზიციები მდინარე დნიპროს აღმოსავლეთ ნაპირზე, ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს.

ამერიკული CNN-ი კი ვარაუდობს, რომ კონტრშეტევა “ნებისმიერ წამს” შეიძლება დაიწყოს. გამოცემა, სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა უკვე მოამზადა ფრონტის ხაზზე ანტისატანკო თხრილები, ნაღმები და სანგრები.

რუსეთი ჯერაც აკონტროლებს უკრაინის ტერიტორიის 17%-ს. სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კონტრშეტევა დაიწყება ან აღმოსავლეთის - ბახმუტის, ან სამხრეთ-აღმოსავლეთის - ყირიმის მიმართულებით.
რუსეთი ჯერაც აკონტროლებს უკრაინის ტერიტორიის 17%-ს. სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კონტრშეტევა დაიწყება ან აღმოსავლეთის - ბახმუტის, ან სამხრეთ-აღმოსავლეთის - ყირიმის მიმართულებით.

“მზად ვართ”, - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა 29 აპრილს. ეს გაიმეორა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. მან დაამატა, რომ წარმატებისთვის მეტი იარაღი სჭირდება. არადა, უკრაინამ უკვე მიიღო დასავლეთისგან ათეულობით ტანკი, ასეულობით ჯავშანმანქანა, ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ი და სხვა აღჭურვილობა.

არც ზელენსკი, არც სხვა მაღალჩინოსნები არ აზუსტებენ, როგორ და რა მიმართულებებით შეუტევენ. თუმცა რამდენიმე თვეა, ყველანი იმეორებენ ერთ რამეს - საბოლოო მიზანი ქვეყნის სრულად განთავისუფლებაა. 2014 წელს ანექსირებული ყირიმის ჩათვლით.

ბახმუტის სასაკლაო

2022 წლის თებერვალ-მარტში, როდესაც რუსული ჯარი კიევის მისადგომებთან იდგა, უკრაინის ხელისუფლება ასეთი კატეგორიული არ ყოფილა და მოლაპარაკებათა მაგიდას მიუჯდა. თუმცა მოლაპარაკებები მარტში გაიყინა, უკრაინამ კი ნელ-ნელა განდევნა რუსი ჯარისკაცები ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. შემოდგომაზე კი კონტრშეტევა დაიწყო და ერთ თვეში გაათავისუფლა ორი ოკუპირებული ოლქი - ხარკოვის და ხერსონის.

იქიდან მოყოლებული, ფრონტის ხაზზე თითქმის არაფერი შეცვლილა. ბოლო რამდენიმე თვეა, სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს პატარა ქალაქ ბახმუტისთვის. აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, დეკემბრიდან მოყოლებული, რუსეთმა იქ დაკარგა თითქმის 100 000 ჯარისკაცი, მათგან 20 000–ზე მეტი დაიღუპა. აქედან ნახევარი კერძო სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერის” წევრია, რომელსაც რუსი ბიზნესმენი, “პუტინის მზარეულად” ცნობილი ევგენი პრიგოჟინი ხელმძღვანელობს. ბახმუტისთვის ბრძოლას “სასაკლაო” უწოდა ამერიკელმა გენერალმა, მარკ მილმა.

ქალაქი ბახმუტი ფაქტობრივად განადგურებულია
ქალაქი ბახმუტი ფაქტობრივად განადგურებულია

უკრაინის დანაკარგები გასაიდუმლოებულია. მაგრამ აპრილის დასაწყისში, პენტაგონიდან გაჟონილ საბუთებში ეწერა, რომ “დაღუპულია ათასობით ჯარისკაცი”, ასი ათასზე მეტი კი დაშავებულია.

თუმცა კონტრშეტევისთვის უკრაინა ცალკე დანაყოფებს ამზადებს. ბოლო თვეებში გადამზადება გაიარა დაახლოებით 60 ათასმა ჯარისკაცმა.

როგორია უკრაინის შანსები?

ამავე საბუთებში ეწერა, რომ მართალია უკრაინას საკმარისად აქვს საბრძოლო ტექნიკა, მაგრამ უთავდება ჭურვები, რომელთა მიწოდებასაც დასავლეთი ვერ ასწრებს.

The Times-ში გამოქვენებულ წერილში, ბრიტანელი პოლიტოლოგი მარკ გალეოტი წერს, რომ უკრაინა “იძულებულია” კონტრშეტევა დაიწყოს, “რათა შეინარჩუნოს დასავლეთის მხარდაჭერა”. მაგრამ ექსპერტი ვარაუდობს, რომ კიევი შემოდგომის წარმატებას ვერ გაიმეორებს - ჭურვების გარდა, უკრაინა ჯერაც ელოდება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს, რომელიც შეტევისთვის სჭირდება.

იმავე აზრზე არიან გამოცემა New York Time–ის სამხედრო კორესპონდენტებიც. 24 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში, ისინი წერენ, რომ ახლა წყდება არა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების ბედი, არამედ ისიც, გააგრძელებს თუ არა დასავლეთი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას. წარუმატებლობის შემთხვევაში, “კიევი შეიძლება მოაქციონ წნეხში, რათა დაიწყოს სერიოზული მოლაპარაკებები კონფლიქტის შეწყვეტასა ან გაყინვაზე”, - წერია სტატიაში.

თუმცა ავტორები იმასაც აღნიშნავენ, რომ ჭურვები რუსეთსაც უთავდება. ბახმუტისთვის ბრძოლაში, “მარაგი სწრაფად იწურება, თავდაცვის მრეწველობა მის შევსებას ვერ ასწრებს”. გარდა ამისა, რუსეთმა ათიათასობით ჯარისკაცი დაკარგა, და სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ადრე თუ გვიან, მოსკოვს მოუწევს მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცხადება.

ამავდროულად, თუ უკრაინა მიზანს მიაღწევს, ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როდესაც ის დასავლელი ექსპერტების პროგნოზებს თავდაყირა დააყენებს. ომის პირველ დღეს, 24 თებერვალს, ამერიკული დაზვერვა ვარაუდობდა, რომ კიევის დაცემა “დღეების ამბავია“.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG