Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსეთი ოკუპანტია" - კავკასიის ბარომეტრი და ლოგიკის ძიება მმართველი "ოცნების" რიტორიკაში


"ქართული ოცნების" ახალი პარტიული ოფისის გახსნისა და წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების ღონისძიება. 16 ივლისი, 2024 წელი.
"ქართული ოცნების" ახალი პარტიული ოფისის გახსნისა და წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების ღონისძიება. 16 ივლისი, 2024 წელი.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ ენდობა „CRRC-საქართველოს“ მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა თითქმის 70% მთავარ მტრად რუსეთს თვლის. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არა რუსეთისგან, არამედ გლობალური ომის პარტიისგან მომავალ საფრთხეებზე ლაპარაკობს.   

„ჩვენ ვსაუბრობთ, ვინც ქმნის პრობლემას საქართველოსთვის და ეს არის გლობალური ომის პარტია“, - უთხრა 22 ივლისს ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა რეფერენდუმად - „მშვიდობა VS ომი“ და ომის კომპონენტს ის არა რუსეთის, არამედ გლობალური ომის პარტიის ინტერესებს უკავშირებს.

ექსპერტები მიუთითებენ, რომ CRRC-ის კვლევის შედეგები არ არის შესაბამისობაში „ოცნების“ დეკლარირებულ პოზიციასთან. როცა ისინი მმართველი პარტიის რიტორიკაში ლოგიკის დანახვას ცდილობენ, ურთიერთგამომრიცხავ განმარტებებს ხედავენ.

რუსეთი ოკუპანტია, პრობლემას დასავლეთი ქმნის

„თქვენ ეთანხმებით გამოკითხულთა უმრავლესობის პოზიციას [რომ რუსეთი მთავარი მტერია]?“ - მედიის შეკითხვას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 22 ივლისს უპასუხა, რომ ის ეთანხმება ქვეყანაში არსებულ მოცემულობას, რომ - „ქვეყნის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული“ და ხედავს კიდევ ერთ მოცემულობას, რომ:

„2022 წლიდან დღემდე, გლობალური ომის პარტია, მათ შორის - კონკრეტული დასავლური სტრუქტურების ჩართულობით, ცდილობდა საქართველოში ომის, მეორე ფრონტის გამოწვევას“.

პრემიერ-მინისტრი არ განმარტავს, რა საფრთხეებია მოსალოდნელი ოკუპანტი ქვეყნისგან - რუსეთისგან. სამაგიეროდ, ამატებს, რომ გლობალური ომის პარტიის მიერ შექმნილ პრობლემას „საზოგადოება კარგად ხედავს, ხვდება ამ ყველაფერს და აქვს სწორი შეფასებები“. სწორედ ამიტომ მოხერხდა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება „ძალიან სერიოზული წნეხის მიუხედავად“, - ამბობს კობახიძე.

„კავკასიის ბარომეტრი“ - 2024 წლის კვლევით, რომლის ფარგლებშიც [2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე], საქართველოს მასშტაბით 1500-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა, რესპონდენტების 69% ქვეყნის მთავარ მტრად რუსეთს თვლის; ხოლო მთავარ მეგობრად - ამერიკის შეერთებულ შტატებს - 24%.

მთავარი მეგობრების ჩამონათვალში რუსეთი, 2%-იანი მაჩვენებლით, მე-6 ადგილზეა.

„თუკი საქართველოს 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს, რატომ არ გინდა, რომ მთავარ საფრთხედ რუსეთი აღიარო - რომ მთავარი საფრთხეები რუსეთს უკავშირდება და არა რაღაც გამოგონილ გლობალური ომის პარტიას?!“ - რიტორიკულ შეკითხვას სვამს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე, რომლისთვისაც „ქართული ოცნების“ რიტორიკა სრულიად ალოგიკურია, მაგრამ იმით ხსნის, რომ ახლა ხელისუფლებისთვის „მთავარია არა ქვეყნის უსაფრთხოება, არამედ საკუთარ ძალაუფლების შენარჩუნება“.

„CRRC-საქართველოს“ კვლევის შედეგები გიორგი მუჩაიძისთვის იმის მანიშნებელია, რომ - „მმართველი პარტიის პროპაგანდას არა აქვს ის გავლენა და ეფექტიანობა ხალხში, რის მიღწევასაც ცდილობდნენ“.

„ასეთი კვლევები საერთოდ არ არის სანდო“, - თქვა 22 ივლისს, „CRRC-საქართველოს“ კვლევის შედეგების კომენტირებისას ირაკლი კობახიძემ.

მშვიდობა VS ომი და რუსული ტანკები

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას ომისა და მშვიდობის დაპირისპირებაზე [მშვიდობა VS ომი] აგებს და ეს არჩევანი, 16 ივლისს, პარტიის ახალი ოფისის გახსნის ღონისძიებაზეც გაახმაურეს.

პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, თავის გამოსვლაში არც რუსეთი უხსენებია და არც ოკუპაცია, 2008 წლის აგვისტოს ომი კი კვლავ - „დაკვეთად“ მოიხსენია.

29 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, „აგენტების კანონის“ მომხრეთა სახელისუფლებო შეკრებაზე, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოსა და უკრაინასთან რუსეთის ომები არა რუსეთს, არამედ დასავლეთს დააბრალა და თქვა, რომ „მათ [გლობალური ომის პარტიამ] ჯერ საქართველო დააპირისპირეს რუსეთთან, ხოლო 2014 და 2022 წლებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში უკრაინა ჩააყენეს“.

„ქართული ოცნების“ მიხედვით, საქართველოში ომი გლობალური ომის პარტიას უნდა, მაგრამ იგულისხმება ომი არა დასავლეთის რომელიმე ქვეყანასთან, არამედ ისევ - რუსეთთან.

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, კახა გოგოლაშვილი გვეუბნება, რომ „ქართული ოცნება“ „მრავალმხრივად ჩახლართულ მესიჯებს“ იყენებს, მაგრამ კარგად დაფიქრების შემთხვევაში, ნებისმიერი ადამიანისთვის ყველაფერი გასაგები იქნება.

„ესენი გვეუბნებიან, ომის პარტია არა რუსეთში, არამედ - აშშ-ში და ევროპაშიაო, მაგრამ ხალხს აშინებენ ომით რუსეთთან. უკვე ამაშია ლოგიკური წინააღმდეგობა - თუ მაშინებ ამერიკით და ევროპით, რომ საფრთხე იქიდან მოდის, მაშინ ის უნდა მითხრა, რომ - ამერიკელები ან ევროპელები უნდა დაგვესხან თავს... თუ იქ არის ომის პარტია, რუსეთით რატომ მაშინებ?! რას ნიშნავს, რა სისულელეა?!“, - კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ რიტორიკა შიშების გაღვივებაზეა გათვლილი.

თბილისში რუსული ტანკების დგომა - ეს წინადადება „ქართული ოცნების“ რიტორიკიდან არის.

  • 2023 წლის 2 მარტს, ირაკლი კობახიძემ, მმართველი პარტიის თავმჯდომარის რანგში, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმების [„შარლ მიშელის“ შეთანხმება“] შესრულების შემთხვევაში, თბილისში იდგებოდა რუსული ტანკები“ და, რომ ამ შეთანხმებაში ესკალაციის სცენარი იყო ჩადებული. 19 აპრილის შეთანხმება 2021 წელს გაფორმდა. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული რუსეთის ომი უკრაინაში.
  • ჩვენ რომ თავის დროზე, 2-3 წლის წინ მართლა ორ ფეხზე მყარად არ დავმდგარიყავით, დღეს თბილისში რუსული ტანკები იქნებოდნენ“, - უთხრა უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს, 2024 წლის აპრილში და ისიც აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოში ნებისმიერი არეულობით ისარგებლებს.

ამ დრომდე, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, არცერთი ხელისუფლება არ უარყოფდა, რომ რუსეთი საქართველოს მთავარი მოწინააღმდეგეა და თავად რუსეთმაც ეს არაერთხელ დაადასტურა, ომების გაჩაღებით. უკრაინაში რუსეთის შეჭრამ მსოფლიო დაარწმუნა, რომ რუსეთს ომისთვის საფუძველიც არ სჭირდება.

ბოლო პერიოდში „ქართული ოცნება“ ხაზგასმით განმარტავს, რომ გლობალურ ომის პარტიაში არ გულისხმობს აშშ-სა და ევროკავშირს; მაგრამ გულისხმობს ძალას, რომელსაც აქვს დიდი გავლენა აშშ-ისა და ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებზე.

„ოცნება“ აშშ-სა და ევროპის ქვეყნებთან მკვეთრად გაუარესებულ ურთიერთობებსაც გლობალური ომის პარტიას მიაწერს და პარალელურად, აცხადებს, რომ - უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, ყველაფერი თავის ძველებურ კალაპოტს დაუბრუნდება.

ტრამპი თუ გაიმარჯვებს არჩევნებში, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება. შესაბამისად, უფრო მალე დამშვიდდება ჩვენი რეგიონი, რაც შეცვლის დამოკიდებულებას კონკრეტულად საქართველოს მიმართაც“, - თქვა ირაკლი კობახიძემ 22 ივლისს, ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა აშშ-ში რესპუბლიკური პარტიის კონგრესს ესწრებოდა, როცა დონალდ ტრამპი „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელეს.

„ივანიშვილის პროპაგანდა, თითქოს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ის შეძლებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენას, მტკნარი სიცრუე და საქართველოს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა“, - განაცხადა ბოკუჩავამ 22 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას აქვს ორპარტიული მხარდაჭერა დემოკრატებისგან, ისევე როგორც რესპუბლიკელებისგან“ და „შესაბამისად, ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია არა ამერიკის შეერთებულ შტატებში ხელისუფლების ცვლილების, არამედ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების და ივანიშვილის ხელისუფლების ჩანაცვლების შედეგად“.

კიდევ რა აჩვენა "CRRC-საქართველოს" კვლევამ

ევროკავშირში გაწევრიანებას სრულად უჭერს მხარს გამოკითხულთა - 48%; უფრო უჭერს მხარს, ვიდრე არა - 22%; ხოლო ნაწილობრივ უჭერს მხარს კიდევ - 14%.

ევროკავშირს სრულად ენდობა გამოკითხულთა - 21%, ხოლო უფრო ენდობა, ვიდრე არ ენდობა - 36%; ნდობის კუთხით ინდიფერენტულია [„არც ვენდობი და არც არ ვენდობი“] - 18%. საერთოდ არ ენდობა - 10%, ხოლო უფრო არ ენდობა, ვიდრე ენდობა - 8%.

ნატოში გაწევრიანებას სრულად ან „უფრო“ უჭერს მხარს - 57%; ხოლო ნაწილობრივ - 18%. მხარს არ უჭერს - 8%, ხოლო უფრო არ უჭერს, ვიდრე უჭერს - 8%.

ნდობის საერთო მაჩვენებელი, უნდობლობაზე მაღალია ნატოსთან მიმართებითაც.

ძალიან დაბალია ნდობა რუსეთის მიერ მართული სტრუქტურების - კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისა [ОДКБ] და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) მიმართ.

ქვეყანაში არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს შორის - გამოკითხულთა 5% ასახელებს „ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფის სირთულეს“ [ჩამონათვალში მე-7]; ხოლო „მოუგვარებელ ტერიტორიულ კონფლიქტებს“ - 4% [ჩამონათვალში მე-8]. პრობლემების პირველ ხუთეულში კი შედის:

  • უმუშევრობა - 26%
  • სიღარიბე - 13%
  • პოლიტიკური არასტაბილურობა საქართველოში - 10%
  • ფასების ზრდა/ინფლაცია - 7%
  • ჯანდაცვა არ არის ხელმისაწვდომი - 6%

გამოკითხულთა 92%-ს მონაწილეობა არ აქვს მიღებული [ბოლო 12 თვის განმავლობაში] დემონსტრაციასა ან საპროტესტო აქციაში. შეკითხვას დადებითად უპასუხა მხოლოდ 6%-მა.

ამასთან, გამოკითხულთა 59% სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხალხი უნდა მონაწილეობდეს საპროტესტო აქციებში; ხოლო 22% თვლის, რომ - ხალხმა არ უნდა მიიღოს მონაწილეობა.

მომავალ კვირას რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას?

ამ შეკითხვას დადებითად პასუხობს - 65%, ხოლო 18%-ის პასუხია - „ალბათ“. 5% არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG