საქართველოში მყოფი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველი დირექტორი მიხაელ ზიბერტი გამოეხმაურა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის ფაქტს და მას "ერთეული ინციდენტი" უწოდა. მისივე თქმით, დაამახსოვრდა ქალი გასული კვირის საპროტესტო აქციებიდან, რომელიც წყლის ჭავლის წინააღმდეგ აფრიალებდა ევროკავშირის დროშას. ამის შესახებ მან სასტუმრო "რუმსში", რეგიონის ქვეყნებში ევროკავშირის ელჩების სამუშაო შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
"არ იყო ლამაზი, რაც ვიხილეთ. ეს იყო ცალკეული ინციდენტი. გასული კვირის განმავლობაში ჩვენ ბევრი ვიდეოკადრი ვნახეთ, სადაც ამაყად აფრიალებენ ევროკავშირის დროშას. მე ვნახე ქალი, რომელიც ევროკავშირის დროშას წყლის ჭავლის წინაშე აფრიალებდა. ასე რომ, ეს სურათი რჩება ჩემს გონებაში", - თქვა მიხაელ ზიბერტმა ჟურნალისტებთან კომენტარში.
ევროკავშირის დროშა, რომელიც დღეს, 14 მარტს, ჰომოფობიური და პრორუსული პოლიტიკური პარტია "კონსერვატიული მოძრობის" წარმომადგენლებმა აქციის დროს ჩამოხსნეს, დღის ბოლოს ადგილზე პოლიციელებმა დააბრუნეს.
პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის ფაქტზე შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება [კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლი] უკვე დაიწყო. უწყებაში ამბობენ, რომ სამართალდამრღვევ პირებს დააჯარიმებენ.
ჰომოფობიური და პრორუსული პოლიტიკური პარტია "კონსერვატიული მოძრობის" წევრებმა, ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის შემდეგ, მის სანაცვლოდ საქართველოს დროშა დაკიდეს, რასაც თავდაპირველად ხელს უშლიდა პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი. მათ მედიაორგანიზაცია "ალტ-ინფოს" ერთ-ერთი ხელმძღვანელი ზურაბ მახარაძე ტერიტორიას დროებით განარიდეს.
ამის შემდეგ პარლამენტის წინ შეკრებილებმა ევროკავშირის დროშა დაწვეს.
ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა 2021 წლის 5 ივლისსაც ჩამოგლიჯეს და დემონსტრაციულად დაწვეს. პარლამენტის მაშინდელმა სპიკერმა კახა კუჭავამ დროშა, ასევე დემონსტრაციულად, უკან დააბრუნა, მოგვიანებით კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ერთი პუნქტი დაემატა.
კოდექსში, მუხლ 17418-ში ჩაიწერა, რომ ადმინისტრაციული წესით ისჯება საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროკავშირის, NATO-ს ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, ასევე საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობაში მყოფი ქვეყნის დროშის ან გერბის შებღალვა.
ევროკავშირის, ნატოს და საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის მქონე ქვეყნის სიმბოლოების შებღალვა დასჯადი 2022 წლის იანვრიდან გახდა, ამისთვის 1000-ლარიანი, განმეორებით კი 2000-ლარიანი ჯარიმა ან 15-დღიანი პატიმრობაა გათვალისწინებული.