Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენი სამაშველო ვერტმფრენი სჭირდება საქართველოს და რამდენი ჰყავს


რაჭაში მოვარდნილმა ღვარცოფმა განაახლა დისკუსია სამაშველო ვერტმფრენების შესახებ. 3 აგვისტოს, სტიქიური კატასტროფის ადგილას, საიდანაც მოსახლეობა დახმარებას ითხოვდა, ვერტმფრენი პირველი შეტყობინებიდან 3 საათში ჩაფრინდა. საბჭოთა წარმოების MИ-8 არა სამაშველო სამსახურს, არამედ სასაზღვრო პოლიციას ეკუთვნის. 

სტიქიის პირველ დღეს, დაგვიანებით მისულმა ვერტმფრენმა ორი რეისის და 70 კაცის ევაკუაციის შემდეგ, დაღამებისთანავე შეწყვიტა მუშაობა მეორე დილამდე. ღამით ათობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები ღია ცის ქვეშ დახმარების გარეშე დარჩნენ. ოფიციალური განმარტებით, ვერტმფრენმა სამაშველო სამუშაოების გაგრძელება ღამის ხედვის სისტემის არქონის გამო ვერ შეძლო.

დისკუსია იმის შესახებ, რომ სახელმწიფოს არ აქვს საკმარისი ტექნიკური საშუალებები სტიქიისა და უბედური შემთხვევების დროს მყისიერი რეაგირებისთვის, წინა წლებშიც ისმოდა.

ზუსტად ერთი წლის წინ, შარშან 28 ივლისს გუდაურში სამაშველო ოპერაციას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - ამ დღეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა განიცადა კატასტროფა. ვერტმფრენები ვერ გამოიყენა სახელმწიფომ ვერც 2015 წელს, თბილისში, ვერეს ხეობაში წყალდიდობისას. 2017 წელს კი, ბორჯომის ხეობაში ხანძრების ჩასაქრობად მეზობელი ქვეყნების დახმარება დაჭირდა.

2023 წლის 4 აგვისტოს რაჭაში, სტიქიის ზონაში ჩასული პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამ თემაზე ჟურნალისტების კითხვამ გააღიზიანა.

“ასეთი რთული მდგომარეობა გვაქვს და თქვენ ათმაგად ზაფრავთ ხალხს. სამარცხვინო სპეკულაციები უნდა დაასრულოთ - თურმე, სამი ვერტმფრენი შეიძინეს [იგულისხმება მთავრობა - რ.თ], მაგრამ არ შეიძინეს", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. იქვე მან თქვა, რომ სხვა ქვეყნებისთვის დახმარების თხოვნის საჭიროება არ არსებობდა და შოვში სამაშველო ოპერაცია კარგად მიდიოდა.

იმ დროს, როცა პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს ესაუბრებოდა დადასტურებული იყო 7 ადამიანის გარდაცვალება და დაკარგულად ითვლებოდა 30-ზე მეტი ადამიანი. სულ მალე დაღუპულების რიცხვი 11-მდე გაიზარდა.

რატომ არ არის სპეკულაცია საუბარი სამაშველო ვერტმფრენების საჭიროებაზე?

საქართველოს მთავრობას, ყოველ ჯერზე, როცა სამაშველო ვერტმფრენის საჭიროებაზე მიდგება საქმე, ახსენებენ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით 2010 წელს “სამხედრო დანიშნულებით” ნაყიდ სუპერ-პუმებს, რომელიც მოქმედი ხელისუფლების მტკიცებით, სამაშველო ოპერაციისთვის გამოუსადეგარი ფუფუნების საგანია - ეს სუპერ პუმები წლების განმავლობაში უფუნქციოდ ირიცხება სახელმწიფოს ბალანსზე.

გუდაურის ტრაგედიის შემდეგ, 2022 წლის აგვისტოში, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა სააკაშვილის ხელისუფლების დროს შეძენილი ვერტმფრენი “სუპერ პუმა” გაეყიდა და მის ნაცვლად სამი ახალი შვეულმფრენი შეეძინა.

2022 წლის მიწურულს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართლაც გააფორმა კონტრაქტი ფრანგულ კომპანია "Airbus Helicopters"-თან სამი ახალი "H145"-ის ტიპის შვეულმფრენის ყიდვაზე. თუმცა შესყიდვა ავიაპარკის მყისიერ განახლებას არ ნიშნავს.

26 500 000 ევროს ღირებულების სამი შვეულმფრენი საქართველოში ეტაპობრივად შემოვა - პირველი ხელშეკრულების გაფორმებიდან 17 თვეში, მეორე 19 თვეში, მესამე კი 20 თვეში. ხელშეკრულება ამ პირობით ნიშნავს, რომ საქართველოს მომდევნო ერთი წელი ახალი სამაშველო ვერტმფრენი კვლავ არ ეყოლება.

ასეთი იქნება ახალი სამაშველო ვერმფრენი, რომელსაც საქართველო ყიდულობს
ასეთი იქნება ახალი სამაშველო ვერმფრენი, რომელსაც საქართველო ყიდულობს

საქართველოს ხელისუფლებას წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მიღებული სუპერ პუმას სხვა 3 ვერტმფრენში გაცვლის იდეა ჯერ კიდევ 2017 წელს ჰქონდა, თუმცა გადაწყვეტილება მხოლოდ 5 წლის შემდეგ მიიღო, მას მერე რაც გუდაურში ვერტმფრენი ჩამოვარდა.

"H145" შვეულმფრენები, რომლებსაც საქართველო 2024 წლის მაისის შემდეგ მიიღებს, მრავალფუნქციური შვეულმფრენია, რომელსაც შეუძლია შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები. ახალი შვეულმფრენები სრულად უნდა იყოს დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით.

ახალი შვეულმფრენების შესაძენად დადებული კონტრაქტის ღირებულებაში გათვალისწინებულია პილოტებისა და ინჟინრების გადამზადება.

იმის საილუსტრაციოდ, რამდენად მცირეა საქართველოსთვის ერთი ტიპის რამდენიმე ერთეული ვერტმფრენი, რომელიც ბევრ სხვადასხვა ტიპის დავალებას ასრულებს, შეგვიძლია ვნახოთ დაახლოებით საქართველოს ხელა და ასეთივე მთიანი ქვეყნის, შვეიცარიის სამაშველო სამსახურის, Rega-ს აღჭურვილობა. ეს სამსახური ერთ-ერთი საუკეთესოა სამთო-სამაშველო ოპერაციების ჩატარებაში მთელ მსოფლიოში - მისი ავიაფლოტი სხვადასხვა ტიპის 20 შვეულმფრენსა და სამ თვითმფრინავს ფლობს. ავიაციას სამძებრო სამუშაოებისას დახმარებას დრონებიც უწევენ - Rega-ს შვეიცარიაში 14 საავიაციო ბაზა აქვს და უბედური შემთხვევისას 15 წუთში შეუძლია დანიშნულების ადგილას ყოფნა სამაშველო ჯგუფს.

Mi-8-ს ვერტმფრენებს ჯერ კიდევ იყენებს უკრაინა საომარი და სამაშველო ოპერაციებისთვის.
Mi-8-ს ვერტმფრენებს ჯერ კიდევ იყენებს უკრაინა საომარი და სამაშველო ოპერაციებისთვის.

საქართველოს სამაშველო სამსახურს შოვში დრონებით დახმარება მოხალისეებმა შესთავაზეს - თერმული კამერისთვის მარტივია ცოცხალი ადამიანების მოძებნა. სამაშველო ოპერაციისას ეს რესურსი სახელმწიფომ არ გამოიყენა.

რა ვერტმფრენებით მუშაობენ ახლა?

საგანგებო სიტუაციების სამსახურს საკუთარი ვერტმფრენები არ ჰყავს. შოვში, სტიქიის ზონაში მოქალაქეების ევაკუაცია სასაზღვრო პოლიციის საბჭოთა წარმოების ორი MИ-8-ით მიმდინარეობდა. ესაა ვერტმფრენები, რომლებითაც დაფრინავენ საქართველოს მთავრობის წევრები ქვეყნის შიგნით, რომლებსაც იყენებს სასაზღვრო ავიაცია საზღვრის კონტროლის, მესაზღვრეების ტრანსპორტირებისა და მომარაგებისას.

ამავე ვერტმფრენებს იყენებენ ხანძრების ჩაქრობისას, წყალდიდობებისას ან სხვა სტიქიური უბედურებების ზონებიდან მოსახლეობის გამოსაყვანად. MИ-8-ით ეხმარებიან მაღალმთიან, ძნელად მისადგომ რეგიონებში მცხოვრებლებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა და აუცილებელი ყოფითი პრობლემების მოგვარებისას. ასევე, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი რეგულარულად დაფრინავს თუშეთში.

MИ-8-ს ვერტმფრენები, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრი ქვეყანა იყენებს სხვადასხვა ფუნქციით, საკმაოდ მოძველებულ მოწყობილობად ითვლება. საქართველოში ამ ტიპის ორმა ვერტმფრენმა განიცადა ბოლო წლებში კატასტროფა: ერთმა 2022 წლის ივლისში, გუდაურში და მეორემ 2017 წელს ბორჯომთან, ხანძრის ჩაქრობის ოპერაციისას.

სასაზღვრო პოლიციის MИ-8 ტიპის ვერტმფრენი დაზიანდა 2023 წლის ზაფხულშიც, 28 ივნისს მყინვარწვერთან სამაშველო ოპერაციის შესრულებისას, როცა პოლონელი მთამსვლელების საევაკუაციოდ მიფრინავდა. სასაზღვრო პოლიციამ ფაქტი მხოლოდ მას შემდეგ დაადასტურა, რაც ფეისბუკში ინციდენტის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

ფული არასწორი მიმართულებით იხარჯება?

სამაშველო ვერტმფრენების შეძენა იაფი არ ჯდება, თუმცა რაჭის ტრაგედიისას მოსახლეობამ კიდევ ერთხელ გაიხსენა ყველა ის ხარჯი, რაც უკეთესი იქნებოდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უკეთ აღჭურვას მოხმარებოდა.

ჩამონათვალში იყო “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის აშენებულ “ბლექ სი არენაზე” დაგეგმილი კონცერტები აგვისტოში - The Killers-ისა და Imagine Dragons-ის კონცერტები სახელმწიფო ბიუჯეტს 70 მილიონი ლარი უჯდება. ამ ფულით საქართველოს თავისუფლად შეეძლო ყველაზე ცოტა, ერთი სამაშველო ვერტმფრენის დაუყოვნებლად შეძენა.

არის სხვა ხარჯებიც, რომლის ეფექტურობასაც საზოგადოება ეჭვქვეშ აყენებს - ასეთია მთის განვითარების სახელით სხვადასხვა პროგრამისთვის გამოყოფილი თანხები, რომლებიც იშვიათად თუ ასრულებს იმ მიზანს, რა მიზნითაც არის გათვალისწინებული ბიუჯეტში.

მაგალითად, მთავრობის მიერ შედგენილ დოკუმენტის მიხედვით, რომელიც მაღალმთიანი დასახლებების გეგმის სტრატეგიას მოიცავდა 2021-2023 წლებში, 973 მილიონი ლარი უნდა დახარჯულიყო ამ დასახლებებში მცხოვრებთა სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ამ თანხის ნაწილი უნდა მოხმარებოდა პრევენციული ღონისძიებებს ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად. უფრო კონკრეტულად კი, მაღალმთიან რეგიონებში, მათ შორის რაჭაშიც უნდა დამონტაჟებულიყო ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურები და მომზადებულიყო გეოლოგიური საფრთხეების ამსახველი რუკები.

ხარჯების განაწილების პრინციპი საინტერესოა თავად სამაშველო სამსახურსა და სასაზღვრო პოლიციაში - ბიუჯეტის დიდი ნაწილი ორივე უწყებაში ხელფასებსა და ადმინისტრაციულ ხარჯებს ხმარდება და არა ტექნიკური აღჭურვილობის გაუმჯობესებას.

XS
SM
MD
LG