რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, 25 სექტემბრის შუადღისთვის ლაჩინის დერეფნის გავლით სომხეთის საზღვარი საერთო ჯამში 5000-მა ადამიანმა გადაკვეთა. მოვლენათა ასეთი განვითარების შედეგად სერიოზული გამოწვევების წინაშე მყოფმა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სომხეთის მთავრობა მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა შექმნას საერთაშორისო მექანიზმები მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
"მაგრამ თუ ეს ძალისხმევა კონკრეტულ შედეგს ვერ გამოიღებს, მაშინ ხელისუფლება ზრუნვით მიიღებს მთიანი ყარაბაღის ჩვენს დებსა და ძმებს სომხეთის რესპუბლიკაში“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა 24 სექტემბერს გაკეთებულ მიმართვაში.
ბაქო აცხადებს, რომ დაცული იქნება ეთნიკური სომხების უფლებები - მოსახლეობისა, რომელიც, სომხური წყაროების თქმით, ყარაბაღში სულ ცოტა 100 000-მდე ადამიანს შეადგენს, აზერბაიჯანის მხარე კი ამ მონაცემს ანახევრებს.
მაგრამ ვიდრე ასეთი საერთაშორისო მექანიზმები არ არსებობს, ბაქოს სიტყვიერი დაპირების ან ე.წ. რუსი მშვიდობისდამცველების იმედად ყოფნა ყარაბაღში დარჩენილი სომხური მოსახლეობიდან არავის სურს.
"ჩვენს ხალხს არ სურს აზერბაიჯანის ნაწილად ცხოვრება. 99.9 პროცენტს ურჩევნია დატოვოს ჩვენი ისტორიული მიწები", - უთხრა სააგენტო "როიტერსს" დავით ბაბაიანმა, სეპარატისტული მთავრობის დე ფაქტო ლიდერის, სამველ შაჰრამანიანის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში.
„ვისაც სურვილი აქვს, წასვლას ყველა შეძლებს“
ისინი [დევნილები] დაუყოვნებლად შეუერთდებიან დემონსტრანტებს და მეორე სუნთქვას შთაბერავენ პროტესტს, რომელსაც ეს აშკარად არ ჰყოფნისვადიმ დუბნოვი
რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, მთიანი ყარაბაღის დატოვების მსურველთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ხალხის ნაკადმა გრძელი საცობი წარმოქმნა ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ გზაზე.
მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ 25 სექტემბერს განაცხადა, რომ უფასო საწვავს დაურიგებს იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ თავიანთი ავტომობილებით შეუერთდნენ სომხეთისკენ მასობრივ მსვლელობას.
„ყველა ადამიანს, რომელსაც სურს არცახის (ასე ეძახიან სომხები მთიან ყარაბაღს. რედ.) დატოვება, მიეცემა ასეთი შესაძლებლობა“, - ნათქვამია მთიანი ყარაბაღის ხელისუფლების განცხადებაში.
იქვე ხაზგასმულია გარკვეული წესების დაცვის აუცილებლობაც. კერძოდ, პირველ ყოვლისა უნდა მოხდეს აზერბაიჯანის მიერ დაწყებული ორდღიანი საომარი მოქმედებების შედეგად დაჭრილი და თავიანთი სახლებიდან გამოდევნილი ადამიანების ევაკუაცია.
სომხეთის სახალხო დამცველმა ანაიტ მანასიანმა, 20 სექტემბერს განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში დაიღუპა 32 და დაიჭრა 200-ზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი.
მანამდე 19 სექტემბერს გამოაცხადა, რომ დაიწყო „ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები“.
აზერბაიჯანმა ოპერაციის დაწყების მიზეზად დაასახელა „სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფების“ მიერ „ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში“ დადებულ ნაღმებზე აფეთქების შედეგად აზერბაიჯანის გზების სახელმწიფო სააგენტოს 2 თანამშრომლის და შინაგანი ჯარის 4 სამხედრო მოსამსახურის დაღუპვა. ბაქომ ერევანი დაადანაშაულა „მიზანმიმართული ტერორისტული პოლიტიკის“ გაგრძელებასა და დარღვევაში რუსეთის შუამავლობით 2020 წლის ნოემბერში ხელმოწერილი შეთანხმების, რომლის საფუძველზეც აზერბაიჯანმა დაიბრუნა 90-იან წლებში ყარაბაღში დაკარგული რაიონების ნაწილი.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში სომხეთის არმიის ქვედანაყოფების ყოფნა უარყო და აზერბაიჯანის მიზნად დაასახელა ყარაბაღის მოსახლეობის ეთნიკური წმენდა და საბრძოლო მოქმედებებში სომხეთის ჩათრევა.
„ეთნიკური წმენდა“ ნიკოლ ფაშინიანმა 24 სექტემბერს გაკეთებულ მიმართვაშიც ახსენა მას შემდეგ, რაც ყარაბაღში შექმნილ ჰუმანიტარულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა აზერბაიჯანს და რუსეთის „მშვიდობის დამცველებს“ დააკისრა.
„ბოლო დღეებში მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მარაგი ჩამოვიდა, მაგრამ ეს სიტუაციას არ ცვლის. და თუ მთიანიყარაბაღელი სომხებისთვის არ შეიქმნება საკუთარ სახლებში ცხოვრების რეალური პირობები და ეთნიკური წმენდისგან დაცვის ეფექტური მექანიზმები, - მნიშვნელოვნად გაიზრდება ალბათობა იმისა, რომ მთიანიყარაბაღელი სომხები, მათი სიცოცხლისა და იდენტობის გადარჩენის ერთადერთ გზად, სამშობლოს დატოვებას ჩათვლიან. მოვლენების ასეთ განვითარებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად დაეკისრება აზერბაიჯანს, რომელმაც ეთნიკური წმენდის პოლიტიკა მიიღო, და მთიან ყარაბაღში მყოფ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტს. რა თქმა უნდა, სომხეთის მთავრობა მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა შექმნას საერთაშორისო მექანიზმები მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მაგრამ თუ ეს ძალისხმევა კონკრეტულ შედეგს ვერ გამოიღებს, მაშინ ხელისუფლება ზრუნვით მიიღებს მთიანი ყარაბაღის ჩვენს დებსა და ძმებს სომხეთის რესპუბლიკაში“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა 24 სექტემბერს გაკეთებულ მიმართვაში.
ცნობილია, რომ ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, 5 ოქტომბერს ესპანეთში, გრენადაში შეხვდება, რათა კიდევ ერთხელ შეახსენოს აზერბაიჯანელ კოლეგას მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტიები.
მანამდე ილჰამ ალიევმა 25 სექტემბერს ნახიჩევანში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან შეხვედრის დროს განაცხადა, "სომხური მოსახლეობის ინტეგრაცია აზერბაიჯანის შემადგენლობაში წარმატებული იქნება."
თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სხვა საერთაშორისო მექანიზმებსაც აქტიურად გამოიყენებს, რათა არ დაუშვას მთიანი ყარაბაღის დაცლა ადგილობრივი სომხური მოსახლეობისგან, რამაც, შესაძლოა, გარკვეული საფრთხე შეუქმნას ხელისუფლების სტაბილურობას.
„მეორე მხრივ, ყველა პოლიტიკური სირთულის მიუხედავად, რომელსაც სომხეთის ხელისუფლება ამჟამად განიცდის, ვიმეორებ, რომ მას სრულებით არ უნდა უნდოდეს ათასობით [ყარაბაღელი] ადამიანის ნახვა მოედანზე [ერევნის ცენტრში], რადგან ისინი დაუყოვნებლად შეუერთდებიან დემონსტრანტებს და მეორე სუნთქვას შთაბერავენ პროტესტს, რომელსაც ეს აშკარად არ ჰყოფნის“, - ამბობს "ეხო კავკაზას" მიმომხილველი ვადიმ დუბნოვი.
"იქნება სომხეთი სუვერენული სახელმწიფო, თუ შეშინებული განაპირა პროვინცია"?
ყოველი მოქალაქე ვალდებულია გააკეთოს არჩევანი: ის დამოუკიდებლობის დაცვისათვის მოძრაობის წევრია, თუ განაპირა პროვინციის მომხრენიკოლ ფაშინიანი
პოლიტიკური სიტუაცია კი სომხეთის დედაქალაქში კვლავაც ძალიან დაძაბულია.
ერევანში ერთი კვირის წინ დაწყებული საპროტესტო აქციების განმავლობაში ასზე მეტი ადამიანია დაკავებული.
სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური ერევნის ყოფილ მერს, ალბერტ ბაზეიანს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მკვლელობისა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში ადანაშაულებს. ბაზეიანი რამდენიმე დღის წინ დააკავეს.
23 სექტემბერს დაკავებულთა შორის იყო ლევონ ქოჩარიანი, ქვეყნის მეორე პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ვაჟი. დაკავებულის ადვოკატის თქმით, პოლიციამ უმცროს ქოჩარიანს სცემა. დაზარალებული საავადმყოფოში მოათავსეს. ასევე დროებით დააკავეს აქციის ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი ოპოზიციონერი დეპუტატი ანდრანიკ თევანიანი.
აქციის მონაწილეები ითხოვენ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას და ჰუმანიტარულ დახმარებას მთიანი ყარაბაღისთვის. შეიქმნა ეროვნული კომიტეტი პრემიერ-მინისტრის ხელისუფლების გადასაყენებლად, საპარლამენტო ოპოზიცია კი ფაშინიანის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას აპირებს.
თავად სომხეთის პრემიერ-მინისტრი კი ქვეყნის შიგნით განვითარებულ მოვლენებს, სომხეთის დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეების მიერ ინსპირირებულად მიიჩნევს.
„ბოლო წლებსა და ამჟამად ჩვენ გარშემო მოვლენების სიღრმისეული საზრისი ასეთია: იქნება სომხეთი სუვერენული, თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფო, თუ შეშინებული განაპირა პროვინცია? პრაქტიკულად უკვე ასეთი არჩევანი ღიად და გამჭვირვალედ დადგა სომხეთის შიდა პოლიტიკურ ველზე. და ყოველი მოქალაქე ვალდებულია გააკეთოს არჩევანი: ის დამოუკიდებლობის დაცვისათვის მოძრაობის წევრია, თუ განაპირა პროვინციის მომხრე“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა 24 სექტემბერს მოქალაქეების წინაშე სატელევიზიო გამოსვლაში.
საპროტესტო აქციები ერევანში მოჰყვა სომხეთის მთავრობის პოზიციას, დათანხმებოდა მთიან ყარაბაღში (სომხური სახელწოდება - არცახი) აზერბაიჯანის პირობებით ზავის დამყარებას. მათი თქმით, არაღიარებულ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას ჩამოერთვა ავტონომია და აზერბაიჯანის სრული კონტროლის ქვეშ მოექცა.
ბაქო კი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობის უსაფრთხოებასა და სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციაზე აზერბაიჯანის ხელისუფლება იზრუნებს.
„ეს გეგმა მომზადდა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ყარაბაღის სომხური წარმომავლობის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაცია აზერბაიჯანის შიდა პრობლემას წარმოადგენს“, - განაცხადა 20 სექტემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, ჰიქმეთ გაჯიევმა.
მაგრამ ამ სიტყვიერი დაპირების მიუხედავად, არავინ იცის, თუ რა ბედი ელით მთიან ყარაბაღში დარჩენილ სომხებს: მოუწევთ თუ არა მათ აზერბაიჯანულის შესწავლა, შეძლებენ თუ არა რეინტეგრაციის შემდეგ სომხურ ენაზე სწავლას და ექნება თუ არა ყარაბაღს ავტონომიური სტატუსი აზერბაიჯანის შემადგენლობაში?
„სკოლებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ საერთაშორისო ზეწოლის გათვალისწინებით, ალბათ [სომხებს] გარკვეული უფლებები მიეცემათ. კულტურულ პლანში, ვფიქრობ, გარკვეული დათმობა იქნება. მაგრამ ვფიქრობ ეს იქნება მაქსიმუმი და რაღაც რადიკალური ცვლილებები არ იქნება. რადგან მეორე ომის შემდეგ შეიქმნა ძეგლები, მუზეუმები, მოხვდა ცვლილება ისტორიის სახელმძღვანელოებში, რომ „ჩვენ გავიმარჯვეთ, ჩვენ რკინის მუშტით დავამარცხეთ სომხები“. აზერბაიჯანის ისტორიის სახელმძღვანელოებში, მაგალითად, ნათქვამია, რომ სომხები არასოდეს არ ცხოვრობდნენ კავკასიის ტერიტორიაზე და ისინი მოსულები არიან. ამის შეცვლა, რა თქმა უნდა საჭიროა, მნიშვნელოვანია. მაგრამ არა მგონია, რომ ეს უახლოეს დროში იყოს შესაძლებელი“, - ამბობს ბაჰრუზ სამედოვი, კავკასიის საკითხების მკვლევარი, პრაღის კარლოსის უნივერსიტეტის დოქტორანტი.
რაც შეეხება ავტონომიას, ყარაბაღის პირველი და მეორე ომების შუალედში მიმდინარე მოლაპარაკების პროცესის დროს, აზერბაიჯანი სთავაზობდა სომხებს ავტონომიას. მაგრამ მას შემდეგ, რაც ბაქომ დაიბრუნა კონტროლი მთიან ყარაბაღზე, სამედოვის თქმით, ავტონომიის მინიჭების საკითხი ამ ეტაპზე არარეალური ჩანს.
"ახლა ...აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ჩვენ მორალურად უპირატესობა გვაქვს, რადგან ჩვენ ვართ მხარე, რომელმაც ომი მოიგო. „და მრავალწლიანი დამცირების შემდეგ, გვაქვს უფლება, ვუკარნახოთ [სომხებს] საკუთარი პირობები“. ამიტომ, როგორც ილჰამ ალიევი ამბობდა მეორე ომის დროს, „სტატუსი ჯოჯოხეთში წავიდა“, ანუ „ჯოჯოხეთში შთაინთქა,“ - ამბობს ბაჰრუზ სამედოვი.
ამ ვითარებაში მთიანი ყარაბაღიდან გრძელდება ადგილობრივი სომხური მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია.
რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, 25 სექტემბრის საღამოსთვის, ლაჩინის ხეობის გავლით, ყარაბაღიდან სომხეთში ჩავიდა 6650 იძულებით გადაადგილებული პირი. მათი უმრავლესობის მიღება და რეგისტრაცია ხდება გორისში განთავსებულ წითელი ჯვრის ცენტრში.
25 სექტემბერს, დილით სომხეთის სასაზღვრო ქალაქ გორისში ჩასულ დევნილებს შორის იყვნენ მთიანი ყარაბაღის ქალაქ მარდაკერტის (აზერბაიჯანულად აღდარა) და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლები.
როგორც ქალაქ მარდაკერტის მერმა მიშა გურჯიანმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს განუცხადა, აზერბაიჯანული ჯარები ქალაქში კვირას საღამოს შევიდნენ მას შემდეგ, რაც მთელი მოსახლეობა, დაახლოებით ათასი მანქანის კოლონით, სტეფანაკერტში (აზერბაიჯანულად ხანქენდი) გადავიდა.
- ფაშინიანი და სომხეთის ბევრი მოქალაქე რუსეთს ბრალს სდებენ, რომ მან არ გამოიყენა თავისი სამშვიდობო ძალები ყარაბაღში ეთნიკური სომხების დასაცავად.
- რუსეთი ტრადიციულად წარმოადგენდა სომხეთის დამცველ სახელმწიფოს რეგიონში. გასულ კვირაში მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული ხელისუფლება დამარცხდა აზერბაიჯანის მხრიდან წარმოებულ სწრაფ ბრძოლაში, რომლის შემდეგაც ბაქომ გამოაცხადა გამარჯვება და ამ ტერიტორიაზე თავისი სუვერენიტეტის აღდგენა.
- გამოცემა „მედუზას“ განკარგულებაში აღმოჩნდა სავარაუდოდ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული მეთოდური მითითება, რომელიც 19 სექტემბრის საღამოს დაეგზავნათ სახელმწიფო მოხელეებსა და კრემლის ლოიალურ მედია საშუალებათა წარმომადგენლებს.
მასში კრემლი ადრესატებს ურჩევს, რომ მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციაში სომხეთის მთავრობა და დასავლეთის ქვეყნები დაადანაშაულონ. - მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სომხეთის ხელმძღვანელობა ირიბად დაადანაშაულა მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის კუთვნილებად აღიარებაში.
- მთიანი ყარაბაღი საერთაშორისოდ აღიარებულია აზერბაიჯანის ნაწილად, თუმცა 1990-იანი წლების სეპარატისტული ომის შემდეგ ის დე ფაქტო დამოუკიდებელი იყო. 2020 წელს აზერბაიჯანმა დაიბრუნა დიდი ნაწილი იმ ტერიტორიისა, რომელსაც 1990-იანი წლებიდან ეთნიკური სომხები აკონტროლებდნენ ერევნის მხარდაჭერით.