საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ სისხლის სამართლის დევნას დაიწყებს 20-21 ივნისის აქციის ზოგიერთი მონაწილის მიმართ.
პროკურატურის განცხადებით, უკვე იდენტიფიცირებულნი არიან ისინი, ვინ აშკარად ძალადობდნენ:
- ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას და პარლამენტის შტურმით აღებას
- სხვადასხვა საგნებს ესროდნენ სამართალდამცავებს და ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ
- ანადგურებდნენ კერძო საკუთრებას
ამასთან, პროკურატურა სასამართლოს მიმართავს, გათავისუფლდეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი ყველა ადამიანი, რომელიც 20-21 ივნისის აქციის დარბევის დროს დააკავეს.
მიღებულია გადაწყვეტილება მათი [20-21 ივნისს დაკავებულების] უმრავლესობის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე სასამართლოსთვის მიმართვის შესახებპროკურატურა
"კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მათი მონაწილეობის ხარისხის გათვალისწინებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება მათი უმრავლესობის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე სასამართლოსთვის მიმართვის შესახებ", - წერია პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში.
20 ივნისს, რუსეთის დუმის კომუნისტმა დეპუტატმა, სერგეი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსულ ენაზე გახსნა პარლამენტის სხდომათა დარბაზში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო სესია. ამას მწვავე პროტესტი მოჰყვა ოპოზიციისა და საზოგადოების მხრიდან. მათი აზრით, გავრილოვს, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს/ცხინვალის რეგიონს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს არაფერი ესაქმებოდა საქართველოს პარლამენტში და მით უმეტეს თავმჯდომარის სავარძელში.
იმავე დღეს, საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. დემონსტრანტების მცირე ნაწილი ასეც მოიქცა და პოლიციას დაუპირისპირდა. გვიან ღამით, სახელმწიფომ ძალის გამოყენებით დაშალა აქცია, გამოიყენა ცრემლსადენი გაზები და რეზინის ტყვიები.
დარბევის შედეგად დაშავდა 250-მდე ადამიანი და დააკავეს 305. აქედან 121-ს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა. ამჟამად კი პატიმრობაში, პროკურატურის ინფორმაციით, 54 ადამიანი რჩება.
121 დიდი რიცხვია უფლებადამცველებისათვის. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ სასამართლო კოლექტიურად განიხილავდა საქმეებს და არ უღრმავდებოდა თითოეულ მათგანს.
საიას იურისტი, ნონა ქურდოვანიძე რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ პირველ დღეს განხილულ საქმეებზე სასამართლო იზიარებდა პოლიციის ჩვენებას, რომელთა ოქმებში შაბლონური ფრაზები ეწერა, თითქოს ბრალდებული უმისამართოდ იგინებოდა და არ ემორჩილებოდა პოლიციას. ქურდოვანიძის თქმით, პროცესები 5-10 წუთი მიმდინარეობდა და საქმეებში სხვა მტკიცებულებები არ იყო, თუმცა სასამართლო ყველაზე მძიმე სანქციას იყენებდა, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში არის პატიმრობა.
ქურდოვანიძის თქმით, არის შემთხვევები, როცა ადამიანი უბრალოდ სახლთან ახლოს ქუჩაში იდგა, არ იყო აქციის მონაწილე, თუმცა ხალხი მისკენ დაიძრა, პოლიციას დემონსტრანტი ეგონა და დააკავა. კიდევ ერთ შემთხვევაში, ქურდოვანიძის თქმით, ადამიანი სამსახურიდან ბრუნდებოდა, შემთხვეით აღმოჩნდა იმ ადგილას და დააკავეს.
"ერთი საქმე გვაქვს, სადაც სასამართლომ გაამართლა პირი. თუმცა ასეთი გადაწყვეტილება უნდა მიეღო ყველა საქმეზე, რადგან ყველგან იგივე მტკიცებულებები იყო რაც ამ საქმეზე. ეს არის აუხსნელი" , - ამბობს ნონა ქურდოვანიძე.