ექიმები და იურისტები თვლიან, რომ კი, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში გადაღებული კადრების გავრცელებით, დაირღვა მისი როგორც პაციენტის უფლება.
როგორ და რა სარჩულით გასაჯაროვდა ექსპრეზიდენტის პალატაში გადაღებული კადრები?
მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ ზუსტად შვიდი თვის წინ, 12 მაისს გადაიყვანეს.
კიდევ უფრო დამძიმებულ მდგომარეობასა და სიცოცხლისათვის სახიფათო დაავადებების განვითარების საშიშროების შესახებ მალევე ალაპარაკდნენ როგორც მისი ადვოკატები და ოჯახის წევრები, ისე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.
ამის პარალელურად, გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მიხეილ სააკაშვილი უკვე მაისიდან მოყოლებული ვეღარ ახერხებდა თავის საქმეებზე მიმდინარე სასამართლო სხდომებზე დასწრებასაც.
პირველ დეკემბერს ცენტრმა "ემპათიამ", რომელიც თვეების განმავლობაში სწავლობდა უცხოელ ექსპერტებთან ერთად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მის სამედიცინო დოკუმენტაციას, გამოაქვეყნდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, დაპატიმრების დროს "პრაქტიკულად ჯანმრთელი" მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას. ამ დასკვნას ორ დღეში, 3 დეკემბერს მოჰყვა კიდევ ერთი ცნობა ამერიკელი პროფესორის დასკვნის თაობაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს მესამე პრეზიდენტის თმასა და ფრჩხილში ვერცხლისწყალი და დარიშხანია აღმოჩენილი.
მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გაამძაფრა იმ ფაქტმაც, რომ თვეების განმავლობაში ექსპრეზიდენტი, ფაქტობრივად, უხილავი გახდა საზოგადოებისთვის, თუ არ ჩავთვლით ოჯახის წევრებს, ადვოკატებსა და ექიმებს.
ერთადერთი შანსი, რომ პატიმარი-პაციენტი საზოგადოების წინაშე გამოჩენილიყო, იყო მისი სასამართლო პროცესი. თუმცა, მიუხედავად ექსპრეზიდენტის მოთხოვნისა, რომ საშუალება მისცემოდა დასწრებოდა საკუთარ სხდომებს, სახელმწიფომ მისი ეს უფლება ვერ უზრუნველყო.
9 დეკემბერს დანიშნულ სხდომაზე, რომელზეც ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე უნდა ემსჯელა მოსამართლეს, პაციენტი-პატიმრის სასამართლოში ტრანსპორტირების რეკომენდაცია კლინიკა „ვივამედმა“ არ გასცა.
14 დეკემბერს კი პატიმრის დისტანციური ჩართვა პენიტენციურმა სამსახურმა „შესაბამისი ტექნიკური საშუალებების“ არარსებობის მიზეზით ვერ მოახერხა და სხდომა ახლა 22 დეკემბრისთვის გადადო.
რამდენიმე საათში, „ეჭვების გასაფანტად“ და „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე“, იმის დასადასტურებლად, რომ პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტს „არავინ აწამებს“ და ის „სიმულაციურ ქმედებებს“ ეწევა, პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა 9 აგვისტოდან მოყოლებული 12 დეკემბრის ჩათვლით სააკაშვილის პალატაში სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეო, რომელიც 10 წუთსა და 29 წამს გრძელდება, დამონტაჟებულია და არ აქვს ხმა.
კადრების გასაჯაროების პარალელურად კი ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში სტუმრად მყოფი იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე წამყვანებთან ერთად განიხილავდა და აანალიზებდა ექსპრეზიდენტის პალატაში გადაღებულ კადრებს, პატიმარ-პაციენტს სიმულაციურ ქმედებებში ადანაშაულებდა, აცხადებდა, რომ მესამე პრეზიდენტის მომხრეები ცდილობენ არასწორი საზოგადოებრივი აზრის შექმნას და იმ შემთხვევაში, თუკი სააკაშვილი არ შეწყვეტს სიმულაციურ ქმედებებს, ისინი იძულებული გახდებიან, კვლავ გაასაჯაროონ „გარკვეული კადრები“.
რას ამბობს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“
2000 წლის 5 მაისიდან მოყოლებული, საქართველოს აქვს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“, რომლის პირველივე მუხლში ვკითხულობთ, რომ ამ კანონის მიზანია მოქალაქის უფლებების დაცვა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, აგრეთვე მისი პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა.
პაციენტის უფლებები, რომელსაც არეგულირებს როგორც ადგილობრივი კანონი, ისე საქართველოს კონსტიტუცია და არაერთი საერთაშორისო კონვენცია და დეკლარაცია, არის უფლებათა და თავისუფლებათა ერთობლიობა, რომელიც აქვს ნებისმიერ პირს. პაციენტთა უფლებების განმარტების თანახმად, დაუშვებელია პაციენტის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, გენეტიკური მემკვიდრეობის, რწმენისა და აღმსარებლობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, დაავადების, სექსუალური ორიენტაციის ან პირადული უარყოფითი განწყობის გამო.
„პაციენტის უფლებების შესახებ“ კანონის 27-ე მუხლში, რომელიც ცხოვრების კონფიდენციალობასა და ხელშეუხებლობას არეგულირებს, წერია, რომ სამედიცინო მომსახურების გამწევი ვალდებულია პაციენტის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობა დაიცვას როგორც პაციენტის სიცოცხლეში, ისე მისი სიკვდილის შემდეგ.
28-ე მუხლში კი ვკითხულობთ, რომ სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ მიღებულია პაციენტის თანხმობა ან ინფორმაციის გაუმჟღავნებლობა საფრთხეს უქმნის მესამე პირის (რომლის ვინაობაც ცნობილია) სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.
ამავე კანონის მეათე თავში, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის უფლებებს არეგულირებს, წერია, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირი სარგებლობს ამ კანონით გათვალისწინებული ყველა უფლებით.
რას ფიქრობენ ექიმები და იურისტები პაციენტის კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების შესახებ?
ნანა გეგეჭკორი, ნიუ-იორკში, მაიმონდის ჰოსპიტლის კარდიოლოგი, 14 დეკემბერსვე გამოეხმაურა ექსპრეზიდენტის პალატიდან გავრცელებულ კადრებს და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პაციენტის კონფიდენციალურობის უფლების დარღვევა პენიტენციურ დაწესებულებასთან ერთად სამედიცინო პერსონალის დანაშაულიცაა:
„ვივამედი“ ამ წუთებში უნდა ავრცელებდეს განცხადებას, რომ პაციენტის პალატაში გადაღებული კადრების გასაჯაროება მათი ნებართვის გარეშე მოხდა. პარალელურად სარჩელი უნდა შეიტანოს მათ წინააღმდეგ, ვინც ეს გააკეთა. სხვანაირად სრული პასუხისმგებლობა პაციენტის კონფიდენციალურობის დარღვევაზე ეკისრებათ მათაც, პენიტენციურ სისტემასთან ერთად. მარტივად რომ აგიხსნათ, ჰოსპიტალში გადაღებულ თქვენს პირად ფოტოზეც კი რომ აღმოჩნდეს რაიმე ტიპის, პაციენტის იდენტობის შემცველი ინფორმაცია, მაგალითად, სახელი მონიტორზე, ან რომელიმე კვლევის ნაგლეჯი სახელით ფოტოზე და ასე შემდეგ, ამას მოჰყვება სამართლებრივი პასუხისმგებლობა“.
როგორც ნანა გეგეჭკორი რადიო თავისუფლებას ეუბნება, პაციენტის კონფიდენციალური ინფორმაციის და, მით უმეტეს, კადრების გავრცელება, იმაზე მეტი დანაშაულია, ვიდრე პაციენტის არასწორი მკურნალობა:
„ამერიკაში მედიცინის სწავლა, პირველ რიგში, პაციენტის უფლებებით იწყება. ჯერ უფლებებს გასწავლიან და შემდეგ მედიცინას. ყოველ წელს ტარდება სავალდებულო ტრენინგი, რომ განაახლო ცოდნა პაციენტის კონფიდენციალობის უფლებაზე. ამ ექიმებსა და კლინიკას კონფიდენციალობის დარღვევის შემდეგ, იურიდიულადაც კი აღარ აქვთ უფლება, რომ პაციენტს უმკურნალონ. მსგავსი რამ ჩემი პაციენტისთვის რომ გაეკეთებინათ, კანიდან გამოვძვრებოდი“.
14 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის პალატიდან გავრცელებული და დამონტაჟებული კადრები პრინციპულად არ უნახავს რევაზ ბოჭორიშვილს, საფრანგეთში, კლერმონ-ფერანის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმს. მან სოციალურ ქსელში მხოლოდ ვიდეოდან ამოჭრილი ფოტოკადრები ნახა და ეს ინფორმაცია მისთვის საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ თქვას, რომ მიხეილ სააკაშვილის, როგორც პაციენტის, უფლებები დაირღვა:
„არანაირი ღრმა ანალიზი არ სჭირდება იმის თქმას, რომ 14 დეკემბერს სახელმწიფომ მიხეილ სააკაშვილის, როგორც პაციენტის უფლება დაარღვია. პირველ რიგში, პირადად მე, კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებდი თუნდაც იმ საკითხს, რომ მისი პალატა აღჭურვილია კამერებით და მასზე მიმდინარეობს 24-საათიანი თვალთვალი. თუმცა, თუკი მაინც ჩავთვლით, რომ ეს მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ხორციელდება, აბსოლუტურად ყველა ჩარჩოს, ეთიკუნ ნორმასა და კანონსაა აცდენილი ამ კამერებით გადაღებული კადრების გასაჯაროება. თუკი პენიტენციური დაწესებულება თვლის, რომ 24-საათინი ვიდეომონიტორინგი პატიმარი-პაციენტისთვის აუცილებელია, მაშინ ისიც უნდა უზრუნველყოს, რომ ეს კადრები არ გასაჯაროვდეს. განსაკუთრებით ავადმყოფი ადამიანის ვიდეო ან ფოტომასალის გამოქვეყნება, ეს არის კანონით გათვალისწინებული დანაშაული“.
როგორც რევაზ ბოჭორიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, არ აქვს მნიშვნელობა, პაციენტი პატიმარია თუ რიგითი მოქალაქე, ყველა პაციენტი თანაბარი უფლებებით უნდა სარგებლობდეს კლინიკის კედლებსა და მკურნალობის პროცესში და აბსოლუტურად თანაბრად უნდა იყოს დაცული მათი კონფიდენციალობის უფლება, რომელსაც არეგულირებს როგორც ადგილობრივი კანონები, ისე საერთაშორისო კონვენციები:
„პალატა ითვლება პაციენტის კერძო სივრცედ, რომელიც ამ სივრცეს დროებით იკავებს. არ არსებობს დაყოფა პაციენტსა და პაციენტ-პატიმარს შორის. ჩვენს კლინიკას არაერთხელ ჰყოლია ჰოსპიტალიზირებული პატიმარი-პაციენტები, მაგრამ მათი მკურნალობის პროცესში აბსოლუტურად არაფერი ყოფილა გასხვავებული, თუნდაც კამერების მონტაჟის თვალსაზრისით. მიგვითითეთ, სად წერია, რომ კლინიკაში მოთავსებული პატიმარი-პაციენტი კონფიდენციალობის განსხვავებული უფლებით სარგებლობს. მაგალითად, საფრანგეთში, გამონაკლისს წარმოადგენს 2015 წელს, საკონცერტო დარბაზ „ბატაკლანზე“ თავდასხმისთვის გასამართლებული პატიმარი, რომელზეც მიმდინარეობს 24-საათიანი ვიდეომონიტორინგი, რათა არ სცადოს სუიციდი, მაგრამ ამ წლების განმავლობაში, ეს კადრები არსად გასაჯაროებულა და მათი გასაჯაროება წარმოუდგენელია“.
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები - სწორედ ამ ტიპის ინფორმაცია გაავრცელა 14 დეკემბერს პენიტენციურმა დაწესებულებამ.
მაშინ, როდესაც არ არსებობს პაციენტის თანხმობა და არ აქვს მნიშვნელობა, ეს პაციენტი პატიმარია თუ რიგითი მოქალაქე, მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, განსაკუთრებით კი ვიდეოკადრების გასაჯაროება, პაციენტის უფლების დარღვევაა - გვიხსნის ფატი ჩაფიჩაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანალიტიკოსი.
მისი თქმით, ამ კონტექსტში გასათვალისწინებელია ისიც, რომ რამდენიმე ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილთან კონსულტაციების შედეგად, ადვოკატებმა და საქმეში ჩართულმა დარგის ექსპერტებმა, უარი თქვეს მისი დაავადებებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალების გამჟღავნებაზე:
„ეს უარი ითქვა იმის გამო, რომ ამ ტიპის ინფორმაციის გასაჯაროება ცალსახად ლახავს პაციენტის უფლებებს. მაგრამ დღეს მივიღეთ ის, რომ იუსტიციის მინისტრი და სახელმწიფო ამ ინფორმაციას არათუ ასაჯაროებს, არამედ ურთავს ვიდეოკადრებსაც და პირდაპირ ეთერში, საჯაროდ განიხილავს პაციენტის მდგომარეობას. კადრების გასაჯაროება სცდება ყველა სამართლებრივ ჩარჩოს, დემოკრატიულ სახელმწიფოში პაციენტის, ადამიანის უფლებების დაცვას. ცალსახად უნდა ითქვას, რომ კანონმდებლობის თანახმად, პაციენტი-პატიმრები სარგებლობენ იმავე უფლებებით, რითაც სარგებლობენ რიგითი მოქალაქეები“.
როგორც ფატი ჩაფიჩაძე გვეუბნება, ხელისუფლების განმარტება, რომ კადრების გავრცელება ემსახურებოდა საზოგადოებრივი ინტერესების დაკმაყოფილებას, ლოგიკას აცდენილია:
„თუკი სახელმწიფოს, პენიტენციურ დაწესებულებას, სურდა საზოგადოების ინტერესის დაკმაყოფილება, მაშინ მათ უნდა მოეხერხებინათ სასამართლო სხდომაზე მიხელ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა. რაც უკვე ორჯერ ვერ მოახერხეს“.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პალატაში 24-საათიან ვიდეომონიტორინგს, საიას ანალიტიკოსი ამბობს:
„ამ შემთხვევაში, სააკაშვილი, როგორც დაცვის სუბიექტი, განსხვავდება სხვა სუბიექტებისგან. კანონმდებლობაში ცალსახა ჩანაწერი, რომ აკრძალულია პატიმარი-პაციენტის კამერით გადაღება, არ გვაქვს, მაგრამ არ არის რეკომენდებული, რომ იმ სივრცეში, სადაც პაციენტი მკურნალობს, კამერა იყოს განთავსებული, რადგან ამან შეიძლება მიგვიყვანოს პაციენტის უფლებების დარღვევამდე, მათ შორის, განსაკუთრებული მონაცემების არასწორ დამუშავებამდე. საერთაშორისო აქტების თანახმად, იმ სივრცეში, სადაც ხდება პაციენტის გასინჯვა და სადაც პაციენტია მოთავსებული, ცალსახად დაუშვებელია კამერის არსებობა და მათი ამ ტიპის მონიტორინგი“.
პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის "ვივამედში" ყოფნის ამსახველი კადრების გავრცელების საკითხის შესწავლა 15 დეკემბერს დაიწყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა. თუმცა, ფატი ჩაფიჩაძეს, როგორც იურისტს, მიაჩნია, რომ მომხდარი ფაქტი შესაძლოა სცდებოდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შეფასების საგანს და შესაძლოა იკვეთებოდეს გარკვეული პირების მხრიდან დანაშაულის ნიშნებიც.
რას ამბობს „ვივამედი“?
თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე მდებარე მრავალპროფილური კლინიკა „ვივამედი“ ერთ-ერთი სამედიცინო კლინიკაა, რომელთანაც პენიტენციურ სამსახურს, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე, პატიმარი-პაციენტები გადაჰყავს სამკურნალოდ.
სწორედ ამ კლინიკაში გადის მკურნალობას 12 მაისიდან მიხეილ სააკაშვილი და სწორედ ამ კლინიკის პალატაში დამონტაჟებული კამერებით გადაღებული კადრები გაავრცელა 14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა.
რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ კლინიკის მხრიდან პაციენტის კონფიდენციალური ინფორმაციისა და ვიდეოკადრების გასაჯაროება, თვლით, თუ არა, რომ ამით დაირღვა პაციენტის უფლებები? - რადიო თავისუფლებამ ამ კითხვით მიმართა კლინიკა „ვივამედის“ თანამშრომელსა და მიხეილ სააკაშვილის მკურნალ ექიმს, თამარ დავარაშვილს.
მან გვითხრა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით აზრს არ დააფიქსირებს. კომენტარის არ მოცემის მიზეზად კი დაასახელა თავისი საქმიანობის კონფიდენციალობა, თუმცა, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ რადიო თავისუფლების კითხვა არ ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და კითხვის შინაარსი მხოლოდ პაციენტის უფლებებით შემოიფარგლებოდა:
„მე ვარ ექიმი და როდის იყო, რომ სასჯელაღსრულება ჩვენ გვეკითხება რამეს? თქვენ არ იცით ეს რა უწყებაა? ცოტა კითხვა არის არაადეკვატური. ჩემი აზრი რა არის, ეს მე მაქვს ჩემი აზრი. ნუ გეწყინებათ, ჩემი საქმიანობა კონფიდენციალურია, ეს ხომ ცნობილია, ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით. მე ჩვენების მიცემის უფლება მაქვს მხოლოდ სასამართლოს სხდომაზე. მე დამიძახა ჩემმა პაციენტმა და მითხრა, ქალბატონო თამარ, არცერთ მკურნალ ექიმს არ აქვს უფლება მისცეს ინტერვიუ მედიას, გარდა სასამართლო სხდომისა... მე ჩემ აზრს არაფრით არ დავაფიქსირებ. ერთხელ და სამუდამოდ იცოდეთ, სასჯელაღსრულება რას გააკეთებს, ამას ჩვენთან არ ათანხმებს. მე ჩემ საქმეს ვაკეთებ, რომ პაციენტის ჯანმრთელობა ძალიან არ გაუარესდეს და პირიქით, ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი მიღწევები მკურნალობაში, მაგრამ იყო რაღაც პერიოდი და მოხდა იქიდან გაუარესება, აჩვენეს ხომ გუშინ? თქვენ ხომ ნახეთ ყველაფერი და ჩემი აზრი რა არის, ამით რას ამტკიცებთ? მე ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე. ჩვენი მდგომარეობაც გაითვალისწინეთ და კლინიკისაც. კლინიკის ხელმძღვანელობა მაქსიმალურად, რაც შეიძლება, გამოდის და ყველა ინფორმაციას გეუბნებათ და არ გვინდა, ნუ ვძაბავთ. მე მეცინება, ამ კითხვას რომ სვამთ“.
არადა, თუკი კლინიკის ვებ-საიტზე შეხვალთ, იქ ნახავთ ქვეთავს პაციენტის უფლებების შესახებ, სადაც კლინიკა პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს განუმარტავს, რომ ქვეყანაში 2000 წლიდან არსებობს კანონი "პაციენტის უფლებების შესახებ" და რომ ამ კანონს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სფეროს კანონმდებლობაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია.
როგორ ეხმაურებიან მიხეილ სააკაშვილი და დედამისი გავრცელებულ კადრებს?
შეურაცხმყოფელსა და დამამცირებელს უწოდებს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას 14 დეკემბერს გავრცელებულ კადრებს გიული ალასანია, მიხეილ სააკაშვილის დედა:
„რისი მომცემი იყო ეს კადრები? მაინც და მაინც უნდა გააშიშვლო ადამიანი, საბანი გადახადო? რას იძლევა ეს ყველაფერი, რას აჩვენებს საზოგადოებას? ნუთუ აღარ შეგვრჩა ღირსების ნატამალი? ვის შეიძლება ეს მოეწონოს ან შიგნით ან გარეთ? არ შეიძლება ასეთი რაღაცების გაკეთება. რისი მომცემია, არ მესმის. დედის პოზიციასაც რომ დავანებოთ თავი, რიგითი მოქალაქის გადასახედიდანაც, განა ეს არ არის ადამიანის უფლებების დარღვევა, ღირსების შელახვა? მით უმეტეს, პრეზიდენტის ასეთ მდგომარეობაში ჩვენება ქვეყნის სახესაც არ აჩვენებს კარგად“.
15 დეკემბერს, მასთან პალატაში შესულ ადვოკატს გამოატანა მიხეილ სააკაშვილმა ხელნაწერი, რითაც წინა დღით გავრცელებულ კადრებს გამოეხმაურა. "სისტემის გაფარჩაკება" - ასე შეაფასა მან პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება პალატაში გადაღებული კადრების გავრცელების თაობაზე:
"გუშინ სისტემამ მთელი მსოფლიოს დასანახად გაიფარჩაკა ბოლომდე თავი. მე მინდა მივმართო ყველას, ვინც თავს ღირსების მქონე ადამიანად მიიჩნევს, თქვენი ადამიანურობის იმედი მაქვს. მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში, რუსეთის ჩათვლით, გინახავთ ასეთი სიველურე და უმსგავსობა?.. რაც შემეხება მე, შეგიძლიათ განახორციელოთ თქვენი დაანონსებული მკვლელობის გეგმა, მაგრამ გატეხვით ვერ გამტეხავთ", - ვკითხულობთ წერილში:
რაც შეეხება კლინიკის მედპერსონალს, მიხეილ სააკაშვილი წერს:
"ყველაზე მეტად მეცოდება მედპერსონალი, რომელიც ყაჩაღთა ბანდას აყვანილი ჰყავს და ყველანაირად ატერორებს. მე რაც არ უნდა მომივიდეს, ექიმებს ამაში ყველაზე ნაკლები დანაშაული მიუძღვით. ნურავინ შეეცდება, მათ ხელი შეაწმინდოს".
მიხეილ სააკაშვილის პალატიდან გავრცელებული კადრების შესახებ 15 დეკემბერს სპეციალური განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველის ოფისმა.
სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ კადრების გავრცელების მიმართ ლეგიტიმური მიზნის არსებობა, მათ შორის საზოგადოების მაღალი ინტერესის დაკმაყოფილება, ისევე როგორც ამ გადაწყვეტილების პროპორციულობა და ადეკვატურობა ვერ დასტურდება. ლეგიტიმური მიზნის არსებობის შემთხვევაშიც კი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ინფორმაციის გასაჯაროებისას მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა საჯარო ინტერესსა და პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებებს შორის.
სახალხო დამცველის აპარატმა მოუწოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, საკითხის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში წარმართოს სამსახურის მიერ აღნიშნულ შემთხვევაზე დაწყებული შესწავლა და მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.