Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოასწავებს ჩინეთის სამხედრო ძალის ზრდა ცენტრალურ აზიაში?


ჩინელი და ტაჯიკი ჯარისკაცი ხელის გადაწევაში ეჯიბრებიან ერთმანეთს პატრულირების დროს ქალაქ კაშგართან. 2019 წელი.
ჩინელი და ტაჯიკი ჯარისკაცი ხელის გადაწევაში ეჯიბრებიან ერთმანეთს პატრულირების დროს ქალაქ კაშგართან. 2019 წელი.

ჩინეთი განუხრელად ზრდის თავის სამხედრო ძალას ცენტრალურ აზიაში და ამ ტენდენციას უახლოეს ათწლეულში შეუძლია რეალურად შეარყიოს მოსკოვის გავლენა იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რომლებსაც რუსეთი, ტრადიციულად, თავისი გავლენის სფეროში მყოფ „ახლო საზღვარგარეთის“ ნაწილად მოიაზრებს.

უსაფრთხოების სფეროში ჩინეთის მხრიდან გავლენის გაფართოების ძირითად პარამეტრებად ითვლება იარაღის გაყიდვის მოცულობის ზრდა, სასწავლო პროგრამების გაფართოება და ახალი სამხედრო ბაზების მშენებლობა, - ნათქვამია ვაშინგტონის ვილსონის ანალიტიკური ცენტრის, კენანის ინსტიტუტის მიერ 27 მაისს გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში.

„ჩინეთი - მტკიცე ძალა რეგიონში“

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი და ჩინეთი წამყვან როლს ასრულებენ ცენტრალური აზიის რეგიონში შრომითი ბაზრის ფორმირებაში - რუსეთი იქ ფეხს იკიდებს ტრადიციული სამხედრო და პოლიტიკური კავშირებით, ხოლო ჩინეთი, როგორც ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი, თავისი მრავალმილიარდიანი სატრანსპორტო და საგზაო პროექტებით.

თუმცა ასეთი ბალანსი უკვე იცვლება.

„ჩვენ გამუდმებით ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ცენტრალურ აზიაში როლები მკაცრად არის გაყოფილი: რუსეთი დაკავებულია უსაფრთხოების საკითხებით, ჩინეთი კი - ეკონომიკით, სინამდვილეში კი ეს სხვაობა ქრება. ჩინეთი გადაიქცა რეგიონში მტკიცე ძალად“, - აცხადებს ბრედლი ჯარდინი, ზემოხსენებული ანგარიშის წამყვანი ავტორი.

ამ ცვლილებას მკაფიოდ ცხადყოფს ცენტრალური აზიის რესპუბლიკების მთავრობათა მიერ ჩინური წარმოების იარაღის შეძენის სტატისტიკა. ბოლო 5 წლის განმავლობაში 18 პროცენტით გაიზარდა სამხედრო ტექნიკითა და შეიარაღებით ვაჭრობის მოცულობა ცენტრალურ აზიაში, მაშინ როცა 2010-2014 წლებში ეს რიცხვი მიზერული იყო დ მხოლოდ 1,5%-ს შეადგენდა.

თანაც, კომერციული მოთხოვნა იზრდება არა მხოლოდ იარაღსა და სატრანსპორტო საშუალებებზე, არამედ უპილოტო სამხედრო ტექნოლოგიაზე, ამ მხრივ კი, იარაღის მსოფლიო ბაზრის უპირობო ლიდერებად ითვლებიან აშშ და ისრაელი.

ჩინეთისა და ტაჯიკეთის პრეზიდენტების შეხვედრა დუშანბეში 2019 წელს.
ჩინეთისა და ტაჯიკეთის პრეზიდენტების შეხვედრა დუშანბეში 2019 წელს.

გარდა ამისა, ჩინეთმა გასულ წელს თავისი სამხედროები პირველად გაგზავნა ტაჯიკეთში, რომელსაც 1356 კილომეტრის საზღვარი აკავშირებს მშფოთვარე ავღანეთთან. შარშან „ვაშინგტონ პოსტმა“ პირველად აღმოაჩინა ჩინელი სამხედროები ტაჯიკეთში. შემდეგ „უოლ სტრიტ ჯორნალმა“ მიაქცია ყურადღება იმ ფაქტს, რომ, ტაჯიკეთსა და ჩინეთს შორის დადებული საიდუმლო შეთანხმების თანახმად, პეკინმა მოიპოვა უფლება გაარემონტოს ან ხელახლა ააშენოს საკონტროლო-გამშვები პუნქტები ავღანეთთან დამაკავშირებელ ტაჯიკეთის მოწყვლად სასაზღვრო მონაკვეთებზე.

ჩინეთი სულ უფრო აფართოებს უსაფრთხოების ზონას ცენტრალურ აზიაში ინფრასტრუქტურაში ჩადებული თავისი ინვესტიციების დასაცავად.

მაგრამ რუსეთი, ტრადიციულად, დომინირებს ცენტრალური აზიის იარაღის ბაზარზე. ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის მიერ რეგიონის ქვეყნებში გაყიდული სამხედრო ტექნიკისა და იარაღის მოცულობა 60 %-ის ფარგლებში მერყეობს. თანაც, ჩინეთის ზრდა არ ხდება ამ ბაზარზე რუსეთის სეგმენტის შემცირების ხარჯზე. მაგრამ, ზემოხსნებული ანგარიშის თანახმად, ვითარება მომავალში, შესაძლოა, აქაც შეიცვალოს.

„ბევრი ადამიანი ლაპარაკობს უკვე ჩინეთსა და რუსეთს შორის კონკურენციაზე, მაგრამ გამოკვლევა აჩვენებს, რომ ეს კონკურენცია ჯერ არ დაწყებულა. ჩინეთს, რომელიც ვითარდება, როგორც იარაღის ექსპორტიორი ქვეყანა, მომავალში მოუწევს ხელი ჩაყოს რუსეთის ულუფაში და სწორედ ამ დროს გამოჩნდება დაძაბულობა პეკინსა და მოსკოვს შორის“, - ამბობს ჯარდინი.

უკონკურენტო რუსეთი

რუსეთი ცენტრალური აზიის რეგიონში უპირობოდ დომინირებს, როგორც იარაღის ექსპორტიორი და უსაფრთხოების გარანტი.

გარდა იმისა, რომ ტაჯიკეთში განლაგებულია რუსეთის 7-ათასკაციანი სამხედრო დანაყოფი, ხოლო ყირგიზეთში რუსეთს საავიაციო ბაზა აქვს, მოსკოვი ხელმძღვანელობს რეგიონის სამხედრო უწყებებს შორის მთავარ მაკოორდინებელ სტრუქტურას, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ODKB).

მიუხედავად ჩინეთის მზარდი როლისა რეგიონის უსაფრთხოებაში, პეკინი და მოსკოვი ინარჩუნებენ ფართო პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც ბოლო წლებში კიდევ უფრო გაძლიერდა და, ასევე, ორივეს ამოძრავებს ერთი მთავარი მიზანი: ავღანეთიდან მომავალი პოტენციური საფრთხის პრევენცია და ტერორიზმისა და ექსტრემიზმის აღკვეთა.

ტაჯიკეთში განლაგებულია რუსეთის 7-ათასკაციანი სამხედრო დანაყოფი.
ტაჯიკეთში განლაგებულია რუსეთის 7-ათასკაციანი სამხედრო დანაყოფი.

არსებობს გეოპოლიტიკური მიზანიც

ჩინეთი ცენტრალურ აზიას განიხილავს როგორც ბუფერს თავის პრობლემურ სინცზიან-უიღურიის ავტონომიასთან მიმართებით, იქ მცხოვრები მილიონამდე უიღურითა და სხვა მუსლიმური უმცირესობის წარმომადგენლებით, ყაზახებით და ყირგიზებით, რომლებიც პეკინს ადანაშაულებენ მათი უფლებების შელახვაში.

ჩინეთსა და რუსეთს ერთმანეთთან აკავშირებს, ასევე, აშშ-თან ქიშპი.

ესწრაფვის რა აშშ-ის გავლენის შემცირებას რეგიონში, ორივე ქვეყანა მიესალმა ყირგიზეთში მდებარე აშშ-ის საავიაციო ბაზის დახურვას 2014 წელს და აშშ-ის სამხედრო ძალების შემცირებას ავღანეთში.

მეგობრული კონკურენტები

მიუხედავად პარტნიორული ურთიერთობისა, ჩინეთი და რუსეთი ცდილობენ თავიანთი სამხედრო გავლენის გაზრდას რეგიონში.

აშშ-ის კენანის ინსტიტუტის თანახმად, ეს „პარტნიორული კონკურენცია“ სულ უფრო მძლავრად იჩენს თავს ცენტრალური აზიის ქვეყნების სამხედრო კადრების მომზადების სფეროშიც, სადაც მოსკოვი უპირობოდ ლიდერობს.

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (SCO), რომელიც რუსეთს, ყაზახეთს, ტაჯიკეთს, ყირგიზეთსა და უზბეკეთს აერთიანებს, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია სამხედრო განათლების სფეროში ამ ქვეყანათა თანამშრომლობის თვალსაზრისით.

ამ ორგანიზაციის გეგმებში შედის შექმნა სასწავლო ცენტრისა, რომელიც 2021 წელს SCO-ს ქვეყნების წარმომადგენელ 2 000 უფროს ოფიცერს გადაამზადებს.

რამდენიმე წელია, ჩინეთიც გადავიდა, ორმხრივი ურთიერთობის საფუძველზე, ცენტრალური აზიის ქვეყნების ოფიცერთა კადრების მომზადებაზე და, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში სასწავლო მივლინებით წასულთა ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, ანალიტიკოსთა ვარაუდით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო სასწავლებლებში, რუსეთთან შედარებით, ცენტრალური აზიის ბევრად უფრო ნაკლები წარმომადგენელი უნდა ეუფლებოდეს სამხედრო ცოდნას.

ჩინეთის მიერ არჩეული გზა

მიუხედავად მოსკოვსა და პეკინს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობებისა, საერთაშორისო პოლიტიკაში ჩინეთი მაინც თავისი საკუთარი გზით მიდის.

2017 წელს მოსკოვმა მოუწოდა ინდოეთსა და პაკისტანს, გაწევრიანებულიყვნენ მისი ლიდერობით მოქმედ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში (SCO), რაც ბევრმა მიმომხილველმა აღიქვა მოსკოვის მცდელობად, შეესუსტებინა ჩინეთის მზარდი გავლენა ორგანიზაციაში არაქმედობაუნარიანი ქვეყნების მიღებით.

რუსეთის ამ ნაბიჯის პასუხად, ჩინეთმა მოსკოვისგან სრულიად დისტანცირებულად დაიწყო სამხედრო თანამშრომლობის განვითარება ოთხმხრივი თანამშრომლობის მექანიზმისა და კოორდინაციის (QCCM) ორგანიზაციის ფარგლებში, რომელიც, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, აერთიანებს ავღანეთს, ჩინეთს, პაკისტანსა და ტაჯიკეთს.

ანალოგიურად, ჩინეთის შეიარაღებულმა სახალხო პოლიციამ (PAP), ანუ ჩინეთის სახალხო არმიის შინაგანმა ჯარმა, ცალკე წვრთნები ჩაატარა და აფართოებს თანამშრომლობას ცენტრალური აზიის გვარდიულ შენაერთებთან. ასეთი მრავალეროვნული სწავლება ყირგიზეთის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის მონაწილეობით 2016 წელს გაიმართა ჩინეთის ქალაქ კორლაში, რაც ზოგიერთმა რუსმა მიმომხილველმა, გადატანითი მნიშვნელობით, „ცენტრალურ აზიაში ახალი ნატოს შექმნას“ შეადარა.

ეს შედარება, რა თქმა უნდა, მოიკოჭლებს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში არ არის გამორიცხული რუსეთის მზარდი სამხედრო გავლენის შესუსტება ცენტრალურ აზიაში, რისთვისაც ჩინეთი უკვე ემზადებაო, ამბობს ბრედლი ჯარდინი, ზემოხსენებული ანგარიშის წამყვანი ავტორი.

XS
SM
MD
LG