Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოელის "ოცნება" "განადგურებული" ოპოზიციისგან


2023 წლის 30 დეკემბერს, "ქართული ოცნების" ყრილობაზე, ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.
2023 წლის 30 დეკემბერს, "ქართული ოცნების" ყრილობაზე, ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.

როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მესამედ მოსვლის მიზეზებს განმარტავდა, თქვა, რომ ოპოზიცია „განადგურებულია“ და სწორედ ამ ფონზე სჭირდება „ქართულ ოცნებას“ მისგან შველა და ცდუნებებისგან დაცვა.

ოპოზიციის განადგურებაზე ლაპარაკთან ერთად, „ქართული ოცნება“ კვლავ მსჯელობს ამავე ოპოზიციისგან „გარე მფარველების“ დახმარებით მოსალოდნელ საფრთხეებსა და „რევოლუციური სცენარის“ გაგრძელების მცდელობებზე.

ეს თემა თავდაპირველად „ოცნების“ განაყოფმა „ხალხის ძალამ“ გააცოცხლა - მალევე, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ივანიშვილის გამოჩენამდე.

რას მოელიან „განადგურებული“ ოპოზიციისგან?

„ქართულ ოცნებაში“ სრულად ეთანხმებიან ბიძინა ივანიშვილის შეფასებებს, რომ პარტიას მისი დახმარება სჭირდება - ოპოზიციის განადგურებისა და კრახის ფონზე და, რომ ამ ვითარებაში გუნდი შეიძლება კორუფციულ ცდუნებებსაც აჰყვეს.

მარტივად რომ ითქვას, ბიძინა ივანიშვილი აპირებს, რომ მმართველი პარტია ოპოზიციის ნაცვლად გააკონტროლოს, - ვინაიდან ოპოზიცია „განადგურებულია“, - და მაშასადამე, ოპოზიციის როლი ერთმა კაცმა შეითავსოს.

თუმცა „განადგურებული“ ოპოზიცია „ოცნებისთვის“ უმოძრაოს, უმოქმედოსა და გაჩუმებულს არ ნიშნავს. მმართველ გუნდში კვლავ არეულობის მცდელობებსა და რევოლუციურ სცენარზე ლაპარაკობენ.

„2024 წელი გამოწვევებით იქნება სავსე, რეგიონში არსებული ვითარებიდან, ოპოზიციის სრული კრახიდან გამომდინარე... ამ კრახის საფუძველზე, ერთადერთი, რაც მათ დარჩენიათ, ეს არის მდგომარეობის რადიკალიზაცია... ვხედავთ მათ მფარველებს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ... მცდელობა იქნება ამ წელსაც, რომ ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას, ძირი გამოუთხარონ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ებრძოლონ საქართველოს, მის რეპუტაციას, რასაც ჩვენ ბოლო 2 წლის განმავლობაში ვხედავდით“, - უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. ოპოზიციის ამ განზრახვის საპირწონედ და „მტრის ჯინაზე“ გამარჯვების მისაღწევად, პაპუაშვილი ხედავს „საზოგადოების კონსოლიდირებას“ ისევ ბიძინა ივანიშვილის მიერ.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის მიზანია „საზოგადოება მუდმივად ჰყავდეთ მღელვარების და შფოთვის მდგომარეობაში“ და „მთელი საზოგადოება ნერვებზე იყოს“.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, 30 დეკემბერს, თქვა, რომ 2024 წელს ოპოზიცია მაქსიმალურად შეეცდება „რევოლუციური დღის წესრიგის“ შექმნას, „ამის თავს მოხვევის მცდელობები იქნება მთელი წელი, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში“. სხვა საკითხია, რომ მისი შეფასებით - ეს იქნება „უშედეგო მცდელობები... იმდენად ქვემოთ არიან წასული“.

ოპოზიციისგან მომავალ საფრთხეებთან დაკავშირებით - მსგავს მესიჯებს ავრცელებდა „ოცნების“ განაყოფი - „ხალხის ძალა“ რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ სცენაზე ისევ გამოჩნდებოდა.

დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა 22 დეკემბერს განაცხადა, რომ „2024 წლიდან აუცილებლად გაგრძელდება პროვოკაციები“, „სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია“ და მისი გუნდიც განაგრძობს საერთაშორისო პარტნიორების „მხილებას“, რადგან „დაუძინებელი მეგობრები“ ისევ ფხიზლობენ.

„მაღალი ალბათობით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ან არჩევნებიდან რამდენიმე დღეში „გლობალური ომის პარტია“ უზრუნველყოფს, რომ ევროკომისიამ გასცეს უარყოფითი რეკომენდაცია საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე, ხოლო თუ ოპოზიციამ დეკემბრის შუა რიცხვებამდე მცირე მუხტი მაინც შეინარჩუნა - ევროპულ საბჭოსაც ათქმევინებენ უარს მოლაპარაკებების გახსნაზე“, - წერია „ხალხის ძალის“ მიერ 21 დეკემბერს გამოქვეყნებულ წერილში.

ოპოზიციის გეგმა და შანსები

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არ ესმით, როგორ შეიძლება ერთდროულად - ოპოზიცია განადგურებულიც იყოს და რევოლუციის ჩანაფიქრიც ამოძრავებდეს.

„ივანიშვილმა თქვა, რომ 2018 წელს პოლიტიკაში რომ არ დაბრუნებულიყო, ერთ თვეში „ოცნება“ აღარ იარსებებდა და ახლაც, გუნდში დაპირისპირების, პრობლემების გამო უწევს დაბრუნება... ღმერთმა გაუმარჯოთ საკუთარ პრობლემებში და საკუთარ დაპირისპირებაში. ვინ არის სუსტი - თავად ივანიშვილის სიტყვებიდან გამოჩნდა... არალოგიკურია ლაპარაკი იმაზე, რომ ოპოზიცია განადგურებულია და თან, თურმე - დესტრუქციული გეგმები აქვს“, - გვეუბნება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ნიკა ობოლაძე და აღნიშნავს ასევე, რომ „ოპოზიციას აქვს მშვიდობიანი, საარჩევნო გეგმები და 2024 წელს მშვიდობიანად შეცვლის ხელისუფლებას“.

ნიკა ობოლაძის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ ჩამოყალიბებული „გამარჯვების პლატფორმა“ გადავიდა „შტაბური მუშაობის რეჟიმზე“ და ხალხის მაქსიმალურად შემოკრებას გეგმავს.

პოლიტიკის ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გვეუბნება, რომ ოპოზიცია „განადგურებული არ არის“, „ეს კარგად იცის თავად ბიძინა ივანიშვილმაც“ და პოლიტიკაში მისი გამოჩენა გარკვეულწილად ამანაც გამოიწვია, „რათა [არჩევნებისთვის] წინასწარ თადარიგი დაეჭირა“.

„ოპოზიცია ახლა დაშლილი და ფრაგმენტირებულია, მაგრამ საკმარისია ოპოზიცია გადაჯგუფდეს, მეტ-ნაკლებად მისაღები, ერთიანი პროგრამა დადოს და „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებს ვერ მოიგებს. რეალურად არსებობს პოტენციალი, რომ ოპოზიციამ, ჯამურად, „ქართულ ოცნებაზე“ მეტი მანდატი აიღოს. მაგრამ თუ დღევანდელი მდგომარეობა დარჩება, გამარჯვების მეტი შანსი „ქართულ ოცნებას“ ექნება“, - ეუბნება ვახტანგ ძაბირაძე რადიო თავისუფლებას და ამატებს, რომ „[კვლევების თანახმად] ამომრჩევლის 2/3 დღეს ოპოზიციურად არის განწყობილი“ და მაშინ, როცა ოპოზიციას ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზების შანსი აქვს, „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერთა რიცხვის ზრდის პერსპექტივა საერთოდ არა აქვს“ და „ამას ივანიშვილის მოსვლა ან წასვლა არ უშველის“.

თუკი ოპოზიციური პარტიები გაერთიანებას გადაწყვეტენ, ძაბირაძის შეფასებით - ტექნიკური საკითხები იოლად მოსაგვარებელი იქნება და „ბლოკების აკრძალვა და სხვა საკანონმდებლო აკრძალვები მათ პრობლემებს არ შეუქმნის“, რადგან, დროებით, პოლიტიკოსებმა შესაძლოა სრულიად უმტკივნეულოდ, თავიანთი პარტიების სახელები დათმონ.

  • ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი ამჟამად აცხადებს, რომ - 5%-იანი ბარიერისა და ბლოკების აკრძალვის მიუხედავად, არჩევნებზე დამოუკიდებლად აპირებს მონაწილეობას.
  • ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი დღეს 60%-ს უტოლდება და დღევანდელი „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებზე, წინასაარჩევნო კამპანიის გარეშეც კი აიღებდა 90-100 სადეპუტატო მანდატს.

რამდენიმე კვირის წინ, როდესაც „ალტ-ინფოს“რადიკალური პრორუსული ჯგუფი და მისი „კონსერვატიული მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ [ევროკავშირის დროშის დაწვის საქმეზე თანამოაზრის დაკავების გამო] დაუპირისპირდა და მმართველ პარტიას არჩევნებში დამარცხება უწინასწარმეტყველა, ლიდერებმა „ოცნებას“ თავისივე ლოგიკა შეუტრიალეს და თქვეს, რომ - თუკი მმართველო პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტებისა და განადგურების შესახებ იუწყება, მათი ლოგიკით, აღარც „ოცნების“ მხარდამჭერთა ის არგუმენტი არსებობს, რომ „კი, აი, არც მე მომწონს „ოცნება“, მაგრამ „ნაცების“ საფრთხე ხომ არის და სხვას იმხელა რესურსი არა აქვს, რომ „ნაცების“ საფრთხე გაანეიტრალოს“.

„თვითონ ამბობენ [„ნაციონალური მოძრაობა“ განადგურდაო]... „ნაცებს“ თუ დაერხათ, თუკი „ნაცები“ ვეღარ მოდიან [ხელისუფლებაში], ის ფაქტორი, რომ მოდით - „ოცნება“ შევინახოთ - 2032 წლამდე... ჩვენ ვიქნებითო [2032 წლამდე], კალაძემ რომ თქვა... ვის რა ჩემს ფეხებად უნდა „ოცნება“ მაშინ - თუ ასე დგება საკითხი?!“, - თქვა შოთა მარტინენკომ „ალტ-ინფოს“ ეთერში, გასული წლის მიწურულს.

„კონსერვატიულმა მოძრაობამ“ და მისმა ტელევიზია „ალტ-ინფომ“, 2023 წლის სექტემბერში, „ანტიმაიდანი“ დააანონსა, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში „მაიდნის სცენარის“ დაგეგმვაზე ალაპარაკდა. პრორუსულმა ჯგუფმა ხალხის ინფორმირების მიზნით რეგიონებში შეხვედრები დაგეგმა და ფულადი სახსრების შეგროვება დაიწყო. შემდეგ კი განაცხადეს, რომ ეს საფრთხე ამ ეტაპზე მოიხსნა.

ექსპერტებმა რადიო თავისუფლებას არაერთხელ უთხრეს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლება მუდმივად მიუბრუნდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სხვადასხვა დროს აღძრულ საქმეებს, რომლებსაც, უკვე მრავალი წელია, კონკრეტული შედეგი და სავარაუდო დამნაშავეების დასჯა არ მოჰყოლია.

2023 წლის 18 სექტემბერს სუსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „საქართველოში ოქტომბერ-დეკემბერში იგეგმებოდა სამოქალაქო არეულობის მოწყობა და დესტაბილიზაცია, რომლის მიზანიც „ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა“ იყო. გამოკითხვაზე დაიბარეს არაერთი პირი და მათ შორის - ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები.

„სცენარია არეულობა, რევოლუცია და საბოლოო მიზანი, ყველამ ვიცით, მეორე ფრონტი, რომელსაც ვერ მიაღწიეს 2022 წლიდან, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი“, - თქვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 2023 წლის ოქტომბერში, სუსის მიერ გამოძიების დაწყების შემდეგ.

2024 წლის 8 იანვარს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ „აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები“.

სუსში დაბარებული ხელოვანები - ფენოვანი 2.40
please wait

No media source currently available

0:00 0:52:47 0:00

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG