Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ამბობს სმითების მკვლელობაში ბრალდებული


მცხეთის სასამართლო
მცხეთის სასამართლო

„გთხოვ, სიმართლე თქვი, მახო,“ - მიმართა სმითების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის დედამ, მარიამ მარტიაშვილმა, შვილს, როცა ის მცხეთის რაიონულ სასამართლოს დარბაზში შემოიყვანეს. მალხაზ კობაურმა სასამართლოს მხოლოდ ერთი ფრაზა უთხრა, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია, „ისინი მე არ დამიხოცია, ისინი ორი, უცხო ორი მამაკაცი იყო და იმეებმა დახოცეს და დამემუქრნენ, რომ დედმამიშვილებს დამიხოცავდნენ და მაგიტო დავმალე“.

ბრალდება აგებულია ერთ ჩვენებაზე, რომელიც კობაურს გაურკვეველ ვითარებაში აქვს მიცემული, და საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს...
ალუდა ბუჩუკური

სასამართლო პროცესზე, მტკიცებულებათა ერთობლიობაზე დაყრდნობით, ბრალდების მხარის წარმომადგენელმა პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა, გამოძიების ხელთ არსებული მასალების მიხედვით, განმარტა, რომ გამოძიების ამ ეტაპზე სხვა ბრალდებულთა ვინაობა არ იკვეთება. პროკურორის მტკიცებით, ბრალდებული ჯერ პოლიციისთვის კვალის არევას ცდილობდა, შემდეგ თავად უჩვენა, სად იყო დამალული მოკლული ბავშვის ცხედარი და დანაშაულის იარაღი, დღეს კი პოზიცია შეცვალა და ბრალს არ აღიარებს. პროკურორ დავით ყაზარაშვილის განცხადებით, მალხაზ კობაურმა რაიან სმითის მოკვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სმითმა იარაღის დაუდევრად გამოყენების გამო შენიშვნა მისცა. პროკურორის ინფორმაციით, კობაურმა ჯერ რაიან სმითი მოკლა, შემდეგ თავის არეში ესროლა მის მცირეწლოვან შვილს, შემდეგ კი რაიან სმითის ცოლს დაედევნა მოსაკლავად.

ჯერ არ დასრულებულა ექსპერტიზა იარაღსა და ასევე მოკლულთა სხეულებზე აღმოჩენილ ნატყვიარებზე.

რას ამბობს სმითების მკვლელობაში ბრალდებული
please wait

No media source currently available

0:00 0:02:16 0:00

დაცვის მხარის პოზიციით, საქმეში არ არსებობს არც ერთი უტყუარი მტიცებულება, გარდა თავად მალხაზ კობაურის მიერ მიცემული ჩვენებისა, რომელიც მის ბრალეულობას დაადასტურებდა.

„ბრალდება აგებულია ერთ ჩვენებაზე, რომელიც კობაურს გაურკვეველ ვითარებაში აქვს მიცემული, და საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს და ვერ ადასტურებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას“, - აცხადებს მალხაზ კობაურის ადვოკატი ალუდა ბუჩუკური.

ხადის ხეობაში გასულ კვირაში გაუჩინარებული სმითების ოჯახის სამი წევრის ცხედრები 6, 7 და 8 ივლისს აღმოაჩინეს. გამოძიების ინფორმაციით, მამა და 4 წლის შვილი მოკლულია, დედა კი გაქცევისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.

ამერიკელმა რაიან და ლორა სმითებმა, რომლებიც საქართველოში 6 წელზე მეტხანს ცხოვრობდნენ, საქართველოში ორმაგი მოქალაქის სტატუსი 2012 წელს მიიღეს. ისინი ცხოვრობდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სადაც ხელით ნაქსოვი ხალიჩების ბიზნესი ჰქონდათ და სოციალურ პროექტებს ახორციელებდნენ.

მალხაზ კობაურის წინასასამართლო სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 4 სექტემბერს გაიმართება.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG