Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩანაწერები გურამ რჩეულიშვილზე


გურამ რჩეულიშვილის პროზაული კრებული, 2016 წელი.
გურამ რჩეულიშვილის პროზაული კრებული, 2016 წელი.

გურამ რჩეულიშვილმა სულ 26 წელი იცოცხლა, მისი მოთხრობების უდიდესი ნაწილი მის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა, გარდაცვალების შემდეგ გამოიცა. წელს მას 90 წელი შეუსრულდებოდა.

2022 წელს, რუსთველის ფონდის მხარდაჭერით, გაკეთდა „გურამ რჩეულიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე“, სადაც მისი ცხოვრების ყველა ის თარიღია აღდგენილი, რომელიც მისსავე ჩანაწერებსა თუ ახლობლების მოგონებებში შემორჩა.

წიგნის ავტორები არიან: ქეთევან ხითარიშვილი, ესმა მანია, მაია ჯანგიძე, ეთერ ქავთარაძე, მაია ნინიძე. მატიანე 1934 წლის 4 ივლისიდან, მისი დაბადების დღიდან იწყება და 1963 წლის 23 აგვისტოთი მთავრდება, დღით, როდესაც ის გაგრაში დაიღუპა. ამ ორ თარიღს შორის ასობით ჩანაწერია, რომელთაგანაც რამდენიმეს, მცირედი ცვლილებით რადიო თავისუფლება აქვეყნებს.

1934 წლის 4 ივლისი: მიხეილ რჩეულიშვილსა და მარიამ ნიჟარაძეს ქუთაისში შეეძინათ ვაჟი, რომელსაც გურამი დაარქვეს.

1934 წლის 14 ივლისიდან: ჩვილი გურამი ძალზე მოუსვენარი და ჭირვეულია. მის ყოველ დაძინებას მთელი ოჯახის ჩართულობა სჭირდება.

1939 წელი: გურამს და დათო ჯავახიშვილს ერთი გოგო უყვართ. თანხმდებიან, რომ, როცა გაიზრდებიან, დათო ქმარი იქნება და გურამი – შეყვარებული.

1943 წლის 27 სექტემბერი: გურამის დედას მარიამს ბავშვები ალვანიდან ალავერდობაზე მიჰყავს ცხენშებმული ეტლით. კოფოზე თავად ზის. ადიდებულ ალაზანს მშვიდობიანად გადალახავენ, მაგრამ აღმართში მისაბმელი წყდება და ეტლი ისევ მდინარისკენ მიგორავს. რომ არა უცნობი ცხენოსანი, რომელმაც ეტლი შეაჩერა, ხიფათი გარდაუვალი იყო.

1945 წლის 9 მაისამდე: ალვანში გურამი სახედარს ცხენივით დააჭენებს.

1945 წლის 9 მაისი: გურამი შემთხვევით ამტვრევს მეზობლის ფანჯარას, რისთვისაც კუთხეში აყენებენ. ამ დროს რადიოში აცხადებენ, რომ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა.

1947 წელი: ოჯახი თელავის სახლს ყიდის, რომ გურამის გერმანულში მოსამზადებლად აღებული პროცენტიანი ვალი გაისტუმრონ, ზამთრისთვის სურსათი მოიმარაგონ, მიხეილ რჩეულიშვილისთვის საწერი მაგიდა და მარინესთვის პიანინო იყიდონ. მაგრამ მოულოდნელი რეფორმის შედეგად მანეთის მსყიდველობითი უნარი ათჯერ მცირდება და შემორჩენილი ფული მხოლოდ ორი ყუთი მანდარინის საყიდლადღა ჰყოფნით.

1949 წელი: ექსკურსიაზე გურამი სვეტიცხოვლის ხარაჩოებზე ძვრება, გალავნის ქონგურის ნაწიბურს მიუყვება, სამრეკლოზე ადის და ზარს რეკავს. მერე მდინარის პირას საძოვარზე გაშვებულ უბელო ცხენზე შეჯდომას ცდილობს და ამით ძალიან ანერვიულებს პედაგოგებს.

1951 წელი: გურამი იგებს, რომ პიონერთა სასახლის პედაგოგს ირინე მიქელაძეს ქალიშვილთან – ლალისთან ერთად შუა აზიაში ასახლებენ. დაპატიმრებულები უფანჯრო ვაგონებით გადაჰყავთ. გურამი და ნოდარ ზედელაშვილი თითოეულ ვაგონთან აცრემლებულები ჩერდებიან და ირინეს და ლალის ეძახიან, მაგრამ საშინელი ხმაურის გამო მათი ხმა არ ისმის.

1952 წელი: აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის კრებაზე გურამი პირველად შეამჩნევს მზია ჩაჩავას.

1952 წელი: ერთადერთ პალტოს მეგობარ ხევსურ ბიჭს სჩუქნის და თავად მთელი ზამთარი უპალტოოდ დადის.

გურამ რჩეულიშვილი
გურამ რჩეულიშვილი

1953 წელი: მზია ჩაჩავას და თანაკურსელებს თბილისის ზღვაზე ეპატიჟება. ნავით სეირნობენ, ნიჩბებს გურამი უსვამს. ცდილობს დამალოს, რომ შეყვარებულია. არ გამოსდის.

1954 წელი: წვეულებაზე თამადა სტალინის სადღეგრძელოს სვამს. გურამი უკმაყოფილოა, რაც სუფრასთან მჯდომ მილიციის უფროსს აღიზიანებს, გადაუდებელი საქმე რომ არ მქონდეს, ჭკუას გასწავლიდითო.

1955 წელი: ნუგზარ წერეთელი მზიას მეგობრებისგან იგებს, რომ ის გათხოვდა. მეგობრებს გურამი სასაუზმეში მიჰყავთ, სადაც ის ერთ ბოთლ კონიაკს სულმოუთქმელად სვამს და ითიშება.

გურამ რჩეულიშვილი
გურამ რჩეულიშვილი

1956 წლის 9 მარტის შემდეგ ხვდება ანტისაბჭოურად განწყობილ მეგობრებს. წუხან მოსახლეობის დაუცველობაზე და ფიქრობენ იარაღის შოვნის გზებზე. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი – ვაჟა დუნდუა ამბობს, რომ ჟელატინისგან თურმე შეიძლება ბომბების დამზადება, მაგრამ მის შეთავაზებას უარყოფენ, რადგან ამას დიდი დრო დასჭირდება, შეიარაღება კი სასწრაფო საქმეა. მაშინ გურამი შესთავაზებს, რომ მათი ნაცნობი მდიდარი ოჯახებიდან მოიპარონ ანტიკვარული ნივთები, გაყიდონ და შეიძინონ იარაღი არსენალზე თავდასასხმელად, არსენალიდან მოპოვებული იარაღი კი დაურიგონ ხალხს. თავიდან მეგობრები იდეას აიტაცებენ, მაგრამ ნელ-ნელა ხვდებიან ამ გეგმის აბსურდულობასაც და ივიწყებენ.

1956 წელი: მიდის ლენინის მოედნისკენ და ლენინის ძეგლს თოფს ესვრის. აკავებენ, მაგრამ წესრიგის დამცველები ძალიან დაბნეულები და შეშინებულები არიან მომხდარით. ეკითხებიან, ქალაქის საბჭოს მიმართულებით ისროლა თუ ბავშვთა სამყაროსკენ, რომ დანაშაულს ან პოლიტიკური კვალიფიკაცია მისცენ, ან წვრილმანი ხულიგნობის. საქმეში ერევა გურამის გავლენიანი მეზობელი – სევერიან ჩხარტიშვილი. გურამს ათავისუფლებენ.

1957 წლის თებერვალი: გამოსვლას იწყებს განახლებული „ცისკარი“. რედაქცია ახალგაზრდა მწერლებს ეძებს, მოსწონთ გურამ რჩეულიშვილის ნოველები: „სიყვარული მარტის თვეში“, „შემოდგომა ბაბუა კოტესი“, „ნელი ტანგო“, „სათაგური“ და „თვირთვილა“. ავტორი „ცისკარში“ მხოლოდ მას შემდეგ მიდის, როცა იგებს, რომ მისი ნაწერების დაბეჭდვა გადაწყვეტილია.

1957 წლის 4 ივლისი: უფლისციხიდან დაბრუნებული სამთავროს ეკლესიის ეზოში თავის ქალით ხელში ხვდება ვაჟა გიგაშვილსა და მის საცოლეს – ლია ჯაფარიძეს. უყვება, როგორ იპოვა ლოდიანზე თავის ქალა და როგორ მიიჩნია ის დაბადების დღის საჩუქრად.

1960 წლის გაზაფხული: ხვდება მზია ჩაჩავას. არ იცის მისი განქორწინების შესახებ, უხერხულადაა. საუბარი არ გამოსდით.

1960 წლის ზაფხულამდე: მზია ჩაჩავას წერილს სწერს. წუხს მისი წარუმატებელი ქორწინების გამო. ცდილობს დაარწმუნოს, რომ საკუთარ პირად ცხოვრებაზე უარის თქმა და თავისი დარჩენილი სიცოცხლის მთლიანად შვილისთვის მიძღვნა, არასწორი გადაწყვეტილებაა... წერს, რომ კრიტიკულად აფასებს საკუთარ ცხოვრებას და ნანობს დაშვებულ შეცდომებს, მაგრამ ეამაყება, რომ მზიასადმი სიყვარულით არის მოცული.

1960 წლის ზაფხული: თბილისში, ამჟამინდელი კოსტავას გამზირის დასაწყისში, შემთხვევით ხვდება მზია ჩაჩავას და ეკითხება, სად აპირებს წასვლას დასასვენებლად. მზია დაუფიქრებლად ატყუებს, რომ - გაგრაში.

1960 წლის 21 აგვისტო: გურამი თემურ ბერიძეს უმხელს, რომ ერთხელ თავის მოკვლას აპირებდა და მასთან მოულოდნელმა შეხვედრამ გადააფიქრებინა.

1960 წლის 21 აგვისტო: ახალი გაგრის სადგურზე თემო ბერიძესთან დამშვიდობების დროს, მოულოდნელად ატირდება.

1960 წლის 23 აგვისტო: გაგრიფშის მოედანთან ხვდება შორეულ ნაცნობს და ზღვისპირა პავილიონის რესტორანში სადილად პატიჟებს. მათთან ერთად არის პეტერბურგიდან ჩამოსული ორი ახალგაზრდა, რომელთაგან ერთი ქართველია. გურამი თამადობს, მაგრამ ბევრს არ სვამს. დღის სამი საათისთვის რესტორნიდან ჩანს, როგორ ღელავს ზღვა და შეზარხოშებული ქართველი პეტერბურგელი სუფრის წევრებს შეჯიბრებაში იწვევს – ვინ გაბედავს ზღვაში შესვლას. გურამი, ყველას გასაკვირად, თავს იკავებს და არც მათ ურჩევს, მაგრამ პეტერბურგელები მაინც შედიან წყალში და ცოტა ხანში ყველა ხედავს, რომ გამოსვლა უჭირთ. ღელვა მატულობს და ნაპირს სახლისოდენა ტალღები ეჯახება. გურამი ჯებირთან მიდის, ტანსზევით იხდის და ხელსაყრელ მომენტს ელოდება. უცებ უზარმაზარი ტალღა ჩაითრევს, შემდეგ ისევ გამორიყავს. გურამი წამოდგება, მაგრამ არ გარბის, უკანასკნელ სიტყვას ღიმილით ამბობს და ისევ წყლით იფარება.

გაგრელი მოცურავე მარკ შაგოვი მის საშველად ხტება წყალში, მაგრამ, როცა მიუახლოვდება და ხელს ჩასჭიდებს, გურამი სთხოვს, სხვებს მიხედოს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG