ეკოაქტივისტების ლიდერმა ნიკოლოზ მუსერიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ აქციით ხელისუფლებას შეახსენეს მათი დაპირება, რომ ორი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე საბოლოოდ დაამტკიცებდნენ.
„პარლამენტის კედლებზე ინსტალირებულ ათწუთიან ვიდეოფილმში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საპარლამენტო არჩევნების წინ რუსთაველებს დაჰპირდა, რომ მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” კანონპროექტს მესამე მოსმენითაც მიიღებდნენ“, - თქვა ნიკოლოზ მუსერიძემ.
აქციის დროს უცნობმა პირმა რამდენჯერმე გადაფარა პროექტორი, რითაც, ეკოაქტივისტების თქმით, ღონისძიების ჩაშლა სურდა.
„გავიგუდეს“ კიდევ ერთმა აქტივისტმა, თინათინ მაღედანმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ქარხნებიდან მავნე გამონაბოლქვის გამო რუსთავში ეკოლოგიური მდგომარეობა კვლავ მძიმეა და, ოფიციალური ინფორმაციით, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი საშუალოდ 77 პროცენტია.
„ფაქტობრივად, წელიწადში 255 დღის განმავლობაში ჯანმრთელობისთვის საშიშ ჰაერს ვსუნთქავთ“, - თქვა თინათინ მაღედანმა.
გარემოსდაცვით საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიღებას არასამთავრობო სექტორი მოითხოვს, შემოაქვს სრულიად ახალი პასუხისმგებლობის მექანიზმი: „დამბინძურებელი იხდის“. იურიდიული თუ ფიზიკური პირი, რომელიც გარემოს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს, ვალდებული იქნება, ჯარიმა კი არ გადაიხადოს, არამედ გაატაროს გარემოს აღსადგენად საჭირო გამასწორებელი ღონისძიებები წინასწარ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. კერძოდ, ზიანის თანხა, განსხვავებით დღევანდელი რეგულაციებისგან, მთლიანად უნდა მოხმარდეს ამ ზიანის გამოსასწორებელ ღონისძიებებს.
სწორედ ამ საკანონმდებლო ცვლილებაზე ამახვილებდა ყურადღებას საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დროს მმართველი პარტიის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე, როცა რუსთაველებს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ჰპირდებოდა. პარლამენტში არჩევის შემდეგ ლაცაბიძე პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი გახდა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში მან იმედი გამოთქვა, რომ კანონპროექტს მიმდინარე წლის ბოლომდე დაამტკიცებენ.
22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ გიორგი გახარიას კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.
ამავე დღეს რუსთაველი აქტივისტების კიდევ ერთი ჯგუფი პარლამენტის უკანა ეზოში გამართავს საპროტესტო აქციას „ეკოლოგია - უალტერნატივოა“.