„ქართული ქარტიის“ ხელმოსაწერად, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს დრო 1 ივნისამდე მისცა. თუმცა პარტიების დიდმა ნაწილმა თანხმობა უკვე განაცხადა. მათ შორის არიან: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ახალი“, „ლელო“, „ევროპული საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“.
ხელმომწერი პარტიების შეფასებით, პრეზიდენტის გეგმა ამომრჩევლებს მკაფიოდ აჩვენებს - თუ რა კონკრეტულ შედეგს მოიტანს პროდასავლური პარტიებისთვის მიცემული ხმა და, რომ ოპოზიციურ პარტიებს შეუძლიათ თანამშრომლობა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე.
პრეზიდენტის ინიციატივა ოპოზიციური პარტიებისთვის სიურპრიზი არ ყოფილა, რადგან „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ - პრეზიდენტმა მათ ჯერ კიდევ თებერვალში შესთავაზა და პოლიტიკური ძალები რადიო თავისუფლებასთან ადასტურებდნენ კონსულტაციების მიმდინარეობას.
ჯერ ისევ ფიქრობს პარტია „გახარია საქართველოსთვის“.
დეპუტატი ბექა ლილუაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ზოგადად, ისინი მხარს უჭერენ პრეზიდენტის ნებისმიერ ინიციატივას დაიცვას ევროპული პერსპექტივა, მაგრამ „ქართული ქარტიის“ ხელმოწერამდე - რიგი საკითხები უნდა გაირკვეს.
„არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პირველ [ქარტიის რეფორმების] ნაწილში არ არის ასახული და ალბათ დაემატება. მაგრამ დოკუმენტის ამ ნაწილის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა იქნება - მიუხედავად იმისა, დავუჭერთ თუ არა მთლიანად დოკუმენტს მხარს...
მეორე ნაწილი რაც არის - ტექნიკური მთავრობა და რიგგარეშე არჩევნები - გარკვეული პოლიტიკური და სამართლებრივი ჩიხის შემქმნელია“, - ბექა ლილუაშვილი გვეუბნება, რომ საკითხი შესასწავლია კონსტიტუციის ვალდებულებებსა და პარტიების პოლიტიკურ პასუხისმგებლობასთან შესაბამისობაში და ამისათვის 1 ივნისამდე ჯერ კიდევ არის დრო.
არის კიდევ ერთი საკითხი.
„ეს დოკუმენტი მორგებულია მოცემულობაზე, როცა ხელისუფლება დამარცხდა... მაგრამ იქამდე როგორ მივიდეთ და ხმები როგორ დავიცვათ?!“, - ეუბნება ლილუაშვილი რადიო თავისუფლებას.
„ეს არჩევნები რეალურად იქნება სახალხო რეფერენდუმი, რომელზეც უნდა ვუპასუხოთ შეკითხვას: გვინდა თუ არა ევროპა? როცა ჩვენ ხმას მივცემთ ქარტიაზე ხელმომწერ რომელიმე პარტიას, რეალურად, ხმას ვაძლევთ "ქართულ ქარტიას" და ე.ი. ევროპულ მომავალს“, - აცხადებს პრეზიდენტი.
სხვანაირი მთავრობა
პრეზიდენტი „სხვანაირი მთავრობის“ შექმნას გეგმავს - „სრულიად ახალი მოდელით“. კერძოდ, მას ჩაფიქრებული აქვს „საზოგადოებაში პროფესიონალიზმით გამორჩეული და შერჩეული მთავრობის“ შექმნა.
„ვდებთ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი, წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ და ჯერ კიდევ ვიქნები პრეზიდენტი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს, „ქართული ქარტიის“ წარდგენისას, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე.
პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 2024 წლის ბოლოს იწურება. მისი გეგმა კი უფრო ხანგრძლივ პერიოდზეა გათვლილი.
საქართველოს მომავალი პრეზიდენტი უკვე არა ხალხმა, არამედ 300-წევრიანმა კოლეგიამ უნდა აირჩიოს. მის შემადგენლობაში შედიან დეპუტატებიც. კანდიდატის წარდგენის შესაძლებლობა აქვს კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება პარლამენტის სასახლეში.
პროევროპული პარტიებისთვის საერთო პლატფორმის გაჩენას, დადებითად აფასებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე და შესაძლებლად მიიჩნევს, რომ „ქართულმა ქარტიამ“ ამომრჩევლებისთვის პროდასავლური ორიენტირის, მიზიდულობის ცენტრის როლი შეასრულოს და ნდობაც გაამყაროს, თუმცა მისთვის გაუგებარია, როგორ აპირებს პრეზიდენტი მთავრობის ფორმირებას პოლიტიკური პარტიების გარეშე.
„გაუგებარია, რას ნიშნავს პროფესიონალური ნიშნით შერჩეული მთავრობა... მე უნდა წარვადგინოო და ეს, რა თქმა უნდა, კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. არ არის პრეზიდენტის საქმე მთავრობის დაკომპლექტება“, - გვეუბნება ვახტანგ ძაბირაძე.
მისთვის ასევე საინტერესოა - „თუკი რამდენიმე თვეში შესაძლებელია ამდენი რეფორმის გატარება პარლამენტში, რასაც ყველა მართლაც საჭიროდ თვლის, მაშინ - ასეთი პარლამენტი რატომ უნდა დაიშალოს?!“
დღეს მოქმედი კონსტიტუცია იძლევა ორ შესაძლებლობას: ნდობას უცხადებს ან „პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას“; ანდა „პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას“, თუკი პირველ შემთხვევაში ეს ვერ მოხერხდება.
რეფორმებზე პრეზიდენტს რამდენიმე თვე აქვს გათვლილი
- როგორც პრეზიდენტი აცხადებს, „სხვანაირ პარლამენტში“ დაგეგმილი რეფორმების შესრულება პირველივე საგაზაფხულო სესიის ფარგლებში უნდა ჩაეტიოს.
- პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იწყება და ივნისის ბოლო პარასკევს სრულდება.
- კონკრეტულ შემთხვევაში ეს 2025 წლის 4 თებერვლიდან 27 ივნისამდე პერიოდს მოიცავს - არასრულ 5 თვეს.
„ქართული ქარტია“ მოიცავს რეფორმების ფართო სპექტრს, ბევრი მიმართულებით, რომელთა შესრულებაც აუცილებელია საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის და რომლებზეც საერთაშორისო საზოგადოება მიუთითებდა თბილისს.
ერთ-ერთი პრიორიტეტია - ყველა იმ კანონის გაუქმება, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას; მათ შორის არის - „აგენტების კანონი“ თუ „ოფშორების შესახებ“ კანონი. რეფორმები მოიცავს სასამართლო სისტემას, შსს-ს, სუს-ს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ანტიკორუფციულ სააგენტოს. პრეზიდენტის გეგმაშია - საარჩევნო ბარიერის შემცირება და ბლოკების დაშვება, ვადამდელი არჩევნებისთვის.
ყოფილი პოლიტიკოსი, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი „ქართული ქარტიის“ მნიშვნელოვან ნაკლად თვლის იმ ფაქტს, რომ მასში არ არის ნახსენები თვითმმართველობის რეალური რეფორმა.
„თუ ჩვენ გვინდა დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება უნდა მოვსპოთ და ეს ყოველთვის ეფუძნება თვითმმართველობას. თვითმმართველობის ხელებს იყენებს მუდმივად ცენტრალური ხელისუფლება. ადგილებზე უნდა შეიკრას მრავალპარტიული სისტემა, როცა არავის ექნება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საშუალება“, - ირაკლი მელაშვილი გვეუბნება, რომ „ქარტიით“ გათვალისწინებული ვადამდელი არჩევნები არ უნდა დაემთხვეს თვითმმართველობის არჩევნებს [რაც 2025 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი], რათა არ ამუშავდეს „პოლიტიკური ორთქლმავლის ეფექტი“ - „ვინც გაიქაჩება საპარლამენტო არჩევნებში, ის გაქაჩავს ადგილობრივ თვითმმართველობას“.
მელაშვილი ასევე შიშობს, რომ ერთ წელიწადში ორი საარჩევნო კამპანიის ჩატარების რესურსი დღეს ოპოზიციურ პარტიებს არა აქვთ და უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდება ის, ვისაც ხელი მიუწვდება ადმინისტრაციულ რესურსზე.
„ცენტრალიზებული სისტემის დემონტაჟს“ ექსპერტი აუცილებელ პირობად თვლის იმისთვის, რომ - „შემდეგი ხელისუფლების დროსაც ხალხს ქუჩაში გასვლა არ მოუწიოს“.
ფორუმი