Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ნიშნავს სალომე ზურაბიშვილის ჩანაცვლება?


ის, რაც ბევრს შეცდომა ან ხუმრობა ეგონა, „ქართული ოცნების“ გამიზნული ნაბიჯი აღმოჩნდა. საარჩევნო ბილბორდებზე და სარეკლამო კლიპში სალომე ზურაბიშვილი უპრობლემოდ ჩაანაცვლა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა. ოფიციალურ მოტივად მხარდაჭერისა და პასუხისმგებლობის გაზიარების სურვილი დასახელდა, თუმცა სალომე ზურაბიშვილის გაქრობას ექსპერტები სახელმწიფოსთვის წამგებიან სვლად მიიჩნევენ. ისინი ლაპარაკობენ პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციაზე, დამოუკიდებლობის ხელყოფაზე, საპრეზიდენტო კანდიდატის როლის გაუფასურებასა და ქალი კანდიდატის დაკნინება-დისკრიმინაციაზე.

ფორმალური დამოუკიდებლობის ზღვარიც წაიშალა

„სარკასტულია და ცოტა - კომიკურიც“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი, რომელსაც ეს ბილბორდები თავიდან ოპოზიციის შავი იუმორიც კი ეგონა. - „შეიძლებოდა მოგჩვენებოდათ, რომ ოპოზიციამ ეს იმის ხაზგასასმელად ჩაიდინა, რომ სალომე ზურაბიშვილი პარტიული კანდიდატია“. სოციოლოგი ფიქრობს, რომ:

  • ბილბორდების ახალმა ტალღამ საბოლოოდ გაამჟღავნა: სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატი არ არის და მისი ეს იმიჯი ფსევდოიმიჯია;
  • ამ ბილბორდებმა ხელყო პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციით გარანტირებული დამოუკიდებლობა;
  • მმართველი პარტია წინ გადაეფარა და გააქრო საპრეზიდენტო კანდიდატი, რითიც მისი ზოგადი მნიშვნელობაც დააკნინა;
  • „ქართული ოცნების“ პოლიტიკური შლეიფი სალომე ზურაბიშვილის დიდ ტვირთად იქცა და რადგან არ აპროტესტებს, მოსალოდნელია, რომ ის პარტიისგან დისტანცირებას ვერც გაპრეზიდენტების შემთხვევაში შეძლებს.

„ყველა ადამიანი, ვინც ბილბორდზე ჩანს, თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს საქართველოს ხვალინდელ დღესა და მომავალზე, პრეზიდენტის ინსტიტუტთან ერთად. ეს არის ამ ბილბორდების მთავარი მესიჯი“, - განაცხადა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

​ბილბორდებზე სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად „ქართული ოცნების“ ლიდერების გამოსახვა ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის გაზიარების დემონსტრირებად არ მიაჩნია პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს.

„თუ ერთად გადაღებული ფოტოები არ ჰქონდათ, დაემონტაჟებინათ მაინც. „ქართული ოცნება“ დაცინვის საფუძველს ქმნის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გია ხუხაშვილმა.​

კანდიდატმა არ გაამართლა და ტაქტიკა შეიცვალა

„ახალი ბილბორდებიდან აშკარად იკითხება, რომ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურმა პორტრეტმა არ იმუშავა და ხმების მობილიზება „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ძალებით გადაწყვიტა“ , - უთხრა რადიო თავისუფლებას იაგო კაჭკაჭიშვილმა. სოციოლოგი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ ამით სასურველ შედეგს ვერ მიიღებს:

  • ის, ვინც სალომე ზურაბიშვილს არ დაუჭირა მხარი პირველ ტურში, აზრს ვერც ამ ახალი კამპანიით შეიცვლის, რადგან ამ კატეგორიაში შემავალმა ამომრჩეველმა პირველ ტურში (მათ შორის - მიუსვლელობით) ოპოზიციური დამოკიდებულება დიდწილად ხელისუფლების მიმართაც გამოამჟღავნა;
  • ახალი ბილბორდებით აზრს ვერ შეიცვლის ვერც ის, ვისაც კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა არ მოსწონს. მეტიც, ეს კატეგორია შესაძლოა ახლა უკვე ხელისუფლებაზეც გაბრაზდეს - პრეზიდენტის ინსტიტუტის გადაყლაპვის მცდელობის გამო.

„სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა მოზიდვის თვალსაზრისით თავისი რესურსი ამოწურა პირველ ტურში და არჩევნებზე არმისული ამომრჩევლის გამოყვანა მას აღარ შეუძლია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ. შესაბამისად, მისი აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ მეორე ტურის წინ ხალხს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ გაერთიანების იდეა შესთავაზა და ამიტომ ჩანაცვლდა სალომე ზურაბიშვილიც ბილბორდებზე.

ვახტანგ ძაბირაძისთვის ფაქტია, რომ მეორე ტურის წინ საარჩევნო კამპანია ნეგატიურის წინა პლანზე წამოწევითა და ერთმანეთის წინააღმდეგ დარაზმვის მეთოდებით მიმდინარეობს, რადგან „მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი და სინდისიერი ადამიანი“ ვერც „ქართულ ოცნებას“ აქებს და ვერც „ნაციონალურ მოძრაობას“.

„ყველგან ვარ, სადაც უნდა ვიყო“ - ამ სიტყვებით აარიდა თავი ვრცელ პასუხს თავად საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, როცა მას ჟურნალისტებმა შეკითხვა 16 ნოემბერს ბილბორდების თემაზეც დაუსვეს.

მის მიმართ გამოხატული მხარდაჭერის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი არც იმ ახალი სარეკლამო კლიპის ძირითად ნაწილში მოხვდა, სადაც ასევე „ქართული ოცნების“ ლიდერი კაცები ლაპარაკობენ. კლიპში პარტიის თავმჯდომარე და სხვა ლიდერები ხალხს რევანშის, სიცრუისა და დიქტატურის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებენ და ღირსეული, პრინციპული არჩევნის გაკეთებას ისე სთავაზობენ, რომ ერთხელაც არ ახსენებენ საპრეზიდენტო არჩევნებსა და პრეზიდენტობის კანდიდატს. თავად სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ კლიპის ბოლოს, ფოტოზე, გამოჩნდება.

ქალის ჩანაცვლება კაცებით - გენდერული დისკრიმინაცია

წინასაარჩევნო კამპანიაში გენდერული დისკრიმინაციის ნიშნებს ხედავს „ქალთა მოძრაობა“. 16 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ლაპარაკია პოლიტიკაში ქალების მონაწილეობის პრობლემებზე და, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებულ სხვა საკითხებთან ერთად, ხაზგასმულია ბილბორდებიდან გაქრობის თემაც.

  • „მმართველი პოლიტიკური გუნდი გამუდმებით ცდილობს მათ მიერ მხარდაჭერილი ქალი კანდიდატის გენდერული დისკირმინაციის მსხვერპლად წარმოჩენას კონკრეტულ ფაქტებზე მითითების გარეშე. მსგავსი მიდგომა, განსაკუთებით კი მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გაექრო თავის მიერ მხარდაჭერილი ქალი კანდიდატი არჩევნების მეორე ტურის კამპანიიდან და სარეკლამო ბილბორდებზეც კი ჩაენაცვლებინა იგი კაცი პოლიტიკოსებით, აზიანებს გენდერული თანასწორობის იდეას და კიდევ უფრო ხელს უწყობს ქალი პოლიტიკოსების მარგინალიზაციას“, - ვკითხულობთ „ქალთა მოძრაობის“ განცხადებაში.

ბილბორდებზე სალომე ზურაბიშვილის კაცებით ჩანაცვლების ფაქტი მიუღებელია სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვისაც. როგორც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ, უთხრა რადიო თავისუფლებას, ეს ძალიან ცუდი მესიჯია. „ნებისმიერ ქალს, რომელიც შესაძლოა დაინტერესდეს პოლიტიკით, ეს ფაქტი უგზავნის მესიჯს, რომ მას შესაძლოა დასჭირდეს სხვა მამაკაცის, გავლენიანი მამაკაცის დახმარება საარჩევნო კამპანიაში“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG