Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოასწავებს საფრანგეთში ულტრამემარჯვენეების გამარჯვება ევროპისათვის?


“ეროვნული გაერთიანების” ლიდერი მარინ ლე პენი საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის გამოცხადებისას.
“ეროვნული გაერთიანების” ლიდერი მარინ ლე პენი საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის გამოცხადებისას.

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნულმა გაერთიანებამ“ (RN) საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში აშკარა გამარჯვება მოიპოვა. თუ ის 7 ივლისს, მეორე ტურში აბსოლუტურ უმრავლესობას მოიპოვებს, საფრანგეთს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად ეყოლება ულტრამემარჯვენე მთავრობა.

ეს მორიგი მარცხია მაკრონისთვის, რომელმაც დაითხოვა პარლამენტი და დანიშნა ვადამდელი არჩევნები ულტრამემარჯვენეების წინსვლის შესაჩერებლად.

მაშ, ახლა რა მოხდება?

მაშინაც კი, თუ მეორე ტური არ გამოიწვევს „ეროვნული გაერთიანების“ მთავრობას, ეს ალბათ ყველაზე დიდი პოლიტიკური არეულობაა, რომელიც საფრანგეთმა მომხდარა ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

577-ადგილიან ეროვნულ ასამბლეაში, საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატაში სრული უმრავლესობა ჯერ არცერთ პარტიას არ გააჩნია. ახლა საკითხავია, შეძლებს თუ არა RN მეორე ტურში 289 მანდატის მიღებას და სრული უმრავლესობის მოპოვებას.

ახლა მისი ოპონენტები ცდილობენ „რესპუბლიკური ფრონტების“ - ლე პენის საწინააღმდეგო ალიანსების ფორმირებას, რომელთა მიზანია არ დაუშვან RN-ს მიერ უმრავლესობის მოპოვება. მაკრონმა თავის ამომრჩევლებს მოუწოდა (პრეზიდენტის ცენტრისტული Ensemble მესამე ადგილზე გავიდა ხმების დაახლოებით 20 პროცენტით), მხარი დაუჭირონ „მკაფიოდ რესპუბლიკელ და დემოკრატიულ“ კანდიდატებს იმ ოლქებში, სადაც მისმა პარტიამ მესამე ადგილი დაიკავა.

ანალოგიურად, ჟან-ლუკ მელენშონმა, მემარცხენეთა ერთ-ერთმა ლიდერმა, რომელიც მეორე ადგილზე გასულ კოალიციას წარმოადგენს, განაცხადა, რომ მისი ალიანსი მეორე ტურში აღარ დააყენებდა იმ კანდიდატებს, რომლებმაც პირველ ტურში მესამე ადგილი დაიკავეს, რათა ლე პენის საწინააღმდეგო ხმები გაამყარონ.

ერიკ მორისი, ევროპული პოლიტიკის ცენტრის ანალიტიკოსი, ამბობს, რომ: „ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, დათანხმდებიან თუ არა მემარცხენეები და ცენტრისტები, რომ მეორე ტურში აღარ დააყენონ მესამე ადგილზე გასული კანდიდატები. რაც უფრო მეტად მოხდება ეს, მით ნაკლებად შეძლებს RN აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას“.

მოვლენების განვითარების რა ვარიანტები არსებობს?

ყველაზე სავარაუდო შედეგი ასეთია: RN გაიმარჯვებს, თუმცა, ლე პენის საწინააღმდეგო ძლიერი კამპანიას თუ გავითვალისწინებთ, აბსოლუტურ უმრავლესობას ვერ მიიღებს. შედეგად, მივიღებთ გაყოფილ პარლამენტს და პოლიტიკურ ჩიხს. ამ სცენარის მიხედვით, პარლამენტში ულტრამემარჯვენეებს დაუპირისპირდებიან მემარცხენეები, რაც გაართულებს კანონმდებლობის მიღებას.

თუ RN აბსოლუტურ უმრავლესობას მიიღებს, მას შეეძლება თავისი ნაციონალისტური, ნატივისტური და კონსერვატიული დღის წესრიგის გატარება, რამაც, მორისის თანახმად, „შეიძლება საფრთხის ქვეშ დააყენოს კანონის უზენაესობა საფრანგეთში“.

არჩევნების პირველი ტურის შედეგები საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მორიგი მარცხი აღმოჩნდა.
არჩევნების პირველი ტურის შედეგები საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მორიგი მარცხი აღმოჩნდა.

კიდევ ერთი სცენარის მიხედვით, მთავრობას ჩამოაყალიბებს მაკრონის კოალიცია. თუმცა, რადიო თავისუფლების ევროპის რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ამბობს, რომ მაკრონს გაუჭირდება „შექმნას ტექნოკრატ პრემიერ-მინისტრის გარშემო შემოკრებილი მთავრობა, როგორც ამას ზოგი იმედოვნებს. თუ ის ასე მოიქცევა, ეს იქნება არასტაბილური მთავრობა, რომლის წინააღმდეგ ხმის მიცემაც იოლი იქნება“.

რას ნიშნავს RN-ის გამარჯვება საფრანგეთისთვის?

RN-ის გამარჯვება აჩვენებს, თუ რამდენად ეფექტიანად მოახერხა მარინ ლე პენმა პარტიის დეტოქსიკაცია მისი მამის, ჟან-მარი ლე პენისაგან და ის უფრო მიმზიდველი გახადა საშუალო ამომრჩევლისთვის მულტიკულტურულ საფრანგეთში.

მარინ ლე პენი პარტიის სათავეში 2011 წელს მოვიდა, მას სახელი შეუცვალა (მანამდე „ეროვნული ფრონტი“ ერქვა) და სცადა გაეწმინდა ნეონაცისტური და ანტისემიტური ელემენტებისაგან. მან საკუთარი მამაც კი გააძევა, რომელსაც ემიგრანტების წინააღმდეგ მკვეთრად უარყოფითი პოზიცია დაუფიქსირებია და ერთხელ ისიც თქვა, ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკები „ისტორიის დეტალიაო“.

თუმცა, მაშინაც კი, თუ RN მოახერხებს მეორე ტურშიც გამარჯვებას, პარტიის ძალაუფლებას გარკვეული შეზღუდვები მაინც ექნება. საფრანგეთს ნახევრად საპრეზიდენტო სისტემა აქვს, სადაც პრეზიდენტი და პრემიერი ძალაუფლებას იზიარებენ. პრემიერ-მინისტრი და კაბინეტი პასუხისმგებელია ყოველდღიური სამთავრობო ოპერაციებისა და საშინაო პოლიტიკის მართვაზე, პრეზიდენტი კი ეროვნულ უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს და წარმოადგენს ქვეყანას მსოფლიო ასპარეზზე.

თუ ჯორდან ბარდელა, RN-ის გამოუცდელი თანალიდერი, პრემიერ-მინისტრი გახდება, მას მოუწევს ძალაუფლება პრეზიდენტ მაკრონთან გაიზიაროს, რაც, სავარაუდოდ, უხერხული და არაეფექტიანი კონფიგურაცია იქნება.

და რას ნიშნავდა ეს ევროკავშირისთვის?

თუ ოდესმე არსებობდა ხელსაყრელი მომენტი, რომ ევროკავშირი მარჯვნივ გადახრილიყო, ეს დრო სწორედ ახლა დადგა. უნგრეთი, რომელსაც ვიქტორ ორბანის ეროვნულ-კონსერვატიული პარტია „ფიდეში“ ხელმძღვანელობს ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ახლახან შეუდგა ბლოკის ექვსთვიან პრეზიდენტობას. გარდა ამისა, ულტრამემარჯვენე პარტიებმა მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს 6-9 ივნისის ევროპარლამენტის არჩევნებში, რაც ევროკავშირის 27 ქვეყანაში მზარდი ნაციონალისტური და პოპულისტური განწყობების ნიშანია.

RN-ის გავლენამ შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს ევროკავშირის მწვანე შეთანხმების ასპექტები, რომელიც მიზნად ისახავს სათბურის გაზების ემისიების შემცირებას, დაბინძურების აღმოფხვრასა და მდგრადი ინდუსტრიის მხარდაჭერას. RN აწარმოებს კამპანიას ევროკავშირის გარემოსდაცვითი რეგულაციების წინააღმდეგ და ამტკიცებს, რომ ისინი ამცირებენ სამუშაო ადგილებს და აზიანებენ საფრანგეთის ინდუსტრიას.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მარინ ლე პენს ხვდება პარიზში, ელისეის სასახლეში 2022 წელს. მაკრონმა ვადამდელი არჩევნები ევროპარლამენტის არჩევნებში RN-ის გამარჯვების შემდეგ დანიშნა.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მარინ ლე პენს ხვდება პარიზში, ელისეის სასახლეში 2022 წელს. მაკრონმა ვადამდელი არჩევნები ევროპარლამენტის არჩევნებში RN-ის გამარჯვების შემდეგ დანიშნა.

იმიგრაცია კვლავაც RN-ის მთავარი აქცენტია. პარტია მხარს უჭერს კონტროლის გამკაცრებას და მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკის გატარებას, რომელიც პრიორიტეტს მიანიჭებს საფრანგეთის მოქალაქეებს სოციალური შეღავათების მისაღებად და საცხოვრებლითა და სამუშაოებით უზრუნველსაყოფად - ეს ზომები ევროკავშირის ამჟამინდელ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

ფილიპ მარლიე, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ფრანგული და ევროპული პოლიტიკის პროფესორი ამბობს, რომ სწორედ ამით გამოირჩევა RN ევროკავშირის სხვა მემარჯვენე პარტიებისგან, მაგალითად, ორბანის „ფიდესისაგან“.

„საფრანგეთში პოლიტოლოგები ამ პარტიას ულტრამემარჯვენეს უწოდებენ, რადგან ის ნამდვილად ულტრამემარჯვენეა. თუ მის პროგრამას შეისწავლით, ნახავთ, რომ ის ცალსახად ულტრამემარჯვენეა - ნატივისტური, იმიგრაციის წინააღმდეგი და ფოკუსირებული იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო ფრანგი“.

იოზვიაკის აზრით, ევროკავშირი უკვე მიჰყვება ლე პენის მიმართულებას იმიგრაციასთან დაკავშირებით. „ევროკავშირის საზღვრის გასწვრივ კედლები და მავთულხლართები ჩვეულებრივი მოვლენაა და მესამე ქვეყნებთან იდება გარიგებები თავშესაფრის მაძიებლების უკან დასაბრუნებლად და მათი შემოსვლის თავიდან ასაცილებლად“, - ამბობს ის.

მნიშვნელოვანია, რომ RN-ის გამარჯვებამ პირველ ტურში შეიძლება გამოიწვიოს ტაქტიკური ცვლილება ევროკავშირის მემარჯვენე პარტიებს შორის. ლე პენის პარტიამ ბოლო წლებში შეიცვალა პოზიცია ევროკავშირთან დაკავშირებით. ადრე ის „ფრექსიტის“ მომხრე იყო, ახლა კი მიზნად ისახავს ევროკავშირის რეფორმას შიგნიდან, ბლოკის დაახლოებას მის მემარჯვენე შეხედულებებთან. RN-ს შეიძლება ევროკავშირის სხვა მემარჯვენე პარტიებმაც მიბაძონ.

რა გავლენას ექნება ამას უკრაინაში მიმდინარე ომზე?

მარინ ლე პენს არაერთხელ გამოუხატავს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პატივისცემა. ლე პენის აზრით, ის ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს იცავს გლობალიზაციისა და აშშ-ის გავლენისგან. 2014 წელს ლე პენმა მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას. RN-მა პირობა დადო, რომ შეაჩერებს ფრანგული შორი მანძილის რაკეტების მიწოდებას უკრაინისათვის.

თუმცა, ბოლო წლებში ლე პენმა პოზიცია შეარბილა. მან დაგმო რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში 2022 წელს და უკრაინელ ხალხს თანადგომა გამოუცხადა, - თუმცა კვლავაც რუსეთთან ვითარების ესკალაციის წინააღმდეგია.

მაკრონი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში, 16 თებერვალს უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების ხელის მოწერის შემდეგ.
მაკრონი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში, 16 თებერვალს უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების ხელის მოწერის შემდეგ.

მარკ გალეოტი, პოლიტიკური ანალიტიკოსი და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის სლავური და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების სკოლის საპატიო პროფესორი, ამბობს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ლე პენის საფრანგეთი „მოულოდნელად გაუდგეს მეინსტრიმს და თქვას, ჩვენ აღარ დავუჭერთ მხარს უკრაინასო“.

თუმცა, ის დასძენს, რომ „ყველაფერი, რაც ახლა ემანუელ მაკრონის ფრთებს შეკვეცს, კარგი ამბავია კრემლისთვის. მაკრონი ამ მომენტში ცდილობდა თავი წარმოეჩინა, როგორც ევროპის ყველაზე დიდი ქორი და ლაპარაკობდა ჯარების გაგზავნაზე“.

ბრიუსელში კი გაჭიანურების ტაქტიკა ზოგჯერ ისეთივე ეფექტიანია, როგორც აშკარა ოპოზიცია. მარლიე ამბობს, რომ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე მთავრობას რეალურად არ დასჭირდება უკრაინის წინააღმდეგ გამოსვლა, რათა გავლენა იქონიოს ევროკავშირის პოლიტიკაზე.

უკრაინის ბლოკში შესვლისკენ სწრაფვა არსებითად გაიყინება.„უბრალოდ ფეხს ითრევ. ართულებ. დროს კარგავ, - ამბობს ის, - დრო კი, რა თქმა უნდა, უკრაინისთვის უმთავრესია. მათ სჭირდებათ იარაღი ახლა და მათ სჭირდებათ მხარდაჭერა ახლა. ასე რომ, ევროპისათვის საქმე ახლა ბევრად უფრო აირევა და გართულდება“.

XS
SM
MD
LG