Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის რეფერენდუმი - გამაერთიანებელი იდეა თუ განხეთქილების ვაშლი


რეფერენდუმს ნიშნავს პრეზიდენტი, თუმცა მის ჩატარებას პრემიერ-მინისტრის თანხმობა ესაჭიროება.
რეფერენდუმს ნიშნავს პრეზიდენტი, თუმცა მის ჩატარებას პრემიერ-მინისტრის თანხმობა ესაჭიროება.

ევროპული არჩევანის შესახებ რეფერენდუმის იდეას მომხრეც ჰყავს და მოწინააღმდეგეც. პრეზიდენტის წამოწყებაში ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა. ამას გარდა,„თუ „ქართული ოცნება“ არ მოინდომებს, რეფერენდუმი ვერ გაიმართება“. გვჭირდება კი ეს რეფერენდუმი?

„გაბრაზებულები ხართ დღეს, ხომ? გაბრაზდით, მაგრამ არ დავიწყოთ საქმე“, - მიმართა სალომე ზურაბიშვილმა 29 მაისს პარლამენტთან შეკრებილებს. ამ მომენტისთვის მისი ვეტო უკვე დაძლეული იყო, აგენტების კანონი კი მხარდაჭერილი.

საქმე, რომლის დაწყებისკენაც პრეზიდენტმა დემონსტრანტებს მოუწოდა, „ნამდვილი რეფერენდუმის“ მომზადებაა. ის ფიქრობს, რომ ენერგია, რომელიც აგენტების კანონის საწინააღმდეგო პროტესტის დროს დაიბადა, „ხელმოწერების შეგროვებას“ უნდა მოხმარდეს.

„მოიტანთ ჩემთან და მოვაწერ ხელს რეფერენდუმს, გვინდა ევროპული მომავალი თუ გვინდა რუსული მონობა?“, - პრეზიდენტს ამ საკითხზე მეტი აღარაფერი უთქვამს. Რა იგულისხმა და რას ნიშნავს მისი ინიციატივა, პოლიტიკოსები და ექსპერტები არკვევენ. უმეტესობას რეფერენდუმის იდეა არ მოსწონს.

ამ სტატიაში ვარკვევთ:

  • რატომ აკრიტიკებენ იდეას?
  • რა იქნება სარეფერენდუმო კითხვა?
  • უშლის თუ არა ოკუპაცია ხელს რეფერენდუმის ჩატარებას?
  • საჭიროა კი რეფერენდუმი, ისეთ თემაზე, რომელიც კონსტიტუციითაა გარანტირებული?
  • რატომ შეიძლება დათანხმდეს ხელისუფლება ამ რეფერენდუმს?
  • და თუ დათანხმდა არის ეს პრობლემა?

ხელისუფლების თანხმობის გარეშე რეფერენდუმი ვერ გაიმართება

რეფერენდუმი საერთო-სახალხო გამოკითხვაა, კენჭისყრის გზით, რა დროსაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხები წყდება.

რეფერენდუმის წესით ხალხის გამოკითხვით მიღებული შედეგი არ გადაიხედება. სახელმწიფო სტრუქტურები ვალდებულები არიან, კანონმდებლობა ამ შედეგების შესაბამისად შეცვალონ.

რეფერენდუმის დანიშვნის უფლებამოსილება ფორმალურად პრეზიდენტის ხელშია, თუმცა პრემიერ-მინისტრის ხელმოწერის გარეშე მის გადაწყვეტილებას ძალა არ აქვს.

ეს ნიშნავს, რომ „თუ „ქართული ოცნება“ არ მოინდომებს, რეფერენდუმი ვერ გაიმართება“.

„თუ ხელისუფლებამ რეფერენდუმს წინააღმდეგობა არ გაუწია, მაშინ ჩნდება კითხვა - რატომ არ გაუწია? დღევანდელი განწყობები მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი მოქალაქეების უდიდეს ნაწილს სურს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, განსაკუთრებით ევროკავშირში შესვლა. რატომ შეიძლება დათანხმდეს ქართული ოცნება რეფერენდუმის გამართვას, როცა მისი ყველა მოქმედება, მიუთითებს იმაზე, რომ ამ პარტიამ ყველანაირად შეუშალა ხელი ევროკავშირში გაწევრებას და ახლაც იგივეს აგრძელებს, - აქ მე პასუხი არ მაქვს“, - ამბობს „რადიო თავისუფლებასთან“ კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე

ვახტანგ ხმალაძე, კონსტიტუციონალისტი
ვახტანგ ხმალაძე, კონსტიტუციონალისტი

მოქმედი კანონმდებლობით, პრემიერ-მინისტრის ხელმოწერა რეფერენდუმის დანიშვნის კანონით გათვალისწინებული პროცედურების ყველაზე ბოლო რგოლია.

იქამდე სარეფერენდუმო საკითხმა ცესკოს მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.

Როგორ ხდება რეფერენდუმის დანიშვნა?

სალომე ზურაბიშვილის გეგმაა, რომ რეფერენდუმის ავტორები იყვნენ ის ამომრჩევლები, რომლებიც აგენტების კანონს 45 დღის განმავლობაში ქუჩაში უწყვეტად აპროტესტებდნენ. Პირველი ნაბიჯი საინიციატივო ჯგუფის შექმნაა, რაც დიდი ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელი: სამართლებრივი პროცედურა არ სჭირდება, საკმარისია მხოლოდ რამდენიმე საქართველოს მოქალაქის ერთი მიზნით გაერთიანება.

ამის შემდეგ საინიციატივო ჯგუფი ცესკოს მიმართავს, დაარეგისტრიროს მათ მიერ წარდგენილი სარეფერენდუმო კითხვა. ცესკო ერთი თვის ვადაში, კომისიის წევრების უბრალო უმრავლესობით ანუ 9 ხმით გამოსცემს განკარგულებას.

თანხმობის შემთხვევაში საინიციატივო ჯგუფის წევრები ვალდებულები არიან სულ მცირე 200 000 ხელმოწერა შეაგროვონ. ამ ხელმოწერების ნამდვილობას ისევ ცესკო ადგენს.

მხოლოდ ცესკოს დადებითი დასკვნის შემდეგ ხვდება სარეფერენდუმო საკითხი პრეზიდენტის ხელში. რეფერენდუმის დანიშვნას პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერაც სჭირდება - ამის გარეშე რეფერენდუმი ვერ გაიმართება.

„ცესკოს აკონტროლებს ქართული ოცნება ანუ, არც თუ მცირე ალბათობით პირველ ეტაპზევე შეიძლება რეფერენდუმის დანიშვნის მცდელობა ჩავარდეს. ცესკოს გადაწყვეტილების ერთჯერადად გასაჩივრება სასამართლოშია შესაძლებელი და სასამართლოსაც აკონტროლებს ხელისუფლება“, - ამბობს ვახტანგ ხმალაძე.

ცესკოში „რადიო თავისუფლებას“ განუმარტეს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში არ დააკმაყოფილებენ საინიციატივო ჯგუფის მიმართვას, თუ რეფერენდუმი:

  • მიზნად ისახავს კანონის მიღებას ან გაუქმებას;
  • ეხება ამნისტიას ან შეწყალებას;
  • მოითხოვს საერთაშორისო ხელშერულებების რატიფიცირებას ან პირიქით;
  • სარეფერენდუმო კითხვა ცხადი არაა.

რა იქნება სარეფერენდუმო კითხვა?

ამის შესახებ პრეზიდენტს ჯერ არაფერი უთქვამს. ის, რაც Მან მიმართვისას ახსენა: „გვინდა ევროპული მომავალი თუ გვინდა რუსული მონობა?“ - სარეფერენდუმო კითხვა ვერ გახდება.

იურისტმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან დღეს განმარტა, რომ კითხვა იქნება „ევროკავშირზე“ და „საუკეთესოდ ფორმულირებული“. ის არათუ მხარს უჭერს რეფერენდუმს, არამედ, როგორც მისი კომენტარიდან ირკვევა, ამ პოლიტიკური პროცესის მონაწილეცაა.

„პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს არჩევნები პრაქტიკულად რეფერენდუმია: ევროპისკენ თუ რუსეთისკენ და ამ არჩევანს რომ მეტი დატვირთვა მიეცეს მისი იდეაა, საარჩევნო ბიულეტენთან კიდევ ერთი ფურცელი გაჩნდეს. დაისმება კითხვა ევროკავშირთან დაკავშირებით, ხალხის განწყობის გამოსახატად“, - თქვა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელია, პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი
ეკა ბესელია, პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი

სარეფერენდუმო კითხვას, რასაც არ უნდა შეეხებოდეს ის, მხოლოდ ორი პასუხი აქვს: დიახ ან არა. კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი ამბობს, რომ „რეფერენდუმი მისი ინსტრუმენტია, ვისაც კითხვის ფორმულირების ძალაუფლება აქვს“.

„ცენტრალური და გადამწყვეტია, რა არის კითხვა. მკაფიოდ ფორმულირებული უნდა იყოს. თუ ევროპასა და რუსეთს შორისაა არჩევანი, ჩვენ ეს არჩევანი გამოხატული გვაქვს კონსტიტუციის 78-ე მუხლით და მას რაიმე დამატებითი რეფერენდუმით განმტკიცება არ სჭირდება. და თუ საჭიროა, გამოდის, რომ პრეზიდენტმა ეჭვქვეშ უნდა დააყენოს მთლიანად ამ კონსტიტუციის ლეგიტიმაცია, რომელზეც, როგორც პარლამენტის წევრს, მხარი თავადაც აქვს დაჭერილი. თუ ლეგიტიმაციას ეჭვის ქვეშ ვაყენებთ, მაშინ რა კონსტიტუციურ ჩარჩოთი ვმოქმედებთ და რომელი კონსტიტუციური ჩარჩოთი გვინდა დაბრუნება?”, - ამ კითხვებს სვამს კონსტიტუციონალისტი, დავით ზედელაშვილი. ის რეფერენდუმის ჩატარების იდეას მხარს არ უჭერს, ვახტანგ ხმალაძის მსგავსად არც ის ენდობა პროცესს, რომელიც ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე ვერ განხორციელდება.

დავით ზედელაშვილი, კონსტიტუციონალისტი
დავით ზედელაშვილი, კონსტიტუციონალისტი

„რეჟიმი თუ დათანხმდა საკუთარი ცესკოთი და დაარეგისტრირა, ე.ი. რეჟიმის ინტერესებშიც შედის, აქ უნდა დავფიქრდეთ, რომ რაღაც ცუდადაა. თუ რეჟიმი თანხმდება, ე.ი. მიაჩნია, რომ ამ თემით მანიპულაცია შეუძლია. მითუმეტეს როცა ყველა საშუალება აქვს, რომ ამ ინსტრუმენტის გამოყენება დაბლოკოს...”, - ეუბნება დავით ზედელაშვილი რადიო თავისუფლებას. .

საჭიროა რეფერენდუმი?

კონსტიტუციონალისტი ,ვახტანგ ხმალაძე ფიქრობს, რომ ამ რეფერენდუმის ჩატარების, პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

  • კონსტიტუციაში უკვე წერია 78-ე მუხლი, რომელიც კონსტიტუციურ ორგანოებს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მტკიცე ერთგულებას ავალებს;
  • მოსახლეობის უმრავლესობა აზრის გამოკითხვის კვლევებით (NDI, IRI) მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრებას;
  • 2024 წლის არჩევნები თავისი არსით რეფერენდუმია.

„ქართული ოცნების ქმედებები გვიკეტავს ევროკავშირის კარს და ოპოზიციის ქმედებები უნდა იყოს ის, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ამ კარის გაღებას. არჩევნების შედეგები იქნება ქართველი ხალხის განწყობის გამომხატველიც”, - ამბობს ვახტანგ ხმალაძე.

კონსტიტუციონალისტის თქმით, ერთი დადებითი რაც ასეთმა რეფერენდუმმა შეიძლება მოიტანოს, არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის გაზრდაა.

1991 წლის 31 მარტს არჩევნების პარალელურად ჩატარდა რეფერენდუმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენაზე კითხვით: „თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“. ამ დღეს საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - 90%.

„არიან ამომრჩევლები ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომლებიც ფიქრობენ, რა აზრი აქვს არჩევნებზე წასვლასო, ეს რეფერენდუმი მიზიდულობის კიდევ დამატებითი ფაქტორი იქნება. ჩვენი მიზანია ყველა მივიდეს არჩევნებზე, რომ გაყალბება დავაზღვიოთ, პარტია თუ არ მოგწონს რეფერენდუმში მონაწილოებისთვის მაინც მიდი არჩევნებზე. მაღალი აქტივობა აზღვევს ყველა ტიპის გაყალბებას”, - თქვა ეკა ბესელიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

რას ფიქრობენ პოლიტიკოსები და აქტივისტები?

პრეზიდენტის სამოქმედო გეგმის „ქართული ქარტიის“ მხარდამჭერ პოლიტიკოსებში დაბნეულობაა. მათი ნაწილი რეფერენდუმის იდეაზე კომენტარს არ აკეთებს, ნაწილისთვის გაუგებარია, რა მიზანი აქვს პრეზიდენტს, უმეტესობა კი ამბობს - „რეფერენდუმი თავად არჩევნებია“.

ასე გაიგო უმრავლესობამ, მათ შორის მედიამ სალომე ზურაბიშვილის განცხადება „ქართული ქარტიის“ პრეზენტაციისას, რომ „არჩევნები რეალურად იქნება სახალხო რეფერენდუმი, რომელზეც უნდა ვუპასუხოთ შეკითხვას: გვინდა თუ არა ევროპა?” და რომ „როცა ჩვენ ხმას მივცემთ ქარტიაზე ხელმომწერ რომელიმე პარტიას, რეალურად, ხმას ვაძლევთ „ქართულ ქარტიას“ და ე.ი. ევროპულ მომავალს.“

  • ცოტნე კობერიძე, „გირჩი - მეტი თავისუფლება“: „ჩვენ თუ არჩევნები მოვიგეთ, ეგ ამბავი ისედაც რეფერენდუმი იქნება. ამ საკითხის რეფერენდუმზე გატანა უცნაურია, კონსტიტუციაში ისედაც გვიწერია, რომ ევროპულ გზას ვუჭერთ მხარს“.
  • ირაკლი ფავლენიშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“: „რეფერენდუმი არის არჩევნები - იმ რუსული ინტერესების განსახიერება ივანიშვილსა და დასავლურ კოალიციას შორის, რომელიც წარდგენა არჩევნებზე სხვადასხვა კონფიგურაციით. თუ ვინმე საუბრობს რეფერენდუმზე, ამ არჩევანს უნდა გულისხმობდეს“.
  • სალომე სამადაშვილი, „ლელო“: „რეფერენდუმი თავად არჩევნებია, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ხმის მიცემა არის რეფერენდუმი და ამ მიმართულებით მივმართავთ ჩვენ ძალისხმებასაც. საქართველოს ხალხს არაერთხელ აქვს პოზიცია დაფიქსირებული, რომ ევროკავშირი და ნატოა ჩვენი არჩევანი.
  • ხატია დეკანოიძე, დეპუტატი: „მთავარი რეფერენდუმი გვაქვს 26 ოქტომბერს - საქართველოს ევროატლანტიკური კურსი განსაზღვრულია. 85% ემხრობა. არ მგონია, რომ პროპაგანდას საზრდო უნდა მივცეთ. მოლდოვაში რეფერენდუმს იმიტომ ატარებენ, რომ ჩვენი მსგავსი ჩანაწერი გააკეთონ კონსტიტუციაში. კითხვის ნიშნის ქვეშ ის კი არ დგას, უნდა თუ არა მოსახლეობას ევროპა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას - მიდის თუ არა ამისკენ ხელისუფლება".

სარეფერენდუმო კითხვის დაზუსტებას მოითხოვენ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციების მონაწილეები. აქტივისტ საბა სხვიტარიძისთვის გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება რეფერენდუმი: „თუ კითხვა იქნება: რუსეთი თუ ევროპა, „ქართული ოცნებაც“ თავისუფლად იტყვის, რომ მეც ევროპა მინდა, მათ ხომ არ აქვთ მკაფიოდ გამოხატული პოზიცია, რომ რუსეთს წარმოადგენენ, ქმედებით ჩანს ეს მხოლოდ და არა პოზიციონირებით.

თუ პრეზიდენტი კითხვებს უპასუხებს ის მზადაა რეფერენდუმისთვის მომზადებაში დაესხმაროს. არ არის გამორიცხული ეს მზადება წინასაარჩევნო კამპანიის მნიშვნელოვან ნაწილადაც იქცეს.

პრეზიდენტის დამოუკიდებლობას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გია ჯაფარიძე. ის ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავისი წინადადება დაუყოვნებლივ უნდა განმარტოს და ბუნდოვან განცხადებებს მეტი სიცხადე შესძინოს:

მე მას ვერ ვხედავ, როგორც ივანიშვილისგან დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურას.

78- მუხლს უნდა გადავხედოთ? ამ რუსულ პარლამენტს მეტი რა ჭირდება, დღესვე დაიწყებენ ამას. როგორ უნდა მოხდეს გამოკითხვის მონიტორინგი? ამ პროცესში რაციონალურ მარცვალს ვერ ვხედავ...

და მეორე როგორ უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი, როცა ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია?“.

უშლის ოკუპაცია ხელს რეფერენდუმის ჩატარებას?

„რეფერენდუმის შესახებ ორგანული კანონის“ თანახმად, რეფერენდუმი „იმართება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე“. ეს ჩანაწერი ახლაც საკამათო გახდა.

კონსტიტუციონალისმა, ვახუშტი მენაბდემ ფეისბუქზე დაწერა, რომ ჩანაწერს „მთელი ტერიტორია“ საქართველოს კანონმდებლობაში ხშირად შევხვდებით:

იგივე კონსტიტუცია ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის „მთელ ტერიტორიაზე“ ცხადდება.

„ცხადია, არავის მოსვლია თავში აზრად, ოკუპაციის დასრულებამდე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შეუძლებლობაზე მსჯელობა“, - ამბობს მენამდე.

ამასთან, საქართველოში, ოკუპაციის პირობებში რეფერენდუმის ჩატარების პრეცედენტი არსებობს. 2003 წლის 2 ნოემბერს ჩატარდა რეფერენდუმი და სწორედ ამ გზით გადაწყდა პარლამენტის წევრების 150-მდე შემცირების საკითხი. დღემდე ეს ნორმა მოქმედებს.

„მე ამ ჩანაწერის ინტერპრეტაციას ვაკეთებ ასე: რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს რეფერენდუმის ჩატარება მთელ ტერიტორიაზე; მაგრამ ხელისუფლებას, ობიექტური მიზეზების გამო, არ შეუძლია და ვერ შეძლებს რეფერენდუმის ჩატარებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მაშინ რეფერენდუმი უნდა გაიმართოს დანარჩენ ტერიტორიაზე, სადაც ამის შესაძლებლობა აქვს“, - ამბობს ხმალაძე.

კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი ამბობს, რომ ზოგჯერ რეფერენდუმი ტარდება საკითხებზე, რომელიც ტერიტორიულ მოწყობას ეხება, მხოლოდ ასეთ დროსაა ლოგიკური „საქართველოს მთელი ტერიტორიის“ შესახებ ჩანაწერი.

„ნებისმიერი რეფერენდუმი, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მოწყობაზე იქნება ან რომელიმე მისი ერთეულის ან ავტონომიური ერთეულის სტატუსს შეეხება უნდა ჩატარდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ამას აქვს ლოგიკა. შემდგომი სეპარატიზმის პრევენციაც არის, პირობითად ვინმემ კიდევ საქართველოს მხარეში არ განიხილოს ადგილობრივი რეფერენდუმი მისი კონსტიტუციური სტატუსის შესახებ“, - განმარტავს ზედელაშვილი.

2016 წელს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საინიციატივო ჯგუფს უარი უთხრა ჩაეტარებინათ რეფერენდუმი შეკითხვით: „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“. მიზეზად დაასახელა, რომ საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ხოლო რეფერენდუმის დანიშვნა, ორგანული კანონის თანახმად, მხოლოდ საქართველოს მთელ ტერიტორიაზეა შესაძლებელი.

„ამ ინტერპრეტაციის გაზიარების შემთხვევაში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, საქართველოში ვერც ერთი რეფერენდუმი ვერ გაიმართება. აღნიშნული ინტერპრეტაცია, სამართლებრივი თვალსაზრისით, საკამათოა“, - დაწერა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2019 წელს გამოცემულ წიგნში თავის წიგნში „საკონსტიტუციო სამართალი“.

დღეს კი „ქართული ოცნების“ დეპუტატები, მათ შორის მამუკა მდინარაძე და რატი იონათამიშვილი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივის კრიტიკისას ერთ-ერთ არგუმენტად ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ჩანაწერს იშველიებენ.

ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, გიორგი სანტურიანი „რადიო თავისუფლებასთან“ ამბობს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების არგუმენტით სარეფერენდუმო კითხვის დარეგისტრირებაზე უარი არავისთვის უთქვამთ.

გიორგი სატურინიანი: „საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წელს იმსჯელა შემოთავაზებულ კითხვის ფორმულირებასთან დაკავშირებით, რომელიც აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დაწესებულ მოთხოვნას. დანიშვნა-არდანიშვნა პრეზიდენტის კომპეტენცია იყო.

- რ.თ: ტერიტორიული მთლიანობის მოტივით თქვენ უარი გაგიციათ რეგისტრაციაზე?

- მე არ მახსენდება, პირიქით 2016 წელს რეგისტრაციაში გატარებული იყო საკითხი...

მარგველაშვილის მიერ გაუქმებული რეფერენდუმის კითხვა, მმართველ პარტიაში თხრობით წინადადებად აქციეს და კონსტიტუციაშიც ასახეს.

ამ მაგალითის შემდეგ საქართველოში რეფერენდუმის ჩატარების მცდელობა არავის ჰქონია. ყველა სხვა სახალხო გამოკითხვა პლებისციტი იყო, რომელიც რეფერენდუმისგან იმით განსხვავდება, რომ მისი შედეგი სავალდებულოდ აღსასრულებელი არ არის და არც ტერიტორიული მთლიანობის შეზღუდვა აქვს.

პლებისტიცი საქართველოში 2008 წლის 5 იანვარს ჩატარდა. ორი საკითხი გამოიტანეს - პირველი ნატოში გაწევრების მხარდაჭერას ეხებოდა, მეორე არჩევნების თარიღის შემოდგომიდან გაზაფხულზე გადმოტანას. აქტივობა 56.62% იყო.

თუ სალომე ზურაბიშვილი რეფერენდუმის ჩასატარებლად ყველა პროცედურას გაივლის და პრემიერ-მინისტრსაც დაარწმუნებს ხელი მოაწეროს, მაშინ სახალხო გამოკითხვა 2024 წლის არჩევნების პარალელურად გაიმართება. ხმის კაბინაში შესულ ამომრჩეველს ორი ფურცელი დახვდება, მათგან ერთი სარეფერენდუმო კითხვით.

XS
SM
MD
LG