Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამზანოვიჩი პუტინთან კრემლში - საქორწილო საჩუქარი თუ მემკვიდრედ აღიარება?


ვლადიმირ პუტინი და რამზან კადიროვის უფროსი ვაჟი, ახმატ კადიროვი კრემლში, 2023 წლის მარტი
ვლადიმირ პუტინი და რამზან კადიროვის უფროსი ვაჟი, ახმატ კადიროვი კრემლში, 2023 წლის მარტი

რამზან კადიროვმა ვლადიმირ პუტინს შეახვედრა თავისი უფროსი ვაჟი ახმატი, რომელიც ბაბუის, 2004 წელს მოკლული ჩეჩნეთის ყოფილი მუფთისა და პრეზიდენტის, ახმატ კადიროვის სეხნიაა.  კრემლში გამართული ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაციაც თვითონ რამზან კადიროვმა გაავრცელა.

ეს იყო უმცროსი კადიროვისა და ვლადიმირ პუტინის პირველი შეხვედრა. თვითონ რამზან კადიროვსაც აქვს მსგავსი გამოცდილება, როცა 2004 წელს, 27 წლის რამზანს პუტინმა უმასპინძლა მამის, ჩეჩნეთის მაშინდელი პრეზიდენტის მკვლელობის შემდეგ. ახმატ კადიროვ უმცროსს 17 წლის ასაკში ერგო პატივი შეხვედროდა რუსეთის პრეზიდენტს, თანაც შეხვედროდა უფრო მხიარული მოვლენის ფონზე - გროზნოში დანიშნული ქორწილის წინ და არა მამის დაკრძალვის შემდეგ.

რამზან კადიროვმა 4 მარტს, შვილის ქორწილის დღეს, გამოაქვეყნა პუტინისა და თავისი უფროსი ვაჟის შეხვედრის ამსახველი ფოტოები, რომლებსაც ახლდა მცირე ტექსტური აღწერაც. 17 წლის კადიროვი საზოგადოებრივი ორგანიზაციის „პირველთა მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციის საბჭოს თავმჯდომარეა. რამზან კადიროვის თქმით, პუტინი მის ვაჟს, ძირითადად, ბაბუის შესახებ ელაპარაკა.

„ვლადიმირ ვლადიმიროვიჩმა ბევრი დარიგება მისცა ყმაწვილ ახმატს. საუბრის დროს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახმატ-ჰაჯის მესამე თაობამ არა მხოლოდ უნდა იამაყოს თავისი წინაპრით, არამედ უნდა გააგრძელოს მისი დაწყებული გზა და გაამრავლოს წარმატებები“, - დაწერა რამზან კადიროვმა თავის ტელეგრამარხზე.

კრემლის ოფიციალურ ვებსაიტს არ გამოუქვეყნებია უმცროსი კადიროვის მიღებასთან დაკავშირებული არანაირი ცნობა, არადა, ამ შეხვედრას ძნელია ეწოდოს „არაფორმალური“: პუტინმა კადიროვის ვაჟი მიიღო კრემლის ე.წ. ოვალურ დარბაზში, სადაც იგი, როგორც წესი, უცხოელ ლიდერებს მასპინძლობდა ხოლმე.

ჩეჩნეთის მეთაური რუსეთის რეგიონების ლიდერებს შორის ერთადერთია, რომელიც პროტოკოლის დარღვევით აცხადებს პუტინთან გამართული შეხვედრების შესახებ. ასე მოიქცა რამზან კადიროვი 2022 წლის თებერვლის დასაწყისში, ყოფილი მოსამართლის ზარემა მუსაევას გატაცების სკანდალის ფონზე. არადა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა წინა დღით განაცხადა, რომ პუტინის დღის წესრიგში შეხვედრა კადიროვთან ჩანიშნული არ იყო.

პიონერობიდან ფრონტამდე

ბავშვთა და მოზარდთა ორგანიზაცია „პირველთა მოძრაობა“, რომლის სახელითაც წარდგა პუტინის წინაშე ახმატ კადიროვი, დაფუძნებულია პუტინის ინიციატივით 2022 წლის 18 დეკემბერს. ორგანიზაციის მიზნებს შორისაა რუსეთის ერთიანობის შენარჩუნება, ისტორიის დაცვა „დამახინჯებისგან“, „სამშობლოს გმირთა“ ხსოვნის შენარჩუნება და ა.შ. კანონპროექტი მოძრაობის შექმნის შესახებ სახელმწიფო დუმას წარედგინა სიმბოლურ დროს - ლენინის სახელობის პიონერული ორგანიზაციის დაარსების 100 წლისთავზე.

„პირველთა მოძრაობის“ ჩეჩნეთის ფილიალი დარეგისტრირდა 2023 წლის 25 იანვარს გროზნოში, პუტინის გამზირზე მდებარე ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ასევე მდებარეობენ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროები. მოძრაობა, მიუხედავად დიდი ადმინისტრაციული რესურსისა, განსაკუთრებული პოპულარობით არ სარგებლობს: 7 მარტის მდგომარეობით, ორგანიზაციის გვერდს სოციალურ ქსელ ვკონტაკტეში 12 გამომწერი ჰყავს, ხოლო ტელეგრამზე - 259.

რამზან კადიროვი (შუაში), მისი ძმის შვილი ჰამზათი (მარცხნივ) და შვილები: შვილი ახმატი, ელი, ადამი
რამზან კადიროვი (შუაში), მისი ძმის შვილი ჰამზათი (მარცხნივ) და შვილები: შვილი ახმატი, ელი, ადამი

როგორც რუსული მედია წერს, ეს არ არის კადიროვის უფროსი ვაჟის პირველი ფედერალური დონის შეხვედრა. 2022 წლის სექტემბერში, მაშინ 16 წლის ახმატი ესაუბრა რუსეთის განათლების მინისტრს სერგეი კრავცოვს, რომელმაც მხარი დაუჭირა უმცროსი კადიროვის კანდიდატურას რუსეთის ახალგაზრდული მოძრაობის ჩეჩნეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. შეხვედრის ამსახველ ვიდეოში ჩეჩნეთის ახალგაზრდობის ოფიციალური ლიდერი ბორძიკით კითხულობს პლანშეტში წინასწარ აკრეფილ ტექსტს.

2022 წლის ოქტომბერში ახმატ კადიროვი ძმებსა და დასთან ერთად ჩავიდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე. რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტის, Kavkaz.Realii-ს მიერ გამოკითხული ექსპერტები სკეპტიკურად უყურებდნენ ამ მოგზაურობის ნამდვილობას, დონბასში გადაღებული ვიდეო ამ ეჭვს კიდევ უფრო ამძაფრებდა.

„ახმატ კადიროვი უმცროსის პოლიტიკურ გზას - ფორმალური თანამდებობიდან რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრამდე - ძნელად თუ შეიძლება ეწოდოს ჩეჩნეთის მეთაურის მემკვიდრის პრეზენტაცია, - ამბობს რუსი პოლიტოლოგი ანდრეი გუსიი, - მაგრამ კადიროვის ოჯახის წონის სადემონსტრაციოდ ეს შეხვედრა ნამდვილად გამოდგება“.

საქორწილო საჩუქარი თუ ოპერაცია „მემკვიდრე“?

„ახმატ კადიროვი მხოლოდ 17 წლისაა, მისი გუბერნატორად დაყენება პუტინის პოლიტიკური სისტემისთვისაც კი აბსურდულია“, - მიაჩნია გროზნოში ორგანიზაცია „მემორიალის“ ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს, ოიუბ ტიტიევს.

„თუმცა პუტინმა არაერთხელ გაუსვა ხაზი თავის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ამ ოჯახთან - ჯერ ახმატ კადიროვ უფროსთან, შემდეგ რამზან კადიროვთან. ამიტომ, მათ შთამომავალთან შეხვედრა, ქორწინების მილოცვა - უთუოდ მიანიშნებს ამ ოჯახის განსაკუთრებულ სტატუსსა და პუტინთან სიახლოვეზე“, - ამტკიცებს ტიტიევი.

ოიუბ ტიტიევი
ოიუბ ტიტიევი

პოლიტოლოგ სერგეი ჟავორონკოვის თქმით კი, რამზან კადიროვის შვილის მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობის ერთადერთი მიზანი პუტინის სრული მხარდაჭერის დემონსტრირებაა. ჩეჩნეთის ხელმძღვანელი აჩვენებს, რომ შეუძლია დაუკავშირდეს პუტინს და სთხოვოს დასდოს პატივი.

„რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო კრემლისტურ ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, რომლებიც არავის არაფერში სჭირდება. სასაცილოა წარმოვიდგინოთ, რომ პუტინმა მიიღო რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კემეროვოდან ან როსტოვიდან. შესაძლოა რამზან კადიროვმა ასე აჩვენა შვილს თავისი გავლენა და მნიშვნელობა, გაუკეთა რა ქორწილისთვის ფასდაუდებელი საჩუქარი. სხვა რა შეიძლება აჩუქო მოზარდს, რომელსაც ისედაც ყველაფერი აქვს?“ - ამბობს ჟავორონკოვი, რომელიც ამ ეტაპზე ჩეჩნეთის ხელმძღვანელის შეცვლას შეუძლებლად მიიჩნევს, რადგან პუტინის თვალში რამზან კადიროვმა მოახერხა რეგიონში იატაკქვეშა ძალების სასტიკი ჩახშობა, თუმცა ცალკეული ინციდენტები მაინც ხდება.

„ჩვენ გვაქვს ალიაქსანდრ ლუკაშენკას შვილის მაგალითი - კოლია, რომელიც სავარაუდო მემკვიდრედ არის გამოცხადებული და, რომელსაც 7 წლის ასაკიდან დაატარებენ სხვადასხვა ღონისძიებაზე. სხვათა შორის, ლუკაშენკას შვილიც შეხვდა პუტინს, თუმცა მამასთან ერთად. ასეთი კლოუნადა დამახასიათებელია დიქტატურებისთვის. ახმატ კადიროვ უმცროსი შეიძლება ჩაითვალოს ჩეჩენ კოლია ლუკაშენკად, რომელსაც ამზადებენ მემკვიდრედ“, - ამბობს ჟავორონკოვი.

რუსი პოლიტოლოგი კონსტანტინ კალაჩევიც ავლებს პარალელს ლუკაშენკა უმცროსსა და კადიროვ უმცროსს შორის, თუმცა იქვე მიუთითებს განსხვავებაზეც: 18 წლის ნიკოლაი ლუკაშენკასთან შეხვედრა მხოლოდ გაცნობა იყო, კადიროვის შემთხვევაში კი საუბარი ყოფილა არსებით საკითხებზე.

კონსტანტინ კალეჩევი
კონსტანტინ კალეჩევი

„კერძოდ, პუტინმა ისაუბრა ბაბუის, ახმატ კადიროვის გზის გაგრძელებისა და „რესპუბლიკის წარმატებების“ გამრავლების მნიშვნელობაზე. ახმატ-ყადი კადიროვმა მოახდინა ჩეჩნეთის რეინტეგრაცია რუსეთში - პუტინის ეს სიტყვები გაისმის როგორც მინიშნება, შვილიშვილი აგრძელებს ბაბუისა და მამის საქმეებს. უამრავი ჭორი დადის რამზან კადიროვის თითქოსდა გაუარესებული ჯანმრთელობის შესახებ. დარწმუნებული ვარ, თუნდაც სიმართლე იყოს ეს ამბავი, თანამედროვე მედიცინა დაეხმარება მას, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ღირს. მემკვიდრეობის ხაზზე ფიქრი“, - ამბობს კონსტანტინ კალაჩევი.

როგორც ჩანს, პუტინი ჩეჩნეთისთვის კადიროვის დინასტიის მხარდაჭერის გარდა სხვა ვარიანტს ვერ ხედავს, ხოლო რესპუბლიკის ამჟამინდელმა მეთაურმა მემკვიდრის შერჩევის უფლება თავად მოიპოვა პუტინის სამაგალითო ერთგულებით. კალაჩევის თქმით, „პრეზიდენტი გამოხატავს თავის კეთილგანწყობას კადიროვის მიმართ და აღიარებს მის ამ უფლებას“.

იმაში, რომ 17 წლის ახმატ კადიროვი ჩეჩნეთის მეთაურის მომავალი მემკვიდრეა, ასევე დარწმუნებულია ევროპაში მოქმედი იჩქერიული მოძრაობის „გაერთიანებული ძალის“ თავმჯდომარე ჯამბულატ სულეიმანოვი, რომლის აზრით, კრემლში პუტინის შეხვედრა უმცროს კადიროვთან ადასტურებს რუსეთის ხელმძღვანელობის მზადყოფნას მოვლენების ამგვარი განვითარებისთვის.

„თუ ეს მოხდება, ახმატ კადიროვი უმცროსი იქნება ფორმალური ფიგურა, მის მაგივრად კი სხვა ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას, - ამბობს სულეიმანოვი, - პუტინს ესმის, რომ თუ კადიროვის კლანი შეიცვლება, რესპუბლიკაში დაიწყება არეულობა და ძალაუფლების გადანაწილება, რაც არანაირად არ სჭირდება კრემლს უკრაინასთან ომის პირობებში. ამიტომ რუსეთის ხელმძღვანელობა დათანხმდება კადიროვის შვილის წარდგენის ნებისმიერ სქემას“.

ახმატ-ჰაჯი კადიროვის მუზეუმი გროზნოში
ახმატ-ჰაჯი კადიროვის მუზეუმი გროზნოში

რადიო თავისუფლების პროექტმა კავკაზ.რეალიიმ არაერთხელ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩეჩნეთში მაღალ სამთავრობო თანამდებობებზე ინიშნებიან რამზან კადიროვის შვილები, ძმისშვილები, დები, ბიძაშვილები და სხვა შორეული ნათესავები. მთლიანობაში, რედაქციის ცნობით, რეგიონის ხელმძღვანელის 100-მდე ნათესავი იკავებდა ამა თუ იმ მაღალ თანამდებობას. თავად კადიროვმა, ამ ბრალდებების საპასუხოდ, განაცხადა: „თუ პასუხისმგებელი ვარ ჩემს ხალხსა და რესპუბლიკაზე და თუ ამ საქმეს კარგად ვუმკლავდები, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, ვის და სად დავნიშნავ? ეს საკითხი დიდად არ მაწუხებს“.

რამზან კადიროვი, 2022 წ. 29 დეკემბერი
რამზან კადიროვი, 2022 წ. 29 დეკემბერი
  • კერძო თვითმფრინავი კოდური ნომრით RA-73417, რომელითაც რამზან კადიროვი, სავარაუდოდ, სარგებლობს, კვლავ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. თებერვლის დასაწყისში, ის დაფიქსირდა მალდივის რესპუბლიკაში, ტაილანდის სანაპიროსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, სადაც ასევე შენიშნეს ჩეჩნეთის პრეზიდენტის ვაჟებიც. თავად რამზან კადიროვი უარყოფს, რომ რესპუბლიკა დატოვა და ამტკიცებს, რომ არც თვითმფრინავი ეკუთვნის მას. რაც შეეხება შვილების მოგზაურობას, ამაზე კადიროვი კომენტარს არ აკეთებს.
  • ახმატ კადიროვის საქველმოქმედო ფონდმა გამოაცხადა, რომ 100 ათას რუბლს (1300-მდე ამერიკული დოლარი) გადაუხდის ჩეჩნეთში მცხოვრებ 100 წყვილს, რომელიც 4 მარტს დაქორწინდება. სწორედ 4 მარტისთვის იყო დანიშნული ჩეჩნეთის ლიდერის უფროსი შვილის ქორწილი.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG