Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ეს ჩემი თმაა!”


”თმა” (Hair, 1979), რეჟისორი - მილოშ ფორმანი

40 წელი კი გასულა პრემიერიდან. ისედაც იმსახურებს კიდევ ერთხელ ნახვას. თან ქართულადაც მშვენივრად გაუხმოვანებიათ.

მაგრამ ეს არაა მთავარი. უბრალოდ, ძალიან უხდება იმას, რაც ხდება საქართველოში. სულ ვფიქრობ, 20 ივნისს ამდენი ხალხი მართლა მხოლოდ გავრილოვის გამო მივიდა პარლამენტთან? იქნებ ზოგი იმიტომ მივიდა, რომ ვასაძის კომბლეები მობეზრდა. ზოგი კი, ზუსტად ვიცი, წინა დღეს გაბრაზდა, როცა გაიგო, რომ თბილისის მეტროში ახალგაზრდები საყურის და გრძელი თმის გამო სცემეს.

ჩეხი რეჟისორი მილოშ ფორმანი ჩეხოსლოვაკიიდან ”ხავერდოვანი რევოლუციის” დამარცხების შემდეგ გაიქცა. ასეთი რევოლუციები, მათ შორის ჩვენი, ”ვარდების რევოლუცია”, როგორც ამ დღეებში გაირკვა, არ მოსწონთ ”ბახტაძეებს” და ”ზოიძეებს”.

70-იან წლებში ამბოხებული პრაღიდან ჰოლივუდში ჩასულ რევოლუციონერს აქაც ”პოსტრევოლუციური დაღლილობა”, კონფორმიზმი და იდეალების მსხვრევისგან გამოწვეული აპათია დახვდა. გოლდ მაკდერმოტის მიუზიკლი ”თმა”, რომლის პრემიერა ბროდვეიზე 1967 წელს გაიმართა, ამერიკაში აღარ იყო პოპულარული - გრძელი თმის, თავისუფალი სექსის, უკლასო საზოგადოების იდეები, და რაც მთავარია, ”თმის” პაციფიზმი, როგორც ფორმანი მოგვიანებით მოიგონებს, აქ ნაკლებად აღელვებდათ უკვე. მაგრამ აღელვებდა მილოშ ფორმანს. მისთვის თითქოს სულ ერთი იყო, სად და ვის წინააღმდეგ იბრძოდნენ ახალგაზრდები 60-იანი წლების მეორე ნახევარში - პრაღაში, კომუნისტური დიქტატურისა და რუსულ-საბჭოთა იმპერიალიზმის (!) წინააღმდეგ, თუ ნიუ-იორკში, ამერიკის მილიტარისტული პოლიტიკის (”თმის” პრემიერა ბროდვეიზე ხომ ვიეტნამის ომს დაემთხვა) და ბურჟუაზიული კონსერვატიზმის წინააღმდეგ. ნონკონფორმიზმი, მოძრაობის და ცვლილების სიყვარული - ფასეულობათა იმ სისტემას შეადგენდა, რომელმაც დიდი რეჟისორი ჯერ კიდევ 60-იანი წლების დასაწყისში მოიყვანა დიდ კინოში. აქ, უკვე 70-იანი წლების მიწურულს გადაღებულ ფილმში რევოლუციის მონატრებასთან ერთად ის მსუბუქ ირონიასაც არ მალავს. ირონია ”თმას” იმ დროის კინოსთვის სრულიად ახალ პირობითობას ანიჭებს. პირობითობა კი, მოგეხსენებათ, მიუზიკლის კანონია. ”თმის” გმირები, რომლებიც თავისუფლად იცვლიან საყვარლებს, თავისუფლად მოიხმარენ ნარკოტიკს, თავისუფლად უთმობენ ერთმანეთს შეყვარებულებს (ესეც ხომ ”საკუთრებაა” - მათ კი, თავიანთ კომუნაში სძულთ ყველანაირი საკუთრება) - თავისთავად იქცევიან მილოშ ფორმანისთვის სიმბოლოდ თავისუფლებისა, თუნდაც უტოპიური თავისუფლებისა. მიუზიკლი, როგორც ჟანრი, კი უბრალოდ მოითხოვს, რომ ეკრანზე თავისუფალი ადამიანები მოქმედებდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში არაბუნებრივი იქნებოდა მათი სურვილი იცეკვონ და იმღერონ შუა ქალაქში, თუნდაც როგორც აქ, ”ცენტრალ პარკში”.

ფორმანმა ფილმის ქორეოგრაფად აიყვანა ბროდვეის სახელგანთქმული ბალეტმაისტერი ტვაილა ტარპი, რომელმაც იმასაც კი მიაღწია, რომ ფილმის პროლოგში ცხენები აცეკვა - პოლიციელების ცხენები. პოლიციელებისა, რომლებიც მკაცრად ადევნებენ თვალს ფილმის ახალგაზრდა გმირებს. საერთოდ, ამ ფილმში განუწყვეტლივ უპირისპირდებიან ერთმანეთს ძალადობაზე აგებული ინსტიტუტები და ჰიპების თავისუფალი ცხოვრება, მათი კომუნები: პოლიცია, სამხედრო ცხოვრების წესრიგი, მაღალი საზოგადოების ”აწყობილი მორალი” და ახალგაზრდები, რომლებსაც ართმევენ სიყვარულის და მეგობრობის უფლებას. მათთვის ”თმა”, უფრო სწორად ”გრძელი თმა”, რომელიც აქ, 60-იანი წლების ამერიკაში, ჯერ კიდევ ჰგონიათ, რომ ვაჟკაცობას უკარგავს მომავალ მეომრებს, პროტესტის უბრალო და მკაფიო სიმბოლოა. და თუკი 70-იანი წლების მიწურულს, როცა ”თმა” ამერიკის ეკრანებზე გამოვიდა, უკვე სულ სხვანაირი ”პოსტრევოლუციური” ამერიკა ერთგვარი ნოსტალგიით და ირონიით აღიქვამდა ფორმანის მიუზიკლს, ჩვენ, საქართველოში, ჯერ კიდევ იმ სტადიაში ვიმყოფებით, რომლის შესახებ თავად ვამბობთ ხოლმე ”არა უშავს, ამერიკაშიც ასე იყო”, ”ამერიკაშიც სცემდნენ გეებს”, ”ამერიკაშიც სცემდნენ გრძელი თმის და საყურის გამო”, ”არა უშავს, ეს უნდა მოვიხადოთ”...

ამას ამბობდნენ გასული საუკუნის 80-იან წლების მიწურულს, როცა ”თმა” კინოთეატრებში ჩვენებისთვის შეიძინეს. და რამდენი წელია, დაითვალეთ? ამას ამბობენ დღესაც. პატარა იმედი გაჩნდა ”ვარდების რევოლუციის” დროს, იმ რევოლუციისა, რომელიც, თურმე, არ ჰყვარებიათ ბახტაძეებს და ზოიძეებს... იმ ნოემბრის დღეებში ირაკლი ჩარკვიანი გვიმღეროდა ცვლილებების აუცილებლობაზე. დღეს, ახალგაზრდა ჩინოვნიკები ვერ მალავენ, რომ ცვლილებების ეშინიათ. ის კი არა, ირაკლი ჩარკვიანის სიმღერებსაც არ ამღერებენ იმათ, ვისაც - რა რევოლუცია, ხალხო? - უბრალოდ მოძალადის დასჯა უნდა, მეტი არაფერი.

როგორ მთავრდება ”თმა” ხომ გახსოვთ? პროტესტანტი ახალგაზრდები - მესმის, რომ ამ სიტყვის ეშინია ყველა ხელისუფლებას, მაგრამ ასეა - მრავლდებიან. ახალგაზრდების პროტესტი ძლიერდება. ლამის მთელი ამერიკა გამოდის გარეთ. გამოდის, და ესეც ნიშანდობლივია, ამერიკის დროშებით. ისინი ქვეყანას არ ანგრევენ. მათ უკეთესი ქვეყანა უნდა მხოლოდ.

ჰოდა, სულ ვფიქრობ, რა იქნება მერე, ოკუპაციის წინააღმდეგ გამართულ აქციას, როცა შეუერთდებიან სხვები, ჩაგრული მშრომელები, ულუკმაპუროდ დარჩენილი პენსიონერები, მეშახტეები, რკინიგზელები, ექთნები, სუპერმარკეტის მოლარეები. როცა ყველა ერთად იმღერებს ირაკლი ჩარკვიანის ”საქართველოს”. ვინ შეძლებს, რომელი ბახტაძეები და ზოიძეები შეძლებენ ირაკლის სიმღერის გამორთვას და ამ ძალის ჩახშობას?

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG