Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დატოვა თანამდებობა ზურაბ პატარაძემ


ზურაბ პატარაძე
ზურაბ პატარაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობიდან წასულმა ზურაბ პატარაძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება გუნდთან ერთად მიიღო, მიზეზად კი აუცილებელი და სწორი როტაცია დაასახელა, თუმცა რა იგულისხმება სამთავრობო როტაციაში, მაშინ როდესაც მსგავს განმარტებას ქვეყნის კანონმდებლობა არ იცნობს, პატარაძეს არ დაუკონკრეტებია:

„მე ვიყავი და ვარ „ქართული ოცნების“ წევრი. მე მივიღე ეს გადაწყვეტილება და ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე არ ვაგრძელებ მუშაობას... ძალიან მალე თქვენ გექნებათ ინფორმაცია, სად და როგორ... ამიტომ ეს არის პრინციპული ჩემთვის. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. ეს არის როტაცია, აბსოლუტურად გამართლებული. მომავალში ჩვენ უკვე სხვა გადმოსახედიდან და სხვა საფეხურიდან ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის“.

აჭარა კარგად ხვდება ტურისტულ სეზონს, თუმცა არსებობს გარკვეული საკითხები, რომელიც უახლოეს პერიოდში საჭიროებს გამოსწორებას და ამის შესახებ დავალებები გაცემულია...
მამუკა ბახტაძე

ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა პარტია „ქართულ ოცნებას“, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და „ქართუ ჯგუფს“, თავისი მუშაობის ორწლიანი საქმიანობა კი წარმატებულად შეაფასა და ილაპარაკა იმ პროექტებზე, რომლებიც მისი მმართველობის დროს განხორციელდა ბათუმსა და მაღალმთიან აჭარაში, განსაკუთრებით კი ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურულ მიმართულებებზე.

სწორედ ინფრასტრუქტურა დაასახელა საკითხად, რომელიც უახლოეს პერიოდში გამოსწორებას საჭიროებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 25 ივნისს, თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს ბათუმში. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როგორ აფასებს პრემიერი აჭარის ხელისუფლების მუშაობას, მან თქვა:

„აჭარა კარგად ხვდება ტურისტულ სეზონს, თუმცა არსებობს გარკვეული საკითხები, რომელიც უახლოეს პერიოდში საჭიროებს გამოსწორებას და ამის შესახებ დავალებები გაცემულია. ეს დავალებები კი ეხება საკითხებს, რომელიც გადაჭრას საჭიროებს, მათ შორის ინფრასტრუქტურის ნაწილში“.

არ არის სისტემა, არ მუშაობს ინსტიტუციები, რომელიც უნდა მართავდეს ქვეყანას - ეს არის მთავარი პრობლემა და გამოწვევა. ეს მიდგომაც ცხადყოფს ამას, როდესაც პატარაძე რამდენიმე დღის წინ ამბობდა, რომ ჩვეულებრივად აგრძელებდა საქმიანობას და მას არ გაუვლია არანაირი კონსულტაცია აჭარის საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობასთან...
გია აბულაძე

თუმცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რაიმე სახის გავლენას პატარაძის გადაწყვეტილებაზე არ ადასტურებს აჭარის საკანონმდებლო ორგანოს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე. მისი თქმით, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღო, რასაც იგი პატივს სცემს:

„ბატონი ზურაბი აქტიური საჯარო მოხელე იყო და პოლიტიკური თანამდებობის პირი. განსაკუთრებით გამოვყოფდი მის კომუნიკაციის უნარს მოსახლეობასთან. იგი განსაკუთრებით აქტიური იყო მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობასთან კომუნიკაციაში და მე ვუსურვებდი და რჩევაც იქნებოდა მომავალი მთავრობის თავმჯდომარის მიმართ, რომ ეს სტანდარტი არ დასწიოს დაბლა, იმიტომ რომ მოსახლეობასთან კომუნიკაცია არის პირველი, რითაც თანამდებობის პირმა უნდა დაიწყოს საქმიანობა. მოსახლეობასთან კომუნიკაციისას ყველაზე ნათლად ჩანს პრობლემებიც, მიღწევებიც, დადებითიც და უარყოფითიც“.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია აბულაძე კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს ვერ აგვარებს, რადგან ამას სისტემური ცვლილებები სჭირდება, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შეცვლით კი ახალი არაფერია მოსალოდნელი:

„არ არის სისტემა, არ მუშაობს ინსტიტუციები, რომელიც უნდა მართავდეს ქვეყანას - ეს არის მთავარი პრობლემა და გამოწვევა. ეს მიდგომაც ცხადყოფს ამას, როდესაც პატარაძე რამდენიმე დღის წინ ამბობდა, რომ ჩვეულებრივად აგრძელებდა საქმიანობას და მას არ გაუვლია არანაირი კონსულტაცია აჭარის საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობასთან, თავის გუნდთან, „ქართული ოცნების“ დეპუტატებსა და ლიდერებთან, რომლებიც უნდა წარმოადგენდნენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, და მათ გარეშე გადაწყვიტა, რომ უნდა გადადგეს თანამდებობიდან. ეს არის ჩვეულებრივი არაფორმალური მმართველობის სტილი, რომელიც ძალიან აზიანებს ქვეყანას, იმიტომ რომ რეალურად პოლიტიკური პროცესი არ არსებობს. დამოკიდებული არიან ერთ ადამიანზე“.

აჭარის მთავრობის თავჯდომარის ახალ კანდიდატურას საქართველოს პრეზიდენტი ორი კვირის ვადაში წარუდგენს აჭარის საკანონმდებლო ორგანოს, უმაღლესმა საბჭომ კი მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ხმათა უმრავლესობით ახალი მინისტრთა კაბინეტიც უნდა დაამტკიცოს.

XS
SM
MD
LG