Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასაზღვრო პოლიცია: MI–8 ტიპის ვერტმფრენმა მყინვარწვერზე ავარიული ინციდენტი განიცადა


სასაზღვრო პოლიციის ავიაპარკში შემავალი ერთ-ერთი ვერტმფრენი
სასაზღვრო პოლიციის ავიაპარკში შემავალი ერთ-ერთი ვერტმფრენი

სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს ინფორმაციას MI–8 ტიპის ვერტმფრენის ავარიულ ინციდენტზე. გავრცელებული ცნობით, შემთხვევა მყინვარწვერზე, მეტეოსადგურზე მოხდა, როცა ქართველი მაშველები პოლონელ მესაზღვრეებს ეხმარებოდნენ. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სასაზღვრო პოლიციის განცხადებაში ავარიული ინციდენტის მიზეზად
ქარის სწრაფი და დაღმავალი მასების უეცარი გადაადგილებაა დასახელებული და არ არის დაკონკრეტებული, როდის მოხდა შემთხვევა.

"დაღმავალი ჰაერის მასების ცვალებადობის შედეგად, მოხდა ვერტმფრენის წინა შასის მიწასთან შეხება, რამაც გამოიწვია საფრენი აპარატის ამორტიზება, თუმცა, გამოცდილმა და პროფესიონალმა, მფრინავებმა მოახერხეს ვერტმფრენის სტაბილიზება, მეორე წრის განხორციელება, მყინვარწვერიდან თბილისის მიმართულებით გამოფრენა და სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის ბაზაზე მშვიდობიანად დაშვება", - წერს სასაზღვრო პოლიცია.

უწყებამ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ფეისბუკზე გამოჩნდა ამ ინციდენტის ამსახველი ვიდეო. ინტერნეტმომხმარებელი, რომელიც ვიდეოს ავრცელებს, წერს, რომ შემთხვევა ორი დღის წინ, 26 ივნისს, მოხდა.

გასულ წელს სასაზღვრო პოლიციის იმავე ტიპის ვერტმფრენმა სამაშველო ოპერაციისას კატასტროფა განიცადა გუდაურთან, რასაც ეკიპაჟის 8 წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG