Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვაშლებს ფორთოხლებს ადარებთ“ - ჰაიდი ტალიავინი „ტალიავინის დასკვნის“ შესახებ, 15 წლის შემდეგ


ჰაიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემსწავლელ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიას
ჰაიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემსწავლელ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიას

„როდესაც ანგარიში გამოქვეყნდა, მაშინ მახსოვს, ვთქვი, რომ ამ ომს გამარჯვებულები არ ჰყავდა. დღევანდელი გადმოსახედიდან კი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ერთადერთი გამარჯვებული რუსეთი აღმოჩნდა, ყველა დანარჩენმა კი წააგო“,

ეუბნება რადიო თავისუფლებას ჰაიდი ტალიავინი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი.

ვაჟა თავბერიძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ყოფილი შვეიცარიელი დიპლომატი, რომელიც ქართული კონფლიქტების შემდეგ, უკრაინაში, მინსკის მოლაპარაკებებშიც მონაწილეობდა, ჰყვება, დღეს რას ფიქრობს იმ დოკუმენტზე, რომელიც 15 წლის წინ გამოქვეყნდა და რომელზეც ქართული მხარე დღემდე ამტკიცებს, რომ რუსეთმა იხეირა.

რადიო თავისუფლება: მარტივად პროგნოზირებადი კითხვით დავიწყოთ - 15 წელიწადი გავიდა ტალიავინის ანგარიშის შემდეგ, როგორ შეაფასებდით მის მემკვიდრეობასა და მნიშვნელობას დღეს?

ჰაიდი ტალიავინი: ანგარიში მომზადდა იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელზეც 15 წლის წინ მიგვიწვდებოდა ხელი, მაგრამ შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ ამ ანგარიშმა გამჭვირვალობა შესძინა საქართველოს კონფლიქტების ისტორიის ერთ ბნელ ქვეთავს - კონფლიქტს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან. ამას გარდა, ანგარიშმა დაამკვიდრა ახალი საერთაშორისო სტანდარტები საერთაშორისო და ადამიანის უფლებათა სამართლის კუთხით.

ასევე, ვთვლი, რომ ამ ანგარიშმა ერთგვარად განმუხტა ფეთქებადი სიტუაცია, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. დაბოლოს - საბოლოო ჯამში, ანგარიში ორივე მხარემ მიიღო და ცნო, როგორც რუსეთის ფედერაციამ, ასევე საქართველოს რესპუბლიკამ და მას დღემდე, 15 წლის შემდეგაც ეყრდნობიან, როდესაც საქმე ამ კონფლიქტებზე მიდგება.

ვის ჰქონდა უფლება, ძალა გამოეყენებინა? დეტალური განხილვის შემდეგ საბოლოოდ მივედით დასკვნასთან, რომ არც არავის - არცერთ მხარეს არ ჰქონდა...

რადიო თავისუფლება: ანალოგიურად, ომის მემკვიდრეობაზეც გკითხავთ - 15 წლის შემდეგ, შეიცვალა თქვენეული ხედვა? როგორ უყურებთ მომხდარს დღეს, როდესაც იცით, როგორ განვითარდა მოვლენები მას შემდეგ...

ჰაიდი ტალიავინი: დღევანდელი გადმოსახედიდან ვიტყოდი, რომ ის, რაც 2008 წლის აგვისტოში საქართველოში მოხდა, ერთგვარ გენერალურ რეპეტიციას წააგავდა - იმისა, რაც შემდეგ უკრაინაში უნდა მომხდარიყო... მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ამით ანგარიშის „ხანდაზმულობაზე“ ლაპარაკი უსაფუძვლოა, რადგან ამ ანგარიშმა დროს გაუძლო, ის დღემდე აქტუალურია, განსაკუთრებით სამართალმცოდნეობის სფეროში. როგორც უკვე აღვნიშნე, მან დანერგა საერთაშორისო სტანდარტები - რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ.

მაგალითად, ის სიღრმისეულად განიხილავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სამართლებრივ სტატუსს. მასში დეტალურადაა განხილული თვითგამორკვევისა და გამოყოფის უფლებები. ანგარიშში საუბარია სხვა უმნიშვნელოვანეს თემებზეც, მათ შორის, პასპორტიზაციაზე - ვფიქრობ, პირველები ვიყავით, ვინც ამ პროცესზე საერთაშორისო სამართლის კუთხით ვრცელი ანალიზი წარმოადგინა. და რაღა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი ქვეთავი იმის შესახებ, თუ ვის ჰქონდა უფლება, ძალა გამოეყენებინა - დეტალური განხილვის შემდეგ საბოლოოდ მივედით დასკვნასთან, რომ არც არავის - არცერთ მხარეს არ ჰქონდა...

არაფერს შევცვლიდი - არანაირი შესწორებები და ახალი დასკვნები.

რადიო თავისუფლება: 15 წელი მაინც საკმაოდ დიდი დროა - არის რამე ამ ანგარიშში, რასაც დღეს სხვანაირად უყურებთ, რასაც შეიძლება, შეცვლიდით? ახალი დასკვნები, გააზრებები...

ჰაიდი ტალიავინი: პირდაპირ გეტყვით - არა. არაფერს შევცვლიდი - არანაირი შესწორებები და ახალი დასკვნები. ტექსტი ისევ ვალიდური და აქტუალურია. ერთი, რასაც ვიტყოდი, ალბათ არის ის, რომ ის დასკვნები, რომლებიც ანგარიშის შემდეგ უნდა გაეკეთებინათ დასავლეთში - ეს დასკვნები არ გაითვალისწინეს. 2009 წელს, რიგი ქვეყნები - განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები - უკვე აფრთხილებდნენ ევროკავშირს, თუ ვინ იქნებოდა შემდეგი, ვისი ჯერი დადგებოდა საქართველოს შემდეგ. ეს გაფრთხილება, ვგონებ, ყურად არ იღეს. როდესაც ომი მორჩა - ცეცხლი შეწყდა და მშვიდობამ დაისადგურა, მოხდა ის, რაც ლოგიკურად ხდება ხოლმე პოლიტიკაში - ურთიერთობები გაგრძელდა.

რადიო თავისუფლება: ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, ისედაც გახურებულმა საინფორმაციო ომმა დუღილის წერტილს მიაღწია - ითვლება, რომ ორივე მხარე მაქსიმალურად ცდილობდა ეს ანგარიში ბერკეტად გამოეყენებინა და დაემტკიცებინა, რომ სწორედ ისინი იყვნენ მართალი მხარე ამ კონფლიქტში. როგორ ფიქრობთ, ვის უფრო გამოუვიდა? ვინ მოიგო და წააგო ტალიავინის დასკვნით? ან კიდევ - ვინ უფრო იხეირა?

ჰაიდი ტალიავინი: როდესაც ანგარიში გამოქვეყნდა, მაშინ მახსოვს, ვთქვი, რომ ამ ომს გამარჯვებულები არ ჰყავდა. დღევანდელი გადმოსახედიდან კი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ერთადერთი გამარჯვებული რუსეთი აღმოჩნდა, ყველა დანარჩენმა კი წააგო. მაგრამ თქვენ სწორად აღნიშნეთ - ანგარიშზე მუშაობისას თავზე, ასე ვთქვათ, სპეკულაციებისა და პროპაგანდის ღრუბელი გვადგა - საბოლოოდ კი მივედით აი, ასეთ დასკვნამდე: რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევძლებთ ხელი შევუშალოთ ხალხს, წერონ, რაც უნდათ, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტები ხშირად საპირისპიროს მეტყველებენ, მაგრამ შეგვიძლია ამ ყველაფრის შემცირება. ეს ანგარიში ევროკავშირმა „დაუკვეთა“ - ეს იყო ევროპის, ევროკავშირის მოქალაქეების წუხილი, მათ სურდათ გაერკვიათ, რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში. ანგარიშით კი ძირითადად საქართველოსა და რუსეთში სპეკულირებდნენ, ევროპაში კითხვები არ გასჩენიათ..

რადიო თავისუფლება: ერთია, ვინ მოიგო და ვინ წააგო, მაგრამ მოდით კითხვის მეორე ნაწილს ჩავუღრმავდეთ. განვავრცოთ - მიუხედავად თქვენი მცდელობებისა, მაქსიმალურად ნეიტრალური ყოფილიყავით, საინფორმაციო ომში რომელ მხარეს უფრო წაადგა ტალიავინის დასკვნა?

ჰაიდი ტალიავინი: ჩემთვის ძნელი იქნება ამის თქმა, რადგან არც საქართველოში ვცხოვრობ და არც რუსეთში.

რადიო თავისუფლება: ვგულისხმობ, ვინ მოახერხა საერთაშორისო აზრის სათავისოდ გარდაქმნა?

ჰაიდი ტალიავინი: მოდით, ასე გიპასუხებთ: მე მჯერა, რომ თუ დღეს ვინმე დააპირებს ჩაუღრმავდეს 2008 წლის აგვისტოს ომის თემას საქართველოში, ეს ადამიანი ჩვენს ანგარიშს გვერდს ვერ აუვლის. ამ დოკუმენტს დაეყრდნობა. ინტერპრეტაციები შესაძლოა სხვადასხვანაირი იყოს, თავადაც გესმით, ისტორია ერთობ მოქნილია საკუთარი სიმართლის გამოსაძერწად. და რა თქმა უნდა, ამის მცდელობები იქნება, მაგრამ, თუ თქვენ მოგიწევთ ექსპერტული დასკვნის წარდგენა, უპირატესობას მიანიჭებთ დასკვნას ან ტექსტს, რომელსაც ისეთი საერთაშორისო ორგანიზაცია იზიარებს, როგორიც ევროკავშირია. ანგარიშს წონას ჰმატებს ის ფაქტიც, რომ ის ცნო ორივე მხარემ - საქართველომაც და რუსეთმაც.

ამ ინციდენტმა [ცხინვალის დაბომბვამ] საბაბი მისცა რუსეთის შემოჭრას, რასაც სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა, რადგან მათ ჰქონდათ უფლება გაეთავისუფლებინათ საკუთარი სამშვიდობოები.

რადიო თავისუფლება: ასეა - თუმცა ქართული მხარე, ვფიქრობ, სამართლიანი იქნებოდა თქმა, დღემდე თვლის, რომ ამ ანგარიშით რუსეთმა უფრო იხეირა, მეტწილად ფორმულირებების გამო. უკვე მესამე აბზაცში იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ანგარიში საქართველოს სდებდა ბრალს ომის გაჩაღებაში. რამდენად წონადია ეს არგუმენტი?

ჰაიდი ტალიავინი: ეს ერთგვარი რუბიკონია - წყალგამყოფი კითხვა. ცხინვალის დაბომბვის საკითხი. ბევრი ვიმუშავეთ ამ ტერმინის ფორმულირებაზე - მოხსენებაში ჩვენ მას დავარქვით ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტის დასაწყისი, ეს იყო კულმინაციის წერტილი დაძაბულობის, პროვოკაციებისა და სხვადასხვა ინციდენტის გრძელვადიანი პერიოდისა, რომელიც ამ ყველაფერს წინ უძღოდა..

ვფიქრობ, ჩვენი ფორმულირება სწორი იყო - მე პირადად ვმუშაობდი 5 წელი ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე, და მსგავსი დაძაბულობის პერიოდები უცხო არ იყო, 2008 წლისთვის სამხრეთ ოსეთის მხარეს უფრო გამძაფრდა სიტუაცია - ყოველ ზაფხულს იყო სროლები, შეტაკებები … ეს ერთგვარ მოცემულობად იქცა. მაგრამ შეტაკებები ერთია, პრობლემა კი ასე დგას - როდის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შეტაკებები ომში გადაიზარდა? რა მომენტში? და ვფიქრობ, ცხინვალის ინციდენტი [დაბომბვა - რ.თ.] იყო სწორედ ასეთი მომენტი და ამიტომაც იქცა იგი თავის ტკივილად ქართული მხარისთვის. ამ ინციდენტმა საბაბი მისცა რუსეთის შემოჭრას, რასაც, სხვათა შორის, სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა, რადგან მათ ჰქონდათ უფლება გაეთავისუფლებინათ საკუთარი მშვიდობისმყოფელები. ეს იყო ერთადერთი ძალა, რომელსაც უფლება ჰქონდა შესულიყო და გაეთავისუფლებინა ისინი. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ისინი მაშინვე უნდა გასულიყვნენ, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოში შემოჭრა განეგრძოთ. ასე რომ, სამწუხაროდ, სამართლებრივი გადმოსახედიდან ეს ინციდენტი იქცა სრულმასშტაბიანი შეჭრის მიზეზად. ახლა შეგვიძლია ვისპეკულიროთ, თუ რა მოხდებოდა, იმ 7-8 აგვისტოს ღამით ცხინვალი რომ არ დაებომბათ, მაგრამ ეს იყო გარდამტეხი მომენტი და ამის გამო სხვა ფორმულირება ვერ გვექნებოდა.

რადიო თავისუფლება: რაც შეეხება რუს სამშვიდობოებს - პირველი, რაც მინდა გკითხოთ, არის ის, თუ რამდენად შეიძლება მათი ქმედებები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში საერთოდ შეფასდეს, როგორც მშვიდობისმყოფლობა?

ჰაიდი ტალიავინი: შემიძლია მიგითითოთ ანგარიშის იმ ნაწილზე, რომელსაც სათაურად დაკვირვებები ჰქვია. ჩვენ დასკვნები არ გაგვიკეთებია, ეს იყო დაკვირვებები და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაკვირვება იყო ის, როდესაც ვამბობთ, რომ კონფლიქტის მონაწილე მხარე - მათ შორის იგულისხმება კონფლიქტის მონაწილე მხარის მხარდამჭერი აქტორიც - არ უნდა წარმოგვიდგეს, როგორც მშვიდობისმყოფელი, რადგან მიუკერძოებელი ვერ იქნება. ვფიქრობ, აქაც სწორ ფორმულირებას მივაგენით.

რადიო თავისუფლება: და განა ეს კითხვის ქვეშ არ აყენებს რუსი სამშვიდობოების ლეგიტიმაციას? თუ ისინი მიკერძოებულ მხარედ იქცნენ, რომელიც, როგორც ქართული მხარე ამტკიცებს, აქტიურად ეხმარებოდა სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ დაჯგუფებებსა და აფხაზებს, მაშინ რამდენად შეგვიძლია ისინი სამშვიდობოებად მოვნათლოთ? შესაბამისად, რამდენად სამართლიანია ანგარიშში მოყვანილი არგუმენტი, რომლის მიხედვითაც, რადგან ქართულმა მხარემ რუს სამშვიდობოებს ცეცხლი გაუხსნა, რუსეთს უფლება ჰქონდა შემოჭრილიყო და ისინი გადაერჩინა?

ჰაიდი ტალიავინი: არა, არა, არა - არასწორად მსჯელობთ. სამართლებრივი გადმოსახედიდან, თუ შენი სამშვიდობოები სხვა ქვეყანაში არიან, საქართველოში - მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა კითხვები მათ ნეიტრალურობასთან დაკავშირებით, რუსეთს ჰქონდა გადარჩენის და დაცვის უფლება, თავისი სამშვიდობოების ქვეყნიდან გაყვანის უფლება.

რადიო თავისუფლება: მაშინაც კი, თუ ეს სამშვიდობოები თავად იქცნენ კონფლიქტის მხარედ?

ჰაიდი ტალიავინი: სამართლებრივ დისკუსიაში ასე ვერ იმსჯელებ - ეს ემოციებია. სხვათა შორის, ანგარიშში ისიც წერია, რომ რუსეთის არასამშვიდობო ძალებიც იყვნენ იმ დროს საქართველოში, მაგრამ ამას არ ჰქონდა მასობრივი ხასიათი, შესაბამისად, ვერ მოხერხდებოდა ამის კვალიფიცირება რუსეთის შემოჭრად საქართველოში.

ქართული მხარისგან არ მიგვიღია არცერთი დოკუმენტი, რაც დანამდვილებით დაამტკიცებდა, თუნდაც ერთი ისეთი რუსული ტანკის სამხრეთ ოსეთში ყოფნას, რომელიც სამშვიდობოებს არ ეკუთვნოდა.

რადიო თავისუფლება: ირონიული შეკითხვისთვის მომიტევეთ, მაგრამ - ერთი რუსული ტანკიც კი, ან სულაც ერთი, ეული რუსი ჯარისკაცი თუ გადმოკვეთს შვეიცარიის საზღვრებს, ჩათვლის თუ არა ამას თქვენი ქვეყანა შეჭრად ან აგრესიის აქტად?

ჰაიდი ტალიავინი: თქვენ ახლა ვაშლებს ფორთოხლებს ადარებთ. ჩვენ მკაფიოდ ვთქვით ყველაფერი ანგარიშში - ქართული მხარისგან არ მიგვიღია არცერთი დოკუმენტი, რაც დანამდვილებით დაამტკიცებდა, თუნდაც ერთი ისეთი რუსული ტანკის სამხრეთ ოსეთში ყოფნას, რომელიც სამშვიდობოებს არ ეკუთვნოდა. ასე რომ, ვფიქრობ, ეს კითხვა საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას უნდა დაუსვათ. ჩვენ მათ ვთხოვეთ დოკუმენტაცია, რადგან ეს ძალიან სადავო საკითხი იყო, მაგრამ ის დოკუმენტაცია, რაც მოგვაწოდეს, 100-პროცენტიან მტკიცებულებას არ წარმოადგენდა, შესაბამისად, ფაქტად ვერ ჩავთვლიდით. იურისტები 100-პროცენტიანი მტკიცებულებებით მუშაობენ და ჩვენ არ გვქონდა 100-პროცენტიანი მტკიცებულება, რათა ამ კითხვისთვის ცალსახა პასუხი გაგვეცა.

რადიო თავისუფლება: გასაგებია. საწყის კითხვებს დავუბრუნდეთ - იმ დროისათვის, ვფიქრობ, დამეთანხმებით, დასავლეთში გაბატონებული იყო ერთგვარი დოგმა, მანტრა, რომლის თანახმადაც, რაც არ უნდა მომხდარიყო, აუცილებელი იყო რუსეთთან გარკვეული კავშირების შენარჩუნება, რადგან დასავლეთს არ ჰქონდა იმის ფუფუნება, რომ რუსეთი ღია მტრად ჰყოლოდა. როგორ ფიქრობთ, მოახდინა თუ არა ამ დოგმამ თუ განწყობამ გავლენა თქვენს ანგარიშზეც?

ჰაიდი ტალიავინი: არა, აბსოლუტურად არა. ჩვენი მანდატი იყო დამოუკიდებელი ფაქტების მომძიებელი კომისიის მანდატი და შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ არასდროს არავინ ჩარეულა ჩვენს საქმიანობაში, არავის მოუცია მითითებები, სრული დამოუკიდებლობა გვქონდა, ერთადერთი პირობა იყო - სრულ პასუხისმგებლობას ვიღებდით იმაზე, რასაც ვაკეთებდით და ვწერდით ანგარიშში. მაგრამ თქვენ მიერ აღწერილი დოგმატური გადმოსახედიდან არასდროს მივდგომივარ ამ ანგარიშს, ეს შემიძლია დარწმუნებით გითხრათ.

ჩვენი მთავარი მიზანი იყო, გარკვეული სიცხადე შემოგვეტანა იმაში, რაც 2008 წელს საქართველოში მოხდა. პროპაგანდის ღრუბლების გამო, ევროკავშირს სჭირდებოდა სიცხადე, სჭირდებოდა სარწმუნო წყარო, რომელიც ახსნიდა, რასთან გვქონდა საქმე. ევროკავშირის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ პირდაპირ გვითხრა: ამ მისიის მიზანია, გაირკვეს, როგორ უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობები რუსეთსა და საქართველოსთან, ასე ვთქვათ, რომელი ფეხი უნდა წავწიოთ წინ ამ დიპლომატიური ცეკვისას. ევროკავშირმა გადაწყვიტა, ნაბიჯი უკან გადაედგა, კარგად შეევლო თვალი მომხდარისათვის, გაერკვია, რეალურად რა მოხდა და შემდგომ ამაზე დაყრდნობით გაეგრძელებინა ურთიერთობები. იმიტომ რომ ომის შემდეგ პირდაპირ ისე ვერ გააგრძელებდნენ ყოველდღიურ ურთიერთობებს [რუსეთთან], როგორც მანამდე, თავს ვერ მოიკატუნებდნენ, თითქოს არაფერი მომხდარა. აი, ეს იყო მისიის მთავარი მიზანი.

ვფიქრობ, რომ ჩვენი დასკვნა, რომ ყველა მხარეს მიუძღვის თავისი წილი ბრალი, ლეგიტიმური და ვალიდურია.

რადიო თავისუფლება: რომ შევაჯამოთ - ანგარიშის მთავარი დასკვნაა, რომ შეცდომები ყველამ დაუშვა, ყველა მხარემ, და ყველა მხარეს შეიძლება დაეკისროს ბრალი, ბრალი უნდა გადანაწილდეს, ასე ვთქვათ. სწორია ეს შეფასება?

ჰაიდი ტალიავინი: ეს მხოლოდ ნაწილია მთლიანი სურათის. დიახ, ყველა მხარემ სამართლებრივად შეცდომები დაუშვა, იქნება ეს პასპორტიზაცია, სეპარატიზმის მხარდაჭერა თუ სხვა, ეს ხელს არ უწყობს მშვიდობიან თანაცხოვრებას. თუ თქვენ მთელ იურიდიულ ნაწილს წაიკითხავთ, იქ საკმარისად არის ნათქვამი, საით შეიძლება წავიდეს კონფლიქტი და, რომ ის შეიძლება გვერდითმა მოვლენამ გამოიწვიოს. მაგრამ პასუხისმგებლობები გადანაწილებულია. ჩვენ ისიც ვთქვით, მაგალითად, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა, რომ ქართულმა მხარემ გენოციდი ჩაიდინა სამხრეთ ოსეთში, როგორც ამას რუსეთი ამტკიცებდა, ამის საპირისპიროდ კი, ბლომად ვნახეთ ეთნიკური წმენდის ნიშნები, რომლებიც ოსებმა ჩაიდინეს და რუსმა სამშვიდობოებმა თუ ჯარისკაცებმა არ აღკვეთეს.

რადიო თავისუფლება: არ ვიცი, ნანახი გაქვთ თუ არა პუტინის ის კლიპი, თუ არ ვცდები, 2015 წლით თარიღდება, სადაც ღიად ამბობს, რომ ე.წ. ქართული ოპერაციის გეგმა ჯერ კიდევ 2007 წელს მოიწონეს და დაადასტურეს მოსკოვში. ამის ფონზე, და იმის ფონზე, რაც მერე უკრაინაში ვიხილეთ, მთელი ეს „პასუხისმგებლობები ორივე მხარეზე ნაწილდება“, რასაც თქვენი ანგარიში გვიქადაგებს, ცარიელ ჟესტად არ გეჩვენებათ?

ჰაიდი ტალიავინი: მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენი დასკვნა, რომ ყველა მხარეს მიუძღვის თავისი წილი ბრალი, ლეგიტიმური და ვალიდურია.

რადიო თავისუფლება: გასაგებია. როგორ ფიქრობთ, ვიხილავთ თუ არა ანალოგიურ საგამოძიებო მისიას უკრაინაშიც, როდესაც, როცა იქნება, ომი დამთავრდება?

ჰაიდი ტალიავინი: ძნელი სათქმელია. დამოკიდებულია იმაზე, როგორ დამთავრდება ომი და დათანხმდებიან თუ არა მხარეები მსგავს მისიას.

რადიო თავისუფლება: რაც შეეხება ამ ორივე მხარის თანხმობას - ინტერვიუს განმავლობაში რამდენჯერმე გაუსვით ხაზი იმას, რომ ორივე მხარემ, საქართველომაც და რუსეთმაც, საბოლოო ჯამში, ცნო და მიიღო ეს ანგარიში. საქართველომ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციას, რომელიც სწორედ თქვენს ანგარიშს ეყრდნობოდა. როგორ ფიქრობთ, რატომ გადადგეს ეს ნაბიჯი, თუ ეს დასკვნა მათთვის ასეთი მიუღებელი იყო? რამდენიმე წლის წინ, ინტერვიუში ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მითხრა, რომ ამ დეკლარაციაზე ხელმოწერასა და ტალიავინის ანგარიშის დასკვნებზე დათანხმებაზე იყო დიდწილად დამოკიდებული ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარების (4 მილიარდ ევროზე მეტი) მიღების საკითხი. შეგიძლიათ ამ ისტორიას მეტი ნათელი მოჰფინოთ?

ჰაიდი ტალიავინი: პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ ვერ დავადასტურებ, რომ საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებული დეკლარაცია სწორედ ჩვენს ანგარიშს ეფუძნებოდა. მართალია ის, რომ ანგარიში ევროსაბჭოს წარვუდგინეთ, ეს იყო, თუ არ მეშლება, 2010 წლის აპრილში და შემდეგ იყო დისკუსიაც, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, რას გულისხმობს პრეზიდენტი სააკაშვილი..

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG