19 ივნისს ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ერთად იდგნენ აქციაზე, რომელიც პანკისის ხეობის სოფელ დუისში გაიმართა. ისინი ერთად ითხოვდნენ თავიანთი შვილების მკვლელებისა და მათი მფარველების დასჯას. დამნაშავეთა ჩამონათვალში დასახელდნენ საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები და ითქვა, რომ, ხალხის მხარდაჭერას გრძნობენ და სარალიძეებისა და მაჩალიკაშვილების ოჯახები უკან დახევას არ აპირებენ. გადამდგარი მთავრობის მიერ შეუსრულებელი საქმე, აქციის მონაწილეთა თქმით, მომავალი მთავრობის შესასრულებელ ვალდებულებად იქცა და აქციიდან გაისმა მოწოდება ბიძინა ივანიშვილის მისამართითაც. 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის, მამა,ზაზა სარალიძე, და 2017 წლის 26 დეკემბერს სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ასევე ერთად იდგნენ ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებზეც. საპასუხო სოლიდარობისთვის 19 ივნისს ზაზა სარალიძემაც მრავალი მადლობა მიიღო. რას მოითხოვენ შვილმოკლული მამები და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?
„თუ ჩვენ ერთად ვიქნებით, აუცილებლად დავამარცხებთ ამ სისტემას და სიმართლე გაიმარჯვებს“ - ამ სიტყვებით მიმართა ზაზა სარალიძემ სოფელ დუისში გამართული აქციის მონაწილეებს. ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა 19 ივნისს პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის მხარდასაჭერად ჩავიდა და სისტემის დანგრევის აუცილებლობას არაერთხელ გაუსვა ხაზი:
„მთავრობა გადადგა, აღარ გვყავს. ეს იყო მიზანმიმართულად გადადგმული ნაბიჯი, რომ ეცადონ ჩვენი შვილების მკვლელობის გადაფარვას, მაგრამ ეს ტრიუკი მათ უკვე აღარ გაუვათ. მე მინდა დავარწმუნო ხელისუფლება იმაში, რომ ჩემი შვილის სიწმინდის შელახვის უფლებას არავის მივცემ და არც ბატონი მალხაზი. ყველა დამეთანხმებით ამაში“.
თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, 19 ივნისის აქციაზე კიდევ ერთხელ მოითხოვა თავისი შვილის უდანაშაულოდ ცნობა, სახელმწიფოს მიერ თავისი „სასტიკი დანაშაულის“ აღიარება და ყველა იმ ადამიანის დასჯა, რომელსაც ამ „სასტიკ დანაშაულში ურევია ხელი“. მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახი თავიდანვე მოითხოვდა, რომ დასჯილიყვნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, მისი მოადგილე იოსებ გოგაშვილი და სპეცრაზმელი, რომელმაც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა, თუმცა ამ ჩამონათვალს ახლა შს მინისტრიც დაემატა:
„მე მაქვს ინფორმაციები, რომ ეს იყო გახარიასა და გომელაურის ერთობლივი ოპერაცია და ვითხოვთ ამ ადამიანების დასჯას“.
იმის გამო, რომ მთავრობა გადადგა, 19 ივნისის აქციაზე დამნაშავეთა დასჯისა და სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, მიმართა. მისი თქმით, ეს არის პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტებისა და ქართველების და საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 75%-ის მოთხოვნები და მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციები თბილისში გაგრძელდება და ყველანაირად შეეცდებიან სიმართლის დადგენას. მისივე თქმით, როგორც წინა, ასევე ამჟამინდელი ხელისუფლება არ ერიდება თავისი მიზნებისთვის ადამიანის სისხლის გამოყენებას.
„ეს ამის მერე აღარ იქნება. შეიგნეთ, რომ აღარ იქნება პანკისში მცხოვრები ქისტების სისხლზე თამაში. ამას დაესვა წერტილი“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
თემირლანი უდანაშაულოა - ასეთია პანკისის ხეობის მკვიდრთა უცვლელი პოზიცია და ეს 19 ივნისის აქციაზე არაერთმა გამომსვლელმა გაიმეორა. პანკისის ხეობის უხუცესთა კავშირის წარმომადგენელმა ხასო ხანგოშვილმა განაცხადა, რომ სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით აქციები მომავალშიც გაგრძელდება და ასეთი მოთხოვნა მიუღებელი არ უნდა იყოს სახელმწიფოსთვის,“ მით უმეტეს, როდესაც დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პრეტენზია გვაქვს“.
„უნდა გამოიძიონ, დადონ სათანადო არგუმენტებით განმტკიცებული საგამოძიებო დასკვნა... ოჯახში რომ ვარდები და ასე ღირსების შემლახველად, თანაც მძინარე კაცს ესვრი, ეს დიდი დანაშაულია და ამიტომაც ეს ასე უკვალოდ არ ჩაივლის... და დარწმუნებული ვარ, თავის შედეგს გამოიღებს“, - აღნიშნა ხასო ხანგოშვილმა. მან მადლობა გადაუხადა ზაზა სარალიძეს პანკისის ხეობის ტკივილის გაზიარებისთვის, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის წინ წამოწევისა და 19 ივნისის აქციაზე ხეობაში ჩასვლისთვის.
ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახებს იმედი აქვთ, რომ ხალხის მხარდაჭერითა და გვერდში დგომით, ისინი სიმართლეს მიაღწევენ, თუმცა როგორც პოლიტოლოგმა გია ნოდიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, სიმართლის მისაღწევად ხალხის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ამან, შესაძლოა, არ გამოიღოს სათანადო შედეგი, რადგან ხელისუფლებას არა აქვს ნება ბოლომდე აღასრულოს ხალხის ნება კონკრეტული პირების გადაყენების თაობაზე და მთავრობის გადაყენებით ხელისუფლებამ მხოლოდ დრო მოიგო. გია ნოდიას თქმით, სარალიძისა და მაჩალიკაშვილის პრობლემა მთელი საქართველოს პრობლემად არის ქცეული, მაგრამ მოვლენები, შესაძლოა, სხვადასხვაგვარად განვითარდეს.