Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რთულია იმის გაგება, რატომ არ იყო სასამართლოზე სააკაშვილის გამოჩენის შესაძლებლობა - ევროკავშირის ელჩი


პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი
პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ევროკავშირი შეშფოთებას გამოხატავს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე გავრცელებული ცნობების გამო. ის ასევე გამოთქვამს იმედს, რომ ყოფილ პრეზიდენტს სასამართლოზე დასწრების შესაძლებლობა მიეცემა. გენდერული თანასწორობის ეროვნულ კონფერენციაზე მყოფ ელჩს კითხვები მიხეილ სააკაშვილზე ჟურნალისტებმა დაუსვეს.

"ევროკავშირი ძალიან შეშფოთებულია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაციით. ჩვენ ეს საკითხი დავაყენეთ შესაბამის ორგანოებთან საქართველოში. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ მისი ყველა უფლება დაცული იყოს სრულად, როგორც პატიმრის და ასევე, როგორც ბრალდებულის.

ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ 21-ე საუკუნეში მას სასამართლოს წინაშე წარდგომის ნება მიეცემა წინასწარ განსაზღვრული ადგილიდან. რთულია იმის გაგება, რატომ არ იყო სასამართლოზე მისი გამოჩენის შესაძლებლობა. იმედი მაქვს, ტექნიკურად ამის შესაძლებლობა იქნება, რომ ის ონლაინ ჩაერთოს, რამდენადაც მისი უფლებები უნდა იყოს სრულად დაცული.

მოხარული ვართ, რომ, როგორც გავიგეთ, [მიხეილ სააკაშვილმა] შიმშილობა შეწყვიტა. ეს ნამდვილად არ შეუწყობდა ხელს მის ჯანმრთელობას. ასე რომ, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მის ჯანმრთელობას და ველოდებით შემდეგ ნაბიჯს, რასაც ქართული სასამართლო გადადგამს", - ამბობს პაველ ჰერჩინსკი.

14 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე პენიტენციურმა სამსახურმა პატიმარი მიხეილ სააკაშვილი "შესაბამისი ტექნიკური საშუალებების" არქონის მიზეზით კლინიკიდან ვერ ჩართო დისტანციურად.

სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს მისი სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე.

შემდეგი სხდომა 22 დეკემბერს არის დანიშნული.

სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს.

"სასამართლოს მეგობრის" სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტი წონის კლებას ამ ტემპით გააგრძელებს, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება.

XS
SM
MD
LG