Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სააკაშვილის კადრების გავრცელების საქმის შესწავლა დაიწყო


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში"
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში"

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის "ვივამედში" ყოფნის ამსახველი კადრების გავრცელების საკითხის შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს:

"სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების გზით მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების დამუშავების ფაქტზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საკითხის შესწავლა დაიწყო. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აღნიშნულ საკითხს კანონით დადგენილ ვადაში შეისწავლის და შედეგების შესახებ საზოგადოებას აცნობებს".

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 დეკემბერს გამოაქვეყნა კადრები, რომლებზეც ჩანს კლინიკა "ვივამედში" განთავსებული, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

ვიდეო, რომელსაც ხმა არ აქვს, 10:29 წუთს გრძელდება, დამონტაჟებულია და მოიცავს სხვადასხვა დროს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს. კადრებზე ეპიზოდურად მითითებულია სამი თარიღი: 2022 წლის 9 აგვისტო, 4 ოქტომბერი და სულ ბოლოს რამდენიმე წამზე - 12 დეკემბერი.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ თქვა, რომ კადრების გავრცელებაზე ექსპრეზიდენტის თანხმობა არ ყოფილა.

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების შესახებ „იმედის" ეთერში ილაპარაკა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ. მან განაცხადა, რომ კლინიკა „ვივამედში" ყოფილი პრეზიდენტის ყოფნის ამსახველი კადრების გასაჯაროების მიზანი იყო იმის დამტკიცება, რომ საქართველოში არავის აწამებენ.

14 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე პენიტენციურმა სამსახურმა პატიმარი მიხეილ სააკაშვილი "შესაბამისი ტექნიკური საშუალებების" არქონის მიზეზით კლინიკიდან ვერ ჩართო დისტანციურად.

სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს მისი სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე.

შემდეგი სხდომა 22 დეკემბერს არის დანიშნული.

სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს.

"სასამართლოს მეგობრის" სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტი წონის კლებას ამ ტემპით გააგრძელებს, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება.

XS
SM
MD
LG