Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის შვილები, ლგბტქ+ მოძრაობის შეთქმულება, გლობალური ომი დასავლეთთან - სანქტ-პეტერბურგის ფორუმის დეტალები


კატერინა ტიხონოვა, ვლადიმირ პუტინი და მარია ვორონცოვა სანქტ-პეტერბურგში ეკონომიკურ ფორუმზე (მარცხნიდან მარჯვნივ). ილუსტრირებული ფოტო
კატერინა ტიხონოვა, ვლადიმირ პუტინი და მარია ვორონცოვა სანქტ-პეტერბურგში ეკონომიკურ ფორუმზე (მარცხნიდან მარჯვნივ). ილუსტრირებული ფოტო

სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის (SPIEF-2024) დისკუსიებში წელს პირველად მონაწილეობდნენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ქალიშვილები - კატერინა ტიხონოვა და მარია ვორონცოვა.

მათი გვარები წინასწარ პროგრამაში შეტანილი არ იყო. ანალიტიკოსების ნაწილმა პუტინის ქალიშვილების მომხსენებლთა რიგებში გამოჩენა და ბოლოდროინდელი გააქტიურება პოლიტიკური პროცესების თვისებრივად ახალი ეტაპის დაწყებად მიიჩნია.

„ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, უნდა გადაარჩინოთ სამყარო“

„სუვერენიტეტი, ოჯახური ღირებულებები, ლგბტქ+ მოძრაობის შეთქმულება...“ - ეკონომიკურთან ერთად ასეთი საკითხები განიხილეს ფორუმზე, რომელიც ოთხი დღის (5-8 ივნისი) განმავლობაში მიმდინარეობდა და, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობდნენ რუსეთის ხელისუფლების, ბიზნესისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

„მსოფლიოში შეიმჩნევა ქვეყნების მიერ საკუთარი სუვერენიტეტის გამალებული გაძლიერება“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის ფორუმის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისე, რომ არ დაუსახელებია საკუთარი სუვერენიტეტის გაძლიერებით დაკავებული ის ქვეყნები, რომელთა სუვერენიტეტს, მისი თქმით, საფრთხეს უქმნის დასავლეთი.

„21-ე საუკუნეში რუსეთი სათავეში ჩაუდგა კოლონიზატორების წინააღმდეგ ბრძოლას“, - ასეთი ტექსტით შეეგება საგანგებოდ ფორუმისთვის შექმნილი კლიპი სტუმრებს, რომლებიც პუტინის გამოსვლის მოსასმენად ემზადებოდნენ.

როგორც რუსული მედია წერს, ფორუმის ორგანიზატორებმა შარშანაც მსგავსი შინაარსის ვიდეოკლიპი დაამზადეს, თუმცა ერთი განსხვავებით: თუ 2023 წელს მთავარი ურჩხული ამერიკის შეერთებული შტატები იყო, წელს ასეთად ევროპა გამოიყვანეს. ვლადიმირ პუტინის სიტყვიდანაც ნათელი გახდა, რომ სწორედ ევროპელი კოლონიზატორები ცდილობენ სხვა ხალხების, მათ შორის რუსების კულტურის განადგურებას, რასაც, პუტინისვე გამოსვლის მიხედვით, რუსეთი ყველა საშუალებით ეწინააღმდეგება.

ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

შემთხვევით არ იყო, რომ SPIEF-2024-ის პირველ დღეს ვლადიმირ პუტინმა კვლავ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობასა და პირობებზე ილაპარაკა, რაც, მისი თქმით, გაწერილია რუსეთის ფედერაციის ბირთვულ დოქტრინაში.

„ბირთვული დოქტრინა ცოცხალი ინსტრუმენტია, მასში შეიძლება ცვლილებები შევიდეს“, - თქვა პუტინმა, რომლის სიტყვებითაც, ბირთვული იარაღი გამოიყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში, „ასეთი საჭიროება კი ჯერ არ არსებობს“.

რუსეთის მოქმედი ბირთვული დოქტრინის თანახმად, მოსკოვს შეუძლია ბირთვული იარაღის გამოიყენება ოთხ შემთხვევაში:

  • რუსეთის სუვერენიტეტისათვის საფრთხის შექმნისას
  • რუსეთის ფედერაციის (ან მისი მოკავშირე ქვეყნის) ტერიტორიაზე ბალისტიკური რაკეტებით შეტევის დაწყების შესახებ სანდო ინფორმაციის მიღებისას
  • რუსეთის ფედერაციაზე ჩვეულებრივი იარაღით თავდასხმის დროს, თუკი „საფრთხე ექმნება სახელმწიფოს არსებობას“
  • კრიტიკულ სამთავრობო ან სამხედრო ობიექტებზე თავდასხმისას, რაც ხელს შეუშლის ბირთვული იარაღის გამოყენებას

პანელის მოდერატორმა, ცნობილმა პოლიტოლოგმა სერგეი კარაგანოვმა, რომელიც შარშან მოუწოდებდა პუტინს მიეტანა ევროპაზე პრევენციული ბირთვული იერიში, პუტინის ახალ მისიად სამყაროს გადარჩენა გამოაცხადა:

„მახსოვს 1998-1999 წლები, როცა ჩვენი ქვეყანა დაშლის პირას იყო მისული და არანაირი იმედი არ ჩანდა, რაღაც მომენტში უფალმა ღმერთმა მოიღო ჩვენზე მოწყალება. ახლა, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, თქვენ წინაშე დგას არანაკლები სირთულის ამოცანა, არა მხოლოდ გაიმარჯვოთ, არამედ გადაარჩინოთ სამყარო“.

სერგეი კარაგანოვმა ანალიტიკოსების ყურადღება ასევე მიიპყრო პუტინისთვის დასმულ ერთ-ერთ კითხვაში თანამედროვე რუსეთის მმართველობის სახელდებით. მან პუტინის რუსეთს „ავტორიტარული სოციალური კაპიტალიზმი“ უწოდა, რაც პოლიტოლოგ მიხაილ კომინის თქმით, საკმაოდ თამამი შეფასებაა.

„მოდერატორმა რუსეთს ავტორიტარული ქვეყანა უწოდა. გასაგებია, რომ ის პოლიტოლოგია და მისთვის რთულია რუსეთს სხვა რამ უწოდოს. აქამდე რუსეთს ეძახდნენ დემოკრატიას, მართალია სუვერენულს, მაგრამ მაინც დემოკრატიას. ახლა ისინი არ ერიდებიან გამოიყენონ სიტყვა "ავტორიტარული", რომელიც ბევრად უკეთ ახასიათებს რუსეთის რეჟიმს, ვიდრე ნებისმიერი სხვა სიტყვა პოლიტოლოგიის ლექსიკონიდან. სინამდვილეში რუსული მოდელი "პერსონალისტური დიქტატურაა" - ეს არის ავტორიტარული რეჟიმის ტიპი, როდესაც მთელი ძალაუფლება კონცენტრირებულია ერთი ადამიანის ხელში და ბევრი პროცესი დამოკიდებულია მის გადაწყვეტილებებზე“, - უთხრა პოლიტოლოგმა რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციას.

პუტინის ქალიშვილები და ძალაუფლება

პუტინის „პერსონალისტური დიქტატურის“ შესახებ ისაუბრა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორმა, პოლიტოლოგმა ვლადიმირ პასტუხოვმა Ходорковский LIVE-ის ეთერში, სადაც მან თვისებრივად ახალი პოლიტიკური პროცესების დაწყების დადასტურებად გამოაცხადა პუტინის ქალიშვილების ფორუმში მონაწილეობა.

კატერინა ტიხონოვა, პუტინის უმცროსი ქალიშვილი და კომპანია „ინოპრაქტიკის“ გენერალური დირექტორი, სიტყვით გამოვიდა ონლაინჩართვით, 6 ივნისს, პანელზე, რომელიც ეძღვნებოდა სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის როლს „ტექნოლოგიური სუვერენიტეტის უზრუნველყოფაში“.

მარია ვორონცოვა, პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილი და რუსეთის მეცნიერების ხელშემწყობი ასოციაციის პრეზიდიუმის წევრი, პირადად დაესწრო პეტერბურგის ფორუმს და ისაუბრა მაღალი ტექნოლოგიების განვითარებაზე. Faridaily-ის მიხედვით, როგორც წესი, აქამდე ფორუმზე სიტყვით მხოლოდ კატერინა ტიხონოვა გამოდიოდა. მარია ვორონცოვა ორჯერ გამოჩნდა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე და ორჯერვე სტუმრის სტატუსით - 2019 და 2021 წლებში. მისი აქტივობა მხოლოდ ინტერვიუს მიცემით შემოიფარგლა.

კატერინა ტიხონოვა და მარია ვორონცოვა (მარცხნიდან მარჯვნივ)
კატერინა ტიხონოვა და მარია ვორონცოვა (მარცხნიდან მარჯვნივ)

ვლადიმირ პასტუხოვის თქმით, პუტინის ქალიშვილების საჯარო სივრცეში მომაბეზრებლად ხშირი გამოჩენა პოლიტიკური პარადიგმის ცვლილების მანიშნებელია. მისი თქმით, თუ აქამდე პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი (SPIEF) იყო მამებისა და პაპების თაობის ბენეფისი, წლევანდელი ფორუმი აშკარად იქცა შვილებისა და შვილიშვილების ბენეფისად:

„აქ საუბარია არა მხოლოდ პუტინის ქალიშვილებზე, არამედ ახალ თაობაზე. სრული სვლით მიმდინარეობს ტრანზიტული პერიოდი. ტრანზიტი არა ავტორიტარიზმიდან დემოკრატიისკენ, ან ავტორიტარიზმიდან ტოტალიტარიზმისკენ, არამედ მიმდინარეობს თაობათაშორისი ტრანზიტი. ერთადერთი პოლიტიკური ამოცანა, რომელიც დგას არა უბრალოდ პუტინის წინაშე, არამედ მთელი მის მიერ შექმნილი კლანის წინაშე, ეს არის ქონებისა და პოლიტიკური ძალაუფლების გადაცემა მომდევნო თაობისთვის. ახლა ჩვენ ვუყურებთ თვისებრივად ახალ ეტაპს. ადრე ამას აფიქსირებდნენ მხოლოდ ანალიტიკოსები, რომლებიც წყალქვეშა დინებებს აკვირდებოდნენ. წლევანდელმა ფორუმმა კი დააფიქსირა ის, რომ ეს წყალქვეშა მიმდინარეობა ზედაპირზე ამოვიდა, ხილული გახდა. ელიტამ გამოიყვანა ახალი თაობა. აჩვენა იგი საზოგადოებას. უთხრა მას, რომ ისინი არსებობენ, რომ ისინი ღირსეულები არიან და, რომ მათ შეიძლება გადაიბარონ მემკვიდრეობა“.

ვლადიმირ პასტუხოვის თქმით, ნიშანდობლივი პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს ჩეჩნეთში, რომელიც, როგორც წესი, ერთი ნაბიჯით წინ უსწრებს ზოგად რუსულ ტრენდს:

ვლადიმირ პასტუხოვი
ვლადიმირ პასტუხოვი

„ჩეჩნეთში მიმდინარეობს მინისტრების თანამდებობების მემკვიდრეებისთვის გადაცემა მამებიდან შვილებზე. ჩვენ გვეცინება და ვკითხულობთ, რა ხდება? რა ხდება და მიმდინარეობს ტრენდის გამოცნობა, წინსწრება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, ჩემი აზრით, რუსეთის პოლიტიკური სისტემის და კლანური ურთიერთობის განვითარების მთელი ლოგიკა ვითარდება ამ მიმართულებით, რომ სტატუს-კვოს შენარჩუნების ყველაზე გონივრულ ვარიანტად მოჩანს ძალაუფლების გადაცემა პუტინის ერთ-ერთი ქალიშვილისათვის. არა იურიდიული, არამედ ფაქტობრივი მონარქია. არავინ გამოაცხადებს რუსეთს მონარქიად. ყველაფერი ძველებურად დარჩება. იქნება ხელისუფლების რაღაც კონფიგურაცია. ასე ყველაფერი უფრო მარტივად სამართავი იქნება. დმიტრი მედვედევის წარუმატებელი ექსპერიმენტის შემდეგ პოლიტიკური მემკვიდრის იდეა აბსოლუტურად დისკრედიტებულია. ისეთმა უწყინარმა არსებამაც კი, როგორიც დმიტრი ანატოლის ძე მედვედევია, ხელისუფლების ხელში აღებიდან ორი-სამი წლის შემდეგ დაიწყო თავისუფლების ნიშნების გამოვლინება და ისე ცუდად დაასრულა, რომ დღემდე საჯარიმო ბატალიონში ირიცხება. მას შემდეგ, რაც მათ ჩაიდინეს, ძალაუფლების კონსტიტუციური გადაცემა წარმოუდგენელია. ეს აზრადაც კი არ მოუვა პუტინს“.

ვლადიმირ პასტუხოვის თქმით, პუტინი შესაძლოა არც ფიქრობს ძალაუფლების გადაცემაზე, შესაძლოა ის გაჩხირულია ორ მიდგომას შორის: ან სულ მე ვიქნები, ან თუ მე არ ვიქნები, ნურც ნურავინ ყოფილა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ თემაზე სხვები არ ფიქრობენ.

„გაჩნდა იდეა პუტინის აქამდე აპოლიტიკური შვილების წინ წამოწევისა... ძნელია შენი შვილები წინ წამოწიო ისე, რომ არ წამოწიო ჯერ პუტინის შვილები. აპარატი დაინტერესებულია მოახდინოს პუტინის სტიმულირება, რათა მან გამოაჩინოს თავისი შვილები საჯარო სივრცეში“, - ამბობს ვლადიმირ პასტუხოვი.

პუტინი და მისი ეკონომიკა

თვითონ პუტინმა SPIEF-2024-ის მომდევნო დღეებში გადაწყვიტა აღარ ელაპარაკა ბირთვული იარაღის გამოყენების პირობებზე და თავი მოეწონებინა ეკონომიკური წინსვლით, მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ გაჩაღებული ომი უკვე მესამე წელია მიმდინარეობს და ანგრევს ქალაქებს და ხოცავს ათასობით ადამიანს.

„ჩვენ ამოცანად დავისახეთ უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ოთხეულში შესვლა. სხვათა შორის, რაღაც მონაცემებით, მათ შორის მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ეს ასეც არის. ჩვენ აღმოვჩნდით იაპონიაზე წინ“, - განაცხადა პუტინმა, თუმცა სინამდვილეში რუსეთი GDP (PPP)-ის მიხედვით მეექვსე, ხოლო GDP (nominal)-ით მსოფლიოს მეთერთმეტე ეკონომიკაა, რომ არაფერი ითქვას იმაზე, რომ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტით (Per capita) 65-ე ადგილზეა.

ვლადიმირ პუტინმა 2024 წლის იანვარშიც განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკამ გადაუსწრო გერმანიისას. როგორც ეკონომისტებმა განმარტეს, პუტინი ლაპარაკობდა მშპ-ზე პარიტეტული მსყიდველუნარიანობის მიხედვით, რაც შეიძლება მართლაც იყოს მაღალი სუსტი ეკონომიკების ქვეყნებში, მაგრამ სინამდვილეში ბევრს არაფერს ნიშნავს. თუმცა პუტინი ასე არ ფიქრობს. იგი უკიდურესად კმაყოფილია იმით, რომ აზიასთან ვაჭრობა იზრდება ძალიან მაღალი ტემპით, ხოლო რუსეთის საგარეო ვაჭრობის 40% რუბლებში სრულდება. არადა, როგორც ეკონომისტები შენიშნავენ, ამის გამო სულ უფრო და უფრო ცოტა ვალუტა შედის რუსეთში, რაც, თავის მხრივ, იწვევს რუბლის დასუსტებას, იმპორტის გაძვირებასა და ინფლაციის ტემპის ზრდას.

რუსეთის ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და ეროვნული ბანკის მმართველი ელვირა ნაბიულინა
რუსეთის ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და ეროვნული ბანკის მმართველი ელვირა ნაბიულინა

ვლადიმირ პუტინმა ასევე მოიწონა თავი რეკორდულად დაბალი - 2.6%-იანი უმუშევრობით. ყველა ამ მიღწევას დარბაზი აპლოდისმენტებით ხვდებოდა. პუტინის თქმით, 2030 წლისთვის რუსეთში მინიმალური ხელფასი იქნება 35 ათასი რუბლი, ახლა 19 ათასი რუბლია (610 ლარი). მისივე თქმით, 2025 წლიდან კი პირველად ბოლო 9 წლის განმავლობაში განახლდება დასაქმებულ პენსიონერთა პენსიების ინდექსაცია.

SPIEF-2024-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ფორუმის მსვლელობისას დაიდო 980-ზე მეტი ხელშეკრულება საერთო ოდენობით 6,4 ტრილიონ რუბლზე (1 ტრლნ რუბლი - 11,3 მლრდ დოლარი). ანგარიშის მიხედვით:

  • რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი 2 მილიარდი რუბლის ინვესტიციას განახორციელებს რუსული ელექტრომობილის „ატომის“ წარმოებაში. მოსკოვის „მოსკვიჩის“ საავტომობილო ქარხანა ამ მანქანების წარმოებას 2025 წლიდან დაიწყებს.
  • რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა განაცხადა, რომ სახელმწიფომ უნდა მოახდინოს იმ აქტივების პრივატიზება, რომელთა მართვასაც თავად ვერ უმკლავდება.
  • „რუსეთი სწავლობს სამხრეთ კორეასთან, ინდონეზიასა და საუდის არაბეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესაძლებლობას უახლოეს მომავალში, - ამბობს რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი დმიტრი ჩერნიშენკო, - რუსული ავიაკომპანიები ასევე გეგმავენ ფრენების დაწყებას იორდანიასა და ქუვეითში“.
  • „სბერბანკის“ ხელმძღვანელმა და რუსეთის ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გერმან გრეფმა თქვა, რომ რუსეთში ეკონომიკური ზრდის ამჟამინდელი მოდელი უკიდურესად მარტივი, თუმცა ამოწურვადია. მისივე თქმით, რუსეთის ეკონომიკა ძალიან კარგი ტემპებით იზრდება იმის გამო, რომ ორი იმპულსი - საბიუჯეტო და საკრედიტო - ერთმანეთს ერწყმის: „მაგრამ ეს მოდელი ძალიან მოწყვლადია და განპირობებულია იმით, რომ ბიუჯეტიდან და ბანკებიდან ფული მიმართულია სამომხმარებლო ბაზრისკენ. შედეგად, საქონლის მოცულობა არ იმატებს, ფასები კი იზრდება. მცირდება შრომის პროდუქტიულობა. სწორედ ამაში მდგომარეობს ზრდის დღევანდელი მოდელის ამოწურვადობა“.
  • „ინდური და ჩინური კომპანიები აპირებენ ინვესტიციების ჩადებას ვლადივოსტოკის მახლობლად ახალი ქალაქის, სპუტნიკის მშენებლობაში“, - ამბობს რუსეთის შორეული აღმოსავლეთისა და არქტიკის განვითარების მინისტრი ალექსეი ჩეკუნკოვი.
  • რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურორმა იგორ კრასნოვმა განაცხადა, რომ 2022 წლის შემდეგ 1,3 ტრილიონი რუბლის ღირებულების 100-ზე მეტი საწარმო დაბრუნდა სახელმწიფო საკუთრებაში პროკურატურის სარჩელების საფუძველზე.
  • „2024 წელს რუსეთის მიერ მოპოვებული ნავთობის მოცულობა, სავარაუდოდ, 505-515 მილიონი ტონა იქნება“, - განაცხადა რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციაში ნავთობის მოპოვება შესაძლოა კრიზისული 2020 წლის მინიმუმამდე დაეცეს. მაშინ რუსეთმა 512,8 მილიონი ტონა ნავთობი აწარმოვა.
გერმან გრეფი, სბერბანკის პრეზიდენტი
გერმან გრეფი, სბერბანკის პრეზიდენტი

ტრადიციული ფასეულობები რეჟიმის სამსახურში

ფორუმის მსვლელობისას მომხსენებლებმა ბევრი ილაპარაკეს „ოჯახურ ღირებულებებსა“ და ლგბტქ+ ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლაზე. „ტრადიციული ღირებულებები როგორც ჯანსაღი საზოგადოების მაჩვენებელი“, - ასეთი იყო ერთ-ერთი პანელის დასახელება, რომელშიც ვრცელი და პათეტიკური სიტყვით გამოვიდა ტელეწამყვანი და პარტია „ახალი ადამიანების“ წევრი იულია ბარანოვსკაია, რომელსაც, რუსული მედიის ცნობით, სამი შვილი ჰყავს გაჩენილი ქორწინების გარეშე.

„რა უნდა ვქნათ, თუ შვილების გამჩენი რუსი ქალები სვამენ და ავარიულ სახლებში ცხოვრობენ?“ - ამის შესახებ ილაპარაკა რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენმა, ჰააგის ტრიბუნალის მიერ ძებნილმა მარია ლვოვა-ბელოვამ:

„ალკოჰოლიზმით დაავადებული ოჯახებიდან ბავშვების გაყვანა საჭირო არ არის, რადგან შესაძლებელია მთელი ოჯახის სარეაბილიტაციო ცენტრში გადაყვანა. სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის ბოლოს რუსეთში 202 ათასი ბავშვი იზრდება სოციალურად სახიფათო მდგომარეობის მქონე ოჯახებში. ერთ-ერთ რეგიონში შემხვდა მამა, რომელიც სვამს 11 წლიდან და რომელიც ორჯერ იჯდა ციხეში. გათავისუფლების შემდეგ მოიყვანა ცოლი, გააჩინეს ბავშვი, 1,5 წლის შემდეგ გარდაეცვალა ცოლი, რის გამოც დაიწყო სმა, ბავშვი კი სოცმუშაკებმა წაიყვანეს. არადა, ტიუმენის ოლქში მოქმედებს ალკოჰოლური დამოკიდებულის მქონე მშობლების რეაბილიტაციის ცენტრი, სადაც მშობლებს არ აშორებენ ბავშვებს“.

ფორუმის მსვლელობისას მიტროპოლიტი ამბროსი გამოვიდა ინიციატივით, გაიმართოს მრავალშვილიანი ოჯახების აღლუმი.

პანელის კიდევ ერთმა მომხსენებელმა, ფონდ „სამშობლოს დამცველთა“ თავმჯდომარე ანა ცივილიოვამ თქვა, რომ ფრონტიდან დაბრუნებული სულ უფრო მეტი რუსი მამაკაცი კარგავს ოჯახს პოსტტრავმული სინდრომის გამო, შედეგად კი ბავშვები იზრდებიან ე.წ. ნაკლულ ოჯახებში. ცივილიოვა ომის ვეტერანთა ცოლებს მეტი მოთმინებისკენ მოუწოდებს:

„ისინი ომში მიდიან, პირველ რიგში, თავიანთი ოჯახების დასაცავად. სწორედ ასე ამბობენ, მივდივარ ჩემი ცოლის, ჩემი შვილების, მათი უსაფრთხოების დასაცავადო. ძალიან გაიზარდა განქორწინების მაჩვენებელი. ბიჭები ბრუნდებიან პოსტტრავმული სტრესული სინდრომით, ბრუნდებიან ემოციურად და ფსიქოლოგიურად დაჭრილები. ფსიქოლოგები მუშაობენ არა მხოლოდ ვეტერანებთან, არამედ მათი ოჯახების წევრებთან, რათა ბიჭებს მიეცეთ აღდგენისთვის საჭირო დრო“.

თუმცა, როგორც დისკუსიიდან გაირკვა, მთავარი საფრთხე, რომლისგანაც უნდა დაიცვან ბავშვები, არც ლოთი მშობლებისგან და არც ომში მონაწილეობის გამო პატიმრობიდან გათავისუფლებული მძიმე დამნაშავეებისგან არ მომდინარეობს. როგორც ფორუმის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, მთავარი საფრთხე სექსუალური ორიენტაციის არჩევანია.

„როგორ დაიცვათ ბავშვები ამ უბედური არჩევანისგან, რადგან გაჩნდა ტენდენცია, როცა მშობლები შვილებს აძლევენ არჩევანის უფლებას, ვინც გინდა ის იყავით, თქვენ თვითონ გადაწყვიტეთო“.

ალექს სვირიდენკოს, რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, ლგბტ მოძრაობის შეთქმულება რუსეთის წინააღმდეგ 1984 წლიდან დაიწყო:

„ლგბტ მოძრაობა იოლად ითრევს ადამიანებს ექსტრემიზმში და აქცევს მათ შესაბამისი იდეოლოგიური სქემების მატარებლებად, რაც ვლინდება გენდერული ექსტრემიზმისა და გეი-ნაციონალიზმის ფორმით“.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ვლადიმირ პუტინის გამოსვლებში (მათ შორის - საპრეზიდენტო პროგრამაში) სულ უფრო ხშირად ისმის ე.წ. ტრადიციული ღირებულებებისა და ოჯახის თემები. პოლიტოლოგ მიხაილ კომინის თქმით, ბოლო ორი წელია, წესდება საგადასახადო შეღავათები, რომლებმაც უნდა მოახდინონ გავლენა რუსეთის მოქალაქეებზე და უბიძგონ მათ მეტი შვილის გაჩენისკენ:

„ამის პარალელურად წესდება საკანონმდებლო შეზღუდვები სქესის შეცვლაზე, ლგბტ პროპაგანდასა და სხვა საკითხებზე, რასაც რუსეთის სახელმწიფო უცხო ღირებულებებად მიიჩნევს. რუსეთის მთავრობა ეუბნება თავის მოქალაქეებს, რომ ძირძველი რუსული ღირებულებებია კოლექტივიზმი, მტკიცე ოჯახი და სამშობლოს დაცვა. ცდილობენ ჩამოაყალიბონ ისეთი ტრიადა, რომელიც იქნება ერთ-ერთი დასაბუთება იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია სამართლიან ომს აწარმოებს და ამ სამართლიან ომში მონაწილეობა უნდა მიიღონ მოქალაქეებმა, რომლებიც ე.წ. ტრადიციულ რუსულ ოჯახებში აღიზარდნენ“.

რუსეთი და გლობალური სამხრეთი

SPIEF-2024-ზე მთავარ სტუმრებად მიწვეული იყვნენ ბოლივიის პრეზიდენტი ლუის ლარსი, რომელიც მკვეთრად აკრიტიკებს დასავლეთს და ზიმბაბვეს პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვა. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, ზიმბაბვეში 2023 წლის არჩევნების დროს გაიტაცეს, დააპატიმრეს, სცემეს და აწამეს ათობით ოპოზიციონერი და სამოქალაქო აქტივისტი.

რუსი პოლიტოლოგების თქმით, დასავლეთთან დაპირისპირების ფონზე რუსეთი სულ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობს ე.წ. გლობალურ სამხრეთთან, განსაკუთრებით - აფრიკის ქვეყნებთან, რომლებთან ურთიერთობისთვისაც თავის არსენალში აქვს ოთხი ძირითადი ინსტრუმენტი:

  • სოფლის მეურნეობის პროდუქცია დაბალ ფასად, მათ შორის - მარცვლეული.
  • ყველა შესაძლო ტექნოლოგიური პროექტი. რადგან ამ ქვეყნებს უჭირთ საკუთარი ტექნოლოგიების განვითარება, რუსეთი თავისი სამრეწველო ტექნიკური შესაძლებლობებით ავითარებს შესაბამის (ძირითადად ენერგეტიკულ) პროექტებს. განსაკუთრებით აქტიურობს რუსული სახელმწიფო კომპანია „როსატომი“.
  • შესაძლებლობა, პუტინთან ერთად აწარმოონ გლობალური ომი დასავლეთთან. რუსეთი ცდილობს აქცენტის ამაზე გაკეთებას, აქედან მოდის ნეოკოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის რიტორიკა. ვლადიმირ პუტინი მართლაც ხშირად მიმართავს ანტიკოლონიალურ პრაქტიკებს, რაც აფრიკის ქვეყნების ბევრ ლიდერს მოსწონს, რადგან მათ რიტორიკაში უხვადაა ნეოკოლონიალიზმთან ბრძოლის ელემენტი.
  • უსაფრთხოების ექსპორტი - დაქირავებული მებრძოლები - ეს არის კიდევ ერთი რესურსი, რომელსაც კრემლი წარმატებით ყიდის აფრიკაში.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG