კანონი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე პოლიეთილენის მავნე ზემოქმედების შესამცირებლად შეიქმნა. მის აღსრულებაზე პასუხისმგებელია სამი უწყება. როგორ მუშაობენ ეს უწყებები, როგორ ხვდება ბაზარზე აკრძალული პროდუქცია და სად არის გამოსავალი?
2019 წლის პირველი აპრილიდან საქართველოში ნებისმიერი სისქის პოლიეთილენის პარკების წარმოება და მისი რეალიზაცია აკრძალულია. წესით, უნდა იყიდებოდეს მხოლოდ ბიოდეგრადირებადი მასალისგან დამზადებული პარკები, თუმცა, აკრძალვის მიუხედავად, სამომხმარებლო ბაზარზე დღესაც ვხვდებით პარკებს, რომლის გამოყენებაც არ შეიძლება. უფრო მეტიც, ასეთი პარკების რეალიზატორი, წესით, 500 ლარით უნდა დაჯარიმდეს.
პოლიეთილენის პარკები ბიოდეგრადირებადით მეტ-ნაკლებად უკვე ჩაანაცვლეს მსხვილ, ქსელურ სავაჭრო მარკეტებში, თუმცა ასე არ ხდება აგრარულ ბაზრებსა და არაბრენდირებულ მარკეტებში. რეალიზატორები ამ პარკებს ყიდიან და მომხმარებელს მათ მიერვე ნაყიდ პროდუქტსაც ამ პარკებით ატანენ.
კახეთის ერთ-ერთ ბაზარში მომუშავე ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ კანონის ამოქმედების დროს ისინი ერთხელ შეამოწმეს და გააფრთხილეს, რომ პოლიეთილენის პარკების გაყიდვა-მოხმარება აიკრძალა, თუმცა მას შემდეგ გასაკონტროლებლად არავინ მისულა.
„ჩვენთან დისტრიბუტორებს მოაქვთ. ჩვენც ჯერ ვყიდულობთ და შემდეგ ვყიდით. ადრე ამბობდნენ, აკრძალულიაო. დიდი ხნის წინ მერიიდანაც იყვნენ მოსული, მაგრამ ახლა არავინ არაფერს არ გვიშლის“.
რეალიზატორების გარდა, კახეთში მომხმარებლებიც შენიშნავენ, რომ რეგიონებში პოლიეთილენის პარკები კვლავ ყოველდღიურად გამოიყენება და ამ მხრივ კონტროლი, ფაქტობრივად, არ არსებობს. არადა, როგორც თავად ამბობენ, ამ კანონის ამოქმედებას მიესალმებოდნენ, რადგან მიიჩნევენ, რომ პოლიეთილენი სავალალო შედეგების მომტანია როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ასევე გარემოსთვის.
„მე ვიყენებ ასეთ პარკებს... თუ აკრძალულია, მაშინ ბაზარზეც არ უნდა იყიდებოდეს. უნდა შეწყდეს წარმოება და შეწყდება მოხმარებაც“, - თქვა მომხმარებელმა, რომელსაც ხელში ეჭირა პოლიეთილენის პარკი.
პოლიეთილენის პარკების სრულად აკრძალვიდან თითქმის წელიწად-ნახევარი გავიდა. კანონის აღსრულებაზე საქართველოში სამი უწყებაა პასუხისმგებელი. ფინანსთა სამინისტრო ვალდებულია აკონტროლოს საზღვრები, რათა ამ გზით ქვეყანაში არ შემოვიდეს აკრძალული პროდუქცია; ქვეყნის შიგნით რომ არ აწარმოონ და არ გაყიდონ პოლიეთილენის პარკები, ამაზე პასუხისმგებელია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ხოლო საცალო ქსელში პარკების გამოყენებაზე პასუხისმგებლობა თვითმმართველობებს ეკისრებათ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ნელი კორკოტაძე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადასტურებს, რომ შესაძლოა ბაზარზე კვლავ იყიდებოდეს აკრძალული პოლიეთილენის პარკები, თუმცა ირწმუნება, რომ მისი უწყება ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ ქვეყნის შიგნით აკრძალული პროდუქცია არ დამზადდეს. კორკოტაძის თანახმად, 2019 წლის მიწურულს 40 მწარმოებლის იდენტიფიცირება შეძლეს და 2 მილიონზე მეტი აკრძალული პარკი აღმოაჩინეს.
„მე ვუშვებ, რომ შესაძლოა პლასტიკის პარკები არსებობდეს მარკეტებში და სამართალდარღვევები სახეზე იყოს. მარკეტები ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უნდა აკონტროლონ. მათი კომპეტენციაა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, ასევე რეაგირების მოხდენა. თვითმმართველობებს იმის უფლებაც აქვთ, აკრძალული პარკების აღმოჩენის შემთხვევაში მოახდინონ მათი კონფისკაცია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნელი კორკოტაძემ და დაამატა: შეიძლება საქართველოში პოლიეთილენის პარკები დღესაც იწარმოება და საზღვრებიდანაც შემოდის, მაგრამ სწორედ იმიტომ ვატარებთ პერმანენტულ შემოწმებებს, რომ ეტაპობრივად აღიკვეთოს სამართალდარღვევებიო.
რეგიონებში პოლიეთილენის პარკების რეალიზაცია მერიის შესაბამისმა სამსახურებმა უნდა აღკვეთონ, თუმცა კანონის ამოქმედებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ, მაგალითად, ლაგოდეხის მერიას არც ერთი ასეთი შემთხვევა არ გამოუვლენია და, შესაბამისად, არავინ დაუჯარიმებია. მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ნინო ბატიაშვილის, თქმით, მათი მონიტორები პერიოდულად გადიან მაღაზიებში, თუმცა კანონდარღვევის ფაქტი ჯერ ვერ იპოვეს:
„ჯერჯერობით სამართალდარღვევის ფაქტი არ არის გამოვლენილი, თუმცა ხორციელდება სამეწარმეო სუბიექტების კონტროლი, მათი, ვინც შესაძლოა, რომ მუშაობის დროს იყენებდეს პლასტიკის პარკებს“.
კანონმდებლობის მიხედვით, პოლიეთილენის პარკების მწარმოებელიც და რეალიზატორიც პირველ ჯერზე 500 ლარით ჯარიმდება, კანონდარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში თქვეს, რომ ჯერჯერობით არსებული რეგულაციებით იმუშავებენ და თუ შედეგები არასახარბიელო იქნა, შემდეგ იმსჯელებენ იმაზე, რა და როგორ შეცვალონ.
პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირებადით ჩანაცვლება პლასტიკის მოხმარებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების შემცირებას ითვალისწინებს. სპეციალისტების თქმით, პოლიეთილენის პარკის გარემოში დაშლა-განადგურებას ასეულობით წელი სჭირდება, ბიოდეგრადირებადი პარკები კი 3-6 თვეში იწყებს დაშლას და 24 თვეში მთლიანად ნადგურდება. აღსანიშნავია, რომ პოლიეთილენის პარკების მოხმარების აღსაკვეთად კანონის მიღებას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაც ავალდებულებდა.