Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას საქმიანობდნენ რაიან და ლორა სმითები საქართველოში? 


სმითების ოჯახი
სმითების ოჯახი

ხადის ხეობაში მოკლული რაიან და ლორა სმითები საქართველოში წლების წინ ჩამოვიდნენ და მარნეულში დასახლდნენ. აქ ლორა ინგლისურს ასწავლიდა, რაიანს კი ხელით ნაქსოვი ხალიჩების ბიზნესი ჰქონდა. იმ სოფლებში, სადაც ორნამენტებიან ხალიჩებს ტრადიციული მეთოდით ქსოვენ, პერიოდულად ტურისტებიც დაჰყავდა, რომლებსაც უფრო ახლოს აცნობდა ქართულ და აზერბაიჯანულ ტრადიციებს.


რას ყვებიან მეგობრები და ნაცნობები პირად საუბრებში სმითების ოჯახზე?

  • სმითების ოჯახის საქართველოში დარჩენის ერთ-ერთი მიზეზი ოჯახური ტრაგედია იყო. მათ არ სურდათ დაეტოვებინათ პირველი შვილის საფლავი, რომელიც საქართველოში ცხოვრების პირველ წლებში შეეძინათ და აქაა დაკრძალული.
  • 4 წლის ვაჟი, რომელიც ხადის ხეობაში მშობლებთან ერთად მოკლეს, მათი მეორე შვილი იყო, რომელზედაც ორივე მშობელი განსაკუთრებით ზრუნავდა.
  • საქართველოში ჩამოსვლამდე რაიანი აზერბაიჯანში ცხოვრობდა.
  • რაიანის მიერ დაარსებული კომპანიის reWoven-ის ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, რაიანმა ამერიკის შეერთებული შტატები 2002 წელს დატოვა. მან აზერბაიჯანი "მოგზაურობისა და უცნობ კულტურათა აღმოჩენის” სიყვარულის გამო არჩია.
  • ხალიჩების ბიზნესში სწორედ ბაქოში ცხოვრებისას ჩაერთო, რამაც საკუთარი კომპანიის დაფუძნებისკენ უბიძგა.
  • კომპანიის ვებსაიტზე ასევე ვკითხულობთ, რომ რაიანი ბაქოში ნანახმა ხალიჩათა ქსოვის უძველესმა ტექნიკამ აღაფრთოვანა და იქვე წამოიწყო ბიზნესი. 2005 წელს “გაუთვალისწინებელმა გარემოებებმა” მას სამშობლოში დაგეგმილზე ადრე დაბრუნება აიძულეს. სამშობლოში ის ხვდება ლორას და ქმნიან ოჯახს.
  • 2012 წლიდან ლორა და რაიან სმითები საქართველოს მოქალაქეობას იღებენ და ორმაგი მოქალაქეები ხდებიან. ამ დროისთვის მათ უკვე გადაწყვეტილი აქვთ აქ ხანგრძლივად ცხოვრება.
  • გასული სამი წლის განმავლობაში სმითები მხოლოდ ერთხელ იყვნენ ამერიკაში წასულები.
  • რაიანს ჰყავს ტყუპისცალი ძმა, რომელიც ამავე ბიზნესით არის დაკავებული.
  • რაიანი სრულყოფილად ფლობდა აზერბაიჯანულ ენას.
  • სმითები ღრმად მორწმუნე ქრისტიანები იყვნენ.
  • 2011 წელს ერთ-ერთ ევანგელისტურ ვებ-საიტზე რაიან და ლორა სმითები სხვა რამდენიმე პირთან ერთად, რომლებიც ასევე სამშობლოდან შორს, სხვა ქვეყნებში ცხოვრობდნენ, ბავშვების ქრისტესთან მიმყვან მისიონერებად არიან მოხსენიებულები. ​
  • აქ სმითებზე წერია, რომ ისინი საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ეხმარებიან შემდეგი პროექტებით: - “ახალგაზრდები მისიით” და “ათასწლეულის განვითარების სერვისები.” ისინი ცდილობენ სახარება ადგილობრივ აზერბაიჯანელებს გაუზიარონ. ლორა ინგლისური ენის მასწავლებელია, რაიანი კი ადგილობრივი თემის დასახმარებლად საჭირო ახალი გზების მუდმივ ძიებაშია.
  • საბავშვო მოედანი, რომლის მოწყობასაც რაიანი მარნეულის ცენტრში გეგმავდა, სურდა რომ ქრისტეს სახელის ყოფილიყო.
  • მარნეულის გამგეობაში სხვადასხვა მედიასაშუალებებისთვის ნათქვამი მიზეზი, რის გამოც საბავშვო მოედნისთვის ადგილის გამოყოფაზე თანხმობას არ აძლევდნენ რაიან სმითს, დაფინანსების წყაროების საეჭვოობა და შერჩეული ადგილის ნაკლები გამწვანება იყო, თუმცა ადგილობრივები ეჭვობენ, რომ პარკისთვის ღმერთის სახელის დარქმევამ შეაფერხა ეს პროცესი.
  • რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა წყარომ უთხრა, რომ გამგეობის თანამშრომლების თქმით, რაიანი უშიშროების სამსახურის დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა მისი საქმიანობის გამო, რომელიც ეჭვებს აჩენდა და ასეთი პირისთვის ქალაქის ცენტრში პარკის მოსაწყობად ტერიტორიის გადაცემა არ გამოვიდოდა.

მარნეულში იმ ადგილას, სადაც რაიანი საბავშვო მოედნის მოწყობას აპირებდა, მეგობრები ხუთშაბათს, 12 ივლისს სამოქალაქო პანაშვიდის მოწყობას აპირებენ. სმითების ეზოში ამ დრომდე დგას ბავშვის ველოსიპედი, ქვიშაში კი მისი სათამაშოები ყრია. მისი ნაცნობები მკვლელობის ვერსიაზე საუბრისას რაიანის ძლიერ აღნაგობაზე აკეთებენ აქცენტს და ამბობენ, რომ ერთ ადამიანს მასთან გამკლავება გაუჭირდებოდა და ეჭვობენ, რომ ტრაგედიას შესაძლოა ერთზე მეტი დამნაშავე ჰყავდეს.

  • 16x9 Image

    ნასტასია არაბული

    მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების გაშუქებაზე, განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს განათლებისა და კულტურის პოლიტიკა, კორუფცია, მართლმსაჯულება, ასევე ქალაქგეგმარებისა და ურბანული განვითარების საკითხები.

    2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. არის ავტორი პროექტებისა აგვისტოს ომის და  20 ივნისს დაზარალებულების შესახებ.

  • 16x9 Image

    დათო ქორიძე

    რეპორტიორი, ფოტოგრაფი. მუშაობს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სხვა სოციალურ საკითხებზე. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2015 წლიდან.

XS
SM
MD
LG