პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებსაიტზე იძებნება ინფორმაცია მხოლოდ აშშ-ში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით, თუმცა წინასწარ არაფერი იყო ნათქვამი - ამ ვიზიტის უკვე ევროპაში გაგრძელების შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს შეზღუდული უფლებები აქვს, უმეტეს შემთხვევაში გადაწყვეტილებების მიმღები პირი არ არის, „ოცნების“ ხელისუფლებასთან ღია კონფრონტაციაშია და მაღალი მხარდაჭერა არც ოპოზიციის მხრიდან აქვს, საერთაშორისო პარტნიორებთან მაღალი დონის შეხვედრებს სწორედ ის მართავს.
ე.წ. აგენტების შესახებ აწ უკვე ჩაგდებული კანონპროექტები და რეფორმების შემდგომი გაგრძელების აუცილებლობა უმაღლესი დონის შეხვედრების მთავარი სამსჯელო თემა იყო.
ევროპის მომხრეთა მასშტაბური აქციების შემდეგ, პრეზიდენტის ტურნეს კიდევ ერთი მოვლენა დაემთხვა - პრორუსულმა ძალებმა, პარლამენტის შენობის წინ, 2 წლის თავზე, კიდევ ჩამოხსნეს და დაწვეს ევროკავშირის დროშა.
- რა როლს ასრულებს პრეზიდენტი ამ ეტაპზე?
- რა არის საერთაშორისო პარტნიორებთან მისი ურთიერთობის გასაღები?
- რა იწვევს რუსეთის ასეთ გაღიზიანებას?
„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ევროკავშირის ერთგულება საქართველოს ევროპული გზის მიმართ და მივესალმეთ მის როლს საქართველოს ხალხის მისწრაფების წინ წაწევაში. ხელიდან არ უნდა იქნეს გაშვებული ევროკავშირის ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება - საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ“, - დაწერა 14 მარტს, ტვიტერზე, ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, სალომე ზურაბიშვილთან, ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ და იქვე დაამატა, რომ ამ ეტაპისთვის, არსებითად მნიშვნელოვანი საჭიროებაა - „პროგრესი რეფორმების განხორციელებაში“.
ევროკავშირის ოფიციალური წყაროს ცნობით, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე, მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს, მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ დამაზიანებელი კანონპროექტების ჩაგდებას და აფასებს პრეზიდენტის ძალისხმევას, რათა - „ჩამოყალიბდეს ერთიანი, ინკლუზიური და გაღრმავებული მიდგომა იმ რეფორმებისადმი, რომლებიც აუცილებელია საქართველოს ევროკავშირის წევრობის მიმართულებით წინსვლისათვის“.
საპარლამენტო რესპუბლიკის - საქართველოს პრეზიდენტს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე ხელი რომ არ მიუწვდება, პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას შეფასებით, კარგად იციან საერთაშორისო პარტნიორებმაც, მაგრამ „დასავლეთს დიდი არჩევანი არა აქვს და საქართველოს ხელისუფლებაში სანთლით ეძებს არარადიკალურ, ზომიერ ადამიანს“.
კაკაჩიას შეფასებით, „დასავლეთს ბოლო პერიოდში ძალიან გაურთულდა ურთიერთობები თბილისთან“, ხოლო ქვეყნის ხელისუფლებიდან პრეზიდენტი ზურაბიშვილი ერთადერთი თანამდებობის პირი იყო, რომელიც ღიად ეწინააღმდეგებოდა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს, როგორც დამღუპველს ევროკავშირისკენ საქართველოს სწრაფვისთვის. „მეტი ვის დაელაპარაკებიან ამ თემაზე?!“, - გვეუბნება კაკაჩია.
14 მარტს, სწორედ იმ დღეს, როდესაც საქართველო ევროკავშირის რეგიონულ ამბასადორიალს მასპინძლობდა, „ალტ-ინფოს“ პრორუსული, რადიკალური ჯგუფის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, პარლამენტის შენობის წინ, ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს. ეს უკვე ევროკავშირის დროშის ხელყოფის მესამე ფაქტია, 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების შემდეგ. მაშინ დროშა, 7 ივლისს, თავის ადგილზე პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ - კახა კუჭავამ დააბრუნა და სულ რაღაც 5 თვეში პოსტიც დატოვა.
14 მარტს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ევროკავშირის დროშის ხელყოფა დაგმო, მაგრამ თან აქტიურად ავლებდა პარალელებს მასშტაბური პროევროპული აქციების მონაწილეთა „რადიკალიზმთან“.
„დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილზე. რაც შეეხება ლოზუნგების მოყვარულ დეპუტატებს, რომლებიც მოგვიწოდებენ სხვადასხვა სიმბოლიზმისკენ, არ ვიცი, არასერიოზული მიდგომაა. როდესაც პარლამენტის შენობის ფანჯრები იმსხვრეოდა, მაშინ უნდა ეფიქრათ ევროპაზე. თუკი ევროპაზე საუბრობენ, ევროპის დროშა მათ გულში უნდა ფრიალებდეს და მათი ქცევა უნდა იყოს ევროპული“, - თქვა 14 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს - ხომ არ აპირებდა მიებაძა კახა კუჭავას მაგალითისთვის.
ამჯერად, დროშა ადგილზე სამართალდამცველებმა დააბრუნეს.
2 წლის წინ, ევროკავშირის დროშის ხელყოფის ფაქტი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის თბილისში სტუმრობას დაემთხვა და მას ეკუთვნის სიტყვები - „ბარბაროსობა იწყება დროშების დაწვით“. ახლა კი, იმავე ძალების მხრიდან დროშის მესამედ ხელყოფა თბილისში ევროკავშირის დელეგაციის ვიზიტსა და ევროკავშირის მაღალი დონის რეგიონული ამბასადორიალის გამართვას ემთხვევა. ღონისძიება ორგანიზებულია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ.
არის თუ არა ეს წმინდა დამთხვევა?
პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის შეფასებით, პრორუსული ძალების აქტიურობა ხელისუფლების მიერ წახალისებულ, ორგანიზებულ სახეს ატარებს, რაც შესაძლოა წარმოადგენდეს „ოცნების“ მესიჯს ევროკავშირისთვის:
„თითქოს იმის ჩვენება უნდათ, რომ ევროკავშირის არასწორი პოლიტიკის გამოა, რომ ასეთი [ანტიდასავლური/პრორუსული] განწყობები თითქოს იზრდება საქართველოში... ამ დროს თავად ხელისუფლება აქეზებს თავისი განცხადებებით ასეთ ქმედებებს.
პოლიციამ დღეს ფაქტობრივად მიუშვა ადამიანები, რომლებმაც შემდეგ ეს დროშა დაწვეს... რატომ არ აღკვეთეს?! პროევროპელების აქციისთვის ხომ ჰქონდათ ყველაფერი - რობოკოპები და ყველა საშუალება?!“
ჩიტაძე ვარაუდობს, რომ მომხდარი შესაძლოა უკავშირდებოდეს ასევე პატიმარ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დამძიმებული მდგომარეობის შესახებ გამართულ კიდევ ერთ განხილვას ევროპარლამენტში, რომელიც 14 მარტს შედგა.
მანამდე, 12 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილს ევროპარლამენტის აგენტი უწოდა. ამ ფონზე ნიკა ჩიტაძეს არ უკვირს, რომ დასავლეთში, სტრატეგიული პარტნიორები მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს იწვევენ.
პრეზიდენტი ამერიკაში
ევროპამდე იყო ამერიკა. პრეზიდენტი ზურაბიშვილი ჯერ ნიუ-იორკს, ხოლო შემდეგ ვაშინგტონს სტუმრობდა, ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებული ხალხმრავალი მიტინგების ფონზე. სამუშაო ვიზიტი 5 მარტს დაიწყო და მთავარ ღონისძიებას - გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესია წარმოადგენდა. ამ სესიაზე პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს სალომე ზურაბიშვილი 10 მარტს შეხვდა, როცა პარლამენტს ხმაურიანი კანონპროექტები უკვე ჩაგდებული ჰქონდა. ამ კანონპროექტებთან, რეფორმების აუცილებლობასა და უსაფრთხოების საკითხებთან ერთად, თეთრი სახლის ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა აუცილებლობა, რომ საქართველო „არ იქცეს [დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების] თავის არიდებისა და გვერდის ავლის გზად“, რათა „რუსეთმა სრულად შეიგრძნოს სანქციების ეკონომიკური ფასი, ექსპორტის კონტროლი და სხვა ეკონომიკური შეზღუდვები“ და „პუტინმა პასუხი აგოს უკრაინაში ომის გამო“.
ამ შეხვედრის შემდეგ ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში ზურაბიშვილმა აშშ-ს მადლობა გადაუხადა „ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის“. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებსაიტზე ამ შეხვედრის შესახებ წინასწარ არაფერი გახმაურებულა.
„ზურაბიშვილმა ვაშინგტონში მკაცრი ინსტრუქტაჟი გაიარა“ - შეტევა რუსეთიდან
სალივანთან შეხვედრა ერთ-ერთი მთავარი გამაღიზიანებელი ფაქტორი აღმოჩნდა მოსკოვისთვის; თუმცა რუსეთის სახელისუფლებო მედიის ახალ ამბებსა თუ სტატიებში ხაზგასმით აღინიშნებოდა კიდევ არაერთი შეხვედრა ზურაბიშვილის განრიგიდან, მაგალითად: გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან თუ ნიუ-იორკის მერთან, ერიკ ადამსთან. „გაუგონარი პატივია ახალგაზრდა დემოკრატიისთვის“, - ვკითხულობთ „რია ნოვოსტის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
რეაქცია არც პოლიტიკოსებმა დააყოვნეს. სენატორი გრიგორი კარასინი ამბობს, რომ აშშ საქართველოსგან რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთებას მოითხოვს და „ზურაბიშვილმა ვაშინგტონში მკაცრი ინსტრუქტაჟი გაიარა“.
მანამდე, პრეზიდენტ პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, „უხილავ ხელზე“ ლაპარაკისას, შემთხვევითობად არ მიიჩნია, რომ თბილისში განვითარებული მოვლენების ფონზე, პრეზიდენტი ზურაბიშვილი აშშ-ში იყო და ხალხს იქიდან მიმართა. თებერვალში ზურაბიშვილზე უარყოფით კონტექსტში ილაპარაკა სერგეი ლავროვმაც.
ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვლადიმირ ჯაბაროვი ტელეგრამარხზე წერს, რომ „ახლა სალომე ზურაბიშვილი ზეწოლას მოახდენს მთავრობაზე, რათა საქართველო შეუერთდეს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ“ და ამით თბილისი ზარალს ნახავს, რადგან „ქართული ღვინო და მინერალური წყალი ევროპაში არავის უნდა“, ხოლო ქართველი შრომითი მიგრანტები „ყოველთვის ამჯობინებდნენ მუშაობას რუსეთში, სადაც მათ არაფრით ავიწროებდნენ“.
ჯაბაროვი ამბობს ასევე, რომ „მართლმადიდებელ საქართველოს ჩვენ ყოველთვის ვთვლიდით მოძმე ქვეყნად“, ხოლო ზურაბიშვილს „ამისთვის მიუფურთხებია“, რადგან ის „საქართველოსთვის უცხო საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა“.
პრეზიდენტისგან განსხვავებით, ამ დღეებში, რუსეთიდან ქება გაისმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით.
კრემლის პროპაგანდისტმა ჟურნალისტმა, სისასტიკით გამორჩეულმა ვლადიმირ სოლოვიოვმა, რომელიც თავად არის დასავლეთის მიერ სანქცირებულთა შორის და ვილები დაკარგა კომოს ტბაზე, ტელეგრამარხზე დაწერა - „საქართველოს პრემიერი კაცია, მას კვერცხები აქვს“. მან გააზიარა რუსული FRONTовые Zаметки-ს მიერ გამოქვეყნებული ტექსტი, რომელიც პრემიერ ღარიბაშვილის მიერ ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემული ინტერვიუს ამონარიდებს მოიცავს.
„მათ [ხელისუფლებას] ბოლო შანსი აქვთ აჩვენონ, რომ არადეკლარირებული პრორუსული ძალა არ არიან. მათ ბოლო შანსი აქვთ აჩვენონ, რომ ისინი პროევროპულობაზე არა მხოლოდ საუბრობენ, არამედ ეს მიმართულებაა, საითაც ნამდვილად მიემართებიან“, - თქვა CNN-ისთვის 8 მარტს მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.
„ვერ გამოვიცნობთ, რატომ იღებენ პოლიტიკური ლიდერები ასეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს - ელექტორალური მიზნებისათვის, რუსეთთან კავშირის გამო, თუ ფიქრობენ, რომ რუსეთი მარტივი პარტნიორია, როცა ნაკლებად დემოკრატიული ხარ, ვიდრე ევროკავშირი - ეს თქვენ უნდა გამოიცნოთ“, - თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 9 მარტს, Bloomberg-თან ინტერვიუში, ე.წ. აგენტების კანონის მიღების ჩანაფიქრის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ აუცილებელია რუსეთიდან შემოსული ლტოლვილების კონტროლი, სახელმწიფოს უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე.