Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ 20-21 ივნისის აქციის ერთ-ერთ მონაწილეს კანონდარღვევა ვერ დაუმტკიცა


ნიკოლოზ შარვაშიძე
ნიკოლოზ შარვაშიძე

თბილისში 20-21 ივნისს გამართული ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, თელავის "დემოკრატიის სკოლის" ხელმძღვანელს, ნიკოლოზ შარვაშიძეს პოლიცია წვრილმან ხულიგნობასა და დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებდა. შარვაშიძე მაშინ დააკავეს, როცა აქცია თითქმის დაშლილი იყო. ახლა პროკურატურა იძიებს პოლიციელთა მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენას.

მტკიცებულებათა არარსებობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლომ თელავის "დემოკრატიის სკოლის" ხელმძღვანელის, ნიკოლოზ შარვაშიძის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა. ნიკოლოზ შარვაშიძემ რადიო თავისუფლებას უამბო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რაც მის მიერ კანონის დარღვევას დაადასტურებდა.

სასამართლოზე მათ (შსს) წარმოადგინეს მხოლოდ და მხოლოდ სამართალდარღვევის ოქმი, რადგან სხვა მტკიცებულება არ ჰქონდათ - არც ვიდეოკადრები, არც სხვა მოწმე, რომელიც იტყოდა, რომ მე რეალურად ვაყენებდი შეურაცხყოფას პოლიციას და არ ვემორჩილებოდი.
ნიკოლოზ შარვაშიძე

თელავის "დემოკრატიის სკოლის" ხელმძღვანელი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც 20-21 ივნისის ღამეს დაშავდა. შარვაშიძე დაკავებულიც იყო, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს შენობიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა, პოლიციამ კი პატიმრობიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.

ნიკოლოზ შარვაშიძე ამბობს, რომ პარლამენტის შენობასთან აქცია უკვე დასრულებული იყო და დაახლოებით დილის 5 საათზე ტერიტორიას ტოვებდნენ, როცა მეტროს სადგურ "რუსთაველისკენ" მიმავალ გზაზე, სასტუმრო „რადისონის“ მახლობლად, პოლიციელები აქციიდან სახლში მიმავალ ხალხს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„სასამართლოზე მათ (შსს) წარმოადგინეს მხოლოდ და მხოლოდ სამართალდარღვევის ოქმი, რადგან სხვა მტკიცებულება არ ჰქონდათ - არც ვიდეოკადრები, არც სხვა მოწმე, რომელიც იტყოდა, რომ მე რეალურად ვაყენებდი შეურაცხყოფას პოლიციას და არ ვემორჩილებოდი. მოსამართლემ შსს-სგან მოითხოვა, თუ იყო დამატებითი მოწმე ან რაიმე ვიდეო, ან სხვა მტკიცებულება, თუმცა პოლიციელებმა განაცხადეს, რომ ვერ წარმოადგენენ ასეთ მტკიცებულებებს. შესაბამისად, სასამართლომ ჩვენ მიერ წარდგენილი ვიდეომასალა და სხვა დამატებითი მტკიცებულებები გაითვალისწინა და შეწყვიტა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ბრალდება“ - გვითხრა ნიკოლოზ შარვაშიძემ.

მატერიალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში აუცილებელია, რომ გვქონდეს შესაბამისი მტკიცებულებები, თუ რა რაოდენობის მატერიალური ზიანი მიადგათ ამ პირებს - მაგალითად, რა დაუჯდათ მკურნალობა საავადმყოფოს მიღმა. შემდეგი საკითხია მორალური ზიანის ანაზღაურება.
მარიკა დუმბაძე

მის მიმართ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეს პროკურატურა იძიებს. შარვაშიძის ინფორმაციით, პროკურატურამ გამოძიება მისი მიმართვის გარეშე დაიწყო, თუმცა იმედი არ აქვს, რომ გამოძიება პოლიციელების ბრალეულობას დაადასტურებს. ნიკოლოზ შარვაშიძე ამბობს, რომ პროკურატურას უკვე გადასცა ვიდეომტკიცებულებები, სადაც აქციის მონაწილეების დაკავების დროს პოლიციელთა ძალადობა ჩანს:

„თითქმის 2 თვე სრულდება აქციის დარბევიდან და თვეზე მეტი ჩემი გამოკითხვიდან. მას შემდეგ არანაირი დამატებითი რეაგირება არ ყოფილა პროკურატურის მხრიდან. კადრებში, რომელიც პროკურატურას მე გადავეცი, გარკვევით და კარგად ჩანს რამდენიმე პოლიციელი, რომელთა ამოცნობაც შემიძლია, თუმცა უწყებაში აღარ დამიბარეს. არ ჩატარებულა არც დამატებითი ექსპერტიზა, თუ რა დაზიანებები მქონდა. შესაბამისად, მოლოდინები, სამწუხაროდ, დიდი არ მაქვს“.

რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისის ღამეს დაკავებულთა და დაშავებულთა საქმეების ნაწილზე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მუშაობს. სასამართლოში ნიკოლოზ შარვაშიძის ინტერესებსაც ეს ორგანიზაცია იცავდა. იურისტი მარიკა დუმბაძე გვეუბნება, რომ ამ ადამიანებს უფლება აქვთ მოითხოვონ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად არ ექნებათ მინიჭებული:

„მატერიალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში აუცილებელია, რომ გვქონდეს შესაბამისი მტკიცებულებები, თუ რა რაოდენობის მატერიალური ზიანი მიადგათ ამ პირებს - მაგალითად, რა დაუჯდათ მკურნალობა საავადმყოფოს მიღმა. შემდეგი საკითხია მორალური ზიანის ანაზღაურება. იმ პირებს, რომელთაც დაუზიანდათ სხეულის რომელიმე ორგანო, უფლება აქვთ მოითხოვონ მორალური ზიანის ანაზღაურება, ვინაიდან გარდა იმისა, რომ მათ ჯანმრთელობას მიადგა ზიანი, ასევე განიცადეს სულიერი ტანჯვა და ეს ორი გარემოება ერთმანეთთან არის მნიშვნელოვანწილად დაკავშირებული. ჩვენ გვყავს პირები, რომლებიც გარკვეული პერიოდი ვეღარ მოახერხებენ თავიანთი საქმიანობის განხორციელებას. მათაც აქვთ უფლება, რომ მოითხოვონ შრომისუნარიანობის შემცირების პირობებში ანაზღაურება“.

20-21 ივნისს, პოლიციამ თბილისში 300-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG