Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გაჭიანურდა ისტორიული ბათუმის დამცავი ზონების დამტკიცება


საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო 15 თებერვალს გაფართოებულ სხდომას გამართავს თბილისში და ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების საკითხს განიხილავს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ, საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, სააგენტო მას საბჭოს მუდმივ წევრებსა და სფეროში მომუშავე ინსტიტუციებსა და ორგანიზაციებთან ერთად განიხილავს.

შეხვედრაზე რეგიონიდან მიიწვიეს ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო და საზოგადოება „ბათომი“. ეს შეხვედრა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე მომუშავე საზოგადოება „ბათომმა“ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა და გააფრთხილა, რომ თუ საქართველოს მთავრობა უახლოეს მომავალში ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებს არ დაამტკიცებს, ისინი პასუხისმგებელნი იქნებიან ქალაქის უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის განადგურებაზე, ისევე როგორც ბათუმის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა და აჭარის მთავრობა. საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი არქეოლოგი ნინო ინაიშვილი ამბობს, რომ 2007 წელს შემუშავებული დოკუმენტის დამტკიცება ხელოვნურად ჭიანურდება, რადგან იგი სამშენებლო შეზღუდვებს დააწესებს ქალაქის ისტორიულ უბნებში და უხეში ჩარევისგან დაიცავს ძველი ბათუმის ქუჩებს:

„ცოცხალი თავით არ უნდათ ამ დოკუმენტის დამტკიცება, როგორც ვატყობ. ამდენი ხელისუფლება შეიცვალა... ეს პოლიტიკის საკითხია - არ აწყობთ ზონების დამტკიცება, იმიტომ რომ ეს ნიშნავს წესებს, რეგლამენტს, გარკვეულ წესრიგს, გარკვეული თამაშის წესების დამკვიდრებას და ბევრ რამეს არეგულირებს, თვითონ სისტემა კი არ არის ჩამოყალიბებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე. თუმცა რაღაც ნაბიჯები იდგმება, კეთდება, მაგრამ ბოლომდე არ მიდის, ანუ ამის რეალიზაცია არ ხდება და პრაქტიკაში არ ხორციელდება. ბათუმში, ზონის დამტკიცების შემთხვევაში, ერთ კონკრეტულ ძეგლს კი არ დავიცავთ, უნდა დაიცვა მთელი ურბანული ერთეული და სწორედ ეგ არ უნდათ, იმიტომ რომ ძეგლის გვერდით მდებარე ფონურ ნაგებობებს ანგრევენ უპრობლემოდ“.

ბათუმის ისტორიული განაშენიანების დამცავი დოკუმენტი საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად 2018 წლის ოქტომბერში გადაუგზავნა ბათუმის თითმმართველობამ, თუმცა შეცვლილი საზღვრებით. მანამდე ბათუმის მერიამ საჯარო პრეზენტაციაზე საზოგადოებას აჩვენა რუკა, სადაც მონიშნული იყო ძველი ბათუმის საზღვრები სპეციალისტების მიერ დადგენილი კვლევის მიხედვით, საქართველოს კულტურის სამინისტროში კი გადაგზავნეს რუკა, სადაც დასაბუთების გარეშე ამოღებულია ბათუმის ზღვისპირას არსებული ორი ტერიტორია - ბათუმის დელფინარიუმთან არსებული მიწის ნაკვეთი, სადაც 54-სართულიან ცათამბჯენს „ალიანს ჯგუფი“ აშენებს, და ბათუმის რივიერა, სადაც 6 ცათამბჯენის მშენებლობის სურვილი გამოთქვა „სილქ როუდ გრუპმა“. ეს გადაწყვეტილება მერიამ დაასაბუთა იმით, რომ ამოღებული ტერიტორიები თავისუფალი მიწის ნაკვეთია, რომელიც კერძო და მუნიციპალური საკუთრებებია, აგრეთვე, მერიის შეფასებით, აქ არ მდებარეობს კულტურული მეკვიდრეობის ძეგლი, თუმცა ორივე ტერიტორია ესაზღვრება ბათუმის ბულვარს, რომელიც კულტურული მეკვიდრეობის ძეგლია. გარდა ამისა, ბათუმის რივიერაზე მდებარეობს კულტურული მეკვიდრეობის ძეგლი - ბათუმის შუქურა. მეტიც, ხელოვნებათმცოდნეებისა და სხვა დარგის სპეცილისტების კვლევის მიხედვით, ეს ტერიტორიები ბათუმის ისტორიული განაშენიანების მნიშვნელოვანი ნაწილია. ბათუმის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სასამართლოში გაასაჩივრა, როგორც საიას იურისტი ანა მდინარაძე ამბობს, სწორედ იმის გამო, რომ მერიამ ყოველგვარი მეცნიერული დასაბუთების გარეშე ისტორიული ქალაქის ნაწილი დამცავი საზღვრების მიღმა დატოვა:

„ეს საკითხი აუცილებლად უნდა შეაფასოს სპეციალური ცოდნის მქონე პირმა. ექსპერტული ცოდნაა საჭირო ამ საკითხის შეფასებისას. საჭირო კი არა, სასიცოცხლოდ აუცილებელი. სწორედ დარგის სპეცილისტებმა უნდა თქვან, მერიის ეს განმარტება რამდენად არის შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან, რასაც ითვალსიწინებს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ და არსებული საკანონმდებლო ბაზა. აუცილებლად უნდა დადგინდეს, ბათუმის მერიის ეს არგუმენტი რამდენად არის გასაზიარებელი, იმიტომ რომ ცალსახად ფაქტის შეფასება საჭიროებს კვალიფიკაციას და დარგის ცოდნას“.

ძველი ბათუმის დამცველები მიიჩნევენ, რომ სწორედ მერიის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამო, შეცვლილიყო ძველი ბათუმის დაცვის ზონები, გაჭიანურდა ბათუმის ისტორიულ-კულტურული საყრდენის გეგმის დამტკიცება და ამით ისტორიული ქალაქის უბნებს გამოუსწორებელი ზიანი მიადგა. თბილისში გამართულ გაფართოებულ სხდომაზე კი, სადაც საკითხის განხილვაა დაგეგმილი, აქტივისტები დოკუმენტის პირვანდელი სახით დამტკიცებას მოითხოვენ.

XS
SM
MD
LG