33 წლის გიორგი გოჩიტაშვილმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ტარიელ ღარიბაშვილის ჭიშკარს სატვირთო მანქანა დააჯახა, სასამართლოზე თავისი საქციელი არ ახსნა.
„მე ვთვლი, რომ რაც გავაკეთე, სწორად გვაკეთე. მე არ ვარ არც გამქცევი და არც ახალი დანაშაულის ჩამდენი, მე ჩემი საქმე გავაკეთე და გამოვაფხიზლე ეს ხალხი. თქვენ უნდა ემსახურებოდეთ ხალხს და არა კლანს და ღარიბაშვილებს“, - თქვა მან, როდესაც მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გიორგი გოჩიტაშვილი სასამართლოდან გლდანის ე.წ. მერვე საპყრობილეში გადაიყვანეს. ამ დღის შემდეგ დაკავებულს აღარც სახაზინო ადვოკატი შეხვედრია.
ადვოკატი არჩილ ტუხაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გიორგი გოჩიტაშვილი არც წაყენებულ ბრალდებებზე (ნივთის დაზიანება ან განადგურება და საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა, მუქარა და ძალადობა) ლაპარაკობს, და არც თავის საქციელის მოტივებზე.
„…ბრალის შესახებ არაფერს არ ამბობს. შეიძლება ზოგადად ასეთი არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე კონტაქტში ძნელად შემოდის. მე მას იმ კვირაში შევხვდები და ვნახოთ, რას იტყვის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ადვოკატმა არჩილ ტუხაშვილმა.
გიორგი გოჩიტაშვილის დაკავების შემდეგ მისი მეუღლე 6 თვის შვილთან ერთად, ნაქირავები ბინიდან მშობლების სახლში დაბრუნდა.
„ჩვენც შოკში ვართ და სინამდვილეში ადგილზე რა მოხდა, არ ვიცით. გიორგის მეუღლემ ისე ინერვიულა, რომ რძე გაუშრა“, - უთხრა დაკავებულის სიდედრმა ჯულიეტა ზოროიანმა რადიო თავისუფლებას.
ის ჰყვება, რომ მისი სიძე და სიძის ტყუპისცალი ძმა ღარიბაშვილებთან ამ შემთხვევამდე 3-4 დღე გადაბმულად მუშაობდნენ.
ჯულიეტა ზოროიანი ვერ აზუსტებს, კონკრეტულად რა შეკვეთა ჰქონდა აღებული მის სიძეს, მაგრამ მისი აღწერით, გიორგიმ „ბევრი საქმე იცის. მეტლახს აგებს, სტიაშკაზე და გალესვაზე მუშაობს. კარგად იცის წყლის გაყვანილობების მონტაჟი“.
გიორგის სიდედრი ჰყვება, რომ ღარიბაშვილი არ იყო მისი სიძის ერთადერთი დამსაქმებელი. მას საქმეს აძლევდნენ დედოფლისწყაროს ბაგა-ბაღების სააგენტოშიც: „საბავშვო ბაღებში თუ რამე გაფუჭდებოდა, სულ ეს აკეთებდა. აქედან 500 ლარი ჰქონდა ხელფასი”.
დედოფლისწყაროს მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ კომენტარს არ გააკეთებდნენ, მართლაც იყო თუ არა გიორგი გოჩიტაშვილი მათი თანამშრომელი და თუ კი, რა ევალებოდა, ან რა სიხშირით.
ჯულიეტა ზოროიანი გამორიცხავს, რომ გაბრაზების მიზეზი დავალიანება გამხდარიყო. როგორც ის ამბობს, ღარიბაშვილები მუშებს ანაზღაურებას გამართულად უხდიდნენ.
„ამ რამდენიმე დღის წინ გიორგის ძმამ, ლაშამ თქვა, რომ ხელფასი ახლაც მოგვცაო. ამიტომ ეს მიზეზი ვერ გახდებოდა. ისიც თქვეს, რომ სამშენებლო მასალები სთხოვა და უარის მიღების შემდეგ დააჯახა მანქანაო. მე ამაზე არაფერი არ ვიცი. გიორგის ძმამ, ძველი მამაპაპისეული სახლი დაუთმო და იქ რაღაცებს აშენებდა. სთხოვა თუ არა სამშენებლო მასალები [ტარიელ ღარიბაშვილს], ეს არ ვიცი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ჯულიეტა ზოროიანმა.
თავად ლაშა გოჩიტაშვილმა, დაკავებულის ძმამ, რადიო თავისუფლებასთან საუბარი არ ისურვა, არც გოჩიტაშვილის დედამ. ორივე ერთად დედოფლისწყაროში ცხოვრობენ.
რადიო თავისუფლებას ვინაობის გაუთქმელობის პირობით ელაპარაკა გოჩიტაშვილების ერთ-ერთი მეზობელი, რომელმაც თქვა, რომ სატვირთო მანქანა, რომელიც გიორგიმ ჭიშკარს შეაჯახა, მისი არ იყო.
„ეს კამაზი, რომლითაც კედელს დაეჯახა, მისი მეგობრის იყო. ის მეგობარი 5-6 თვის წინ ოჯახთან ერთად საფრანგეთში წავიდა და ლტოლვილად ჩაბარდა. კამაზს გიორგი ამუშავებდა და რასაც შოულობდა, მგონი, მფლობელსაც უნაწილებდა“, - თქვა გიორგის მეზობელმა და დაამატა, რომ ძმები მამაპაპისეული სახლის გამაგრებას ცდილობდნენ და ხშირად ხედავდა, როგორ მუშაობდნენ ფიზიკურად.
23 აპრილს გიორგი გოჩიტაშვილმა მანქანა ჯერ პრემიერ-მინისტრის მამის ღობეს შეაჯახა, შემდეგ კი თბილისისკენ წავიდა. პოლიციამ ის ლილოს ბაზრის ახლოს დააკავა.
პროკურორმა პირველი სასამართლო სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სხვადასხვა სახის ექსპერტიზაა დანიშნული, მათ შორის ფსიქიატრიულიც.
„დასკვნის მიღების შემდგომ უნდა ვიმსჯელოთ, გაგრძელდება სისხლისსამართლებრივი დევნა.. თუ შეწყდება და იძულებით მკურნალობას დაექვემდებარება ეს ადამიანი”, - თქვა პროკურორმა მიხეილ კუპრაშვილმა.
გიორგი გოჩიტაშვილის სიდედრი ამბობს, რომ სიძის ბავშვობას არ შესწრებია, მისი ოჯახი ჯავახეთიდან დედოფლისწყაროში საცხოვრებლად 5 წლის წინ გადავიდა, მაგრამ, რაც იცნობს, იქიდან მოყოლებული, ეჭვი არასდროს გასჩენია გიორგის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით: „ის ჩვენი სიძეა წელიწად-ნახევარია და არანაირი [ფსიქიკური აშლილობის] გამოვლინება არ ჰქონია. არც რაიმე სახის მედიკამენტს არ სვამდა… მეუღლესთანაც არანაირი პრობლემა არ ჰქონია“.
გიორგი გოჩიტაშვილის საქმეს სიღნაღის რაიონული სასამართლო განიხილავს. წინასასამართლო სხდომა 20 ივლისს დაინიშნა.